"თუ ხელისუფლება ხელს არ გაანძრევს, აქციებს გავმართავთ!" - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლება ხელს არ გაანძრევს, აქციებს გავმართავთ!"

"თბილისში რომ დამჭირდეს ჩამოსვლა, ჩემს უნარშეზღუდულ შვილთან ერთად ჩამოვალ და ვეცდები ხელისუფლებას ხმა მივაწვდინო"

2013 წელს სამშენებლო კომპანია "დიასმა" რამდენიმე მეწილესთან ერთად ბათუმში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, თუმცა, დაზარალებულების თქმით, რამდენიმე თვეში ფული გაიფლანგა, სამუშაოები შეჩერდა და კომპანიის მთავარი მეწილე იაშარ დიასამიძე საქართველოდან გაიქცა. 200-მდე დაზარალებული დღემდე ცდილობს სამართლის პოვნას. მათ შორის არის "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის კარგად ნაცნობი გოგიტა მურცხვალაძე, რომელიც შშმ პირის მამაა და ჩვენი გაზეთის საშუალებით წლების განმავლობაში არაერთხელ აღმოუჩინეს დახმარება... სხვა დაზარალებულებთან ერთად, მან დახმარებისთვის ამჯერადაც მოგვმართა.

"ჩემს ოჯახთან, დედასა და დასთან ერთად ქობულეთის სოფელ ციხისძირში ვცხოვრობდი. ერთხელაც იმ ტერიტორიით ერთი ბიზნესმენი დაინტერესდა და კომპენსაციის სანაცვლოდ, იქაურობა შეისყიდა. იმ თანხით ბათუმში ბინა ვიყიდეთ. ჩემი და შვილებთან ერთად უსახლკაროდ იყო. კიდევ მომრჩა 5 ათასი დოლარი, ჩემს დას მივეცი, სულ 14 ათას დოლარს მოვუყარეთ თავი და კომპანია, "დიასს", რომლის ერთ-ერთი მეწილე და ხელმძღვანელი იაშარ დიასამიძე იყო, იმ პირობით მივეცით, რომ ყოველ თვეში 350 დოლარს გადაგვიხდიდა, თუ ვერ გადაიხდიდა, ჩემს დას ოროთახიან ბინას მისცემდა. ხელშეკრულებაში სართული და ფართობიც იყო მითითებული. რამდენიმე თვე გადაიხადა და შემდეგ შეწყვიტა. ეს იყო 2013 წელი. რამდენჯერმე ვთხოვეთ ფულის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. ასე გავიდა რამდენიმე წელი. 2015 წელს სულ დაიკარგა, თურქეთში გაიქცა. დაზარალებულებმა ხოფის ბაზრობაზე ნახეს, მაღაზია გაუხსნია. ახლა ის და მეწილეები ერთმანეთს აბრალებენ ფულის გაფლანგვას. ერთი კორპუსის ასაშენებელი ფული რომ გაფლანგეს, "გამოსავალი" იპოვეს და მეორე კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს წინა ვალების დასაფარავად. ფულს წინასწარ იღებდნენ და, ფაქტობრივად, ჰაერს ყიდდნენ. ვის არ მივმართეთ, მერიაში ლამის ყოველდღე დავდიოდი, პროკურატურაში საქმე აღვძარით, მაგრამ საშველი არ ჩანს. ეტყობა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვიღაც არის ჩარეული ამ საქმეში და ის აფერხებს ჩვენი დავის წინ წაწევას. თუ ადგილობრივი ხელისუფლება ხელს არ გაანძრევს, აქციებს გავმართავთ, თბილისში რომ დამჭირდეს ჩამოსვლა, ჩემს უნარშეზღუდულ შვილთან ერთად ჩამოვალ და ვეცდები ხელისუფლებას ხმა მივაწვდინო. "კვირის პალიტრა" არაერთხელ დამეხმარა და ახლაც მაპოვნინებს სამართალს. მინდა ხელისუფლებამ რაღაც ზომები მიიღოს. 2013 წელს ჩასხმული საძირკველი ამდენი წლის შემდეგ აღარც ივარგებს, ამდენი წელია აწვიმს და ათოვს. მერამდენე შემთხვევაა, როცა სამშენებლო კომპანია მოქალაქეებს ატყუებს. ის 5 ათასი დოლარი ჩემს შვილს ბევრ რამეში დაეხმარებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უამრავი რამ გვჭირდება".

გია ხაჯიშვილი, დაზარალებული:

- წლების წინ 30.000 დოლარი შევიტანე. 7 წელია კომპანიის მთავარი მეპატრონე გაქცეულია და ახლა ალტერნატიული კომპანიის მოძიებას ვცდილობთ. რამდენიმე კაცი შევიკრიბეთ, ორგანიზაცია შევქმენით და ხან ერთ კომპანიას ვხვდებით, ხან მეორეს, იქნებ რამეზე მოვრიგდეთ...

200-მდე კაცი ვართ დაზარალებული. ყველა ბინა წინასწარვე გაყიდულია. ფული აიღეს, შიდა ხელშეკრულება გაგვიფორმეს, მაგრამ იაშარ დიასამიძის გაქცევის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი ბინა, რეესტრში სხვა პირზე გაუფორმებიათ. სხვებსაც ასევე მოატყუებდნენ. ჩვენი ადვოკატები გვეუბნებიან, რომ დიასამიძეზე საქმეც არ არის აღძრული.

ოსიკო კოჩალიძე, დაზარალებული:

- მე ბინის მთლიანი ღირებულება შევიტანე და ამდენი წელია არც ფული ჩანს და არც ბინა. კარგია, თუ ჩვენი საქმე დღის წესრიგში დადგება და ხელისუფლებას მაინც შეექმნება დისკომფორტი, რომ ასე უკონტროლოდ არ მიუშვას ბიზნესი...

"თუ არ გამომივიდა ეს საქმე, მერე მომიწყონ აქციები"

ამჟამად კომპანია "დიასის" წარმომადგენელი ქეთევან მეტრეველია, რომელიც თავადაც ცდილობს "გაყინული შენობის" გაყიდვას:

- თავადაც შევიტანე 2008 წელს 35.000 დოლარი. მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და ჩემი ძალისხმევით აშენდა ერთი კორპუსის 9 სართული. შემდეგ პრობლემები დაიწყო - დიასამიძემ და კიდევ სამმა კომპანიამ საქმე მიატოვეს და გაიქცნენ. ახლა მთლიანად კომპანია იყიდება, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი ფული დავიბრუნოთ ან ფართობი მივიღოთ. ყველას ვპირდები, არავის არაფერი დაეკარგება, თუ არ ჩავთვლით მათ, ვისაც ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული. კომპანიის გაყიდვაში ადგილობრივი მთავრობა გვეხმარება, ორი კლიენტი გვყავს და, ალბათ, ფინალშიც გავალთ. თუ არ გამომივიდა ეს საქმე, მერე მომიწყონ აქციები.