"დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა... ყველანი თავზარდაცემულები ვართ" - კვირის პალიტრა

"დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა... ყველანი თავზარდაცემულები ვართ"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში კოლეგის გარდაცვალების შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორც ომბუდსმენი იტყობინება, თემურ ქორიძე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა:

"დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა... ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, მეგობრის, თავდადებული საჯარო მოხელის, საუკეთესო მამის, კეთილშობილი და მართალი ღირებულებების ადამიანის, თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო... ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ძალიან, ძალიან დაგვაკლდები, თემურ!"- წერს ლომჯარია.

პოსტს აქვეყნებს სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდიც:

"დღეს ჩვენი კოლეგა თემურ ქორიძე გარდაიცვალა...

საქმიანი, ნიჭიერი, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო.

ადამიანი, რომელიც არ უშინდებოდა ახალ იდეებს, ახალ გამოწვევებს. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული აპარატის საქმიანობაში. მას ვენდობოდით, მისი იმედი გვქონდა...

თემური თითქმის 6 წელი მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში; იგი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა და საყვარელი საქმის საკეთებლად ყოველთვის მზად იყო, დროისა თუ ადგილის მიუხედავად.

ახალგაზრდა, მხიარული, კეთილი, ორი ულამაზესი გოგოს ამაყი და ბედნიერი მამა.

ყველას დაგვაკლდა...

დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ თემურის ოჯახს...

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, თქვენთან ერთად ვიზიარებთ ამ გულისტკივილს" - წერია ომბუდსმენის აპარატის ოფიციალურ გვერდზე.