"დროებით მეგობარო, ვერ გიშველეთ..." - სად და როდის დაკრძალავენ ზურაბ დოიჯაშვილს - კვირის პალიტრა

"დროებით მეგობარო, ვერ გიშველეთ..." - სად და როდის დაკრძალავენ ზურაბ დოიჯაშვილს

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი დღეს გარდაიცვალა. იგი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და ბოლო პერიოდში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მომღერლის მეუღლემ ქეთი ვადაჭკორიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა:

"ვერ აგისრულე... ვერ დაგაბრუნე თბილისში... ბოდიში", - წერს ქეთი ვადაჭკორია.

ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში 11 თვის განმავლობაში მკურნალობდა, დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. როგორც მეუღლე წერდა, ორი კვირის წინ, იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ოჯახი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ წავიდა და ზურა ერთ წელიწადში ცუდად გახდა...

"დროებით მეგობარო, ვერ გიშველეთ..." - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებას მისი მეგობარი, კულტურის პალატის თავმჯდომარე - დავით ოქიტაშვილი, რომელიც ამ თემაზე kvirispalitra.ge-ს ესაუბრება.

დავით ოქიტაშვილი:

- როგორც იცით, ბოლო დროს, ზურას მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და რეანომობილით მის გადმოსაყვანად ჩვენ თანხაც შევაგროვეთ, შემდეგ კი ექიმებისგან ველოდებოდით ნებართვას, მისი ჯანმრთელობა ისე მაინც გაუმჯობესებულიყო, რომ ტრანსპორტირებისთვის გაეძლო. მისი მეუღლე მუდმივად გვაწვდიდა დეტალურ ინფორმაციას ყველაფრის შესახებ.

გადმოსაყვანი თანხა ბანკის ანგარიშზე გვქონდა შენახული და როგორც კი ნებას დაგვრთავდნენ, მაშინვე თბილისში გადმოვიყვანდით. ბოლოს, საერთოდ გაითიშა... ყველაფერი გაკეთდა, რაც საჭირო იყო, თუმცა...

ზურაზე წარსულში საუბარი ძალიან მიჭირს... შესანიშნავი, ნამდვილი ადამიანი იყო, თბილისელი კაცი, კარგი მეგობარი, მას ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული, თავისი სამშობლო და თავისი ქალაქი ძალიან უყვარდა... შეიძლება კარგი მომღერალი იყო, მაგრამ ადამიანად არ ვარგოდე. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა... ესაა ჩვენი ქვეყნის უბედურება, სამწუხაროდ, გარდაცვალების მერე გვახსენდება ადამიანები და სიცოცხლეში სათანადოდ არ ვაფასებთ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, გავიგოთ, რა უჭირთ და მხარში ამოვუდგეთ...

- ამ ეტაპზე რა არის ცნობილი, საქართველოში როდის გადმოასვენებენ ბატონი ზურას ცხედარს?

- მოგეხსენებათ, კოვიდის გამო, ახლა ფრენები შეჩერებულია და აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს მოლაპარაკება, გარკვევა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება. ჩვენი საელჩო ჩართულია პროცესებში და ისინი აგვარებენ. ვინაიდან დღეს კვირა დღეა, ხვალიდან უფრო დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი, რა როგორ მოხდება.

- თუ არის ცნობილი, სად მოხდება მისი დაკრძალვა?

- მეუღლეს უნდა, რომ საბურთალოს სასაფლაოზე დაიკრძალოს, ვნახოთ. ახლა ოჯახი ისეთ მდგომარეობაშია, ჯერ ვერაფერზე საუბრობენ... ხვალ უფრო გვეცოდინება, როდის შედგება ფრენა, ამბობენ, რომ 22 თებერვალს...

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)