თერმოპოლიუმი - მოხატული კვების ობიექტი პომპეიში - კვირის პალიტრა

თერმოპოლიუმი - მოხატული კვების ობიექტი პომპეიში

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - სახელგანთქმული ანტიკური ქალაქი პომპეი ნეაპოლის მახლობლად მდებარეობს. ის იტალიის ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ცენტრია, რომელიც ხშირად აკვირვებს მნახველებს ახალ-ახალი აღმოჩენებით. ამჯერად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს შესანიშნავად მოხატული უძველესი საზოგადოებრივი კვების ობიექტი.

პომპეი ბერძნულ-რომაული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ახ.წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევით განადგურებულ ქალაქში დაახლოებით 13 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქი 2000 წლის წინ მთლიანად დაფარა ვულკანურმა ფერფლმა და უამრავი რამ მას შემდეგ უცვლელად გადარჩა. ანტიკური ქალაქი მე-16 საუკუნეში იპოვეს, მისი შესწავლა კი მე-18 საუკუნის 50-იან წლებში გათხრებით დაიწყო. მას შემდეგ არქეოლოგები ქალაქს განუწყვეტლივ ნაწილ-ნაწილ წმენდნენ, რასაც მრავალი აღმოჩენა მოჰყვა. ამჟამად ვულკანური ფერფლისგან ჯერ კიდევ გასაწმენდია ქალაქის დაახლოებით ერთი მესამედი და ამ ადგილის ნაშთები მეცნიერებს სიურპრიზებს კიდევ სთავაზობს.

სპეციალისტები დრაკონისკუდიან ცხენზე ამხედრებული ნიმფის გამოსახულებას სწავლობენ

ახლახან არქეოლოგებმა საზოგადოებას პირველად წარუდგინეს პომპეის უძველესი კვების ობიექტი - 2019 წელს აღმოჩენილი ე.წ. თერმოპოლიუმი, რაც ლათინურად "ცხელი სასმელების დახლს" ნიშნავს. პომპეის თერმოპოლიუმი საზოგადოებისთვის 2021 წელს სააღდგომოდ უნდა გაიხსნას, თუ პანდემიის გამო გადაულახავი პრობლემები არ შეიქმნა.

პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორის მასიმო ოსანას განმარტებით, ეს გასაოცარი აღმოჩენაა, რადგან პირველი შემთხვევაა, როცა გათხრების შედეგად მთლიანად შენახული თერმოპოლიუმი გათხარეს - მანამდე აქ 80-მდე მსგავსი კვების ობიექტი იყო ნაპოვნი. მისი თქმით, ახალი აღმოჩენა საშუალებას მისცემს გაიგონ, რა კერძები უყვარდათ ძველი რომაული ქალაქის მცხოვრებთ. პომპეიში მომუშავე ანთროპოლოგ ვალერია ამორეტის განმარტებით კი წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ თერმოპოლიუმში გამოსახული ფიგურები ნაწილობრივ ასახავს იმ კერძებსა და სასმელებს, რომლებიც აქ იყიდებოდა...

ანტიკური ქალაქის საზოგადოებრივი კვების ობიექტი გაფორმებულია შესანიშნავად შენახული 2000 წლის წინანდელი ფერადი ნახატებით. სურათებზე გამოსახულია მრავალფეროვანი ჭურჭელი და ცხოველები, მათ შორის ქათამი და ნანადირევი იხვები, რაც იქ მომზადებულ კერძებზე მიუთითებს. სპეციალისტები ასევე სწავლობენ დრაკონისკუდიან ცხენზე ამხედრებული ზღვის ნიმფის გამოსახულებას.

ძაღლი, ქათამი და ნანადირევი იხვები

არქეოლოგებმა ტერაკოტის ქილებში 2000 წლის წინანდელი საკვების - ღორის, საქონლის ხორცის, ლოკოკინებისა და თევზეულის კვალსაც მიაკვლიეს. იპოვეს კერამიკის ნაირგვარი ჭურჭელიც, რომელსაც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად იყენებდნენ, ასევე პატერას სახელით ცნობილი ბრინჯაოს სასმისი, ღვინის მათარები და ამფორები.

რამაზ გურგენიძე