"მინდა თონეთში წიგნის ფასი ყველამ იცოდეს" - კვირის პალიტრა

"მინდა თონეთში წიგნის ფასი ყველამ იცოდეს"

ზოგჯერ ადამიანი საკუთარი ცხოვრების შეცვლით სხვების ცხოვრებასაც ცვლის. რამდენიმე წლის წინ დათია ბადალაშვილმაც სწორედ ეს გააკეთა - "ქუდი დაიხურა" და დედაქალაქიდან მშობლიურ თონეთში გასწია.

- ქალაქს ვერ შევეჩვიე, არ იყო ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. ერთ დღეს სოფელში რომ ჩამოვედი და თბილისში გაბრუნება აღარ მომინდა, დედაჩემი განერვიულდა, განათლების მიტოვება რამ გადაგაწყვეტინაო?! პირობა მივეცი, ოღონდ შენ არ ინერვიულო და უნივერსიტეტს აუცილებლად დავამთავრებ-მეთქი. თან პირუტყვს ვუვლიდი და თან ვმეცადინეობდი. ერთხელ სოფლის მიტოვებულ ბიბლიოთეკაში წავედი. მართალია, უკვე დანგრეული იყო და წიგნებიც აღარ მეგულებოდა, მაგრამ მაინც მომინდა იქ შეხედვა. შენობის მეორე სართულზე რომ ავედი და ბიბლიოთეკის ჩამოვარდილი კარი დავინახე, ცუდ ხასიათზე დავდექი. წიგნები იატაკზე გროვებად ეყარა და ზედ აწვიმდა. იმ დღეს წაქცეული თაროები გავასწორე და ზედ წიგნები შემოვალაგე. მეორე დღეს ბიბლიოთეკის ჩამოვარდნილი კარი შევჭედე. მერეც, დროს რომ ვიპოვიდი, ბიბლიოთეკაში მივდიოდი, ოღონდ ჩემივე შეჭედილი კარის ჩამოხსნა მენანებოდა და მეორე სართულის ფანჯრიდან გადავდიოდი, რითაც შენობის პირველ სართულზე მყოფ ხალხს ვაწუხებდი - იქ ხანძრით დაზარალებული ოჯახი იყო შეფარებული. მოკლედ, ერთ დღეს ბიბლიოთეკა შინ გავზიდე და დავმალე.

alt

- რატომ დამალეთ? - მამაჩემს დავუმალე. მეტყოდა, შინ სახელმწიფო ქონება მოზიდე, ახლავე მოაშორე აქედანო. ამასობაში ამ წიგნების უბრალოდ კითხვა კი არა, რომ იტყვიან, შთანთქმა დავიწყე, ბოლოს კი აღმოვაჩინე, რომ წერის სურვილი გამიჩნდა. ასე დავწერე "ფიჭვები შორს იყო" და წინანდლის ლიტერატურული კონკურსის პრემია ავიღე. ამასობაში უამრავი მეგობარი შევიძინე, რომელთა შორის არის გიორგი კეკელიძე. მისი დახმარებით სოფლის სკოლის ორ ოთახში ბიბლიოთეკა გავხსენი.

- ბავშვები ბიბლიოთეკაში დადიან? - თონეთში 40 ბავშვი გვყავს და აქედან 15 საუკეთესო მკითხველია. ბიბლიოთეკაში სიარულმა ბევრის ცხოვრება გაახალისა, მით უფრო, რომ აქ უამრავ სახელოვნებო ღონისძიებას ვმართავთ. ცოტა ხანში, ისევ ჩემი მეგობრების დახმარებით, თონეთში ის შენობა აღდგება, რომელშიც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. ეს იქნება ბიბლიოთეკაც და სახელოვნებო სივრცეც.

- ვაჟა და თონეთი! აქ სკოლა ვაჟას მედუქნეებმა აუშენეს - იცოდნენ მისი ფასი. თანაც შენობა მაღლობზე ააშენეს, საიდანაც ლამის მთელი სოფელი ჩანს. - ამ სკოლის აღდგენა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.