"ჰგონიათ, რომ აცრის შემდეგ ვიღაც ჩვენს მართვას დაიწყებს" - კვირის პალიტრა

"ჰგონიათ, რომ აცრის შემდეგ ვიღაც ჩვენს მართვას დაიწყებს"

"მე და ჩემი მოხუცი 6 თებერვალს ავიცერით "ფაიზერის" ვაქცინით. მოხუცს მხოლოდ ნანემსარი გაუწითლდა, მე არანაირი უკუჩვენება არ მქონია, არც დაჩიპული ვარ… გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, რადგან ამაზე მხოლოდ ჩემი კი არა, სხვების უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული. საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ კორონათი მხოლოდ ქრონიკულად დაავადებული ან ხანდაზმული ადამიანები იხოცებიან, მაგრამ ასე არ არის - უამრავი ახალგაზრდაც გარდაიცვალა..."

მარიამ ტალახაძე ამერიკაში ცხოვრობს. წერს ლექსებს, ჩანახატებს, თუმცა მიუხედავად გამომცემლობების შეთავაზებისა, არასდროს უფიქრია მათ დაბეჭდვაზე. "სხვის წასაკითხად არასდროს ვწერდი, ეს არის ტკივილები, რომელთაც ვაზიარებ. ასეთი ფორმა ვუპოვე ჩემი განცდების გამოხატვას", - ამბობს მარიამი.

ორი წლის წინ დაადგა უცნობ გზას, რომელიც ტკივილითა და ცრემლით გაიარა. ფოსტიდან კონვერტი რომ გამოიტანა, რომელშიც ამერიკისვიზიანი პასპორტი იდო, ეგონა, ხელში ჯინის ბოთლი ეჭირა, თავს მოხსნიდა და დაუსრულებელი სასწაულის მომსწრე გახდებოდა. გრძნობდა, რომ რაღაც ახალი იწყებოდა, ნანატრი ამერიკა ელოდა ახალი შესაძლებლობებითა და შანსით, რომ ოცნებებს აისრულებდა. ასეც მოხდა, თუმცა მანამდე არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდა...

6 თებერვალს მარიამმა "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ვიდეოც ატვირთა. ვიდეო მალევე ნახა 40.000-მდე ადამიანმა, უამრავი კომენტარი დაიწერა, რომ დაჩიპეს, რომ ფულზე გაყიდული ლაივი იყო და გოგონა პროპაგანდაში თანხას იღებს, რომ ვაქცინა სატანურია და ვინც იცრება, სულს ეშმაკს სწირავს...

- ამერიკაში წამოვედი ახალი შესაძლებლობებისთვის. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან ქვეყნის განვითარება შეჩერდა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მქონდა. პროფესიით იურისტი ვარ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წამყვან იურისტად ვმუშაობდი. თითქმის მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი, ბევრს ვმოგზაურობდი ჩემს მეგობრებთან ერთად, დაინტერესებული ვიყავი ძველი ლექსებითა და თქმულებებით, კულინარიულ რეცეპტებსაც ვიწერდი. ეს იყო ყველაზე კარგი, რაც იმ წლებიდან დამრჩა. განსაკუთრებით მოვიხიბლე მოხევეებით. იქ მოვისმინე ფრაზა, რომელიც სხვაგან არ მსმენია და ძალიან მომეწონა. ასეთ სადღეგრძელოს ამბობენ: "ჯერ მახევეებს გაუმარჯოს და მერე ყარტაყურტა ქართველებსო". ამით თავიანთ როლზე მიანიშნებენ - ხევი ხომ ერთ-ერთი ფარია საქართველოსა და რუსეთს შორის. 26 წლის ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება იყო ძიება. ეს არის პროცესი, რომელიც არასდროს სრულდება. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი მიზნებისა და გეგმების სჯეროდათ, ამიტომაც ჩემს თითოეულ წარმატებას ვუძღვნი მათ, ვისაც ჩემი იმედი და რწმენა არ დაუკარგავს.…

- ალბათ, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის - საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანისთვის? - ქუთაისიდან გამოვფრინდი. წინადღეს დავემშვიდობე მეგობრებს და უკან არ გამიხედავს, ტრაპზე ისე ავედი. ყველა ბორტგამცილებელი ჩემი მეგობარი იყო. ერთ-ერთმა მიკროფონი აიღო და მგზავრებს რაღაც აცნობა. სათქმელი რომ დაამთავრა, თვალებით მომძებნა, მისგან ძალიან შორს მჯდომი და გამოაცხადა, მარიამს, ჩვენს მეგობარს, დავულოცავ გზას და წარმატებებს ვუსურვებ საოცნებო ამერიკაშიო. ყველა მგზავრმა მე დამიწყო ძებნა...

ჩამოვფრინდი ამხელა ამერიკაში ერთადერთი ადამიანის, ჩემი საუკეთესო მეგობრის იმედად, რომელიც ჩემამდე რამდენიმე თვის ჩამოსული იყო და თითქოს თავისი თავი არ ეყოფოდა, მეც დავემატე საზრუნავად. მიშო სამსახურის შემდეგ გამომივლიდა ხოლმე და იაფ სწრაფი კვების ობიექტში მივდიოდით, სადაც სკამები არ იყო, ამიტომ ქურთუკში ვიწყობდით საჭმელს და იქვე ახლოს, სხვა ობიექტში ვიპარებოდით ჩვენი საჭმლით. ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდით, არადა, ალბათ, სასაცილოდ სულ არ გვქონდა საქმე... დავეძებდი სამსახურს და მახსოვს, 31 დეკემბერს დამირეკეს - ერთი დღით უნდა შემეცვალა ქართველი გოგონა, რომელიც ბებიას უვლიდა. ახალ წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე სახლთან ვიყავი, დიდი ენთუზიაზმით აღსავსე. სადღესასწაულოდ ჩაცმული თანამემამულე ცივად მომესალმა, სწრაფად გადმომაბარა საქმე და სასხვათაშორისოდ მითხრა, თუ მოგშივდეს, მიწის თხილის კარაქი მაცივარშია და ტოსტის პური - უჯრაშიო... ყველა მოვალეობა პირნათლად შევასრულე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყურებდა თითქმის ბებიაჩემის ასაკის ქალი ასეთი ზიზღით.

ბოლოს, დანაბარების მიხედვით, თერთმეტი საათისთვის ბებიას დასაძინებლად მომზადება დავიწყე, თუმცა შემაჩერა, საახალწლო კონცერტის ყურება მინდაო. მხოლოდ მაშინ გავხედე ეკრანს, საიდანაც მანჰეტენზე ათასფრად განათებული ნაძვის ხის ფონზე მდიდრულად ჩაცმული მეგა-ვარსკვლავები მიღიმოდნენ. მანჰეტენზე თეთრი ბურთის დაშვებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, ეკრანს თვალს ვერ ვწყვეტდი, როცა მითხრა, ტელევიზორი გამორთეო. თუ შეიძლება... დავიწყე... მინდოდა რამდენიმე წუთი მეთხოვა, რომ ბურთის დაშვება მენახა, მაგრამ სიტყვაც არ დამამთავრებინა. ახლავე, ნაბიჭვაროო! - დამიღრიალა. ძალიან ბევრი ვიტირე. დაძინებამდე ბევრს ვფიქრობდი, რა ჯანდაბის ოცნება მქონდა ისეთი, რომ ახალ წელზე, ოჯახზე, მეგობრებსა და ყველა ადამიანურ სიკეთეზე გავცვალე-მეთქი...

სახლში გვიან გამომიშვეს. ავტობუსის განრიგი შეიცვალა და დიდხანს ველოდი. შემცივდა და ნახევარი ფული ტაქსიში გადავიხადე... დღემდე ის ახალი წელი მძულს მთელი გულით და გაყინული სხეულით!

ჩემი მეგობარი მალე სამუშაოდ სხვა ქალაქში გადაიყვანეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი წილი საქართველო წამართვეს. მარტო ვალაგებდი სახლებს...ერთი სახლი დავალაგე - მხოლოდ ერთ სართულზე შვიდი აბაზანა იყო, ფილმებში რომ გინახავთ, ზუსტად ისეთი. ორი დღე სისხლდენა ვერ გავიჩერე ცხვირიდან. მერე მითხრეს, ამ სისხლდენის მიზეზი ორი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო - ხსნარები და მუხლებზე დგომა, როცა თავი მქონდა დახრილი. 11 საათი ვიდექი მუხლებზე და სპეციალური ხსნარებით ვხეხავდი აბაზანების იატაკს. შინ დაბრუნებული კიბეზე ასვლისას ფეხებს ხელებს ვაშველებდი...

მერე ვცადე ავეჯის გადაზიდვა, მაგრამ არ გამომივიდა, არ გამოვდექი... არც ერთ კაფეში არ მიმიღეს ენის არცოდნის გამო.

მეტროს ღია კარში ვიპარებოდი და უფასოდ ვმგზავრობდი, რა მექნა, ტრანსპორტის ფული არ მქონდა, დედაჩემს კი ისევ ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. საჭმლის ფულს მიშო მირიცხავდა... ხუთჯერ ვცადე მოხუცებთან მუშაობის დაწყება. ერთმა ადუღებული ყავის ჭიქა მესროლა და სიმწრით თითების დაჭმა მინდოდა; ერთმა პამპერსის გამოცვლის დროს ფრჩხილებით ისე დამკაწრა, რომ ხორცი ამომაგლიჯა; ერთი საჭმელს არ მაჭმევდა... ვცდილობ, უარესი არ მოგიყვეთ. რამაც არ მომკლა, აშკარად გამაძლიერა.

- ყველაზე მტკივნეულად რა გახსენდებათ? - ვისაც ბრმად ვენდე, ყველამ მომატყუა და გამომიყენა, თუმცა გამორჩეულად მახსოვს ერთი ქართველი ქალი, რომელმაც მინიმალურ ფასად წამიყვანა თავის სამსახურში და მთელ დღეში იმდენს მიხდიდა, რამდენიც თვითონ ოთხ საათში ჰქონდა. სამი კვირის ჩამოსული ვიყავი ჩემთვის სრულიად უცხო მიწაზე, 15 დოლარი მქონდა წინა სამსახურიდან შემორჩენილი და ვიზოგავდი. მაღაზიაში, რომელიც ჩემი სახლიდან ნახევარი საათის სავალზე იყო, ფეხით დავდიოდი. დღემდე ისე მეზიზღება ის უბანი, ორი წელია, ქინგს ჰაივეიზე ფეხი არ დამიდგამს...

ერთ-ერთ ჯგუფს დავემატე, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები იყვნენ და დავდე განცხადება, რომ ვეძებდი ნებისმიერ სამსახურს. მალევე გამომეხმაურა ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა და მითხრა, რომ ერთი დღით უნდა შემეცვალა, გადამიხდიდა ას დოლარს. იცით, რამდენი იყო ჩემთვის ის ასი დოლარი? ჩემი მეუღლე მოგაკითხავს, ჩამოგიყვანს და უკანაც ის წაგიყვანსო, მითხრა.

მეორე დღეს მომაკითხა, წამიყვანა. ვიარეთ ძალიან, ძალიან ბევრი, ალბათ, იმდენი, თბილისიდან რომ ბათუმში ჩავსულიყავით. სახლი იდგა შუა ტყეში. ბებიასთან ერთად დამხვდა ბაბუაც. ბებია ხალათის თასმებით იყო დაბმული ლოგინზე და მთელი ღამე არაადამიანური ხმით ღრიალებდა. ბაბუა არ იცვამდა პამპერსს და ყველგან შარდავდა, სადაც გაუხარდებოდა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება იმ მოხუცი ქალის თვალები, როცა მაჯებზე თოკი მოვხსენი. დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, დაბმულ ადამიანს ვუვლი-მეთქი და მითხრა, აუშვიო. დავუჯერე.

თან ვფიქრობდი, რატომ უნდა ყოფილიყო დაბმული. იქნებ ასე იყო საჭირო, რომ თავისთვის არაფერი დაეშავებინა? მაგრამ არასდროს მინახავს ასეთი მადლიერი თვალები. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა დაეშავებინა იმ ქალს ისეთი, რომ დაბმა დაიმსახურა და თან ღმერთმა იცის, რამდენი ხანი იყო ასე (მერე გავიგე, თურმე რატომ აბამენ მოხუცებს. არავინ იფიქროს, ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა, არა. მოხუცმა პამპერსი რომ არ გაიხსნას და ამით მომვლელს საქმე არ გაუორმაგოს). ჯოჯოხეთურად დავასრულე სამუშაო დღე და როგორც კი იმ დროს გადასცდა, როცა მუშაობა დავიწყე, იმ ქალს დავურეკე, ვისაც ვცვლიდი. ჯერ ბებიის "აშვების" ამბები მოვუყევი, მერე ვუთხარი, რომ იქ ვერ გავჩერდებოდი, რადგან ძალიან დათრგუნვილი ვიყავი და როდის მოხვალთ-მეთქი, ვკითხე. მითხრა, რომ ჩემი სამუშაო დღე დასრულდა, შემეძლო ბებია დამება და სახლში წავსულიყავი. არადა, ტყეში ვარ, ეზოში აბრებზე დათვები ხატია და წარმოდგენა არა მაქვს, სად ან რით უნდა წავიდე, თავს როგორ ვუშველო. ცოდვას ვერ ვიტყვი - ფული წინასწარ მომცეს, მაგრამ რას ვიზამდი, დალოდების გარდა სხვა გზა არ იყო. მეორე დღეს მოვიდა. ხმა არ ამომიღია, ისე წამოვედი. ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ მისმა ქმარმა მითხრა, მეტროსთან ჩამოგსვამ და გეტყვი, სახლში როგორ უნდა წახვიდეო... დამტოვა სადგურზე. შევედი მატარებელში და მთელი ღამის უძილოს ნახევარი საათის შემდეგ გამეღვიძა, როცა ფორმიანი კაცი ბილეთს მთხოვდა. მეტროს ბარათი მივაწოდე. იცი, სად ხარო? მეტროში-მეთქი. 25 დოლარი მომეცი, რომ ბილეთი მოგცე, თორემ ჯარიმას დაგიწერო. ბევრი ვიტირე. მოვედი სახლში და ჯოჯოხეთური ორი დღის შედეგად გამომუშავებული ფულიდან მხოლოდ 72 დოლარი მოვიტანე.

დავურეკე იმ ქალს და ვკითხე, შვილები თუ ჰყავდა. კი, მყავსო. ფულს და მუშაობას არ დავეძებ, შვილი თუ გყავს და დედა თუ ხარ, ქუჩაში როგორ დამტოვე უპატრონოდ, მხოლოდ ეს ამიხსენი-მეთქი. ბოდიში, მაგ 25 დოლარს, რაც დაგეხარჯა, ჩემი მეუღლე მოგაწვდისო. არ მინდა, როგორც ჩანს, თქვენ უფრო გჭირდებათ-მეთქი, ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე...

ამ ორ წელში რა არ გავიარე... ჩამოსვლამდე თუ არ ვფიქრობდი, ახლა ხმამაღლა ვამბობ, რომ აღარაფრის მეშინია! იმ ყველაფრის მერე, რაც გამოვიარე, რისი უნდა მეშინოდეს?! ღმერთმა უწყის, საით მივდივარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ჩემი ცხოვრება დაიწყო!…

- ამჟამად რას საქმიანობთ? - მოხუცს ბაბუას ვუვლი. ალბათ, ამ საქმიანობამ განაპირობა, რომ ძალიან დავინტერესდი მედიცინით და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, ცხოვრება თავიდან დაიწყო. თუ გინდა ახლა პროფესიას დაეუფლო, შეგიძლია თანხა დააგროვო და ისწავლო. აქ მეძლევა შანსი, ჩემი შრომით შევქმნა ჩემი მომავალი. რასაც ახლა ვაკეთებ, იოლი არ არის. თავიდანვე კარგად გავაანალიზე, რომ ჩემზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია. ჩემი შრომის შედეგი დავინახე, როდესაც საშობაო სუფრასთან შევიკრიბეთ მე, მოხუცი და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა შტატიდან.

მაშინ მივხვდი, რომ ბაბუა სწორედ ჩემი წყალობით იჯდა იმ სუფრასთან, ოჯახთან ერთად. ეს ჩემი მონდომების შედეგი იყო. მასზე ექიმმა მითხრა, მაქსიმუმ ორი კვირა იცოცხლებსო, მან კი შვიდი თვე იცოცხლა. თუ არაკეთილსინდისიერად მიუდგები შენს საქმეს და მოხუცს მხოლოდ წამლებს ან საჭმელს მისცემ, ეს ვერ გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. საჭიროა ფსიქოლოგიური მიდგომა, ვარჯიში... პატრონებზე მეტად მოხუცები აფასებენ ჩემს შრომას, რადგან უკეთესად ხედავენ, რამდენს ვაკეთებ მათთვის. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი ქალი, იტალიელი, რომელიც 19 წლისა ჩამოვიდა ამერიკაში და აქ ცხოვრობდა 80 წლის განმავლობაში. უცნაური ამბავი დაემართა - მშობლიური ენის გარდა სხვა ყველა ენა, მათ შორის - ინგლისურიც, დაავიწყდა. ბიჭები როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდნენ დედას. ძალიან კარგი შვილები ჰყავდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო პერიოდში ურთიერთობისთვის თარჯიმანი სჭირდებოდათ. ამას ძალიან განიცდიდნენ - ტიროდნენ თარჯიმანიც, შვილებიც და მათი შემხედვარე მოხუციც. ეს იყო ენით აღუწერელი სევდა.

- მარიამ, ახლა ამერიკაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ვაქცინაციაზეც უნდა გკითხოთ. თქვენი ვიდეო ათასობით ადამიანმა ნახა და არც კომენტარები დაიშურეს. ელოდით ასეთ აგრესიას? - ჩვენც რეგულაციებს ვემორჩილებით, ისევე, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში. სახელმწიფო დაეხმარა ყველა ადამიანს, ვინც ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს, არ გამიჯნა ემიგრანტი და თავისი მოქალაქე. სკოლები ნაწილობრივ დაიკეტა. ზოგან იყო ჰიბრიდული სწავლებაც. როგორც იცით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, შემოტანილია "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინები. მე და ჩემი მოხუცი 6 თებერვალს ავიცერით "ფაიზერის" ვაქცინით. მოხუცს მხოლოდ ნანემსარი გაუწითლდა, მე არანაირი უკუჩვენება არ მქონია, არც დაჩიპული ვარ (იცინის).…

გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, რადგან ამაზე მხოლოდ ჩემი კი არა, სხვების უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული. საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ კორონათი მხოლოდ ქრონიკულად დაავადებული ან ხანდაზმული ადამიანები იხოცებიან, მაგრამ ასე არ არის - უამრავი ახალგაზრდაც გარდაიცვალა, სამწუხაროდ. ეს გადაწყვეტილება მივიღე სოციალური პასუხისმგებლობის გამო. არ შემშინებია. გაუაზრებელი შიში მოდის ინფორმაციის არქონიდან - ჰგონიათ, რომ ყველაფერი დაგეგმილია და აცრის შემდეგ ვიღაც ჩვენს მართვას დაიწყებს. მეგობრები, ახლობლები ჩემგან პასუხს ელოდებოდნენ. არც ვიცოდი, ტელეფონს თუ შემატანინებდნენ და გადაღების ნებას დამრთავდნენ.

თავიდან მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მიყურებდნენ. მწერდნენ, ვიდეო არ წაშალო, გვეხმარება ინფორმაციული თვალსაზრისითაც და ფსიქოლოგიურადაცო. სიმართლე გითხრათ, ამხელა აგრესია მოულოდნელი იყო. რას აღარ წერდნენ - თურმე ფულს ვიღებ, თურმე დავიჩიპე და ამით ეშმაკს მივყიდე სული, რომ შეცდომაში შემყავს ადამიანები, რომ აცრა სატანისეულია და ვინც ვაქცინას გავიკეთებთ, ყველანი ჯოჯოხეთში წავალთ... მთელი ღამე ვკითხულობდი ამ კომენტარებს და არ ვიცოდი, რა მეპასუხა. აქაურები მხოლოდ ვაქცინის გამოუცდელობაზე ღელავენ და ამის გამო თუ შეიკავებს ზოგი თავს - ეს არის და ეს. თებერვლის ბოლოს მიწევს განმეორებითი აცრა.

- ჯანმრთელობას გისურვებთ, მარიამ. საუბრის დასასრულს გეგმებზეც გვითხარით. აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას? - აუცილებლად დავბრუნდები, როდესაც დავეუფლები პროფესიას და შევძლებ ამის გამოყენებას ჩემს ქვეყანაში. მინდა შევქმნა კაპიტალი და მეტი დრო მქონდეს საკუთარი თავისთვის. არაერთი ეროვნების ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ქართველების გარდა არ მინახავს ხალხი, რომელთათვისაც ემიგრაციის აზრი საკუთარ სამშობლოში დაბრუნებაა. აქ ყველა იმიტომ მოდის, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს, ქონება შეიძინოს და ა.შ., ქართველი ემიგრანტების მთავარი ორიენტირი კი საქართველოა. თითქმის ყველანი ვფიქრობთ დაბრუნებაზე. რომ ჩამოვედი, 7-8 თვის განმავლობაში რასაც ვყიდულობდი, ყველაფერს საქართველოში ვგზავნიდი. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ, იმიტომ, რომ მინდოდა, მალე დავბრუნებულიყავი. ერთხელ ერთი ქართველი ქალი შევცვალე - სამი-ოთხი დღით სჭირდებოდა დასვენება. კარადიდან ალაგებდა ტანსაცმელს და გადმოიღო ბლუზა, რომელსაც 14 წელი ინახავდა იმისთვის, რომ საქართველოში ჩაეცვა. დღემდე შენახული აქვს იმის იმედად, რომ ოდესმე დაბრუნდება!

ნინო ჯავახიშვილი