"ხორცი იგრე გაძვირდა, ალბათა, ხაშლამაი წითელ წიგნში შავიტანთ", ანუ კახელების მოქნილი იუმორი პანდემიის ჟამს - კვირის პალიტრა

"ხორცი იგრე გაძვირდა, ალბათა, ხაშლამაი წითელ წიგნში შავიტანთ", ანუ კახელების მოქნილი იუმორი პანდემიის ჟამს

"დაილოცოს კახეთი - მწვადი იგრე უყვართ, ტელევიზორში რო იწვებოდეს, კვამლსა ზალიდან უნიავებენ"

დათო კორკოტაშვილი კარდენახში ცხოვრობს. ქვეყანაც უყვარს და კიდევ - ხაშლამაც და მწვადიც. მაგრამ აი, კორონავირუსსა და განსაკუთრებით მთავრობაზე ძალიან გაბრაზებულია. შარშან გაზაფხულზე, როდესაც ტრანსპორტი გაჩერდა და კარდენახიც ჩაიკეტა, კილომეტრებით დაშორებულ კიტრის სათბურში წასვლა ვეღარ შეძლო და გაუფუჭდა. მანამდე ბევრი იძახა, ხალხო, განა კიტრიც ონლაინია, რო დისტანციურად დავზარდო, გამიშვით ჩემს გზაზეო, მთავრობაშიც დარეკა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა! აი, ამიტომ და კიდევ ბევრი რამის გამო ახლა დათოს მთავრობასთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ძაღლს კატასთან.

ამას წინათ შევეხმიანე, მთავრობა კიდევ ნერვებს გიშლის-მეთქი? მითხრა, ისე ვართ, თითქო ვენახი გავუკაჭეთ ერთმანეთსაო, მაგრამ სამაგიეროდ, 16 წლის ბიჭი ხო მყავს და 13 წლის გოგო, ახლახან მესამეც შემეძინა, ბარბარე დავარქვი, მაგი დასახვედრად სახლი მივხურ-მოვხურე და რემონტი გავაკეთე, მარა ბავშვის საბუთებითვინ ვირი კაჭკასავით დამარბენინებენ, მივალ და არა მხვდებიან. დღეს რო მუშაობენ, ხვალ აღარ არიანო...

- ვიღაც მაინც ხომ უნდა იყოს, რომ ახალშობილის დოკუმენტაცია მოაწესრიგოს?! - მე რა ვიცი! მეუბნებიან, კორონა შეგვეყარა და იმიტომ დავიკეტენითო. კაცო, მე რო ვერა ვხედავ მაგ კორონას, ეგენი სადღა ხედამენ, გამაგებინონ მაინცა, თორემა, დამახრჩო პირბადემა. გავიკრამ - ვეღარა ვსუნთქამ. ჩამოვიხსნი - მაინც ვეღარა ვსუნთქამ. გუშინწინა მაგ პირბადითვინა ორ კაცსა ორი ჭიქა ყავაშია 45 ლარი გადაგვახდევინეს საგარეჯოში.

- როგორც ჩანს, კახეთში ყავას დიდი ფასი აქვს, არადა, მეგონა, კახელები ხაშლამაზე გიჟდებოდით. - ხორცი იგრე გაძვირდა, ალბათა, ხაშლამაი წითელ წიგნში შავიტანთ.

ძმაკაცს წავყევი საგარეჯოში მანქანის საყიდლადა. ვუყურებ, 30 მეტრში სასადილო დგა. ძმაკაცმა - მაიტა, ყავა დავლიოთო. მეც ვუთხარი, მაიტა-მეთქი და შევედით. გამოსვლისას კიდევა პირბადეების ჩამოცმა დაგვავიწყდა და პატრულმა - უნდა დაგაჯარიმოთ 20-20 ლარითო! აბა, იანგარიშე - თითო ყავა 2,50 და იქაც შენი 40 ლარი! მოკლეთა, 40 ლარი ეკლდა საქართველოს ბიუჯეტსა და ჩვენ შავავსეთ ყავითა.

- შარშან რომ მოსავალი გაგიფუჭდა კარანტინის გამო, ზარალი როგორ აინაზღაურე? - მაგითვინ ბანკიდანა 10.000 ლარი გამოვიტანე. დედმამიშვილობა დაილოცა! და-ძმა წამამეშველა გადახდაშია. მერე მეც მამივიდა გული, გამოვიტანე ძველი მაცივარი და დავდგი გზაზედა. ახლა ღორებსა ვხოცამ, ვაწყობ ამ მაცივარშია და ვყიდი. დაილოცოს კახეთი - მწვადი იგრე უყვართ, ტელევიზორში რო იწვებოდეს, კვამლსა ზალიდან უნიავებენ.

- აბა, ხორცი ისე გაძვირდა, წითელ წიგნშია შესატანიო?! - შენა, კაცო, თუ აღარც მათქმევინებ, რაღაზე რეკამდი?!

- ილაპარაკე, რამდენიც გინდა. ისე, უნამუსობაა ადამიანს წვალებით მოწეულ მოსავალს რომ აფუჭებინებ, მაგრამ კარანტინის დროს ხომ სპეციალური სამსახური მოქმედებს, რომელიც სოფლს სამუშაოებს ხელს უწყობს? - ეგენი ისე მოქმედებენ, როგორცა პაპაჩემი - სურათზე.

მაგ სამსახურს რო შავეხმიანე, ნაკვეთში მანქანით ვერ გაგიშვებთ, მოძრაობა აკრძალულია, შეგიძლია სკუტერით წახვიდეო! სკუტერითაო, კაცო! ვითომა იგეთი გაპრიალებული სკუტერები მედგა, თვალებსა მჭრიდა. ეგრეც რო იყოს, სკუტერზე თოხი დავდო, ბარი თუ პომპა?!

დამაბერეს ნაადრევადა, მაგრამა მაგათ ჯინაზე არა ვბერდები! აგე, მესამე გოგო ხო შამეძინა, მერმისაც ბიჭს შავართვევინებ ცოლსა და სუ პატარები მეყოლება...

- 16 წლის ბიჭს ცოლი რად უნდა?! - მა, ვის უნდა?! ცოტას მაიცდის და შაირთამს. შეყვარებული უკვე ყავ... ერთი ეგ არი, სასიდედრო ვერ ეკიდება კარგადა მაგ ამბავს. იმ დღესაც მოუვარდა, გაანებე ამ ჩემს შვილს თავი, რას დასდევო.

- თქვენ რა უთხარით? - რა უნდა მეთქვა, მოვიკუნტე თონეში ჩავარდნილი დედას პურივითა... ერთი ეგ ამოვთქვი, ქალო, რას ერჩი ამ ჩემს ბიჭსა, შენი გოგო უყვარს, ხო არა სძულს-მეთქი.

- მაგ საქმეს თვითონ მოაგვარებენ. კიდევ რა პრობლემები გაქვთ სოფელში? - რა და ვენახებ რო გვაფუჭებინებენ თავიანთი ჩამოტანილი შხამებითა... რო შევწამლავთ, იგრე საცოდავად მოიშხამება და მოიკუნტება ფოთოლი, როგორც სიძე სიდედრის ენითა. ეგა გვკლამს! და კიდევ - გზებიცა! შარშანა ჩემ ძმასა მანქანა იგრე ჩაუვარდა ნაკვეთშია, 100 ლარი არ ეყო ამოსაყვანადა. სუ მთავრობის დედის მოხსენიებით ამაიყვანა. წყლის მილი რო გაგვისკდა ნაკვეთებშია, თავმჯდომარეს ვუთხარი, კაცო, ვერა ხედამ, რა დღეში ვართ, მიდექ-მოდექი, წადი, სადაც საჭიროა და უთხარი, ე წყალი გააჩერონ-მეთქი. იმან კიდევა, წყალი მე არ მეხებაო. მა, რა გეხება, მარტო პრემიები-მეთქი და ეწყინა.

- ანუ მერიის წარმომადგენელს გულისხმობთ, ალბათ... - სახელსა ჩემთვის ისეთი მნიშვნელობა აქ, როგორც ვირისა და სახედრის თქმასა, მაგრამა ვირსა და სახედარსა იგრე ვინ დაატრიალებს, როგორც ეგენი სკამებსა - ერთ წელიწადს ერთს რო მაიყვანენ თავმჯდომარეთა, მეორე წელიწადს მააძრობენ და ახალი მოყამთ. თანაცა, ერთ წელიწადს რო ფლოსტებით მაიყვანენ, მეორე წელიწადს "იქს პიატით" მიყამთ, ისე არ მიდიან...

- ანუ ისეთი ხელფასი აქვს, რომ ერთ წელიწადში მანქანას ყიდულობს? - ხელფასით ყიდულობენ თუ დარდუბალათი, ეგ თავად იციან. მე ის ვიცი, რომ სკოლადამთავრებულის თამჯდომარედ დანიშვნა და უმაღლესდამთავრებულების მის მოახლეებად დაყენება არ შაიძლება.

- სპეციალისტებზე ამბობ? ეგ სად მოხდა? - ჩვენს სოფელში. უკვე მააძვრეს ეგ თავმჯდომარე და საზღვარგარეთ გაიქცა.

- არ იცი, რომ მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს?.. - ხვლიკი ჯოგები არ დამიფრთხონ! თოხს წაიღებენ თუ ბარსა? გლეხკაცს ვინ შააშინებს?! მოდი, ახლა პაპაჩემის გამონათქვამს გეტყვი და იგრე დავამთავროთ ეს ამბავი - პაპაჩემი ამბობდა, წითელი ძაღლი ტურის ბიძაშვილიაო. ეგრეა ჩვენი მთავრობაცა და ოპოზიაცაც, გინა "ნაციონალები", გინა "ოცნება" და გვახოცვინებენ ერთმანეთსა. გლეხს თუ თავი საქმეი არ დააცდიან, ბოლოს ნახონ, ვინ ვის დახოცამს!