მარსზე ახალი დედამიწის "მოწყობაში" ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობენ - კვირის პალიტრა

მარსზე ახალი დედამიწის "მოწყობაში" ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობენ

"NASA-დან გამოგვიგზავნეს შეტყობინება, რომ 18 თებერვალს 11 საათზე მარსზე დაჯდება თანამგზავრი, რომელშიც ოქროს ფირფიტაზე ჩვენი გვარ-სახელებია ჩაწერილი. ეს ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან "ჩაკრულოს" შემდეგ, კოსმოსში ეს მეორე გზავნილი იქნება საქართველოდან. ალბათ, NASA-შიც მიგვიწვევენ, რაც მთავარია, მარსზე ჩვენ უკვე "ნაკვეთები" გვექნება..."

ქართველი მეცნიერების ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარასაშვილისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ზურაბ ლომთათიძის გვარ-სახელები იმ ასტრობიოლოგთა სიაში ჩართეს, რომელიც 2020 წელს მარსზე გაიგზავნა. მეცნიერებმა NASA-დან მიიღეს შეტყობინება, რომ თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს 11 საათზე დაჯდება. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ ტარასაშვილმა ბიოქიმიის კათედრის გამგეს პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს თხოვნით მიმართა, ეხელმძღვანელა მისთვის, როგორც ასპირანტისთვის, სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად. მარიამ ტარასაშვილმა სადისერტაციო თემად შეარჩია ,,მარსის გრუნტის ტერაფორმირება მცენარეების განვითარებისთვის სათანადო აგრონომიული პირობების შესაქმნელად". ამ მიზნით საჭირო იყო კლიმატოკამერის ოთახის შექმნა; ქართველი მეცნიერების ძალისხმევით მოეწყო სპეციალური 3-მეტრიანი დახურული ოთახი დისტანციური მართვით. საქართველოს რეგიონებიდან მოძიებულ იქნა რკინაბაქტერიები (მარსის წითელი ფერის რკინით მდიდარი ნაერთებით), გოგირდბაქტერიები და სოკოები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ბაქტერიები და სოკო კარგად ვითარდებიან მარსის გრუნტის იმიტირებულ ,,ნიადაგზე". ქართველმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მარსის გრუნტის გამდიდრების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მცენარეებისათვის აგრობიოლოგიური პირობების შექმნა, რაც საშუალებას მისცემდა დაეთესათ და მიეღოთ ხორბლისა და ლობიოს მოსავალი. მეცნიერებმა მარსის გრუნტის ნიადაგიდან დაამზადეს სამშენებლო ბლოკებიც...

ნუგზარ ალექსიძე

ნუგზარ ალექსიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი, ბიოლოგი:

- იმისათვის, რომ მცენარეებისათვის მარსზე ნიადაგი მოგვემზადებინა, ნიადაგი მიკრობიოლოგიურად დავამუშავეთ - სხვადასხვა ნიადაგიდან მოვიპოვეთ მიკროორგანიზმები და ჩავატარეთ ცდები. ამისათვის მომზადებული გვქონდა სპეციალური ბლოკი და სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შეგვეძლო შეგვეცვალა განათება, რადიაცია და სხვა. ამ კაბინაში ვამზადებდით ნიადაგებს და მასზე მცენარეების განვითარებას ვაკვირდებოდით. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. არის მოსაზრება, რომ მარსზე უნდა წავიდნენ კოსმონავტები, რომლებიც იქ ხანგრძლივად იცხოვრებენ. ვინაიდან ორგანიზმისთვის მთავარი ცილები და ნახშირწყლებია, ამიტომ შევარჩიეთ ორი მცენარე - ხორბალი (ნახშირწყლებისთვის) და ლობიო (ცილებისთვის), ორივემ გაიხარა... რადგან ეს ორი მცენარე გაიზარდა, ამის შემდეგ იქ ყველაფერს გავზრდით.

ამასთან, გადავწყვიტეთ მარსის ნიადაგი გამოგვეყენებინა სამშენებლო ბლოკების მისაღებად, ამიტომ ჩვენს ქიმიკოსებთან ერთად დავამზადეთ ბლოკები, რომლებიც დაბალ ტემპერატურას, მზის სხივების ზემოქმედებასა და რადიაციას უძლებენ. ასე რომ, შესაძლებელი გახდება მარსზე ჩასულმა კოსმონავტებმა ადგილობრივი ნიადაგის მეშვეობით დაამზადონ ბლოკები და ააშენონ შენობა.

ზურაბ ლომთათიძე

- გამოდის, პლანეტა მარსისგან შეიძლება მართლა ახალი დედამიწა მივიღოთ, სადაც სიცოცხლე შესაძლებელი იქნება. - მარსზე წყლის პრობლემა იყო. ახლა გარემოს ტემპერატურა შეიცვალა (ტემპერატურამ მოიმატა) და პლანეტაზე წყალი გაჩნდა. მარსის ზედაპირის 7 მეტრის სიღრმეში, არის ყინულოვანი ფენა. იქ მინუს 120 გრადუსია, ეტყობა, წყალი დადნა და თანდათან ზემოთ ამოვიდა. მარსი ისეა დაღარული, სავარაუდოდ, იქ წყალი იყო, თანაც ცხელი. მარსზე არის ისეთი მინერალური ნივთიერებები, ისეთი ქანები, რომლებიც წყლის გარეშე ვერ წარმოიშობოდნენ.

ჩვენ მარსის მიკრობიოლოგიური გარდაქმნა-დამუშავებით დავიწყეთ და მართლაც კარგი შედეგები მივიღეთ - მარსის ნიადაგზე მიკროორგანიზმები გამრავლდნენ. ზოგიერთმა სოკომ ჰიფებიც გაიკეთა. მართალია, იქ მთლად სასიცოცხლო პირობები არ არის, მაგრამ ზოგიერთი ამას უძლებს. არის მოსაზრება, რომ სავარაუდოდ, იქ უნდა იყოს მიკროორგანიზმები, მაგრამ შეიძლება კოსმონავტების შეტანილია.

გარდა ამისა, ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ცეოლიტის არსებობა მარსზე - იქ ისეთი მინერალური ნაერთებია, რომლებიც ძალიან მოგვაგონებენ ცეოლიტებს. მოგვიანებით ჩვენი ვარაუდი დადასტურდა - მარსზე მართლაც აღმოაჩინეს ცეოლიტები. ცეოლიტებისა და მარსის იმიტირებული გრუნტის ნარევით შევძელით მიგვეღწია ისეთი შედგენილობისათვის, რამაც საშუალება მოგვცა ასეთი ტიპის ნარევ ,,ნიადაგზე" დაგვეთესა და მიგვეღო ხორბლისა და ლობიოს მოსავალი. მარსზე განსახლებულ კოსმონავტებს შეეძლებათ ნებისმიერი მცენარის კულტივირება, თუნდაც ვაზის, რის შესახებაც დღეს დიდი ხმაურია ატეხილი.

- რა არის ცეოლიტები? - ცეოლიტები არის მინერალური ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ის ასევე წყლის გაწმენდის საშუალებაა. საქართველოში ცეოლიტი ძალიან ბევრია. მას ადრე მესაქონლეობაშიც იყენებდნენ.

- როგორ და რის შემდეგ წარადგინა NASA-მ თქვენი კანდიდატურები მარსზე გასაშვებ მეცნიერთა სიაში? - ჩვენ 9 სტატია გვაქვს გამოქვეყნებული ამერიკულ ჟურნალ "ასტრობიოლოგიაში", ასევე აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო კონფერენციებში და ჩვენმა მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. NASA-დან გამოგვიგზავნეს შეტყობინება, რომ 18 თებერვალს 11 საათზე მარსზე დაჯდება თანამგზავრი, რომელშიც ოქროს ფირფიტაზე ჩვენი გვარ-სახელებია ჩაწერილი. ეს ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან "ჩაკრულოს" შემდეგ, კოსმოსში ეს მეორე გზავნილი იქნება საქართველოდან. ალბათ, NASA-შიც მიგვიწვევენ, რაც მთავარია, მარსზე ჩვენ უკვე "ნაკვეთები" გვექნება (იცინის).

- ამბობენ, რომ მარსზე ერთ დროს მართლაც იყო სიცოცხლე... - დიახ, ნაპოვნია სხვადასხვა წარმონაქმნი, რაც მიანიშნებს, რომ რომელიღაც პერიოდში მოხდა კატაკლიზმები, კატასტროფები და პლანეტაზე სიცოცხლე შეწყდა. გამორიცხული არ არის, მარსზეც იგივე განმეორდეს, რაც ერთ დროს დედამიწაზე იყო, ანუ თავიდან დაიწყოს სიცოცხლე.

მარსზე ჟანგბადი არის, მაგრამ ძალიან ცოტა. როცა მცენარეები იქნება, ჟანგბადიც იქნება. თუმცა ამას, ალბათ, დიდი დრო დასჭირდება. ახლა მარსზე რამდენიმე კოსმონავტის გაგზავნას აპირებენ ხანგრძლივად საცხოვრებლად. ამისათვის კი საჭიროა შენობა, რომლისთვისაც იქ ნიადაგის წაღება არ დასჭირდებათ (ბლოკის სამშენებლოდ), მარტო ფისი ექნებათ წასაღები, რომლითაც ბლოკებს შეკრავენ. შენობაში ტემპერატურის დარეგულირებაც დასჭირდებათ და არაა გამორიცხული, ამ პლანეტაზე ნელ-ნელა დაიწყოს კიდეც ცხოვრება. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

- თუ გააგრძელებთ მუშაობას და კვლევას ამ მიმართულებით? - რა თქმა უნდა, ვიკვლევთ, რა ფერის იქნება მარსზე მცენარე. გვაქვს ფაქტები, რომ სხვადასხვა ტალღის დროს მცენარე ფერს იცვლის. ჩვენ კაბინაში სპექტრებს ვცვლიდით და სხვადასხვა სპექტრის პირობებში ვზრდიდით მცენარეებს. ამ საკითხზე მარიკა ტარასაშვილი ამზადებს კვლევას, რომელიც მალე გამოქვეყნდება.