"მე უკვე რიგში ვარ და აუცილებლად ავიცრები" - კვირის პალიტრა

"მე უკვე რიგში ვარ და აუცილებლად ავიცრები"

"ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია ეპისკოპოსების სატელევიზიო დებატები და კიდევ უარესი, "ბრალდებები" პატრიარქის მიმართ, რომელიც მუდმივად გაერთიანების, მოთმინების და მიტევების წყაროა ჩვენთვის. ასეთი საშინელი ბრალდებების ტირაჟირება რას ემსახურება, ამაზეც მიჭირს პასუხი. ხომ ცხადია, უამრავ ადამიანს ეკლესიაზე გული აუცრუვდა, გული ეტკინა... ასეთი ფორმით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიას, პატრიარქს, რომელიც ამ ქვეყნის უდიდესი იმედია. ეს აზიანებს მთლიანად სახელმწიფოს, რომლის სიმტკიცე ეკლესიაზე დგას..."

11 თებერვალს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც განსახილველ საკითხებს შორის იყო, "კოვიდ-19"-ის ვაქცინაციის, დავითგარეჯისა და აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებები... ასევე "ბიბლიური თავისუფლების" წევრების საეკლესიო მსახურება და რამდენიმე ეპისკოპოსის დანიშვნის საკითხი, რომელთა შესახებაც განჩინება უკვე გამოქვეყნდა.

მეუფე საბა (ინწკირველი), ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, იმ აქტუალურ თემებზე გვესაუბრა, რომლებიც ცხარე მსჯელობის საგანია.

- ვაქცინაციის შესახებ სასულიერო პირებისთვის დასმული კითხვები თან მესმის და თან არა. მესმის, იმიტომ, რომ ჩვენ მრევლი გვყავს, რომელიც ჩვენს მოსაზრებას ითვალისწინებს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ჩვენი აზრი მრევლსა და საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს.

საბედნიეროდ, საქართველოსა და საზოგადოდ, მსოფლიოს უამრავი პროფესიონალი ექიმი ჰყავს, რომლებმაც ჩვენზე ბევრად უკეთ იციან, რა ჯობია ადამიანისთვის. ვფიქრობ, პირადად მე ეს საკითხი არ მესმის. ალბათ, ვინმე მკითხავს, ხომ უნდა დაინტერესდეთ, რას აპირებს თქვენი მრევლიო, მაგრამ როცა კაცობრიობას პანდემიის გამო საფრთხე ელოდება, სასულიერო პირები მხურვალედ ვლოცულობთ, მეცნიერებმა გამოიგონონ მედიკამენტი, ვაქცინა, რითაც ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენენ. მადლობა უფალს, ასე ხდებოდა აქამდე, ვიღებდით ამა თუ იმ მედიკამენტს, რითაც მილიონობით სიცოცხლე გადარჩა. სასულიერო პირებმა რომ დავიწყოთ იმის განსაზღვრა, ეს პრეპარატი უნდა მივიღოთ თუ არა, მაშინ ყველა მედიკამენტზე ასე მოვიქცეთ და წარმოგიდგენიათ, ეს რას გამოიწვევს? ნებისმიერ რამეზე რომ დარეკოს მრევლმა, შემიძლია ამის დალევა თუ არაო, მე პასუხი არა მაქვს, რადგან არა ვარ სპეციალისტი. ეს საკითხი პირად ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. თავად ორი თვის წინ გადავიტანე "კოვიდ-19" და ჯერ არ მჭირდება ვაქცინაცია, თუმცა ჩემს პირად ექიმთან მქონდა კონსულტაცია. ამერიკაში ვაქცინაცია უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ჩვენს მრევლს სიტყვა "ვაქცინაციაც" აშინებს. ამიტომ მირჩევნია აცრა გამოვიყენო. დარწმუნებული ვარ საქართველოში მოსახლეობის 90%-ს მაინც ამა თუ იმ დაავადების პრევენციისთვის აცრა გაკეთებული აქვს. ახლაც იგივე ხდება - "კოვიდის" საწინააღმდეგოა. მე უკვე რიგში ვარ და როცა მომიწევს, აუცილებლად ავიცრები. ჩვენს ეპარქიაში უკვე აიცრა რამდენიმე პირი. ნებისმიერი დაავადების დროს აცრა საუკეთესო საშუალებაა, მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. მადლობა უფალს, იმ მეცნიერებსა და ექიმებს, რომ შეძლეს პრეპარატის გამოგონება. ეს ნამდვილი ღვთის წყალობაა.

აქ ერთი სასულიერო პირი გვყავს, წარმოშობით გერმანელი მეცნიერი, რომელიც იმ ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში მუშაობს, სადაც კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატს ტესტავენ. თავიდან, როცა ვაქცინაზე დიდი აურზაური იყო, გავესაუბრე და მითხრა, რომ მის უკუჩვენებასა და სახიფათოობაზე საუბრები მითია. უკვე მილიონობით კაცია აცრილი და გარდაცვალების შემთხვევები ნულია. ახლა საუბარია იმ პატარა ქვეყნებზე, რომლებზეც დიდმა მოკავშირე ქვეყნებმა უნდა იზრუნონ, რათა დროულად აიცრას მოსახლეობის უმეტესობა, თორემ შესაძლოა ვირუსმა მუტაცია განიცადოს, ახალი გავრცელება დაიწყოს და ეს ვაქცინაც არაეფექტური აღმოჩნდესო.

ვიცი, რომ ძალზე პოპულარულია იმაზე საუბარი, რომ კოვიდვაქცინას უკუჩვენება აქვს, მაგრამ თუ ასე შევაფასებთ, ნებისმიერ მედიკამენტს აქვს მცირედი მავნებლობა. მისი თქმით, უკუჩვენების შემთხვევაშიც აქვთ გეგმა შემუშავებული, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.

- თქვენთან გადაიარა პიკმა?

- შეიძლება ასეც ითქვას, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ სამედიცინო დაწესებულებები უფრო ორგანიზებულად მუშაობენ, ფატალურმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია. ამერიკის ჯანდაცვის სისტემას უკვე ისეთი გეზი აქვს აღებული, ვფიქრობ, ძალიან მალე ვითარება სტაბილური გახდება.

- გასულ კვირას გამართულ სინოდის სხდომაზე დავითგარეჯის საკითხიც იყო დასმული. ახალი გარემოებები გამოიკვეთა?

- სამწუხაროდ, საპატრიარქოში ზუმით ჩართვის პრაქტიკა არა გვაქვს, კოვიდპანდემიის გამო ფრენებიც შეზღუდულია, ამიტომ მე სხდომას ვერ დავესწარი, მაგრამ, ცხადია, ჩემი აზრი მაქვს - როცა კარტოგრაფები დააკავეს, ვთქვი, ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, რადგან სასულიერო პირებს იმდენი ინფორმაცია არ გვქონდა, რამდენიც მათ, თუნდაც პროკურატურას რომ ექნებოდა. მაშინ ისიც ვთქვი, რომ ერის მოღალატეობის დაბრალების უფლება არა გვაქვს, სანამ ძიება არ დასრულებულა, მით უფრო, თუ ყველაფერს ქრისტიანულად შევხედავთ. დამნაშავეც რომ იყოს, ადამიანის დაკავება არ უნდა გვიხაროდეს.

ასეთ სიტუაციებში სასულიერო პირების განცხადებები ძალზე მნიშვნელოვანია. როცა საქმის არსი ზუსტად არ ვიცით, შესაძლოა უდანაშაულო ადამიანებიც გახდნენ დევნისა და შევიწროების მსხვერპლი-მეთქი.

ტალახის სროლა ძალზე ადვილია, ამიტომ სასულიერო პირებმა უფრო რბილი, მოზომილი, პოზიცია უნდა დავიკავოთ. ჩვენ ადამიანები კი არ უნდა გავაღიზიანოთ, მშვიდობის სული უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე. სასულიერო პირები ვერც დანაშაულისთვის ვაგებინებთ პასუხს, ამისთვის კანონმდებლობა Aარსებობს. ადამიანი, რომელიც აგრძელებს სიცოცხლეს, მას აქვს შესაძლებლობა თავისი საქციელი მოინანიოს. ამას როგორც სასულიერო პირი ისე ვამბობ, მაგრამ ერის ღალატს მაინც ვერავის ვაპატიებ. ჩემთან აღსარებაზე ადამიანი რომ მოვიდეს და მითხრას, დანაშაული მაქვს ჩადენილიო, მე არა მაქვს უფლება ვაპატიო, უნდა ვუთხრა, წადი პოლიციაში, დანაშაული აღიარე და მოიხადე ის, რასაც სახელმწიფო სასჯელად დაგადებს-მეთქი.

- კარტოგრაფების გათავისუფლების შემდგომ აზრი შეგეცვალათ?

- დიახ, ვერ გავიგე მისი საუბრის ოდნავ ცინიკური კილო, თუნდაც ბერების შესახებ, პოზიორობენო. რას ნიშნავს პოზიორობენ? ის ჩვენი მიწაა და ჩვენ ვლოცულობთ... შემდეგ დასძინა, ერთია, რა გვსურს ქართველებს, საქართველოს, რა არის ინტერესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მუშტი დაარტყას მაგიდაზე და ეს მინდაო, იძახოს, გაუაზრებელი პრეტენზია წაუყენოს მეორე მხარესო... როგორ შეიძლება ასეთი სიტყვები თქვას ადამიანმა? ეს ფრაზა ხომ შეიძლება სხვანაირად გამოიყენონ?.. რამდენიმე წლის წინ ტაო-კლარჯეთში ვიყავი და აქეთობისას მივხვდი, რომ იქ მეორედ ვეღარ წავალ, რადგან სული მეწვოდა იმ ტაძრების ცქერისას. დიახ, ის ჩვენი დაკარგული ისტორიაა, მაგრამ ხომ არ ვივიწყებთ?..

ნებისმიერი ქართველი იქ ჩასვლისას ჩემსავით მუშტისხელა ცრემლებს ყლაპავს. ახლა კი, ამ სიტუაციაში, როგორ შეიძლება დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილს დაკარგულს უწოდებდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სახელმწიფოს წინ აქვს სამუშაო აზერბაიჯანულ მხარესთან, როცა ამ საკითხზე ცივილიზებული მოლაპარაკება შეიძლება... როცა ადამიანი ამბობს, ის ტერიტორია არასდროს გვეკუთვნოდაო, ცხადია, ეჭვს იწვევს. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, თუნდაც იმიტომ, რომ სტრატეგიულ მეზობელთან ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს.

მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, რუსეთი შეეცდება ახალი პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, ახლა დაუფიქრებელი განცხადებების დრო არ არის. შესაძლებელია ორივე ქვეყნის ინტერესი დაზიანდეს, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, მთავარია, აზერბაიჯანთან კარგად ვიყოთ და დავითგარეჯას დავთმობთო. დათმობილსა და ნაჩუქარს, ვეღარასდროს დავიბრუნებთ, წართმეულის დაბრუნების იმედი კი მშვიდობიანი, მეგობრული მოლაპარაკებით არსებობს. მე არავითარ შემთხვევაში არა ვარ სიტუაციის დაძაბვის მომხრე, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენი არ არის, მომავალი თაობისაც არის და რას ვეუბნებით მათ, ვერ მოვუარეთ და ვაჩუქეთო?..

- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ძალიან მძიმე ბრალდებები გააჟღერა...

- უკიდურესად შეძრწუნებული ვარ, რომ ისევ ამ თემაზე მიწევს საუბარი. ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია ეპისკოპოსების სატელევიზიო დებატები და კიდევ უარესი, "ბრალდებები"... პრობლემა თუ გვაქვს, ის შიგნით უნდა მოგვარდეს. რატომ უნდა ხდებოდეს ერთმანეთისა და მით უფრო, პატრიარქის მიმართ, რომელიც მუდმივად გაერთიანების, მოთმინების და მიტევების წყაროა ჩვენთვის, ასეთი საშინელი ბრალდებების ტირაჟირება, არ მესმის. რას ემსახურება ეს ყველაფერი, ამაზეც მიჭირს პასუხი. ხომ ცხადია, უამრავ ადამიანს ეკლესიაზე გული აუცრუვდა, გული ეტკინა. ჩვენ, სასულიერო პირები ხომ მეტ მოთმინებას და ამტანობას ვასწავლით სხვებს. სახარებაში გვიწერია, ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისთვისო, თუ ვინმე ნაწყენია რამეზე ან ვინმეზე, ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ამის დასამტკიცებლად ამ ტრიბუნის არჩევა და ამ ფორმით გაპროტესტება ნამდვილად არ არის სწორი. თუ მე მღვდელმთავრები ვერ მიგებენ, ამ გულისტკივილისთვის უფალი გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს - ცათა სასუფეველს... აქ უკვე მხოლოდ ცალკეული მღვდელმთავრების გულისტკივილზე არ არის საუბარი, ასეთი ფორმით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიას, პატრიარქს, რომელიც ამ ქვეყნის უდიდესი იმედია. ეს აზიანებს მთლიანად სახელმწიფოს, რომლის სიმტკიცე ეკლესიაზე დგას. ასე რომ, თანამდევ პროცესებზეც უნდა დავფიქრდეთ. პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს და გულისტკივილი ასეთი უმძიმესი ფორმით არ უნდა გამოვხატოთ. მაშინ როგორღა ვასწავლით მრევლს მეტი მოთმინება გამოიჩინოს? ალბათ მომავალშიც გაგრძელდება წმინდა სინოდში მსჯელობა მეუფე პეტრეს საკითხზე, მისი ბედი ერთი ეპისკოპოსის გადასაწყვეტი არ არის.