რატომ აქვთ ქალებს უფრო მძიმე დეპრესია, ვიდრე მამაკაცებს? - კვირის პალიტრა

რატომ აქვთ ქალებს უფრო მძიმე დეპრესია, ვიდრე მამაკაცებს?

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დეპრესია მეოთხე გლობალურ პრობლემად დაასახელა. მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებით"

ზოგჯერ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი, ვკარგავთ ცხოვრების ხალისსა და სიამოვნების განცდის უნარს, განვიცდით აზრების სიმცირეს და ვამბობთ, რომ დეპრესია გვაქვს. მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადების შესახებ გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ნინო მინდორაშვილი გვესაუბრება:

- საქართველოში დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი ყოველ წელს 2-3 ათასით იმატებს, მაგრამ რაკი უმეტესობა თავს არიდებს ფსიქოლოგთან ვიზიტს, ეს მონაცემები ზუსტი არ არის... დროებითი გუნება-განწყობის ცვლილება უნდა განვასხვაოთ დეპრესიისგან. დეპრესია არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს ნეგატიური განწყობა, სევდა, დათრგუნვილობა, დაბალი თვითშეფასება... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დეპრესია მეოთხე გლობალურ პრობლემად დაასახელა. მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებით. მსუბუქი დეპრესიის დროს ადამიანმა შეიძლება შეძლოს სამუშაოს შესრულება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგრამ მძიმე დეპრესიის დროს ურთიერთობის სურვილიც კი არა აქვს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარები და იმპულსები გაჩერებულია. არსებობს ბიპოლარული დარღვევაც, როდესაც დეპრესიას პერიოდულად ცვლის მანიაკალური ეპიზოდები. ამ დროს ადამიანი აღგზნებულია, ბევრს ლაპარაკობს, ვერ იძინებს...

დეპრესია შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროსაც, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია, შფოთვითი და კვებითი აშლილობები, ასევე - ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობა... დეპრესიული აშლილობები განსხვავდება ჩვეულებრივი დარდისა და შფოთვისგან. მსგავსი სიმპტომები შეიძლება ყველას გვქონია და ხშირად გვითქვამს, რომ აღარ გვინდა სიცოცხლე, მაგრამ თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, ეს განწყობა უფრო და უფრო განმტკიცდება, რაც უკვე დეპრესიაა.

- რა შეიძლება იყოს დეპრესიის მიზეზები და რა ასაკისთვის არის დამახასიათებელი? - მიზეზი სხვადასხვაგვარია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და ფსიქოლოგიური, ასევე ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები. დეპრესია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, შეიძლება დაემართოს ბავშვსაც, ოღონდ გამოხატულება სხვადასხვაგვარია. კვლევებით დასტურდება, რომ ხანში შესულები უფრო არ ავლენენ დეპრესიას, რადგან აღარ სურთ პრობლემური სიტუაციების გახსენება. ყველაზე მაღალი დეპრესიული მაჩვენებელი მაინც უმუშევარ და განქორწინებულ ადამიანებს შორისაა.

- სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს ეუფლება დეპრესია... - კვლევების მიხედვით, დეპრესია აქვს ქალების 20%-ს და მამაკაცების 13%-ს, სუიციდით სიცოცხლეს კი 15% ამთავრებს. არსებობს სხვადასხვა ვარაუდი, თუ რატომ აქვთ ქალებს უფრო მძიმე დეპრესია, ვიდრე მამაკაცებს. მამაკაცები ხშირად არ გამოხატავენ ემოციებსა და წუხილს, დეპრესიას ნიღბავენ, მაგრამ პრობლემებისგან გაქცევის გზას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაში ხედავენ, ჩართული არიან აზარტულ თამაშებშიც... ქალები უფრო ხშირად განიცდიან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას, ვიდრე მამაკაცები და ქალების მომატებულ დეპრესიულობას ეს ფაქტორიც განაპირობებს.

- თქვენც აღნიშნეთ, რომ სპეციალისტებს ყოველთვის არ მივმართავთ დასახმარებლად, მაგრამ დეპრესიასთან გამკლავების ჩვენეული ხერხები გვაქვს. ზოგს თმის შეჭრა შველის, ზოგს - შოპინგი, ზოგს - საქმე. - ეს ინდივიდუალური განწყობაა, ვიღაცისთვის - ეფექტიანიც... ემოციები უნდა გამოვხატოთ, რადგან გაუმჟღავნებლობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სომატური დაავადებები, დეპრესიის ყველაზე დიდი საშიშროება კი სიცოცხლის სუიციდით დასრულებაა.

- როგორ იკურნება დეპრესია? - კარგია სირბილი და სიარული, ენდორფინების გამომუშავება, განწყობის ამაღლება, მედიტაცია, იოგა, ადამიანებთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. რამ მიიყვანა ადამიანი ამ მდგომარეობამდე - ამის გარკვევაში მას ფსიქოთერაპევტები ეხმარებიან, ამიტომ უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ. ეფექტიანია ანტიდეპრესანტებით მკურნალობაც. ცნობილია, რომ ამის შედეგად პაციენტთა 80% სრულად იკურნება.

"ადამიანის გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს - იყოს კარგად თუ მუდმივად იტიროს"

დიანა ჯიშიაშვილი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი პარაფარიკაობაში:

- სკოლა რომ დავამთავრე, აბაშაში წავედი სტუმრად ბებიასთან. ძალიან მიყვარდა ცურვა. რამდენჯერმე გადავხტი მდინარეში, მერე ფეხი დამიცურდა, არასწორად დავეშვი და თავი დავარტყი. 18 წლის საავადმყოფოში გავხდი. მას შემდეგ 15 წელი გავიდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი - კისრის მალები მქონდა ჩამტვრეული. დიდხანს ვიყავი აპარატზე შეერთებული, თავს ვერ ვატრიალებდი, ვერ ვმოძრაობდი, საშინელი ტკივილები მაწუხებდა და ვერც ვყვიროდი, ნაწოლებიც მტანჯავდა... სამ თვეში ოდნავ გავამოძრავე თითი, წელიწად-ნახევარში კი ეტლში ჩაჯდომა შევძელი. მეგონა, ტკივილი თავს არასდროს დამანებებდა, შევეჩვიე კიდეც, თუმცა ჩემს მდგომარეობას ვერაფრით შევეგუე... მაგრამ შინაგანი რწმენა გაძლევს ძალას და ფიქრობ, რომ აუცილებლად ბრძოლით უნდა გაიარო შენი გზა. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ კარგად იქნები. ასეთი განსაცდელის დროს ყველას გვიჩნდება კითხვა: "ღმერთო, რატომ მე?!" მაგრამ ასე ხდება და ვერაფერს შევცვლით.

ნეგატიური ფიქრებით თავი არ უნდა დაიმძიმო, ეს მხოლოდ დაგანგრევს! ადამიანის გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს - იყოს კარგად თუ მუდმივად იტიროს. იმ წლებში საშინელი დეპრესია მქონდა, მაგრამ ჯერ მშობლების და მერე გარშემომყოფების გამო ვცდილობდი, არ შემემჩნია. დეპრესიის დაძლევასა და თვითდამკვიდრებაში სპორტიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ მთავარი მაინც რწმენა და იმედია. მე ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე. ბედნიერების შეგრძნება მქონდა ხოლმე, ოღონდ - გარეგნულად. შიგნით ყოველთვის ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ ნელ-ნელა გაქრა. ამაში ყველაზე მეტად შვილი დამეხმარა - ორი წელიც არ არის, რაც დედა გავხდი, ეს უდიდეს ძალას მაძლევს და ვტკბები ცხოვრებით. როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, ძალიან უნდა გიყვარდეს სიცოცხლე, რომ ყველაფერს გაუმკლავდე. შანსი მომეცა, თავიდან დამეწყო ცხოვრება და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი.…

"დეპრესიის დროს არ ვლაპარაკობ, არ ვსვამ, არ ვჭამ"

ბესო ზანგური, მსახიობი:

- მოზარდობის პერიოდში ბევრს აქვს დეპრესიული მომენტები და არც მე ვიყავი გამონაკლისი, მით უფრო, ძალიან ემოციურად აღვიქვამ ყველაფერს... გარდატეხის ასაკში დეპრესია გამიმწვავდა, მაგრამ ძალიან ადრე დავქორწინდი - 16 წლისა უკვე მამა ვიყავი და ამისთვის აღარ მეცალა. შვილი დამეხმარა სირთულეების დაძლევაში... ამ პანდემიამ განსაკუთრებით იმოქმედა ბავშვების ფსიქოლოგიაზე - არც სწავლა, არც გართობა, არც ურთიერთობა. მე ტყის პირას მაქვს სახლი და შემიძლია ეზოში გავუშვა პატარები, მაგრამ რამდენი ოჯახია, ვისაც ოთახს გარეთაც ვერ გაჰყავდა შვილები? ადრე თუ ბავშვებმა გადამატანინეს რთული პერიოდები, ახლა მათ უნდა დავეხმარო და გადავალახვინო გამოკეტვით გამოწვეული პრობლემები.

წლების წინ გარდამეცვალა ბაბუა, რომელმაც გამზარდა და განსაკუთრებულად მიყვარდა. სწორედ მისი გარდაცვალების დღეს მქონდა სპექტაკლი. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. სამი თვე აბსოლუტურად სხვა სამყაროში ვიყავი. დეპრესიის დროს არავის ვაწუხებ, არ ვლაპარაკობ, არ ვსვამ, არ ვჭამ... მერე შეკვეთილი წირვა გადავუხადე ბაბუას და დამესიზმრა, ვითომ სახლში იყო. რომ დამინახა, შემოტრიალდა და მითხრა, შენ გენაცვალე, აი, ახლა კი დავისვენეო. ამის შემდეგ მეც დავმშვიდდი... მერე იყო დედას ავადმყოფობა - ძალიან მტკივნეული ჩემთვის, მაგრამ ახლა აღარც მაქვს დეპრესიის უფლება, იმხელა ტვირთი მაწევს. დედა, შვილები, ოჯახი - ყველაზე უნდა ვიზრუნო და აღარ მაქვს იმის ფუფუნება, ჩემს თავს ვკითხო, ვარ დეპრესიაში თუ არა...…

"იცხოვრე, რას დაეძებ"

გია ჯაჯანიძე, ტელეწამყვანი:

- ბევრისგან გამიგია, რომ აქვთ ეს პრობლემა, მაგრამ საკუთარ თავზე არ გამომიცდია. არასასიამოვნო ამბებს ვუკეთებ ძალიან ღრმა ანალიზს, რომელიც იწყება იმის გააზრებით, რომ ყველაფერი, რაც ხდება, გაივლის. ახლა რომ ვსაუბრობთ, ესეც უკვე წარსულია და დამთავრდა. ამიტომაც არ ვიხსენებ წარსულ ტკივილებს. მშველის ჩემი ოპტიმისტური ხასიათი. ცა ჩამოინგრა? - ღვთის ნებაა.

რაღაც ტრაგედია მოხდა? - ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. გაცნობიერებული მაქვს, რომ მოვედი დროებით, ვიცხოვრობ და წავალ, ამიტომ სანამ ვარ, ვირგებ ყველაფერს. მშია, მაგრამ არაფერია - სულ მშიერი ხომ არ ვიქნები?! მწყურია, მაგრამ ოდესღაც ხომ დავლევ?! არ ვუყვარვარ? ნუ ვუყვარვარ, თავს ვერ მოვიკლავ... ვინც საკუთარ ემოციებს მართავს, მას არასდროს დაემუქრება დეპრესია. ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი ნიჭი სიტუაციის შესაცვლელად. ჩემი აზრით, დეპრესია ემართება ზარმაცს - არ ადგა, არ სცადა არაფერი და მერე დარდობს, რატომ არ გააკეთა, რატომ არ გაუმართლა და ა.შ.. დეპრესიულ ადამიანებს კარგად ვცნობ - ძირითადად, წუწუნებენ და მუდმივად უკმაყოფილო არიან, მაგრამ ხუთი წუთით დაველაპარაკები თუ არა, მაშინვე მთავრდება მათი დეპრესია. ერთხელ ერთმა ამხანაგმა ოქროს ბეჭედი მაჩუქა, მეორე დღეს მეორემ - ბიჟუტერია, მაგრამ მე ორივე საჩუქარი ერთნაირად გამიხარდა. უნდა შეგეძლოს სიხარული, უნდა შეირგო ბედნიერება. ერთ შემთხვევას გავიხსენებ - ძალიან მეჩქარებოდა სამსახურში. გამოვაღე მანქანის კარი და ვხედავ, სველია ყველაფერი. თურმე ლუქიდან წყალი ჩასულა. ხომ უნდა შეიცხადო და გადაირიო, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, მანქანა რომ არ მყოლოდა, რა დამისველდებოდა-მეთქი? დავაფინე ცელოფანი და გავიქეცი. არ ღირს ყოფით რამეებზე ნერვიულობა.

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით - პეკინზე ვცხოვრობდი მაშინ. გავიგე დამუხრუჭების საშინელი ხმა. გავიხედე და ორი მანქანა ისეა შეჯახებული, რომ ნემსიც ვერ ჩავარდება მათ შორის. ორივე მძღოლი გადარჩა. გადმოხტნენ და რომ მგონია, გახარებულები ხელებს გაშლიან და ერთმანეთს ჩაეხუტებიან, იმათ ერთმანეთი მიბეგვეს. გამიკვირდა - წესით ხომ ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ? ცხოვრება წარმავალია - ეს სულ უნდა გვახსოვდეს. ამასთან, ჩემი ცნობილი ფრაზაც არ დაივიწყოთ: "იცხოვრე, რას დაეძებ".

ნინო ჯავახიშვილი