"ნოსტალგია ძალიან ვერაგი რამეა, მას შეუძლია იყოს დამანგრეველი და შეუძლია იყოს ნეტარი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. მე ნეტარი ავირჩიე" - კვირის პალიტრა

"ნოსტალგია ძალიან ვერაგი რამეა, მას შეუძლია იყოს დამანგრეველი და შეუძლია იყოს ნეტარი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. მე ნეტარი ავირჩიე"

"ხშირად უთქვამთ, ამ დროს რა გამღერებსო. პირიქით, რაც მეტი მაქვს სათქმელი, რაც მეტი მიხარია და რაც მეტი მაწუხებს, მეტად მემღერება"

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ახალგაზრდა ქალს წავაწყდი, მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს მიმართავდა: მთლად ისე ვერ დავუკარი, შენს გულს რომ გაეხარდება, მაგრამ მაინც იყოსო. ვიდეო ჩავრთე და ნეტარების 2 წუთიც დაიწყო. მარიამ ქირია ჰამბურგიდან საქართველოს უმღეროდა, თავისი ტკბილი, ნაზი და სასიამოვნო ხმით "ლურჯ იებს" ასრულებდა. ვიდეოს ათასობით თბილი კომენტარი ჰქონდა, მომღერალს ხალხი უკვე იცნობდა და მეც მარიამს მისი ამბის მოსასმენად ჰამბურგში დავუკავშირდი.

მარიამ ქირია: - 32 წლის ვარ, პროფესიით მომღერალი და გუნდების ხელმძღვანელი, ახლა გერმანიაში, ჰამბურგში ვცხოვრობ. თბილისში გერმანული, ვალდორფის სკოლა დავამთავრე და გერმანული ენა ასე თუ ისე უკვე ვიცოდი. როდესაც ენა იცი, ქვეყანაც გაინტერესებს და ასე, 2008 წელს ჰამბურგში აღმოვჩნდი.

- როდის დაიწყო შენი და მუსიკის ისტორია?

- ჩემი და მუსიკის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო. დედაჩემის სიმღერა უკვე მუცლად ყოფნის დროს მესმოდა და მას მერე ჩემში და ყველგან, გარშემო სულ მუსიკაა. მე, ჩემი ძმა და დედაჩემი ყოველთვის სამ ხმაში ვმღეროდით. ჩემი ძმა ჯერ მეორე ხმას მღეროდა, მერე ხმა რომ დაუბოხდა, ბანში გადავიდა. ჩვენ ვმღეროდით სულ - სახლში, უშუქობისას დროს, გარეთ, სკოლაში წასვლისას, მანქანაში მგზავრობის დროს და ასე, ყველგან სადაც მოგვიხერხდებოდა. ბნელი 1990-იანები სულ სიმღერით გავატარეთ და ჩემს მოგონებებში ის დრო ჭრელი და ფერადია.

ხმა ჩემი მთავარი იარაღია, სხვა დანარჩენში ვირტუოზი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის სპორტული ინტერესი მქონდა, რომ ახალ-ახალ ინსტრუმენტებზე დაკვრა მესწავლა, ამიტომ ცოტ-ცოტას სხვადასხვა სახის ინსტურმენტზე ვუკრავ, მათ შორის ჩემთვის ყველაზე ახლობელი - გიტარაა. გიტარაზე დაკვრა ჩემით ვისწავლე ეს საქმნიობა კი გულისხმიერმა ადამიანმა, ხვიჩა მაღლაკელიძემ უკეთ შემასწავლა და უფრო მეტად შემაყვარა ეს ინსტრუმენტი.

- ჰამბურგში შენი ტრიო გყავს. მოგვიყევი შენს ჯგუფზე...

- ვოკალური ტრიო "მელიმა" 2018 წლის ბოლოს დავაარსე. სამი გოგო ვიყავით - ქართველი, ებრაელი და ბრაზილიელი. ვმღერით ჩვენი ქვეყნების სიმღერებს. როდესაც რეპეტიცია დავიწყეთ, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ სიმღერა არ იყო, ეს სხვადასხვა კულტურის შეცნობა და გათავისებაც გამოდიოდა.

ზოგადად, მსმენელი ემოციურად ძალიან ჭკვიანია, მომღერალმა შეიძლება ტექნიკურად უბადლოდ იმღეროს, მაგრამ სიმღერა უსულო იყოს. ეს მსმენელს თავიდან აღაფრთოვანებს, მაგრამ მალე დაკარგავს ინტერესს და თვითონაც არ იცის, რატომ. მე ბედნიერება მხვდა წილად "მელიმას" სახით, ჩვენ ყველა სიმღერაში სულს ვდებთ. იშვიათად მომისმენია უცხოელების ქართულად ასეთი მოწიწებით ნამღერი, როგორიც "მელიმას" წევრებისგან.

ხომ გაგიგიათ გამონათქვამი, "რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო". მე ვიტყოდი, რამდენი კულტურის სიმღერასაც გაითავისებ, იმდენი ადამიანი ხარ, ეს არის ის განსაკუთრებული რამ, რასაც მსმენელი გრძნობს და რის გამოც "მელიმამ" დიდი ინტერესი გამოიწვია ჰამბურგში.

- რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?

- სიმღერა ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერია. სიმღერის გარეშე ბევრ სიძნელეს ვერ გავუმკლავდებოდი. შემიძლია დაძაბულ და ურთულეს სიტუაციში წავიდე და ვიმღერო. ხშირად უთქვამთ, ამ დროს რა გამღერებსო. პირიქით, რაც მეტი მაქვს სათქმელი, რაც მეტი მიხარია და რაც მეტი მაწუხებს, მეტად მემღერება.

2009 წელს სპონტანურად გადავწყვიტე აქ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარება. გამოცდაზე ფორტეპიანოზე დავუკარი. მერე აღმოჩნდა, რომ ან მეორე ინსტრუმენტზეც უნდა დამეკრა, ან უნდა მემღერა და მეც სიმღერა გადავწყვიტე. ისინი კლასიკურ ნაწარმოებს ელოდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მქონდა მომზადებული და მეც ქართულად ვიმღერე. კომისიის წევრებს ვთხოვე ჩემთვის ბანი მოეცათ. ვამღერე ორი ბგერა და დავიწყე "ხარება და გოგია", ამასობაში მათ ხელებით ვანიშნებდი იმ საფეხურებს, რაც უნდა ემღერათ და ასე დამეხმარნენ ისინი. აღფრთოვანებულმა კომისიის წევრებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაშინვე, დისკუსიის გარეშე მიმიღეს სასწავლებელში. ამ ისტორიას დღემდე იხსენებენ ხოლმე.

- ახლა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რა სიტუაციაა ჰამბურგში კორონავირუსის მხრივ?

- პანდემია გერმანიაში ძალიან შეუმჩნევლად შემოიპარა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა ამ ფაქტს. არ იგრძნობოდა პანიკა, არც თავიდან, როცა ჯერ საზოგადოებაში ნაკლები შიში იყო და - არც მერე. ქვეყანა პრობლემას ღიად ეჭიდება, კატეგორიული ზომები და კომენდანტის საათი აქ არასდროს ყოფილა, მაგრამ სტაბილურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან პანდემიასთან გამკლავების გეგმას.

აცრას რაც შეეხება, ჯერ რისკის ჯგუფს აქვს პრიორიტეტი. როცა ისინი აიცრებიან, დანარჩენს მერე გვექნება აცრის საშუალება. მუსიკოსებს განსაკუთრებით გაგვიჭირდა შეზღუდვების გამო, მაგრამ ვცდილობთ, გამოვნახოთ გზა და ჩვენი სათქმელი მუსიკას მოწყურებული ხალხის ყურამდე მივიტანოთ. ასე შეიქმნა ჩემი ვიდეოკოლაჟები და დუეტები საკუთარ თავთან და მართლა ბავშვივით მიხარია, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო - ის ხალხმა შეიყვარა.

- საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე?

- საქართველოში წესით ყოველ წელიწად-ნახევარში ჩამოვდივარ, მაგრამ - დიდი ხნით. ზაფხულში ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა და გულით უკვე საქართველოში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გზა ჩაიკეტა და ფრენა ჩაიშალა. იმის მერე მენტალურად სულ საქართველოში ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან მეჩვენება, რომ ჰამბურგში გამვლელები ქართულად ლაპარაკობენ. ლათინურ ტექსტს ვხედავ და, ვიდრე დავაკვირდები,  ქართული მგონია. ნოსტალგია ძალიან ვერაგი რამეა, მას შეუძლია იყოს დამანგრეველი და შეუძლია იყოს ნეტარი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. მე ნეტარი ავირჩიე და ნოსტალგია სიმღერებით გადმოვეცი.

(სპეციალურად საიტისთვის)