გიორგი შაქარაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა - რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის და? - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა - რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის და?

ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილს დღეს 20 წელი შეუსრულდება.

18 ივნისს, გვიან ღამით,

მცხეთის რაიონში, ერთ-ერთ აგარაკზე, დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, გიორგი შაქარაშვილმა და კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ - გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით გაუყვნენ. გაირკვა, რომ აგარაკზე დაპირისპირებაში

ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთის მიმართულებით "მერსედესითა" და "ტოიოტა ქამრით""გაეშურნენ. ამ მანქანებში ისხდნენ არასრულწლოვნებიც... სწორედ ეს პირები წამოეწივნენ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გამოძიების ცნობით, ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გიორგის კვალი კი""ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული მდევრების გამოჩენისას დაიკარგა. გამოძიებით დადგენილია, რომ "ტოიოტა ქამრის" ხუთმა მგზავრმა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც ის იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. ისინი ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. გიორგის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა, სხეულზე დაფიქსირებული უამრავი დაზიანება კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე მიაყენეს.

ამ საქმეზე 17 პირია ბრალდებული, მათ შორის - ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება მიმდინარეობს ოთხი - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა ხუთ პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს. ისინი ახლა განაჩენს ელოდებიან. უკვე დასრულდა საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი და ექვსიდან სამს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობა და ძალადობაში მონაწილეობა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა კიდევ ერთ არასრულწლოვანს. დანარჩენ ორ ბრალდებულს გამოძიება ედავებოდა როგორც ჯგუფურ ძალადობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მოსამართლემ ორივეს 6 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება. არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული მუხლები 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მიუხედავად მძიმე კატეგორიის დანაშაულისა, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. სხვა ეპიზოდების განხილვა ისევ მიმდინარეობს და საზოგადოება ვერდიქტს ელოდება.

,,გილოცავ შენს დღეს მე-20 დაბადების დღეს იმიერ საქართველოში"- წერს გიორგის და ,,ფეისბუქის,,  პირად გვერდზე.