"ბიძინაც და მიშაც ერთი ტანდემი იყო - ბიძინა აფინანსებდა მიშას და არ იცოდა, ის რას აკეთებდა, ამის გასაგებად 9 წელი დასჭირდა? არც ერთს არ ვენდობი..." - კვირის პალიტრა

"ბიძინაც და მიშაც ერთი ტანდემი იყო - ბიძინა აფინანსებდა მიშას და არ იცოდა, ის რას აკეთებდა, ამის გასაგებად 9 წელი დასჭირდა? არც ერთს არ ვენდობი..."

"არა მაქვს იმის ილუზია, რომ მკითხველმა წაიკითხოს და უკეთესი გახდეს, მაგრამ ნაწერი გულს უნდა შეეხოს და ხიჭვივით შეგერჭოს, გატკინოს, შეიძლება დაგაფიქროს და დაგასევდიანოს, გაგაცინოს... მაინც მგონია, რომ მწერლის უმთავრესი მოვალეობა დღეს ისაა, ეცადოს, მკითხველს ისე უთხრას სათქმელი, რომ გულს შეეხოს..."

"მწერალს მორალური და ზნეობრივი ვალი აწევს, მხოლოდ გასართობად და მხოლოდ იმისთვის ხომ არ უნდა წერო, რომ მკითხველი ასიამოვნო და გაართო? ცხადია, გართობის ფუნქცია ყოველთვის ექნება, მაგრამ მწერალმა ისეთი უნდა დაწეროს, რომ მისმა ნაწერმა დააფიქროს... ", - გვეუბნება პროზაიკოსი, მთარგმნელი და დრამატურგი ირაკლი ლომოური, რომლის საქმიანობაშიც უდიდესი გადატრიალება მოხდა, რაზეც მწერალი თავად გვიამბობს:

"მე და პანდემია"

- პანდემია ჩემთვის არ არის უბედურება და აუტანელი განსაცდელი, რომელსაც უნდა ვუმკლავდებოდე. განვიცდი, რომ მეგობრებს ვეღარ ვხვდები. გადატანილი ინსულტის გამო ისედაც, ფაქტობრივად, სახლიდან ვეღარ გავდიოდი, დასუსტებული ვარ და თითქმის ვწევარ. აქედან გამომდინარე, ამ პანდემიას და კარანტინს ჩემთვის ბევრი არაფერი შეუცვლია, გარდა იმისა, რომ ჩემთან ვეღარ მოდიან ჩემი მეგობრები, თორემ მე ისედაც ვერსად მივდიოდი. ახლა ჩემი შვილები აღარ მიშვებენ გარეთ, მეუბნებიან, შენ რისკ-ჯგუფი ხარ და გარეთ გასვლა არ შეიძლება, აივანზე გადი და იქ ისუნთქე ჰაერიო. მოკლედ,"მატერორებენ"- ანუ თავისებურად მიფრთხილდებიან....

"როგორ გავხდი ფუკუოკას მიმდევარი"

- პანდემიურ გადატრიალებას დაემთხვა გადატრიალება ჩემს საქმიანობაშიც. 2019 წლის ზაფხულში ძველ მეგობარს, გია რაზმაძეს შევხვდი (სტუდენტობისას არაერთ, მათ შორის უჯარმის სარესტავრაციო ექსპედიციაში ვიყავით მოხალისე მუშებად) და მითხრა, პერმაკულტურით (იგივე პერმანენტული აგროკულტურა, ანუ მუდმივად განახლებადი სოფლის მეურნეობა) და ფუკუოკას ნატურალური სოფლის მეურნეობით ვარ გატაცებულიო. არც ერთი არ გამეგო და ამიხსნა, თანაც მირჩია, ჯობია, შენ თვითონ წაიკითხო იაპონელი ფერმერის და მიკრობიოლოგ ფუკუოკას წიგნიო, არადა, არასდროს მიტაცებდა მებაღეობა და აგრონომია. გიასგან გავიგე, რომ ეს არის ახალი ალტერნატიული ეკოლოგიური მიდგომა სოფლის მეურნეობაში. დავიწყე ლარი კორნის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილი ფუკუოკას წიგნის "ჩალის ღერის რევოლუცია" კითხვა. კორნი ბერკლის უნივერსიტეტის აზიათმცოდნეობის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, 3 წელი ფუკუოკას ფერმაში, მის კომუნაში ცხოვრობდა და სწავლობდა ნატურალურ სოფლის მეურნეობას. სულმოუთქმელად ჩავიკითხე წიგნი, გიას დავურეკე და ვკითხე, ეს რეალურია თუ ფანტასტიკა-მეთქი. მითხრა, დიღომში ტყე-ბაღი მაქვს გაშენებული და მეექვსე წელია მშვენიერ მოსავალს იძლევაო. წამიყვანა და ვნახე ტყე-ბაღი, მას მერე გავხდი ამ მიდგომის ენთუზიასტი.

ისეთი საქმე გამომიჩნდა, რაც პანდემიას მატანინებს და მორალურ კმაყოფილებასაც განვიცდი. მოკლედ გეტყვით: ფუკუოკას მეთოდის მიმდევრები მიწას სიღრმისეულად არ ამუშავებენ - არ ხნავენ, არ თოხნიან და არ ბარავენ. ნიადაგს ფარავენ ცოცხალი და მკვდარი ორგანული ნარჩენით - მულჩით (ბალახი, ჩამოცვენილი ფოთლები, თივა ან ცელულოზა, მუყაო, თუნდაც ცელოფანი...), მთავარია, მიწა არ იყოს მოშიშვლებული. ეს იმიტომ, რომ ტენი ორთქლდება, მიწა შრება, რაც ჰუმუსის (ნიადაგის ცოცხალი ფენა) დეგრადაციას იწვევს. დღეს ისე ღრმად ხნავენ მიწას ტრაქტორით, ჰუმუსი კვდება და მერე იძულებულნი ხდებიან ქიმიური სასუქები შეიტანონ. ნიადაგის დეგრადაცია შეუჩერებელი პროცესია. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ჰექტარი სახნავი მიწა კვდება და 2050 წლისთვის კატასტროფული შიმშილობაა მოსალოდნელი. ამ ყველაფერს შეიძლება ვუშველოთ იმით, რომ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა შეიცვალოს ეკოლოგიურით. მიწა შეიძლება ზედაპირულად გავაფხვიეროთ, ის არ უნდა იყოს მოშიშვლებული. ბუნებრივ ტყეში ხომ არავინ ხნავს და თესავს? იქ ყველა ხე და ბალახი თავისით ამოდის და მრავლდება. მიკრობიოლოგი ფუკუოკა გახდა ფერმერი, 30 წელი იმუშავა და ჩამოაყალიბა მიდგომა, როცა ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაშია. მისი მიმდევრები არ იყენებენ მექანიზაციას, შხამქიმიკატებს, ქმნიან ეკოსისტემას, შეჰყავთ იქ ფრინველები და ცხოველები და ცდილობენ მაქსიმალურ ბიომრავალფეროვნებას მიაღწიონ.

გიას გაშენებულ ტყე-ბაღშიც ბოსტნეული, ხეხილი, კენკრა, ვაზი ერთად თანაცხოვრობენ. ვთარგმნე ლარი კორნის ინგლისურ ენაზე ნათარგმნი წიგნი (წიგნი ქართულად იანვარში გამოვიდა), მანამდე კი გიამ, მხატვარმა ვატო წერეთელმა და მე გადავწყვიტეთ დაგვეწერა სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი, რომელმაც ბოლოს მოთხრობის, დიალოგის ფორმა მიიღო. მართლაც დავწერეთ, მაგრამ ვინაიდან პანდემია და კარანტინი დაიწყო, ჩვენი ბროშურა ვერ გამოვეცით და ელექტრონული ვერსია უფასოდ დავუგზავნეთ არაერთ ადამიანს. მანამდე, 2019 წლის დეკემბერში, სამმა მეგობარმა შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრი" - ყოველ პარასკევს გია რაზმაძე ზუმში ატარებს საუბრებს. მსმენელთა უმეტესობას ქალაქგარეთ ნაკვეთი აქვს და პრაქტიკული ინტერესი ამოძრავებს. აი, ასე ვუმკლავდები პანდემიას.

"გამოსავალს ახალ, იდეალისტების თაობაში ვხედავ"

- არ ვენდობი არც პოზიციას და არც ოპოზიციას. რასაც ვუყურებ, ის პოლიტიკოსები, ვისაც სათავეში მოსვლა უნდათ, პირველ რიგში საკუთარ ჯიბესა და თავზე ფიქრობენ. ეს მოჯადოებული წრეა. არც ერთი არ იმსახურებს ჩემს ნდობას. მესამე ძალა - პატიოსანი და სამშობლოზე მზრუნველი საუბედუროდ, არ ჩანს. ერთპარტიულობამ წარსულში დაგვაბრუნა თითქოს. დღეს ან მიშისტი უნდა იყო, ან ბიძინისტი, ან შუაშისტი, რომელიც ორივეს უარყოფ და ხარ სიცარიელეში გამოკიდებული. მგონი, ეს მზაკვრული და წინასწარ მომზადებული სქემაა, რომელიც, ალბათ, კრემლში თუ ლუბიანკაზე შეიქმნა. ბიძინაც და მიშაც ერთი ტანდემი იყო - ბიძინა აფინანსებდა მიშას და არ იცოდა, ის რას აკეთებდა, ამის გასაგებად 9 წელი დასჭირდა? არც ერთს არ ვენდობი...

გამოსავალს ახალი, იდეალისტების თაობაში ვხედავ, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, არიან პატიოსანნი, გულანთებულნი და სამშობლოს მოყვარულნი, რომლებიც მოვლენ პოლიტიკაში და შეცვლიან იმ უბედურებას, რასაც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ჰქვია. თუ არადა, თუ ყველაფერი ისევ ამათ ხელში იქნება, ქვეყანა განწირულია, მას მომავალი არა აქვს.

ბევრი იტყვის, ბიძინა უფრო ჰუმანურია, ხალხს ქუჩაში არ ხოცავსო და მისთანები. ეს ის მთავრობაა, რომელიც ნამოხვანჰესების კასკადის აშენებას აპირებს. საშინელი საფრთხეა და შესაძლოა ამან ქუთაისი საერთოდ წალეკოს. კასკადით ფინანსური ზარალი ბიუჯეტსაც მიადგება და მოსახლეობასაც გაძვირებულ ტარიფს მოუტანს. ეს ყველაფერი ვიღაც მოხელეების გამდიდრების წყაროა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საარჩევნო კამპანიას ატარებდა, თავის პროგრამაში ჩაწერა, საქართველოში დიდი ჰესები და ატომური ელექტროსადგურები არ აშენდებაო. როცა გაიმარჯვა და ერთპიროვნული მმართველი გახდა, თავისი დაპირება დაივიწყა.

არჩევნებზე მივედი და ხმა მივეცი ალეკო ელისაშვილს, მგონია, გულანთებული კაცია და კარგი უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის, მერე შევიდა ერთპარტიულ პარლამენტში და მისი რწმენაც დამეკარგა. თქვა, ვაღიარებ, რომ არჩევნები გაყალბდა და იმისთვის უნდა შევიდე, მეტი რომ აღარ გაყალბდესო, ამის გარანტიას მემორანდუმი გვაძლევს, რომელიც მმართველ პარტიასთან დავდეთო. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ელისაშვილი ასეთი გულუბრყვილოა. რა მემორანდუმი, რის გარანტია, ეს ხომ სასაცილოა? მინდოდა კოალიციური პარლამენტი ყოფილიყო, ოპოზიციას თავისი სიტყვა ეთქვა და მრავალპარტიული, დემოკრატიული ცხოვრება დაწყებულიყო. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. მე არ ვიცი, რა დონეზე გაყალბდა, ალბათ, გაყალბდა, მაშინ, თუ ბოიკოტს აცხადებ, მოდი, პრინციპული იყავი და ნუ გააპრავებ ერთპარტიულობას.

მოკლედ, მგონი, ამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ახალი თაობის ისე აღზრდა, რომ მათ მარტო საკუთარი თავისთვის კი არა, გულით და მოყვასის სიყვარულით იცხოვრონ. სხვა გზას ვერ ვხედავ...

"ერი მუდმივად გახლეჩილი და დაპირისპირებულია"

- ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის ატანა, რომ ერი მუდმივად გახლეჩილი და დაპირისპირებულია, საზოგადოება ორპოლუსიანია. როცა ორივე მხარე ერთ თამაშს თამაშობს და არ გიჯერებს, თავის მოკვლა მოგინდება ადამიანს. ეს არის ბიძინას და მიშას მზაკვრული სცენარი-- იმის შიშით, რომ მიშა არ დაბრუნდეს, "ბიძინა არ იმსახურებს, მაგრამ მიშა უარესიაო", ამომრჩეველი ისევ ბიძინას აძლევს ხმას. გავრილოვის ღამის მერე "ფეისბუკზე" დავწერე, ჭირსაც წაუღია თქვენი ორივე გუნდი-მეთქი. გახსოვთ, "რომეო და ჯულიეტაში" სასიკვდილოდ დაჭრილი მერკუციო რომ წყევლის, ჭირსაც წაუღია თქვენი ორივე სახლიო. მეც ამიტომ დავწერე, რომ მათ ერთმანეთთან და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ქვეყანა გადააყოლეს. ჭირსაც წაუღია თქვენი ორივე გუნდი იმიტომ, რომ ქვეყნისთვის არა ხართ, საკუთარი თავისთვის ხართ და ეს არის დიდი უბედურება.

"ისეთი უნდა დაწერო, დააფიქრო"

- ძალიან კარგია, რომ ამდენი გამომცემლობა არსებობს და კარგ საქმეს აკეთებს, აი, მაგალითად, "პალიტრა L" ავიღოთ. მასთან მრავალი წელია ვთანამშრომლობ, მადლობაც მინდა ვუთხრა, თუმცა ვისურვებდი, რომ ჩვენი გამომცემლობები ინტელექტუალურ შრომას უფრო მეტად აფასებდნენ. გლობალიზაციამ, ინტერნეტმა კარგი რაღაცაც მოიტანა,- უფრო ხელმისაწვდომი გახდა ლიტერატურა, ადამიანები იწყებენ ბლოგების წერას, ერთმანეთს სთავაზობენ და ბევრი კითხულობს. მწერალს რა როლიც ჰქონდა მე-19 საუკუნეში, ის დღეს ვერ ექნება. მაშინ მწერალი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც საჯაროდ საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა. ახლა სხვა სიტუაციაა - რაც გინდა თქვი და დაწერე. ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, ყველაფერზე გქონდეს ინფორმაცია. მწერალმა მარტო იმაზე არ უნდა იფიქროს, რა დაწეროს ისეთი, რომ სხვამ წაიკითხოს. მწერალს მორალური და ზნეობრივი ვალი აწევს, მხოლოდ გასართობად და იმისთვის ხომ არ უნდა წერო, რომ მკითხველი ასიამოვნო და გაართო? ცხადია, გართობის ფუნქცია ყოველთვის ექნება, მაგრამ მწერალმა ისეთი უნდა დაწეროს, რომ მისმა ნაწერმა დააფიქროს... არა მაქვს იმის ილუზია, რომ მკითხველმა წაიკითხოს და უკეთესი გახდეს, მაგრამ ნაწერი გულს უნდა შეეხოს და ხიჭვივით შეგერჭოს, გატკინოს, შეიძლება დაგაფიქროს და დაგასევდიანოს, გაგაცინოს... მაინც მგონია, რომ მწერლის უმთავრესი მოვალეობა დღეს ისაა, ეცადოს, მკითხველს ისე უთხრას სათქმელი, რომ გულს შეეხოს...

"სამშობლო უნდა იყოს გულში და ასე ატარო"

- ჩემს სამშობლოს ნათელ მომავალს ვუსურვებ და იმას, რომ ჩვენ გადავრჩეთ. ძალიან რთული მდგომარეობაა... მთელი ჩვენი ისტორია ხომ ბრძოლაა გადარჩენისთვის. ახლა, ამ გლობალიზებულ სამყაროში თითქოს მეტი შანსია გადავრჩეთ და ამავე დროს, ყველაზე ნაკლებიც. თითქოს მეტი მეგობარი" გვყავს, მაგრამ, სინამდვილეში, უფრო მძიმეა მდგომარეობიდან გამოსვლაც.

ყოველთვის პატარა ქვეყანა ვიყავით და დიდ ქვეყნებთან ლავირება გვიწევდა, ყველა ჩვენ გვერჩოდა... დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ - ევროპა და ამერიკა თითქოს გვეხმარებიან, მაგრამ რუსეთის შიშით ბევრს ვერაფერს აკეთებენ. მე პროდასავლური ორიენტაციის კაცი ვარ, არ მჯერა რუსეთის და მისი ერთმორწმუნეობის. სახელმწიფოების დონეზე მეგობრობა ილუზიაა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თუმცა მე მაინც დასავლეთის, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მომხრე ვარ, რადგან იმ სამყაროში პიროვნების უფლებების დაცვა პრიორიტეტია.

სამშობლო უნდა იყოს გულში და ასე ატარო. ურთიერთობები და სიყვარულია ჩემთვის სამშობლო, ის თუ არ გიყვარს, არაფერს აზრი არა აქვს. სიყვარულით უნდა გადავარჩინოთ სამშობლო. იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ: "ჩვენ ყველანი რომ მართლა ქრისტიანები ვიყოთ, ჩვენ გარშემო ურჯულო არ იქნებოდა" - ანუ ქრისტიანულად რომ ვცხოვრობდეთ, ადამიანები ამას დაინახავდნენ და თვითონაც მოუნდებოდათ ასე ცხოვრება... და რადგან ეგოისტურად, თავკერძულად და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ, ქვეყანაც გვეღუპება და მომავალიც არ ჩანს სასიკეთო. ერთმანეთს თუ დავეხმარებით და სიყვარულით ვიცხოვრებთ, ვინ იცის, ეგებ ღმერთმაც გადმოგვხედოს მოწყალე თვალით.