"ისრაელში ყველა მოქალაქე, ვინც ვაქცინირებულია, მიიღებს ე.წ. მწვანე პასპორტს" - რისთვის გვჭირდება კოვიდპასპორტები?! - კვირის პალიტრა

"ისრაელში ყველა მოქალაქე, ვინც ვაქცინირებულია, მიიღებს ე.წ. მწვანე პასპორტს" - რისთვის გვჭირდება კოვიდპასპორტები?!

როგორც ჩანს, COVID-პასპორტების შემოღება სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს მაინც ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. 2021 წლის იანვარში დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სრულყოფილი კოვიდპასპორტის ან იმუნიტეტის დამადასტურებელი მოწმობის შექმნაზე მუშაობს. აღნიშნული მოსაზრების მომხრეთა განმარტებით, ციფრული დოკუმენტი მიზნად ისახავს დაადასტუროს, რომ ადამიანი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია ან მის ორგანიზმში საჭირო ანტისხეულები არსებობს. თუმცა ყველა არ არის მზად ამ ინიციატივის მხარდასაჭერად. სკეპტიკოსების განმარტებით, კოვიდპასპორტების შემოღება ბიოლოგიური უთანასწორობის ახალ ტიპს ჩამოაყალიბებს. უფრო მეტიც, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული იდეა ჯერჯერობით რეალობისგან შორს დგას. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსგავსი დოკუმენტის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, მაგალითად, ბრიტანეთის ხელისუფლება კოვიდპასპორტის შემოღების შესაძლებლობას უკვე განიხილავს. გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, დოკუმენტს ის პირები მიიღებენ, ვინც COVID-19-ზე ვაქცინაციას ჩაიტარებენ. გამოცემის თანახმად, ასეთი ღონისძიება ახალი დოკუმენტის მფლობელებს საშუალებას მისცემს უფრო თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყანაში. ამასთან, კოვიდპასპორტის მქონე პირებს მივლინებებში წასვლაც მარტივად შეეძლებათ, ვიდრე მათ, ვინც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე.

"კვირის პალიტრას" მიმომხილველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრე პაპიტაშვილი ესაუბრა:

- COVID-19 პასპორტი არის კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზის უარყოფითი შედეგების დამადასტურებელი სერტიფიკატი (PCR სინჯები, ანტისხეულების ტესტები) და ვაქცინაცია (აცრა). სერტიფიკატში მოცემულია ყველა სახის დიაგნოზის მონაცემები: კორონავირუსის SARS-CoV-2, RNA (PCR რეალურ დროში), კორონავირუსის ანტისხეულების არსებობა: SARS-CoV-2 IgG, IgMtotal (ELISA მეთოდი), საჭიროების შემთხვევაში - ფილტვების CT სკანირების შედეგი. ასევე მონაცემები ვაქცინაციის შესახებ ე.წ. იმუნოპასპორტი.

- რისთვისაა საჭირო COVID-19-ის პასპორტი?

- 1. სერტიფიკატი შეიძლება იყოს სავალდებულო მოთხოვნა რომელიმე ქვეყნის საზღვრების გადაკვეთისას;

2. ამ სერტიფიკატის ქონა საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ მოინახულო ადამიანები ისეთ ადგილებში, როგორიცაა მოხუცთა თავშესაფრები, სკოლები, მთავრობის ოფისები და ა.შ.; 3. საქმიანი მოგზაურობის დაგეგმვისას სერტიფიკატი ასევე ხელს შეუწყობს ჩასვლის ადგილზე სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის თავიდან აცილებას.

- როგორ უნდა მიიღოს მოქალაქემ COVID-19 პასპორტი და თუ დადგება ამის საჭიროება საქართველოში?

- მოგზაურობის წინადღეს უნდა გაიაროს ტესტირება კორონავირუსზე. ინფექციის არარსებობის შემთხვევაში, ექიმი COVID-19-ის პასპორტში აღნიშნავს ნეგატიურ შედეგს და თან ურთავს სერტიფიცირებულ ლაბორატორიულ შედეგებს. სერტიფიკატი დამოწმებული უნდა იყოს ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით, აგრეთვე ორგანიზაციის ბეჭდებით. ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი COVID-19 პასპორტის მოქმედების პერიოდები, პასპორტის აღება უკეთესია მოგზაურობამდე არა უადრეს 2 დღისა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ანალიზის მზადყოფნის დროის გათვალისწინება. მაგალითად, PCR ნაცხის მზადყოფნის ვადაა 1 დღე, ე.წ. PCR სწრაფი ტესტის - 1 საათი, ანტისხეულები SARS-CoV-2 კორონავირუსის IgG, IgM - 1 სამუშაო დღემდე. შეგიძლიათ ჩაატაროთ ანტისხეულების ექსპრესტესტი, რომლის შედეგები მაქსიმუმ 2 საათში იქნება მზად.

- როგორია ჯანმოს აზრი იმუნური პასპორტის შესახებ?

- არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, ა.წ. 15 იანვარს ჯანმომ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ჩამოსული მოგზაურებისგან კორონავირუსის ვაქცინაციის დოკუმენტის საჭიროებას და რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოქმედებს ვაქცინები ვირუსის გადაცემაზე ერთი ადამიანიდან მეორეზე. გარდა ამისა, ამჟამად ვაქცინის რაოდენობაც ძალზე შეზღუდულია. თუმცა დროთა განმავლობაში ეს აზრი ნელ-ნელა იცვლება. ამჟამად ჯანმომ (WHO) გამოაცხადა, რომ "ფიქრობს ვაქცინაციის პასპორტებზე". პრესკონფერენციაზე WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის ექსპერტმა სიდჰართა სანკარ დატამ თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის სერტიფიკატების საკითხს სწავლობს. იმავდროულად, WHO-ს პოზიცია იმუნური პასპორტის საკითხზე უცვლელი რჩება - WHO არ ურჩევს ქვეყნებს ასეთი დოკუმენტების გაცემას.

- როგორც ამბობენ, ზოგიერთ სახელმწიფოში ის ვაქცინაციის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მექანიზმი გახდება.

- მაგალითად, ისრაელში 17 იანვრიდან ყველა მოქალაქე, ვინც ვაქცინირებულია, მიიღებს ე.წ. მწვანე პასპორტს - ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მიეწოდება ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ. The Times of Israel-ის თანახმად, "მწვანე პასპორტი" არაერთ სარგებელს მისცემს ვაქცინირებულებს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ჯანდაცვის მინისტრმა ჯულიუს ედელშტაინმა 2020 წლის 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ "მწვანე პასპორტის" მფლობელებს არ მოეთხოვებათ დაიცვან სახლის კარანტინი დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტის ან წითელი ზონის ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ. მომავალში ასეთი დოკუმენტების მფლობელებს საშუალება ექნებათ იარონ სპორტულ დარბაზებში, სინაგოგებში, კულტურულ ღონისძიებებზე, კაფე-რესტორნებში. ისრაელში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, 50-დან 75%-მდე არ აპირებს ვაქცინაციას. The Times of Israel-ის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "მწვანე პასპორტი" და მისი სარგებელი ვაქცინაციის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მექანიზმია.

- კოვიდპასპორტზე რას ფიქრობენ ევროპაში? როგორც ითქვა, ზოგიერთი ქვეყანა პასპორტების შემოღებისთვის უკვე ემზადება... - უნგრეთში შეიქმნა ელექტრონული COVID-პასპორტის ფორმა-განაცხადი, სადაც იქნება შეტანილი მონაცემები, თუ რომელი ტესტები გაკეთდა კორონავირუსზე და როდის, მოხდა თუ არა პასპორტის მფლობელის ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ. პასპორტის გამოყენება შესაძლებელი იქნება საზღვარგარეთაც; 2020 წლის დეკემბერში საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ და ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულმა ფონდმა შექმნეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინირებული პაციენტების მონაცემთა ბაზა; ესპანეთში პირიქით მოიქცნენ - იქმნება მონაცემთა ბაზა, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს; გერმანიის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა ვაქცინირებულთათვის სპეციალური უფლებებისა და პრივილეგიების მინიჭებას. მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა ფრენკ ულრიხ მონტგომერიმ და გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელმა თომას მერტენსმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ პასპორტი. საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. "ვაქცინირებულის და არავაქცინირებულის გარჩევა იგივეა, რაც სავალდებულო ვაქცინაცია", - თქვა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ ეს საზოგადოების დაყოფას გამოიწვევს; აშშ-ში ვაქცინაციის პასპორტი შეიძლება სასარგებლო იყოს უპირველესად საერთაშორისო მოგზაურობისთვის. New Yourk Times-ი იუწყება (შენონ მაკმაონი, 20 დეკემბერი, 2020), რომ არაკომერციული ორგანიზაცია Commons Project-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია მოქმედებს ოქტომბრიდან United Airlines-ისა და  Cathay Pacific-ის შერჩეულ ფრენებზე. პროგრამა მუშაობს IOS და Android პლატფორმებზე და დაკავშირებულია 230 აშშ ჯანდაცვის სისტემასთან. სამგზავრო ვაქცინის მონაცემები აიტვირთება სკანირებული QR-კოდის საშუალებით. ეს პროგრამა ტესტირების პროცესშია და ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე ავიაკომპანიებისთვის. საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ შემუშავებულია კიდევ ერთი საერთაშორისო პროგრამა. აპლიკაცია, სავარაუდოდ, 2021 წლის თებერვალში გამოვა, ჯერ  IPhone-ებისთვის და მოგვიანებით, Android-ისთვის.

- რამდენად ეფექტურია მსგავსი პასპორტის შემოღება? - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია: ჯერ გაურკვეველია, რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი ვაქცინის გამოყენების შემდეგ და არის თუ არა ვაქცინირებული პირი ვირუსის მატარებელი. ეს მონაცემები მოგვიანებით გამოჩნდება, რამაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პასპორტების ეფექტიანობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, სხვადასხვა ქვეყანაში გაცემული კოვიდპასპორტების ორმხრივი აღიარებაა, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვა ვაქცინას იყენებენ.

სამწუხაროდ, არ არსებობს ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციის საერთაშორისო სერტიფიკატები, ჯანმოს დღეისთვის აქვს მხოლოდ ერთი დაავადების - ყვითელი ციებ-ცხელების ვაქცინაციის საერთაშორისო სერტიფიკატი.

- როგორია გართულებები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს, უკუჩვენებები და შეზღუდვები? - ეს საკითხი იმდენად მასშტაბურია, რომ ცალკე განხილვას მოითხოვს, რაც იმედია, ახლო მომავალში მოხერხდება.