ინტერნატიდან "ნიჭიერამდე" - კვირის პალიტრა

ინტერნატიდან "ნიჭიერამდე"

"დედამ მატკინა გული, არ უნდა დავეტოვებინე"

"ტყვე ოსები მეცოდებოდნენ, ხან პურს ვაწვდიდი, ხან წყალს. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მაშინ კაცი არ მომიკლავს"

"საფილარმონიედ" გამოწყობილმა სოსო ნარიმანიძემ, მართალია, "არასაფილარმონიე" სიმღერა იმღერა, მაგრამ მთელი დარბაზი აიყოლია და მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.

სახალხო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსში მონაწილეობის მსურველთა გრძელ რიგში თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი 36 წლის  მამაკაცი იდგა. იგი დუშეთის კოლორიტი, სოსო ნარიმანიძე აღმოჩნდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მას კეთილმა ადამიანებმა გაუმართეს ხელი - ნაჩუქარი ფულით კოსტიუმი შეიძინა,  ფონოგრამაც ჩაწერა და "აბობოქრებულ ზღვაში" არა მარტო ვირტუალური სატრფო, ფილარმონიის დარბაზში მყოფი ხალხიც "ატარა".

დარდიმანდული საქეიფო სიმღერა რომ შემოსძახა, მაშინვე ის გავიფიქრე, რომ სამი "არა" გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. ჟიურის მხოლოდ ერთმა წევრმა, გეგა ფალავანდიშვილმა დაიწუნა, თუმცა ჟიურის სხვა წევრებმა, ვანო ჯავახიშვილმა და სოფო ნიჟარაძემ მსმენელის აზრი გაიზიარეს და ნარიმანიძე შემდეგ ტურშიც გადაიყვანეს. სამაგიეროდ, სოსო მათ "უკეთესი" სიმღერის შესრულებას დაჰპირდა.

სხვათა შორის, ინტერნეტში "ნიჭიერთა" რეიტინგში სოსო ნარიმანიძე პირველ ადგილზე აღმოჩნდა.  კომენტარებში უმრავლესობამ სოსოს მიმართ სიმპათია ასე გამოხატა: "მაგარი კაცია!" "ჯიგარია!" "რას ერჩით, ხმაც აქვს და სმენაც, თან გულით მღერის". "ლაღია, გულწრფელი და ამით გამოირჩევა სხვებისგან".

რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ ლაღი, ალალი კაცის წარსული საკმაოდ სევდიანია. დედა დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედიდანაა, მამა - დუშეთის კობიაანთკარიდან. დედა ისეთი ლამაზი ქალი ყოფილა, კაცს დანახვისთანავე შეჰყვარებია. არც დაფიქრებულა, ისე შეურთავს ქმარს გაცილებული და შვილიანი ქალი. წლების წინ, თანაც სოფლად, ეს მაინცდამაინც კარგ ნაბიჯად არ ითვლებოდა. მალევე გაჩენილა მათ ურთიერთობაში ბზარი... დედამ ორი თვის სოსო მამას დაუტოვა, თვითონ კი უფროს შვილთან ერთად ლაგოდეხში დასახლდა. მამაც მცხეთაში გადავიდა საცხოვრებლად.  მეორე ცოლი შეირთო  და ორი შვილიც შეეძინა.

ყველასგან მიტოვებული სოსო კი ბებიამ შეიფარა. 6 წლისა თბილისში, თემქაზე,  სკოლა-ინტერნატში მიაბარეს.  სოსო ხუმრობს, - ვანო ჯავახიშვილი რა თემქელია, ნაღდი თემქელი მე ვარ, პატარაობიდანვე იქ ვიზრდებოდიო. ინტერნატის გახსენებისას სახე უნათდება - ბევრი სასიამოვნო მოგონება აკავშირებს იმ სახლთან. პირველი სიყვარულიც იქ ეწვია - ძალიან ლამაზი გოგონა ნინო შეუყვარდა. ინტერნატში სოსოს გარეშე კონცერტი არ ტარდებოდა. სცენაზე გამოსული თვალებით ნინოს დაეძებდა ხოლმე და მთელი გრძნობით უმღეროდა.  მეათე კლასში იყვნენ, ნინო რომ მოიტაცეს. სოსოსთვის იმ დღეს ცა ჩამოიქცა.

სკოლა-ინტერნატის დამთავრებისთანავე მშობლიურ დუშეთს მიაშურა. სწორედ მაშინ აირია ქვეყანა. დუშეთის ბატალიონი სამაჩაბლოში რომ წავიდა, ისიც თან გაჰყვა. მაშინ 17 წლის იყო. თოფი კი მისცეს, მაგრამ საბრძოლველად არ მიჰყავდათ, ბატალიონის შვილობილს ეძახდნენ.

- სამაჩაბლოში რომ გავიპარე, არც ბებიამ იცოდა და არც - დედამ, - იხსენებს სოსო, - პატარაობაში სულ მენატრებოდა ხოლმე დედა, მაგრამ ვერ ვახერხებდი მის ნახვას. რომ წამოვიზარდე, მერე კი ჩავდიოდი ლაგოდეხში. ვიცოდი, დამიშლიდა სამაჩაბლოში წასვლას, ამიტომაც არ ვუთხარი. ბატალიონში ძალიან მიფრთხილდებოდნენ, ზურგში მამყოფებდნენ. გული რომ არ დამწყვეტოდა, მსუბუქ რამეს მავალებდნენ - საჭმლის გაკეთებას, წყლის მოტანას. მერე "გაუბახტის" გასაღები ჩამაბარეს, - ტყვეებზე თვალი გეჭიროსო. მიუხედავად დაპირისპირებისა, ტყვე ოსები მეცოდებოდნენ, ხან პურს ვაწვდიდი, ხან წყალს.

ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მაშინ კაცი არ მომიკლავს, არადა, დიდი ქაოსი და განუკითხაობა იყო. მაშინ იქ ვიყავი, როცა ქემერტელი ბიჭი, მერაბ მინდიაშვილი ოსებმა ხეზე მიაბეს და დაწვეს. ეს ამბავი ელვისებურად გავრცელდა. სწორედ ჩემი ბატალიონის ბიჭებმა ჩამოხსნეს ხიდან მისი დანახშირებული ცხედარი. მე არ გამიყოლეს, - პატარა ხარ ამის საყურებლადო. ამ ამბის შემდეგ სამი დღე ლუკმა არ ჩამსვლია პირში. მერე მის ხსოვნას სიმღერა მივუძღვენი და ბიჭები ხშირად მამღერებდნენ ხოლმე... აფხაზეთშიც მინდოდა წასვლა, მაგრამ ბებია შემეხვეწა, - ცუდად ვარ, ნუ მიმატოვებო და დავრჩი...

ყველაზე მეტად რაზე ან ვისზე დაგწყვეტია გული-მეთქი. ალალად მპასუხობს: - დედამ მატკინა გული. არ უნდა დავეტოვებინე,  როგორც ჩემს უფროს ნახევარძმას ზრდიდა, მეც ისე გავეზარდე. გაგვიჭირდებოდა, მარა ერთად ვიქნებოდით. მამასთან იშვიათად მივდივარ. არ ვაწუხებ, თავისი ცხოვრება აქვს... მინდა დავოჯახდე, ჩემი მყუდრო ბინა მქონდეს, მყავდეს მოსიყვარულე ცოლი და სამი შვილი...

სოსოს ძალიან უყვარს სპორტი. განსაკუთრებით ფეხბურთი. ამიტომაც დუშეთის "არაგვს" სულ თან დაჰყვებოდა ხოლმე.  თუმცა მისთვის უპირველესი მაინც სიმღერაა. ყოველთვის ოცნებობდა, დიდ სცენაზე ემღერა. ეს ოცნება აიხდინა. მეორე ტურისთვის სერიოზულად ემზადება, ოღონდ ჯერ არ გადაუწყვეტია, რას იმღერებს.

ქუჩაში ყველა ცნობს, უღიმის, ხელს ართმევს, ეფერება და ამხნევებს. სოსოც უსაზღვროდ ბედნიერია.