"ჩვენს ქვეყანაში მთლიანად პოლიტიკა გაყალბდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში მთლიანად პოლიტიკა გაყალბდა"

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენივე სამშობლოში ტურისტული მარშრუტით დავდივართ, რადგან სამშობლოს, ნამდვილი პატრიოტის განცდა დაიკარგა და ტურისტის მომხმარებლური ვნება გამოჩნდა"

პოეტი დათო მაღრაძე გამუდმებით ადევნებს თვალს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას და აქტიური შემოქმედებითი პროცესების კვალდაკვალ, თავისი პოზიციის გამოხატვას არასდროს ერიდება. ცოტა ხნის წინ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ონლაინსესია, რომელიც მის ახალ ნაწარმოებს "ბარაქიან მიწას" მიეძღვნა. ონლაინშეხვედრა მწერალ როსტომ ჩხეიძის ორგანიზებით გაიმართა და მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, ლიტერატურის ინსტიტუტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე, დოქტორანტი ქეთი გახოკია, ასევე უცხოელი პოეტებიც, მათ შორის შვედი პოეტი კრისტიან კარლსონი და იტალიელი პოეტი და ლიტერატორი ჯულიანო ლადოლფი, ჟურნალ "ატელიეს" რედაქტორ-გამომცემელი. "ბარაქიანი მიწა" უკვე გამოვიდა სტოკჰოლმში შვედურ ენაზე, ასევე ითარგმნა და გამოიცა იტალიასა და რუსეთში.

- მადლიერი ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მწერალ როსტომ ჩხეიძის, ასევე ყველა მონაწილის. სამეცნიერო სესიის მასალები, წერილების კრებულიც მალე წიგნად გამოიცემა. ასევე მადლობა "კვირის პალიტრას", რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას.

- განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ისევ დაშლის გადაწყვეტილება მიღებულია. განათლება მარტო რჩება. კულტურასა და სპორტს კვლავ ერთი სამინისტრო უხელმძღვანელებს, რომლის მინისტრი, დიდი ალბათობით, თეა წულუკიანი იქნება. რამდენად სწორია ამ პოსტზე ყოფილი იუსტიციის მინისტრის დანიშვნა? - ამ მუდმივმა ცვლილებებმა კვალი დატოვა კიდეც. თავის დროზე კულტურისა და განათლების სამინისტროს შეერთებას სათანადო არგუმენტები არ მოჰყოლია, თუ რატომ დასჭირდათ ამ ორი უწყების გაერთიანება, ახსნაზე თავი არ შეუწუხებიათ. ამჯერად, თუ განმარტავენ, მიზეზიც გამოიკვეთება.

ავად მოსაგონარ საბჭოთა პერიოდში ცალკე არსებობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო, რომელიც აღჭურვილი იყო სამინისტროს უფლებებით, იმავდროულად, არსებობდა კულტურის სამინისტრო. ამ უწყებებმა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ძალზე დიდი ამაგი დასდო. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ეს სფერო უყურადღებოდ არ დარჩენილიყო, ცალკეული უწყებები გამიჯნული უნდა იყოს, მხოლოდ კულტურის სამინისტრო კი არა, კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო ან დეპარტამენტი უნდა არსებობდეს, რადგან სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა და განვითარება, მაგრამ მთავარი საზრუნავი კულტურის ისტორია უნდა იყოს.

რაც შეეხება მინისტრის პოსტზე ახალ კანდიდატურას, ქართულ კულტურას, ახალ შტრიხებსა და ღირებულებას, მინისტრები კი არა, ნიკო ფიროსმანაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, დავით კაკაბაძე, გიორგი შენგელაია სძენენ...

მინისტრს საქმის ორგანიზება ევალება. მოვლენებს ვერ გავასწრებ და როცა კანდიდატურა დამტკიცდება, ჩემს სათქმელს მაშინ ვიტყვი, რასაკვირველია, თუ ემოცია მომცემს ბიძგს, რომ შევაფასო. ხელოვნების სამყაროში ბევრი შემთხვევითი პირია. რატომღაც ასეა მთელ მსოფლიოში - მოხალისე ბევრია, ნამდვილი ცოტა. ზოგი დროის გასვლასთან ერთად იფილტრება, რადგან ამ სფეროს დაუწერელი კანონი ასეთია. ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ხმათა უმრავლესობით ირჩევა, ცოტა ფაქიზი სამყაროა. ძალა კი არის ერთობაში, მაგრამ სიმართლე ცოტაშია... შესაძლოა მინისტრი სხვა პროფესიის წარმომადგენელი იყოს, მაგრამ საორგანიზაციო საკითხებს თავი კარგად გაართვას.

მინისტრი ვინც უნდა იყოს, ვერც შესძენს და ვერც დააკლებს რამეს ქართულ კულტურას. მას ახალი სივრცეები სანდრო ახმეტელმა, კოტე მარჯანიშვილმა, ბიძინა კვერნაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა შესძინეს... მინისტრს კი შეუძლია საქმეს ან კარგი ორგანიზება გაუწიოს ან ცუდი, ან სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები, ან არასწორად, ისევე როგორც ბიუჯეტი გადაანაწილოს გონივრულად. რადგან მდიდარი ქვეყანა არა ვართ. ისე, ერთი რამ გამახსენდა, ახლახან ჩემი წიგნი ოსურ და აფხაზურ ენებზე ითარგმნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტანეს. ამ თემით პრეზიდენტი, პრემიერი და საზოგადოდ, ხელისუფლებაში არავინ დაინტერესებულა, მით უფრო, წიგნი ჩერქეზული დიასპორის ინიციატივით გამოიცა და სახელმწიფო ბიუჯეტს არ შეხებია. თუ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ, ვფიქრობ, კულტურის სამინისტროს არსებობა მართებულია, სხვა თუ არაფერი, ჩვენი ხმა მაინც რომ მიიტანოს ხელისუფლებამდე.

- სხვა თემებზე გადავიდეთ, - ქართველი საზოგადოება ისევ არჩევნების თემებზე მსჯელობს. რა გვაჩვენა ამ პროცესებმა? - ბევრი რამ... მავანთა მტკიცებით, პარლამენტი თითქოს ერთპარტიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა, ასე თუ ისე, სხვა პარტიის წარმომადგენლებითაც შეივსო და მრავალპარტიულ სახეს იძენს. ვფიქრობ, კიდევ დაემატება იმ ხალხიდან, ვინც ჯერ კიდევ თავს იკავებს... იმდენი რამ გაყალბდა ჩვენს ქვეყანაში, რომ არჩევნები ყველაზე ნაკლებად გაყალბებულია, რადგან მთლიანად პოლიტიკა გაყალბდა. ტოტალური გაყალბებისას მხოლოდ პარტიის ლიდერებს კი არ უყალბებენ არჩევნებს, მას ამომრჩეველს, მოსახლეობას უყალბებენ და ლოგიკურად ის უნდა იყოს აღშფოთებული და არა პოლიტიკოსები და მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეები. მოსახლეობის მრავალათასიანი აქციები არ ყოფილა, შედეგით უკმაყოფილო პოლიტთავმჯდომარეების აქტიურობისგან განსხვავებით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენივე სამშობლოში ტურისტული მარშრუტით დავდივართ, რადგან სამშობლოს, ნამდვილი პატრიოტის განცდა დაიკარგა და ტურისტის მომხმარებლური ვნება გამოჩნდა. ამ ქვეყნის მოქალაქეს საკუთარი პოლიტიკური კარიერა და პოლიტიკური ნიშნები კი არა, ქვეყნის ინტერესი უნდა აღელვებდეს. რაც არ ჩანს...

ასე თანდათან, პოლიტიკის კვალდაკვალ გავაყალბეთ ყველაფერი, თუნდაც ლეგენდა, რომ თურმე ღმერთი რომ მიწებს არიგებდა, ქართველები ამ დროს ქეიფობდნენ, დააგვიანდათ და ღმერთმა თავისთვის შემონახული მიწა მისცაო. ამ სისულელით დაწყებული, 2008 წლის ომში რომ "რუსეთს ომი მოვუგეთ" იმის ჩათვლით, რიტუალურ გამარჯვებებში ვცხოვრობთ. ამას ვუწოდებ ტურისტულ მომხმარებლურ ვნებას. ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლები.

თუმცა უიმედო ვითარება არა გვაქვს. ამ ქარტეხილების მიუხედავად, საზოგადოება სულიერი განვითარებისა და სამოქალაქო შეგნების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. მეტი დაკვირვებით ვეკიდებით სახელმწიფოს, მისი სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. ეს აჩვენა იმან, რომ გულისწყრომის მიუხედავად, პოლიტიკოსების ნაწილის დიდი სურვილისა და ცდის მიუხედავად, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მას მშვიდობიანი განვითარება სურს. ამიტომ ფუჭად ჩაიარა უცხოეთში გადახვეწილი ექსპრეზიდენტის დაუოკებელმა სურვილმა საქართველოში არეულობა ყოფილიყო. ის ვერ დაემთხვა ჩვენი მოსახლეობის შეგნებას... რამდენიმე დღის წინ უკრაინის საგარეო უწყებამაც მიმართა, თავი შეიკავეთ საქართველოში დაუმორჩილებლობის მოწოდებებისკენო. სხვებიც მიმართავენ და მისი ქცევა თანდათან უფრო და უფრო კომიკურ სახეს შეიძენს. მის ძველ გუნდში გადაჯგუფებები გარდაუვალი იყო, რადგან მოსახლეობის განწყობა რევოლუციის სცენარის მომხრეთა განწყობას არ ემთხვეოდა...

"ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან სურდა "ქართული ოცნება" ამ რეჟიმში ყოფილიყო - ყველა მინუს ერთი "ოცნება", თუმცა ისე ვითარდება პროცესები, რომ ენ-დი-აის კვლევებს თუ დავეყრდნობით, ბოლოს თავად აღმოჩნდება მინუს ერთის ვითარებაში... რაც საერო ცხოვრებაშია, იგივე ხდება საეკლესიო ცხოვრებაშიც... ეს სურდათ ეკლესიის შიგნითაც. იქ იმავე ვნებით ამოძრავებული ხალხია, იმ ადამიანებთან, იმ წრეებთან დაკავშირებული, ვინც საერო ცხოვრებაში ყველაფერს ურევს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამას ერთი წრე, ერთი გუნდი აკეთებს. ამიტომაც აღმოჩნდებიან მინუს ერთ მოცემულობაში.

ვფიქრობ, ეკლესია მუდმივად უნდა განახლდეს, რათა უცვლელი დარჩეს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პატრიარქის ინიციატივით და არა მისი ოპოზიციის დაუოკებელი ვნებით. ეკლესია ანგელოზების საკრებულო არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა. იქ ჩვენი მოსახლეობიდან მიდიან ადამიანები, რომელთაც თავისი ცოდვა, მადლი და ტვირთი აქვთ.

არ უარვყოფ, რომ ეკლესიაში ახალი ეპოქაა დასაწყები, თუმცა, თუ საეკლესიო პირების ადამიანურ ცოდვებს გამადიდებელი შუშით დავუწყეთ დევნა და ძიება, ეს კარგს არაფერს მოიტანს. მღვდელმსახურების მიმართ მაქსიმალისტური მოთხოვნა, რომ ისინი უმწიკვლოები უნდა იყვნენ, სასურველია, რადგან სულიერად რაც მაღლა ავლენ, ეკლესიაც უფრო გაძლიერდება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წუთისოფელი ასეთი არ არის და არც ეკლესია ყოფილა უცოდველთა საკრებულო. იქ ადამიანები არიან, რომელთაც ცოდვების მიტევების, ჯვრისწერის, ნათლობის, ზიარებისა და სხვა საიდუმლოებების უფლება ეძლევათ. ნუ მოვთხოვთ ისეთ რამეს, რასაც საკუთარ თავს არ მოვთხოვთ, თუმცა სასურველია ეკლესიის მსახურთაგან მეტი სულიერება მოდიოდეს. მესმის, რომ კრიტიკა შეგვიძლია, მაგრამ მოდი, ჩვენც ვილოცოთ მათთვის, მხოლოდ მათ ნუ მოვთხოვთ ჩვენთვის ლოცვას.

არ მინდა ეკლესიის მსახურების ადვოკატობა ვიკისრო, მაგრამ მუდმივად კრიტიკული განწყობა კეთილმოსურნე ადამიანის განწყობას არ ჰგავს. შენიშვნა უკეთესის არსებობის სურვილით უნდა გამოითქვას, რათა საქმე არ დაზიანდეს, მეტი სიკეთის მიზიდულობის ძალა ჰქონდეს ჩვენს ეკლესიას. ჩასაფრებული კაცის ვნება სიკეთეს არ მოგვიტანს.

მოსახლეობა გრძნობს, აზრის გამოთქმისას ეკლესიას შეეხება ეს, დემოკრატიას, პოეზიას თუ ადამიანურ მეგობრობას, ვის რა ვნება ამოძრავებს... მთქმელი ნათქვამს უნდა ჰგავდეს...