"ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ის ჩადენილ ქმედებას აღიარებს, სასამართლოზე დამატებით მტკიცებულებად წარვადგენთ" - კვირის პალიტრა

"ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ის ჩადენილ ქმედებას აღიარებს, სასამართლოზე დამატებით მტკიცებულებად წარვადგენთ"

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებების სახით. როგორც სადრაძე ამბობს, "მათ შორის მაგალითად განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის".

"ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც დავაყენეთ შუამდგომლობები ჩვენი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია. ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და ბუნებრივია ამას ჩვენ მტკიცებულებად წარვაგდებთ, რადგან ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში,"- აცხადებს სადრაძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

"ინტერპრესნიუსი"