"ვხვდებოდი, რომ საზოგადოებაში თავს ვერ დავიმკვიდრებდი, მეშინოდა ამაზრზენი გამოხედვის, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ვხვდებოდი, რომ საზოგადოებაში თავს ვერ დავიმკვიდრებდი, მეშინოდა ამაზრზენი გამოხედვის, მაგრამ..."

"მინდა ჩემი ცხოვრება ჟურნალისტიკას დავუკავშირო და კარგი ქართული ოჯახი შევქმნა. იმ ხალხს მივმართავ, ვინც ჩემნაირია: არასდროს არ იგრძნოთ თავი მეორეხარისხოვნად, რადგან ეს ცხოვრება თქვენიც არის. ყველა ადამიანი ღვთის საჩუქარია..."

ცხოვრებაში ბევრ პრობლემას გადააწყდა, თუმცა უკან არ დაუხევია. "ერთხელ ქუჩაში შეყვარებულმა წყვილმა ჩემი სიმაღლის გამო დამცინა. მე პირდაპირ მივახალე, ადამიანობა სიმაღლით არ განისაზღვრება-მეთქი, შერცხვათ და წავიდნენ", - ამბობს 39 წლის მალხაზ ასოევი.

- ჩემი მახსოვრობა ბავშვთა სახლიდან იწყება. იქ ყოფნა გაუსაძლისი იყო, ყველას მშობლები აკითხავდნენ, ჩემთან კი არავინ მოდიოდა. დედა მენატრებოდა, ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე. თვრამეტი წლისამ ბავშვთა სახლიდან გაპარვა გადავწყვიტე, მშობლების მისამართი გავიგე და დედაჩემთან მივედი, მაგრამ არ მიმიღო. არც ბავშვთა სახლში დავბრუნებულვარ და ღამეებს ქუჩაში ვათენებდი, სრულიად გამოუცდელი ბავშვი ღია ცის ქვეშ დავრჩი. ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა ცდუნება იმისა, რომ გზას ავცდენოდი, გავმხდარიყავი ნარკომანი, ქურდი ან ლოთი, მაგრამ ეს განსაცდელიც დავძლიე... მალე მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, პატარა ტანის გამო მიჭირდა ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ ვიჭირვებდი. მერე ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ გავჩერდი, იქ არ იყო ჩემი ადგილი. ერთადერთი რაშიც გამიმართლა, მეგობრები არიან. ერთი წლის შემდეგ გავიცანი ოჯახი, რომელმაც შემიფარა, გამომიყო საცხოვრებელი ადგილი ავტოფარეხში და მაღაზიაში დამაწყებინა მუშაობა. ეს ოჯახი თვითონ ლტოლვილი იყო და გაჭირვებამ ასწავლა, რომ სხვა ადამიანის დახმარება მადლია. მოკლედ, მიპატრონეს, მასწავლეს და ცხოვრების გზაზე დამაყენეს. დაცინვის საგანი ხშირად გავმხდარვარ, ჯუჯა, ჩემი აზრით, იარლიყია, რომელიც საზოგადოებამ მიაკერა ჩემისთანებს.

ვხვდებოდი, რომ საზოგადოებაში თავს ვერ დავიმკვიდრებდი, მეშინოდა ამაზრზენი გამოხედვის, მაგრამ დღეს აღარაფრის მეშინია, ამდენმა გაჭირვებამ გამაძლიერა. ამ ქარცეცხლში გავიდა წლები, საბედნიეროდ, ჩემ უკან იდგა ხალხი, რომლებიც მუდამ ზრუნავდნენ ჩემზე. მოუსვენარი ვარ, სულ რაღაცის ძიებაში. გამოვიცვალე უამრავი სამსახური, ვიყავი სეფისკვერების მცხობელი სამებაში, ვმუშაობდი მშენებლობაზე, ბავშვების სიყვარულმა გასართობ ცენტრშიც დამაწყებინა მუშაობა. მინდოდა ის ოცნება ამეხდინა სხვებისათვის, რაც მე ბავშვობაში მაკლდა. ცხოვრებამ კიდევ ერთ კარგ პიროვნებას, რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილს შემახვედრა, რომელმაც დრამაში "თეთრი ბრილიანტი, შავი კომედია" მთავარი როლი მომცა, მე გულივერის როლს ვთამაშობ. როლის მორგება არ გამჭირვებია, რადგან რაც ცხოვრებაში ვარ, იმას განვასახიერებ. ფილმი გაზაფხულზე გამოვა.

ბავშვობაში გამომძიებელი მინდოდა გამოვსულიყავი, რათა უპირველესად ჩემი ცხოვრება გამომეძიებინა. ოცნება ვერ ავიხდინე, მაგრამ ჩემი ცხოვრება ნამდვილად გამოვიძიე. ჩემსავით პატარა ტანის ადამიანებს მინდა ვუთხრა - ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენ არა გვაქვს დანებების უფლება. არასდროს არ დაკომპლექსდეთ და თავი არ დახაროთ...

"ჩემმა შეყვარებულმა არ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ"

რუსკა შარვაძე 21 წლისაა, ქუთაისელი. სწავლობს ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე და როგორც ამბობს, მეორე პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია.

- მამა ადრეულ ასაკში დამეღუპა, დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, რომ მე და ჩემი და ვერჩინეთ. ბებომ გაგვზარდა. პოპულარული ტიკტოკზე ატვირთული ვიდეოს საშუალებით გავხდი, რომელიც ჩემს უკითხავად განათავსეს ინტერნეტში. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა, რადგან ხშირია ნეგატიური კომენტარები ჩემნაირ ხალხზე, მაგრამ საბედნიეროდ ნეგატივი არ ყოფილა. შემდგომ ეს ვიდეო "ფეისბუკის" გვერდზეც განთავსდა სხვადასხვა ჯგუფში და ვიფიქრე, რატომაც არა, საზოგადოებამ გამიცნოს და მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ-მეთქი. ისეთი შეფასებები მივიღე, გული სითბოთი მევსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტანდაბალი ვარ, რითი განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან? არ მინდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, მეტიც, მეცხრე კლასიდანაც დავაპირე გამოსვლა, მაგრამ ჩემმა დირექტორმა ეს არ დაუშვა. როცა კლასში შემოვიდა და თქვა, ვის სურს მეცხრე კლასიდან გასვლაო, მე ხელი ავწიე, მაგრამ არ მომცა ამის უფლება და დღეს წარმატებული სტუდენტი ვარ.

ჰობიც მაქვს, ცეკვა და სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გვერდით მშობლები მყოლოდა, მაგრამ... ხალხის ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა მომწონს. რა თქმა უნდა, არსებობს კატეგორია, ვინც არ ან ვერ მიგვიღებს. ჩემმა შეყვარებულმა არ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და დავშორდით, მე კი შევიყვარე თავი ისეთი, როგორიც ვარ. მინდა ჩემი ცხოვრება ჟურნალისტიკას დავუკავშირო და კარგი ქართული ოჯახი შევქმნა. იმ ხალხს მივმართავ, ვინც ჩემნაირია: არასდროს არ იგრძნოთ თავი მეორეხარისხოვნად, რადგან ეს ცხოვრება თქვენიც არის. ყველა ადამიანი ღვთის საჩუქარია.

ზურა სოლომნიშვილი