დოლიძისქუჩელების ზინა...
დოლიძისქუჩელების ზინა...
ოდესმე მოხუცთა თავშესაფარზე გიფიქრიათ? არა იმიტომ, რომ როდესმე იქ მოვხვდებით, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი მომავლის შესახებ არაფერი ვიცით, აქ კი ყოველ წუთს იღება კარი, რათა ვინმე შეიფაროს მდიდრული სახლებიდან თუ ღარიბული ფიცრულებიდან. მარტოხელა ზინაიდა ოქროპირიძე აქ ინსულტის შემდეგ მიიყვანეს და დღემდე ბალიშში თავჩარგული ტირის. არ უნდა, ცრემლით ვინმე შეაწუხოს. მას არაფერი უნდა. ტირის იმიტომ, რომ თავად ვეღარავის ეხმარება, ვერც თავისზე გაჭირვებულებს და ვერც დასახიჩრებულ ქუჩის ცხოველებს, რომლებისთვისაც საკვებს საკუთარი პენსიით
ყიდულობდა. დოლიძის ქუჩაზე მისი ამბავი ყველამ იცის. როდესაც ზინას რამეს ჩუქნიდნენ, ის თავისზე ღატაკთან მიარბენინებდა. ერთხანს ამის გამო საყვედურობდნენ, თუმცა მერე თითქოს შედგნენ მისი სიკეთისა და ღვთისმოსაობის წინაშე. ზინას ახლაც დოლიძისქუჩელები ჰპატრონობენ...

ხათუნა ახობაძე:

- ზინა ჩვენს ქუჩაზე წლების წინ გამოჩნდა - ინსულტით დაავადებულ ქალს
უვლიდა და მასთან ცხოვრობდა რვა წლის მანძილზე. ისე ცოტას უხდიდნენ, სულ ვეკითხებოდი, ასე როგორ­ შეიძლება, შენ მხოლოდ ამ ქალს არ უვლი, მის ოჯახსაც ემსახურები და დღე-ღამეში 10 ლარს როგორ გაძლევენ-მეთქი. შემომხედავდა და თითქოს დარცხვენილი მეტყოდა,­ არ გამიბრაზდე, რა ვქნა, ვისაც ვუვლი, საცოდავი ქალია, მეტის მოცემა კი მის ოჯახს არ შეუძლია და რა ქნანო. იმ ოჯახიდან გამოტანილ საკვების ნარჩენებს­ ურნაში არასოდეს ყრიდა, იქვე ფაქიზად დაულაგებდა მიუსაფარ ცხოველებს და ბედნიერი იყო, რომ მშივრები გამოკვება. დასახიჩრებულებს განსაკუთრებით ჰპატრონობდა, ვეტერინარებთან დაჰყავდა - ცოდოა, მოკვდებაო. ერთხელ მითხრა, სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ, ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს იმდენი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, რომ მის სახელზე მძიმედ დაავადებულ ადამიანებსა და ცხოველებს უფრო მეტად უნდა ვუპატრონო, იქნებ ამით შეუმსუბუქდეს ის ჯოჯოხეთი, რაც იმ ქვეყნად აქვსო...

მას კი ძალიან ცუდად მოექცნენ. ადრე ისანში ცხოვრობდა, სადაც­ ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე გარდაეცვალა, გერმა კი სახლიდან გამოუშვა, აქ საჭირო აღარ ხარო. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ბოლომდე არ გაწირა და ცოტა ფული მაინც მისცა. ამ თანხით დაიგირავა დოლიძეზე ზინამ პატარა ოთახი - აქაურებს უკვე შეჩვეული ვარ, ვეღარსად წავალო. მძიმე­ ავადმყოფების მოვლასაც განაგრძობდა, სანამ მკლავში ძალა ჰქონდა, მერე კი, ეს რომ ვეღარ შეძლო, თავისზე გაჭირვებულებს ეხმარებოდა. თავის პენსიას მათ წამლებში ხარჯავდა. რადგან სიმძიმეების ტარება უწევდა, ბორბლებიანი ჩანთა ვაჩუქე და გააჩუქა. მითხრა, მეტრო "დელისთან"­ უძლური მოხუცი ზის და იმას მივეციო. მეორედ ვაჩუქე და - ყავარჯნებში გადავცვალე, ერთ საბრალო კაცს სჭირდებოდაო...

- ზინა თავშესაფარში როგორ მოხვდა?
- ისე, როგორც ბევრი მარტოხელა­ შეიძლება მოხვდეს. ზინა ყველას გვიყვარს, მაგრამ ცხადია, სულ მის გვერდით ვერ ვიქნებოდით. ახლა სხვაგან ვცხოვრობ. თუმცა ზინას სულ ვეხმიანებოდი. ერთხელაც ჩემს ზარს ორი დღე რომ არ უპასუხა, გულმა აღარ გამიძლო და დოლიძის ქუჩაზე წავედი მის სანახავად. რაც იმ დღეს ვნახე, გულში სულ ტკივილად მექნება... ზინას სახლის კარი რომ შევაღე, ქალი იატაკზე ეგდო და ვერ ინძრეოდა, ვეღარც ლაპარაკობდა. რომ დამინახა, ატირდა. მივხდი, ინსულტი იყო და "სასწრაფოს" დავურეკე. მათ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მითხრეს, ამ ქალს კოვიდინფექცია აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, ინსულტი ამის ფონზე განუვითარდაო, მკურნალობის შემდეგ კი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მთელ პენსიას იხდის და წამლისთვის გროშიც არ რჩება.

- არავინ ეხმარება?
- როგორ არა! სიკეთე ძლიერია - დოლიძელებმა, ვინც ზინას ამბავი გაიგო, ყველამ რაღაც გაიღო. ვეტერინარებმაც კი გაუგზავნეს წამლების ფული, მაგრამ ეს არ ჰყოფნის. ექიმი ამბობს, ნუ გეშინიათ, თუ უმკურნალებთ, მოძრაობა აღუდგებაო, მაგრამ როგორ ვუმკურნალოთ, როდესაც მედიკამენტებს ასტრონომიული თანხა სჭირდება! ინსულტთან ერთად მას კოვიდინფექციამ დიარეაც დაუტოვა, რომელსაც ვერ ვუჩერებთ. ახლა სულ იმის მეშინია, რომ თავშესაფარში მეტყვიან, ზინას მოვლა აღარ შეგვიძლია და შინ წაიყვანეთო. არადა, სად წავიყვანო, თუ ფეხზე ვერ დადგება, თავის მოვლა ხომ უნდა შეძლოს?!

- დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაღებული სიკეთე უკან დაუბრუნდება.
- მეც მაგის იმედი მაქვს. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამდენი სიკეთე უშურველად ეკეთებინოს. ეს ქალი წმინდანივით არის, რომელიც გასცემდა და არასოდეს სამაგიეროს არ ელოდა... გული მიკვდება მისი საცოდაობით. საუბარი უკვე შეუძლია და გამუდმებით მეკითხება, აქედან როდის გავალო? სულ ვეუბნები, ნუ გეშინია, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც დაგეხმარება-მეთქი და იმედით მიყურებს. იქნებ მართლაც გამოჩნდეს ვინმე, ვინც მის მკურნალობას ითავებს, თორემ ჩვენ ვეღარ ვწვდებით. მხოლოდ ის გვინდა, რომ ეს საბრალო ქალი ფეზე დადგეს და იაროს იმ ადამიანთა შორის, ვინც სიკეთეს გასცემს. ეს ხომ ყველას გვჭირდება...

თიბისი ბანკი  GE10TB7771745063600026
მიმღები ხათუნა ახობაძე
ტელეფონი: 574 332 301
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები