"ტელევიზიები გამუდმებით გაიძახიან, ქვეყანა ინგრევაო და მათი მაცქერალი ხალხიც ასე ფიქრობს" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიები გამუდმებით გაიძახიან, ქვეყანა ინგრევაო და მათი მაცქერალი ხალხიც ასე ფიქრობს"

"ვერ ვიტან მხართეძოზე წამოწოლილ ხალხს. სოფელში მცხოვრები რომ ოციოდე ძირ პომიდორსაც არ დარგავს და მეზობელთან დადის მწვანილის სათხოვნელად, ეს ნორმალურია?! თან, თუ შეეკითხები, რატომ არ მუშაობო, გეტყვის, რა აზრი აქვს, მაინც ორიოდ გროშს ავიღებო"

ლაგოდეხში, სოფელ აფენში თუ მოხვდებით, აუცილებლად იპოვით ზღაპრის გმირ ობოლ და ღარიბ ბიჭუნას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს იღბლის საძებნელად მარტოდმარტო დაადგა გზას და იპოვა კიდეც. დღეს ამ ბიჭუნას - ბავშვთა სახლში გაზრდილ გიორგი ცუცქირიძეს უკვე ყველაფერი აქვს: სახლიც, კარიც, ყანაც, მინდორიც, სამკალიც, ცხენიც, მანქანაც და კიდევ სამი ციმციმა ვარსკვლავიც ჰყავს - სამი მშვენიერი შვილი. როგორ დაამარცხა სიღარიბე, ამის შესახებ თავად გვიამბო.

- პატარები ვიყავით მე და ჩემი და, მამამ რომ მიგვატოვა და დავრჩით ავადმყოფ დედასთან, რომელსაც მუშაობა და ჩვენი სრულფასოვანი გამოკვება არ შეეძლო. ამიტომაც გავიზარდე ბავშვთა სახლში. უკვე 32 წელი შემისრულდა, თუმცა ინტერნატში გატარებული დღეები ცხადად მახსოვს. მე ჩემი დარდი მქონდა, თორემ მასწავლებლები ნამდვილად არ მყოლია გულგრილები. თუმცა შინ, დედ-მამასთან ყოფნას, ცხადია, ვერაფერი ცვლის! სულ იმას ვფიქრობდი, აუცილებლად უნდა ვისწავლო, რადგან თავი მარტომ უნდა ვირჩინო-მეთქი, ამიტომ თუ ვინმე ლაზათიანად აკეთებდა რამეს, მივიდოდი და დავყურებდი, რომ საქმე მესწავლა. ამის მიუხედავად, ინტერნატი რომ დავამთავრე და სახლში გამიშვეს, არც მიწისა ვიცოდი არაფერი, არც - ცისა. პატარა სახლი გვქონდა და ვერ ვუვლიდი. სამუშაოდ გასული ხან ბარს მოვირტყამდი ფეხში, ხან კიდევ - თოხს.

- ვინ გეხმარებოდათ? - მეზობლები - კეთილ ხალხს რა დალევს. ხან რას მოგვაწვდიდნენ, ხანაც - რას. გვციოდა - შეშა მოჰქონდათ, გვშიოდა - ცხელი კერძი. გამოხდა ხანი და ჩემი და გათხოვდა. ჰოდა, ავდექი და რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი მივეცი - ოღონდ ის იყოს კარგად და მე ყველაფერს შევიძენ-მეთქი. მერე საკონტრაქტო ჯარში ჩავეწერე, იქ რა თანხაც მომცეს, სულ სახლისთვის საჭირო ნივთებში დავხარჯე. მერე ცოლი მოვიყვანე - ერთი ყოჩაღი ველისციხელი გოგო...

- არაფრის მქონე ბიჭმა როგორ შეიძინე ამდენი რამ - სახლი, მანქანა, სახნავ-სათესი, სათბურები, პირუტყვი, ფრინველი? - ეგ 11 წელიწადში მოვახერხე, მაგრამ ჩემი ცოლი მეხმარებოდა. სამუშაოზე შვილებიც თან დაგვყავდა. ჩემს ცოლს ცალ ხელში ბავშვი ეჭირა, ცალში კი - შლანგი და ნერგებს რწყავდა. ხალხს უკვირდა, ამდენი როგორ შეუძლიაო!

ახლა უკვე კიტრის ოთხი სათბური გვაქვს, ცხოველ-ფრინველიც მოვაშენეთ. ავტომანქანაც შევიძინე. შარშან სესხიც აღარ დამჭირვებია, ისე გავუძეხი ყველაფერს.

- იმ ხალხსაც ხომ უხარია თქვენი ფეხზე დადგომა, წლების წინ ობოლს ხელი რომ გამოგიწოდათ? - უხარიათ და უკვირთ - ხალხი შვილებს თან ჰყვება და ზოგჯერ მაინც არ უმართლებთ, თქვენ კი გვერდით არავინ გყავდათ და მაინც ივარგეთო. ალბათ, ასე იმიტომაც გამოვიდა, რომ ჩემი უვარგისობა კი არა, სხვისი უვარგისობაც მკლავს.

ვერ ვიტან მხართეძოზე წამოწოლილ ხალხს. ნაცნობი მყავს - წლებია, თავის გადაბურდულ ეზოში ვეღარც დააბიჯებს, მაგრამ ჯაგებს მაინც არ ჭრის. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მთავრობამ დაუკარგა შრომის ინტერესიო. კი, მაგრამ წინა მთავრობის დროსაც რომ ასე იყო? სოფელში მცხოვრები რომ ოციოდე ძირ პომიდორსაც არ დარგავს და მეზობელთან დადის მწვანილის სათხოვნელად, ეს ნორმალურია?! თან, თუ შეეკითხები, რატომ არ მუშაობო, გეტყვის, რა აზრი აქვს, მაინც ორიოდ გროშს ავიღებო.

ლაგოდეხში აზერბაიჯანული სოფელია, კაბალი. იქაურები ისე წვალობენ და შრომობენ, სავაჭრო ცენტრად აქციეს მთელი სოფელი, მთელი საქართველო მათთან დადის ხორცისა და ბაღჩეულისთვის. ახლა ამ საქმეებისთვის ერთი სოფელი აღარ ჰყოფნით და მეორე მიიერთეს, ჩვენი კაცები კი ფულს ემიგრაციაში გაშვებული ცოლებისაგან ელიან!

- რთული საკითხია... ემიგრაციის დამსახურება ქვეყნის წინაშე ძალიან დიდია... - მერე ვინ ამბობს, რომ ასე არ არის? მაგრამ ეს ხომ უნდა დამთავრდეს! იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი გაგვიძვირდა და დაგვიმძიმდა, მაინც საკუთარ მიწაზე, საკუთარ შვილებთან ყოფნა ჯობს.

ზაფხულში კახეთში დაქირავებულებს დღეში 50 ლარს აძლევენ და მუშა მაინც ჭირს. ვერ გამიგია, კახეთში ნაშოვნი ფული რატომ არ უნდა სჯობდეს უცხოეთში ნაშოვნს, როდესაც შენს ჭერქვეშ, შენს სახლში ხარ და შენი შვილის სუნთქვას უსმენ?!

იცით, რამდენ ხანს მინდოდა პლაზმური ტელევიზორის ყიდვა? და როდესაც ვიყიდე, სულ ცოტა, ორი კვირა ვეღარ მოვშორდი, მერე კი ვუთხარი ჩემს თავს, ადე, გიორგი, საქმეს მიხედე-მეთქი. ახლა, დიდი-დიდი, საღამოს, ბავშვებს რომ მივუალერსებ, კომპიუტერში ვნახო რამე კარგი ფილმი. აი, ასე გადავირჩინე თავი უარყოფითი ემოციებისაგან და ამის ნაცვლად ვშრომობ, თორემ ხომ ვხედავ, რა ხდება - ტელევიზიები გამუდმებით გაიძახიან, ქვეყანა ინგრევაო და მათი მაცქერალი ხალხიც ასე ფიქრობს.

ჰოდა, იმას ვამბობ, რომ როგორმე უნდა მოიშორო ცუდზე ფიქრი, უნდა იფიქრო, რომ გაგიმართლებს და მაშინ მართლა გაგიმართლებს...