"ოთხი "ღვთიური მაცნე" მას ტაძრის აშენებას სთხოვდა..." - კვირის პალიტრა

"ოთხი "ღვთიური მაცნე" მას ტაძრის აშენებას სთხოვდა..."

უძველესი კომპანიები მსოფლიოში

განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის "სიცოცხლის ხანგრძლივობა" ეცემა - ბოსტონის საკონსალტინგო ჯგუფის მონაცემებით, ყოველწლიურად კომპანიების დაახლოებით 10% კოტრდება, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 50 წლის წინ. სამაგიეროდ, მსოფლიოში მუშაობას აგრძელებს 1700 წლამდე დაარსებული 967 ბიზნესი. აქედან 517 კომპანია იაპონიაშია, ხოლო მათგან უძველესია 3 ტრადიციული იაპონური საოჯახო სასტუმრო, ისინი მე-8 საუკუნიდან მუშაობენ.

მსოფლიოს ყველაზე ძველი ბიზნესი 705 წელს დაიწყო, როცა ფუჯივარა მაჰიტომ იაპონიის ქალაქ ჰაიაკავაში გეოთერმულ წყლებზე ააშენა საოჯახო სასტუმრო "ნისიამა ონსენ კეიუნკანი". ის დღემდე ოჯახის საკუთრებაა. ამჟამინდელი მფლობელები მაჰიტოს შთამომავლების 52-ე თაობაა. სამკურნალო ცხელი აბაზანების მისაღებად სასტუმროს უძველესი დროიდან სტუმრობდნენ სამურაები. სტუმრებს შორის იყვნენ იაპონიის პირველი სიოგუნი ტოკუგავა იეიასუ და 46-ე იმპერატორი კუკენი. ეს სასტუმრო რომ მსოფლიოში უძველესი კომპანიაა, გინესის რეკორდების წიგნიც ადასტურებს.

მეორე უძველესი ბიზნესია 717 წლიდან მოქმედი ტრადიციული იაპონური საოჯახო სასტუმრო "კომანი". ლეგენდის თანახმად, ის ქალაქ ტოიოკაში ჰიუგების ოჯახმა მას შემდეგ დააარსა, რაც ოჯახის უფროსმა უჩვეულო სიზმარი ნახა: ოთხი "ღვთიური მაცნე" მას ტაძრის აშენებას სთხოვდა. სწორედ ტაძრის აშენების დროს აღმოაჩინეს გეოთერმული წყლები და ოჯახმა გადაწყვიტა იქვე სასტუმროც გაეხსნა, რომელიც დღემდე მუშაობს.

მესამე უძველესი კომპანიაა ქალაქ კომაცუში 718 წლიდან ასევე გეოთერმულ წყლებზე აგებული იაპონური საოჯახო სასტუმრო "ჰოში". მისი მფლობელი ზენგრო ჰოში ოჯახის 46-ე თაობის წარმომადგენელია და მას ზუსტად იგივე სახელი ჰქვია, რაც დამფუძნებელს. როცა ჰოშის ოჯახში მემკვიდრედ ქალიშვილი რჩება, ოჯახი "იშვილებს" სიძეს, რომელიც ახალ სახელს იღებს.

ბოსტონის საკონსალტინგო ჯგუფის დასკვნით, ამ იაპონური კომპანიების ხანგრძლივად მუშაობის საიდუმლო მხოლოდ ბუნებრივი რესურსების გამოყენება არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებია ტრადიციული იზოლაციონიზმი, სპეციფიკური სამეწარმეო გარემო (იაპონური კომპანიები ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირების შენარჩუნებას ცდილობენ) და მთავრობის პოლიტიკა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიოს სამივე უძველესი კომპანია მაინც უწყვეტ ბუნებრივ რესურსზე - გეოთერმულ წყლებზე მომუშავე იაპონური კომპანია აღმოჩნდა.

თუმცა საკონსალტინგო ჯგუფის დასკვნის სისწორეს ადასტურებს მსოფლიოს უკვე მეხუთე უძველესი ბიზნესი - ასევე იაპონური კომპანია Genda Shigyo, რომელიც 771 წლიდან საქმიანობს. ეს კომპანია არც ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, არც საკვებთან ან სხვა პირველადი საჭიროების საგნებთან. კომპანია 13 საუკუნეა უცვლელად აწარმოებს სპეციალურ ქაღალდსა და ლენტებს მოსაწვევების, ე.წ. მიძუხიკის დასამზადებლად. მიძუხიკი შეიძლება იყოს სადღესასწაულოც და სამგლოვიაროც. იაპონელისთვის ლენტების რაოდენობა, ურთიერთგანლაგება თუ ფერი სხვადასხვა ემოციას გამოხატავს.

რამაზ გურგენიძე