ტყუილის ტექნოლოგია - კვირის პალიტრა

ტყუილის ტექნოლოგია

"ტყუილის ტირაჟირებას აუცილებლად ცუდი ფინალი ექნება..."

"პერიოდული შეტევა ამა თუ იმ ავტორიტეტზე, ინსტიტუტზე რაც შეიძლება დიდი დოზით უნდა იყოს. ზოგჯერ ეს გრძელვადიან შედეგს ემსახურება, ხან კი ერთჯერადს, მაგრამ ძლიერ წერტილოვან დარტყმას ჰგავს, რამაც ამა თუ იმ პირის სახელი იმდენად უნდა შებღალოს, რომ ბზარი გაუჩნდეს იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც სამიზნე წარმოადგენს", - ასე ხსნის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე იმ სკანდალურ საქმეებს, რომლებიც კარგად აპრობირებული სიცრუის ტექნოლოგიის ნაწილია და ხშირად მიზანს აღწევს. როგორ იქმნება სქემები, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდება დეზინფორმაცია ანუ რას ნიშნავს ე.წ. ცრუ კარტინკა.

- მთავარია, ფორმა იყოს კარგად შერჩეული. ამისთვის გამოყენებულია ერთი ან რამდენიმე პირი, რომლებიც ისეთ ბრალდებებზე საუბრობენ, რაზეც თავის მართლებასაც არა აქვს აზრი, რადგან ასეთ დროს ადამიანი საკუთარ ავტორიტეტს მეტ ზიანს აყენებს. ხშირად სამიზნე ბინძური შეტევის გამო იმდენად შოკურ მდგომარეობაშია, თავის მართლების თავი არც აქვს, ან შოკის გავლის მერე ხვდება, რომ ეს არც ღირს... რაც უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სამიზნე, მით უფრო თავზარდამცემი საქმე "სკდება". საზოგადოების პირველი რეაქციაა შოკი, შემდეგ განხილვები სოცქსელებში, ხმაურიანი ტოქშოუები ტელევიზიებში რაც შეიძლება სკანდალური სტუმრებით, ე.წ. მოწმეებით, რომლებიც რას არ კადრულობენ - ზოგი გადაბირებულია და ყველაფერზე წამსვლელია, ზოგს სინდისი არ უშლის ხელს იცრუოს, ვრცელდება ფეიკნიუსები, აქტიურდებიან ტროლები...

რაც უფრო დიდხანს გრძელდება მსჯელობა, მაღალი რეიტინგი სტაბილურია და მთავარი შედეგიც მიღწეულია. პირს, რომელიც დიდი ნდობით სარგებლობდა, სკანდალური საქმის შემდეგ ჩირქი მოეცხო, ანუ მასაში ეჭვი უკვე ჩნდება, ასეთ საშინელებას უსაფუძვლოდ როგორ მოიგონებდნენო?.. პატრიარქზე თავდასხმა მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ვინმეს მისი ინტერესი აქვს - კარგად იციან, რომ მის ავტორიტეტზე დგას დღეს ეკლესია, საზოგადოება. ეს ინსტიტუტი სახელმწიფოზეც გავლენას ახდენს, ამიტომ მასზე შეტევით ერთდროულად ბევრ ამოცანას წყვეტენ როგორც თავად ეკლესიაში, ასევე საზოგადოებაში... ფიქრობენ, რომ ეკლესიის შესუსტებით ხელისუფლებასაც დაასუსტებენ.

- ანუ ტენდენცია, რომ ეკლესიაზე გავლენის მოპოვება ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, ისევ აქტუალურია?

- ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიცია ამას მუდმივად ცდილობდა...  მოკლედ, თუ იჩივლებ, სასამართლო დავა დიდხანს გრძელდება და კიდეც რომ მოიგო, გრიგალი, რომელიც შენს წინააღმდეგ გასროლილ მორალურ ტყვიას მოჰყვა, უკვე გადავლილია და ინტერესიც ნაკლებია. სკანდალით 1 მილიონი ადამიანი ინტერესდება, საქმის გაგრძელებით კი უკეთეს შემთხვევაში 10 000.

მედია, რომლის პროდუქცია მხოლოდ ნეგატივზეა აგებული, ობიექტური ვერ იქნება... პეტრე ცაავას ჩართვის ფრაგმენტები მოვისმინე, რაც დასკვნისთვის საკმარისია. მისი ტექსტი არ იცვლება, წლებია ერთსა და იმავეზე ლაპარაკობს, მაგრამ რეიტინგი ყოველთვის მოაქვს. მისი მოწვევა რამდენიმე ამოცანას ემსახურება და ერთ-ერთი რეიტინგია. იმ მედიის გადაცემები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და შესაბამისად, რეიტინგიც სჭირდება. საქმე ის არის, ასეთი მედიის გადაცემებს მხოლოდ "ოცნების" მოწინააღმდეგები კი არა, მომხრეებიც უყურებენ, რომლებიც შემდეგ პოზიციას იცვლიან. ასე ხდება ტვინის გამორეცხვა.

არსებობს სხვა ამოცანაც - პოლიტიკური ძალები უტევენ ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლის მთავარი შემადგენელი ეკლესიაა. როცა დასჭირდებათ, მისი დამცველები არიან, მაგრამ ორკესტრირებული შეტევებიც გვახსოვს თუნდაც კოვიდპანდემიის დროს, როგორ მოიხსენიებდნენ სასულიერო პირებს, მრევლს...

ტექნოლოგიები კარგად აქვთ შემუშავებული. გახსოვთ, ალბათ, ყოფილმა მმართველმა გუნდმა ზარ-ზეიმით რომ აღნიშნა "ჯაშუშური ქსელის გამოვლენა". ასეთ ფორმულირებაზე სიმწრით მეცინება... ასეთი გამოგონილი ამბებით ცდილობდნენ მასაზე გავლენის მოხდენას და საზოგადოებრივი აზრის შექმნას. ერთი-ორი წლის წინ დავითგარეჯის თემა თავად ააგორეს, თუმცა ეს უკან დაუბრუნდათ, ისევე როგორც საპატრიარქოს თემა დაუბრუნდებათ, თუ ამას ხელისუფლება კვალიფიციურად მიჰყვება...

ერთი სიტყვით, ვითომ ცდილობენ ტყუილის ტექნოლოგია ახლაც ისე გამოიყენონ, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ, მაგრამ კვალიფიციურობა არ ჰყოფნით, თუმცა ძველ ხაზს მიჰყვებიან - საზოგადოებრივი აზრის შექმნა და მასებზე ზემოქმედება მათი მთავარი საზრუნავი იყო. შემდეგ, როცა ხელისუფლება გადააბარეს, რეიტინგული არხები დარჩათ და იმავდროულად, გააქტიურდნენ სოციალურ ქსელებში. შექმნეს საინფორმაციო სააგენტოები, ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის უნიათო, უსუსური გუნდის იარლიყი მიეკერებინათ.

- რაც რეალობას დიდად აცდენილი არ იყო. - დიახ, "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპზე და შემდეგაც, თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელს, საინფორმაციო ამინდს, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობა" ქმნიდა, ჰყავდათ მართვადი ჯგუფები, მათი სამუშაო სფეროები დაყოფილი იყო - ზოგი "უნიათობის" გამოვლენაზე მუშაობდა, ზოგი პრორურუსულობას "ამტკიცებდა". ხანდახან თემებს ცვლიდნენ, ერთი და იგივე ხელწერა რომ არ ყოფილიყო, და ამას ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა. მოსახლეობაც წინა ხელისუფლების ხისტ პოლიტიკას იყო შეჩვეული და თითქოს მოთხოვნილებაც ჰქონდა, ვინმე თუ აშავებდა, უმკაცრესად დასჯილიყო. თავიდან გვეჩვენებოდა, რომ ოპოზიცია ეფექტიანად მუშაობდა, მაგრამ ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა - იმდენი ეძახეს ხელისუფლებას უნიათოები, "ოცნება" სამი ვადით მოვიდა ქვეყნის სათავეში და ლიდერმა ოპოზიციურმა გუნდებმა არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დაშლა დაიწყეს. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი, რადგან ობიექტური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ხელისუფლების გაკონტროლებას, რასაც ესენი, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ, სხვა, საზოგადოებისთვის საზიანო საქმეებით არიან დაკავებული.

ასე რომ, თუ ხელისუფლებამ სიცრუის ნიაღვარს გაუძლო, თანდათან ყველაფერი დალაგდება, ტყუილის ტირაჟირებას აუცილებლად ცუდი ფინალი ექნება. მათი სისტემა მთლიანად პიარზე იყო აგებული, მეცნიერულად მსჯელობა მათი სტილი არასდროს ყოფილა. ყველა მიმართულებით უკუსვლა აქვთ. ამის დასტურია იმ ორგანიზაციის კვლევების შედეგები, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ძალზე ენდობოდნენ - ენ-დი-აის ვგულისხმობ. მთავარი ოპოზიციური პარტია, როგორც თავად უწოდებს თავს, 5%-ზეა ჩამოსული, დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიები ერთობლივად 14%-ს აგროვებენ. ერთ რამეს მაინც აღწევენ - სიცრუის ტექნოლოგია საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს, რაც ისევ ჩვენთვის არის ცუდი, რადგან ამდენი აგრესია, უარყოფითი ინფორმაცია უკვალოდ არ ქრება. მედია, საზოგადოება სამეცნიერო წრეები, განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, მაგრამ მათი "დამსახურებით", სასაუბრო თემა კვლავ მავნებლური პოლიტიკაა. ჩვენი მსჯელობის საგანი ახლა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საინფორმაციო სივრცეში მისი მოქმედების გზები უნდა იყოს, ამის ნაცვლად კი ვსაუბრობთ შიდა ძალებზე, რომლებიც პოლიტიკური მიზნებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს ძველი მეთოდებით და არც ისე პროფესიონალურად იყენებენ.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა საქართველოში გერმანიის პირველი დიპლომატი კორუფციაში დაადანაშაულა. რა უნდა ქნას ელჩმა, იჩივლოს?.. თუ ჰქონდა ამის დამადასტურებელი მასალა, მიეტანა პროკურატურაში. ოპოზიციურ ძალებს კარგად სტრუქტურირებული საინფორმაციო ქსელი ჰქონდათ, რომელსაც დღესაც ეტყობა, რომ მართვადია. ასეა ახლაც, საკმარისია ერთი ფეისბუკგვერდიდან გავრცელდეს ინფორმაცია და ის უკვე თემა ხდება.

ოპოზიცია, რომელიც ვერ ვითარდება, დესტრუქციულ ნაბიჯებზეც არ იხევს უკან, ცდილობს თუნდაც სახელმწიფო ინტერესებს, ფუნდამენტურ ღირებულებებს მიაყენოს დარტყმა, შეარყიოს ან დაასუსტოს მაინც და ამის ხარჯზე გაძლიერდეს.