ანტარქტიდის ქართველი მკვლევარი - კვირის პალიტრა

ანტარქტიდის ქართველი მკვლევარი

"როდესაც პინგვინებს მივუახლოვდი, ფეხზე წამოდგნენ და დამიწყეს ყურება. ვიფიქრე, რა უნდათ-მეთქი და ხმამაღლა მივესალმე, გამარჯობათ-მეთქი. გზა რომ განვაგრძე და უკან მივიხედე, ყველა პინგვინი უკან მომდევდა. როდესაც ბუდეებს მივუახლოვდი, ჩექმებზე დამიწყეს ნისკარტებით ცემა. ბარტყებს მუცლის ქვეშ მალავდნენ, ცდილობდნენ, ბუდეებისაკენ არ გავეშვი"

გარსევან კურდღელაიძის სახელი, ალბათ, ბევრს არ გაუგია, მე კი ამ სახელმა აღმომაჩენინა კაცი, რომელმაც მსოფლიოს ორი კარგი საქმე გაუკეთა. პირველი - საქართველოს შეუნარჩუნა ისეთი თუშეთი, როგორიც დღეს გვაქვს და მეორე - ანტარქტიდის კვლევისას სწორედ მან დააფიქსირა მატერიკზე იმ დროისთვის დედამიწის ყველაზე დაბალი ტემპერატურა - -70C. დღეს ეს კაცი ალვანში, მოკრძალებულ სასაფლაოზეა დაკრძალული, რომელიც შარშან გაძარცვეს. სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ბიძგი, რომ მეორე გეომორფოლოგს, გიორგი დვალაშვილს მივიწყებული კურდღელაიძის სახელი საზოგადოებისთვის გაეცნო. ამისთვის მან, უპირველესად, გარსევან კურდღელაიძის მიერ ანტარქტიდაზე დაწერილი დღიურები გამოსცა. ამ დღიურების კითხვისას თითქოს ანტარქტიდის სულისშემძვრელობას შეისუნთქავ.

- ისეთი ბუმბერაზი კაცის სახელის მივიწყება, როგორიც გიორგი კურდღელაიძე იყო, ყოველთვის მღრღნიდა. რა თქმა უნდა, სპეციალისტებმა ვიცოდით მის შესახებ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ საქმეების ფონზე, რაც მას გაუკეთებია. მისი საფლავის გაძარცვის ამბავმა და მის შთამომავალთან საუბარმა ისე იმოქმედა, რომ მისი დღიურების გამოცემა გადავწყვიტე.

დღეს ძალიან ცოტამ იცის, რომ თუშეთის მომნუსხველი სილამაზე სწორედ მან გადაარჩინა წყალსაცავებით დატბორვასა და დაშლამვას. ამ საქმეს მან სიცოცხლის ბოლო წლები შესწირა.

რაც შეეხება ანტარქტიდას, ესეც უმნიშვნელოვანესი ამბავია. გარსევან კურდღელაიძე პირველი ქართველი იყო, რომელმაც ანტარქტიდის აღმოჩენის დღიდან პირველმა დადგა იქ ფეხი.

მეცნიერი 1957 წლის ნოემბრის ბოლოს დაიძრა გემით და ადგილზე ორი თვის შემდეგ, დეკემბრის ბოლოს ჩავიდა. თვეები იცხოვრა და იშრომა ისეთ ადგილას, სადაც მზე ასევე თვეობით არ ამოდის, სადაც ვერავის ხედავ იმ რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლებიც შენ გვერდით მუშაობენ.

ანტარქტიდაზე შრომა დღესაც არ არის ადვილი, როდესაც ტექნოლოგიები შეიცვალა და მეცნიერები იქ არა სპეციალურ კარვებში, არამედ თბოიზოლაციურ ნაგებობებში ცხოვრობენ; როდესაც მატერიკს ციფრული ტექნოლოგიებით იკვლევენ და არა - გარსევან კურდღელაიძის მსგავსად, რომელიც ყოველ სამ საათში ერთხელ გადიოდა ქარბუქში ხელსაწყოების შესამოწმებლად.

- წერს, ქარბუქი ისე გვირტყამდა, სახეზე კანი გვძვრებოდაო... თვითმფრინავები იმტვრეოდაო... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ანტარქტიდის ქარბუქი თვითმფრინავებს აქეთ-იქით ჩვარივით აფრიალებდა. - თვითმფრინავის დაშვება, განსაზღვრული ადგილების გარდა, ანტარქტიდაზე დღესაც ვერ ხერხდება, მათი "საფრენი ბილიკი" კი ქარბუქისაგან წამებში ნადგურდება.

გარსევანი თვითონაც გახდა ანტარქტიდაზე საჰაერო კატასტროფის მსხვერპლი - მისი თვითმფრინავი მთას წამოედო და შუაში გადატყდა. საბედნიეროდ, მგზავრები გადარჩნენ. ცხადია, ისინი თოვლმა გადაარჩინა. წერს, როდესაც მივხვდით, რომ ყველანი ცოცხლები ვიყავით და დაჟეჟილობის გარდა არაფერი გვჭირდა, სიცილი აგვიტყდაო. გარსევანი ძლიერი კაცი იყო. როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მივიდა, ექსპედიციის წევრები დარაზმა და აბანომდე მისასვლელი ყინულის გვირაბი ააშენებინა. თან ყინულს ჭრიდნენ და თან აშენებდნენ.

- ეს როგორ ხდებოდა? - ეს გარსევანის ინიციატივა იყო. ის თუში იყო და მიუხედავად იმისა, რომ თუშეთის ყინვა ანტარქტიდისას ვერ შეედრება, მაინც გაშინაურებული იყო ყინულთან. ასე შეძლო ამ "ყინულის მშენებლობის" წამოწყება.

- საინტერესო ის არის, რომ აბანოც ყინულის ლოდებისა ჰქონიათ. როგორ ათბობდნენ?! წერს, ერთხელ საბანაოდ შესულს, ცეცხლი ჩამიქრა და ტანზე ყინულის გარსი მომედოო. - ანტარქტიდის ექსპედიციებს საწვავი არასოდეს აკლდათ. ყინულის აბანოსაც ქვანახშირით ათბობდნენ. ეს სითბო, რასაკვირველია, ყინულს ვერაფერს აკლებდა, მაგრამ შიდა სივრცეს ათბობდა და ადამიანს არ სციოდა.

- ყველაზე მეტად მზესთან განშორება გაგვიჭირდაო, პოლარული ღამეების წინ მზესთან დასამშვიდობებლად მთელი ექსპედიცია გამოვედით, მზის ხელახლა გამოჩენის წამებს კი ორი თვე თითებზე ვითვლიდითო... იშვიათია, ადამიანმა ასეთი სიხარული იგრძნოს, დიდი ხნის შემდეგ მზის დაბრუნებას რომ ახლავსო... მე ორი თვე უმზეოდ რომ ვიცხოვრო, შეიძლება ფსიქიკამ ვერ გამიძლოს... - ამ სიძნელეების მიუხედავად, ანტარქტიდის კვლევის სურვილი ყოველთვის ბევრს ჰქონდა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. იქ მუშაობა მხოლოდ რჩეული მეცნიერების ხვედრი იყო. ეს გარსევანმაც იცოდა, მაგრამ ამბიციები არ ჰქონია. სულ სხვა კაცი იყო, სხვა განცდების... საქართველოში საბავშვო ჟურნალშიც კი გზავნიდა ანტარქტიდის შესახებ სტატიებს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე. უნდოდა ბავშვებს კარგად გაეგოთ ამ ჯადოსნური ადგილის შესახებ.

- მართლაც მომნუსხველი ემოციით ხატავს ანტარქტიდას... პინგვინებსაც კი შეგაყვარებს, ადამიანისაგან შვილებს თავგანწირვით რომ იცავენ. წერს: "როდესაც პინგვინებს მივუახლოვდი, ფეხზე წამოდგნენ და დამიწყეს ყურება. ვიფიქრე, რა უნდათ-მეთქი და ხმამაღლა მივესალმე, გამარჯობათ-მეთქი. გზა რომ განვაგრძე და უკან მივიხედე, ყველა პინგვინი უკან მომდევდა. როდესაც ბუდეებს მივუახლოვდი, ჩექმებზე დამიწყეს ნისკარტებით ცემა. ბარტყებს მუცლის ქვეშ მალავდნენ, ცდილობდნენ, ბუდეებისაკენ არ გავეშვი". რა უფრო იზიდავს მეცნიერებს ანტარქტიდაზე? - სწორედ მეცნიერები იცავენ ანტარქტიდას იმ ზიანისაგან, რომელიც მას დედამიწის მკვიდრთა საქმიანობამ ან რომელიმე გიგანტური კომპანიის დამპყრობლურმა სურვილმა შეიძლება მოუტანოს. მათი კვლევები აფრთხილებს ყველა სახელმწიფოს, რომ ანტარქტიდის წიაღისეულის დატაცება დაუშვებელია. ხომ ვხედავთ, გამონაბოლქვმა და ოზონის შრემ მას უკვე რამხელა ზიანი მიაყენა! სახელმწიფოები, ჯერჯერობით მაინც, ემორჩილებიან მეცნიერებს. აქ ბევრი წიაღისეულია, ყველაზე დიდი სიმდიდრე კი ყინულია, რომლის დაჭრა და გამოტანა ტანკერებით შეიძლება.

რაც შეეხება გარსევან კურდღელაიძეს, მას ანტარქტიდაზე ცხოვრებამ უკეთ დაანახა თავისი პატარა სამშობლოს ფასი. მის ჩანაწერებში ეს კარგად ჩანს, - რაზეც იქ ლაპარაკობს, ყველაფერს სამშობლოს უკავშირებს. გარსევანის შთამომავლებმა მითხრეს, რომ სწორედ ანტარქტიდიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა ის საქმიანობას თუშეთის გადასარჩენად. საქმე ის იყო, რომ სწორედ ამ პერიოდში ამოქმედდა პროექტი, რომლის მიხედვით თუშეთის ხეობებში ჩამომდინარე წყლებით თუშეთში წყალსაცავები უნდა გაკეთებულიყო, საიდანაც წყალს კახეთში გადატუმბავდნენ მორწყვისა და ელექტროფიკაციისთვის.

- ერთი შეხედვით პროგრესული პროექტია - კახეთს ხომ სარწყავი წყალი უჭირს... - გეთანხმებით, მაგრამ გარსევან კურდღელაიძემ თუშეთის კომპლექსური გეომორფოლოგიური შესწავლით პროექტის უპერსპექტივობა დაამტკიცა. მან დაასაბუთა, რომ ეს ვითომ სასარგებლო იდეა 10 წელიწადში განადგურდებოდა. მიზეზი თუშეთის მთების ნაშალი იყო, რომელსაც წყალი წყალსაცავებიდან კახეთის ტერიტორიაზე გადაიტანდა და გაანადგურებდა. მთავარი ის არის, რომ როდესაც გარსევანი ამ პროექტით მთავრობაში მივიდა, მას მოუსმინეს და განზრახვაზე ხელი აიღეს. გესმით? კურდღელაიძე წყალსაცავების მტერი კი არ იყო! ამის სანაცვლოდ მან სრულიად სხვა ადგილას გასცა წყალსაცავის გაკეთების განკარგულება, სადაც გარემოს ვერაფერს ავნებდა.

- ერთი კურდღელაიძე და ერთი ყურის დამგდები ხელისუფალი ახლაც გვინდა, რომ ნამოხვაჰესის კატაკლიზმები გავითვალისწინოთ. იქაურობა არქეოლოგიურადაც კი არ შეუსწავლიათ, ისე აპირებენ ულამაზესი სოფლების დატბორვას...

- დაუშვებელია, ასეთი გრანდიოზული პროექტის შესახებ მეცნიერების აზრი არ მოისმინო. ეს კარგს არაფერს მოიტანს. რაც შეეხება გარსევან კურდღელაიძეს, ალვანში სულ მალე მისი სახელობის ქუჩა გაიხსნება. ეს კაცი ამას იმსახურებს.