ცენზურა "მედია პალიტრაში"?! - კვირის პალიტრა

ცენზურა "მედია პალიტრაში"?!

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ოფისში ჟურნალისტმა ელგა ფოლადაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ ელგა ფოლადაშვილის წიგნის - "წერილები საქართველოს", წიგნის მაღაზიების ქსელიდან ამოღება გააპროტესტა. ბრიფინგს ასევე ესწრებოდა პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ინგა გრიგოლია. თავად ელგა ფოლადაშვილი ფიქრობს, რომ წიგნი მკვეთრად ოპოზიციური, პოლიტიკური მოსაზრებით არის დატვირთული და შესაძლოა, წიგნი ამ მოტივითაც იყოს ქსელიდან ამოღებული.

ინგა გრიგოლია: "ვერაფერს დავამტკიცებ შესაძლო ცენზურის კვალზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩემს მეგობარს, კოლეგას ვუცხადებ მხარდაჭერას, სოლიდარობას და აღნიშნული წიგნის მაღაზიათა ქსელში დაბრუნებას მოვითხოვ!"

ფოლადაშვილს მომხდარის მიზეზის დაკონკრეტება გაუჭირდა, თუმცა განაცხადა, რომ წიგნის დაბლოკვა, შესაძლოა, იმ ოპოზიციურმა პუბლიკაციებმა გამოიწვია, რომელიც გამოცემაში იყო შესული.

მოგვიანებით საკუთარი წიგნის დაბლოკვის ისტორიას ელგა ფოლადაშვილმა ვრცელი წერილი მიუძღვნა სოცილურ ქსელში:

"არ ვიცი რა ბედ-იღბალზე შევიდა ეს ჩემი წიგნი ქართულ მედია-სივრცეში, მაგრამ ფაქტია, საითაც ნაბიჯი გადადგა, ყველგან "ძირეული ცვლილებები" გამოიწვია: "კვირის პალიტრის" ჰოლდინგმა ჩემი წიგნის შეტანიდან ერთ დღეში მარკეტინგის სისტემა შეცვალა; "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბმა, სადაც ბრიფინგის ჩატარებას ვგეგმავდი, 15 წუთში ბანერების შეცვლა და რემონტი წამოიწყო; ბრიფინგზე მომავალ "მაესტროს" გაურკვეველი პრობლემები შეექმნა და გზიდან მიბრუნდა; "კავკასიამ" თავისუფალი კამერა ვერ მოიძია; "რუსთავი-2"-ს ტელეფონი გაეთიშა; "იმედმა" ტელეფონის ზარის ხმა ვერ გაიგო; გაზეთები ერთდროულად დაბრმავდნენ, რადიოები ერთდროულად დაყრუვდნენ... რაც შეეხება წიგნის ამოღების ისტორიას, მოვლენები იმდენად ტრაგი-კომიკურად განვითარდა, თვით საქართველოშიც კი წარმოუდგენელად რომ მიმაჩნდა იმ დღემდე:

სამშაბათი - მიმაქვს წიგნი წიგნის გავრცელების სააგენტოში, რომელიც ეკუთვნის "კვირის პალიტრის" ჰოლდინგს.

ეს ერთადერთი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველჰყოს წიგნის მაღაზიებში შეტანა ქვეყნის მაშტაბით. პრაქტიკულად, ამ სადისტრიბუციო კომპანიას მონოპოლია აქვთ წიგნის ბაზარზე, რადგან ალტერნატიული სამსახური საქართველოში არ არსებობს. ისინი  კომერციული ინტერესით აფასებენ წიგნს (ანუ შიგთავსს არ კითხულობენ და ეს ბუნებრივიცაა). ვთანხმდებით პირობებზე, ფასზე და ვაფორმებთ შესაბამის დოკუმენტს.

ოთხშაბათი - სადიტრიბუციო ქსელი არიგებს წიგნებს მაღაზიაში.

ხუთშაბათი - წიგნის მაღაზიების დახლებზე დაიდო "წერილები საქართველოს".

პარასკევი - სადისტრიბუციო კომპანია შედის მარაზიებში და ელვის სისწრაფით იღებს წიგნს.

ორშაბათ დილით მირეკავენ დისტრიბუციიდან და მეუბნებიან, რომ მარკეტინგის სამსახურში ცვლილებები აქვთ და სამწუხაროდ, წიგნი უკან უნდა დავიბრუნო. მე ვეუბნები, რომ მივალ "პალიტრის" ჰოლდინგში და ადგილზე გავარკვევ რა ხდება. რატომღაც მთავაზობენ, რომ თვითონ მომაკითხავენ. მე ამ დროს, პავლოვზე, "ყავის სახლში" მეგობართან ერთად ყავას გეახლებით. გამოვდივარ და რას ვხედავ: ჩემს წინ პიკაპი დგას, საჭესთან დისტრიბუტორი ზის, ხოლო საბარგულში არც მეტი, არც ნაკლები - ჩემი წიგნები აწყვია.

მოვლენები ვითარდება ასე: მე ვჯდები მანქანაში. დისტრიბუტორი რაღაც აბდა-უბდით იმართლებს თავს, "მამშვიდებს", რომ ახალი "მარკეტინგი" მხოლოდ მე არ შემეხო, დისტრიბუცია ცდილობს, ამ ყველაფერს არ მივცე ცენზურის კვალიფიკაცია და მთავაზობს, წავიდეთ სხვა კომპანიაში, რომელიც ასევე წიგნის გავრცელების სამსახურია და მათ გადავუფორმოთ წიგნები. ჩემი მეგობარი გიორგი უძილაური ამაოდ ცდილობდა რამდენიმე დღე გაერკვია, რა არგუმენტებით ამოიღო "კვირის პალიტრის" ჰოლდინგმა ჩემი წიგნები ქსელიდან."

სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ ინფორმაციის შემდეგ, კოლეგები დამიკავშირდნენ - ყველას აინტერესებდა, რა ხდებოდა ასეთი "კვირის პალიტრის" მედიაჰოლდინგში. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა ძალზე შემაწუხა, მით უმეტეს, რომ "მედია პალიტრაში" დღემდე მხოლოდ იმიტომ ვმუშაობ, რომ მის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში ეჭვი  არასოდეს შემპარვია.

რადგან ამ წიგნის ქსელიდან ამოღებას ცენზურის სარჩული დაედო, დავინტერესდი, მაინც რა პრობლემა იყო წამოჭრილი ამ წიგნში ისეთი, "მედია პალიტრაში" რომ არ გვითქვამს და გაგვიბედავს. რადგან ჰოლდინგში ვერავინ აღმოვაჩინე ისეთი, ვინც ამ წიგნში დაწერილი ამბის მოკლე შინაარსს მაინც მომითხრობდა, შვებით ამოვისუნთქე, რადგან დავრწმუნდი, რომ ჰოლდინგში ცენზორების საიდუმლო განყოფილება არ გვქონია და ქსელიდან წიგნების ამოღების სხვა მიზეზი უნდა მეძებნა.

მიზეზი იმდენად ბანალური და წმინდა ტექნიკური აღმოჩნდა, რომ დასაწერადაც არ ღირდა, მაგრამ კოლეგის  და საზოგადოების კითხვებისა და ეჭვების გასაქარწყლებლად ღირს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ინფორმირება.

აქვე მინდა აღვნიშნო, - ჩანს, ბატონ გიორგი უძილაურს ამ საკითხის გარკევევა კარგად არც უცდია, რადგან მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელები გაოცებული მისმენდნენ, როცა წიგნის ამოღებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მათგან ინფორმაციის მიღებას ვცდილობდი. შეიძლება ვინმემ არ დაიჯეროს, მაგრამ მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელობამ პირველად ჩემგან შეიტყო ქსელიდან ამ წიგნის ამოღების და მოგვიანებით  განვითარებული მოვლენების ისტორია.

ახლა კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა "ცენზურის"  გამო ამოიღო მედიაჰოლდინგმა ელგა ფოლადაშვილის წიგნი გაყიდვიდან.

გოჩა გოჩიტაშვილი ("პალიტრა L"-ს გავრცელების სამსახურის უფროსი): "პალიტრა L"  წიგნების გამომცემელი ორგანიზაციაა. მე კი "პალიტა L"-ის დისტრიბუციის უფროსი ვარ. "პალიტრა L"-ში გამოცემულ წიგნებს ჩვენი  სადისტრიბუციო კომპანია სხვა და სხვა მაღაზიაში ავრცელებს.

ჩემთან მოვიდა ქალბატონი ელგა ფოლადაშვილი და წიგნის გავრცელება მთხოვა. მითხრა, 18 წელია ჟურნალისტი ვარ, თქვენი კოლეგა, ადრე "კვირის პალიტრაში" ვმუშაობდიო. ამიტომ გავუწიე ხათრი და მისი წიგნი ქსელში შევიტანე. ადრე ვუშვებდით ასეთ ფაქტებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ  გადაწყდა, რომ სხვისი გამოცემული წიგნები "პალიტრა L"-ის სადისტრიბუციო კომპანიას აღარ გაევრცელებინა. ეს გადაწყვეტილება წმინდა ტექნიკური, საკითხების გამო მივიღეთ, რადგან ჩვენი საკუთარი წიგნების რაოდენობამ ძალიან მოიმატა, ამდენი წიგნის გაკონტროლება კი გაჭირდა, მაღაზიებში ნაშთები გაიზარდა  და ამ საკითხის სასწრაფოდ დარეგულირება გახდა საჭირო.

სწორედ ამის გამო გადაწყდა, სხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები ჩვენ აღარ გაგვევრცელებინა. ეს წიგნი სწორედ იმ სხვა გამომცემლობის მიერ გამოცემულ ათი დასახელების წიგნში მოჰყვა. ფოლადაშვილის წიგნის გარდა ქსელიდან ამოვიღეთ "როგორ გასხვისდა აფხაზეთი", "შეშლილი, შეშლილი მსოფლიო", "შეჩერდი წამო", "ავღანეთი", "დედაქალაქი", "აბლაბუდა და ბობორიკა" და კიდევ რამდენიმე სხვა წიგნი, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სხვა გამომცემლობის მიერ იყო გამოცემული.

- რატომ არ აუხსენით ეს ჟურნალისტს?

- სწორედ ასე ავუხსენი. დავურეკე და ვუთხარი, წიგნები უნდა დაგიბრუნოთ-მეთქი. სიკეთის გაკეთება მინდოდა და სადაც მეტყოდა, იქ მივუტანდი წიგნებს. ისიც ვუთხარი, ჩემს გარდა ათასი სააგენტო და ათასი გამომცემლობაა-მეთქი და ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელთან მივიყვანე. არის ასეთი წიგნის სადისტრიბუციო სააგენტო "ბესტსელერი". მაგრამ ამ სააგენტომ უარი თქვა მისი წიგნის მიღებაზე, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ კომერციულად მომგებიანი არ იქნებოდა."

 

ქალბატონი ელგას მიერ "მედია პალიტრისადმი" წამოყენებული ბრალდების აბსურდულობა თუნდაც იმაში ჩანს, რომ მისი წიგნი  თავისუფლად იყიდება "ბიბლუსის" მაღაზიებში, რომელიც ასევე ჩვენს ჰოლდინგში შემოდის.

ასე რომ, ეს იყო სადისტრიბუციო სამსახურის, წმინდა ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება და მეტი არაფერი.

ინგა გრიგოლია: ელგა ჩემი სტუდენტობის მეგობარია და მთხოვა, რომ მას ჰქონდა პორესკონფერენცია და კითხვა, რატომ ამოიღეს დისტრიბუციიდან მისი წიგნი. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ უნდა გასცემოდა კითხვას პასუხი, რადგან ჟურნალისტს ეჭვი ჰქონდა, აქ ცენზურამ ხომ არ იმოქმედაო?

- მედიასახლ "პალიტრაში" თქვენი არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნებულა და რადიოეთერითაც გასულა, გახსენდებათ ცენზურის ერთი შემთხვევა მაინც?

- არასოდეს შემქმნია პრობლემა თქვენს ჰოლდინგთან ჩემი აზრების გამოხატვასთან დაკავშირებით - არც რადიოში, არც გაზეთში. უბრალოდ, ჟურნალისტს გაუჩნდა კითხვა, - რატომ ამოიღეს 24 საათში სადისტრიბუციო ქსელიდან მისი წიგნი. რაზეც მე დავაფიქსირე, რომ ამ კითხვას უნდა გასცემოდა პასუხი...

ეკა ბესელია: ცენზურა "კვირის პალიტრის" მხრიდან არ მახსენდება. ეს ამბავი რომ მომიყვა ელგა ფოლადაშვილმა, მას "კვირის პალიტრა" არც უხსენებია. კი ვუთხარი, იქნებ "კვირის პალიტრის" ვინმე ხელმძღვანელთან გესაუბრა-მეთქი, მაგრამ ეს თემა მოიხსნა, რადგან განაცხადა, რომ "კვირის პალიტრას" არც ვახსენებ და არც საფუძველი მაქვს, რომ იქედან მოდის ეს ამბავიო. პირადად მე "კვირის პალიტრის" მხრიდან ცენზურა არ მახსენდება.

მკითხველმა თავად განსაჯოს, ვინ მართალია და ვინ მტყუანი; ვინ იმართლებს თავს და ვის სურს ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის ხარჯზე საკუთარი წიგნის გასაღება...

ისე კი, ყველას - მკითხველს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა თუ სხვა ე.წ. ცნობად სახეს ვთხოვთ, - შეგვატყობინოს, თუკი რამ სმენია "მედია პალიტრაში" ცენზურის არსებობის შესახებ.

(სპეციალურად საიტისთვის)