"ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს, საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს - "გააპუტიურეს და გამოისყიდაო" - რას წერს გიორგი კეკელიძე 14 წლის გოგონას ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს, საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს - "გააპუტიურეს და გამოისყიდაო" - რას წერს გიორგი კეკელიძე 14 წლის გოგონას ტრაგედიაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა, რომელიც გუშინ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხებოდა, "TV პირველთან" სკანდალურ აღიარებას აკეთებს. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის ოჯახმა გარიყა. გოგონას მიმარ ოჯახის წევრების დამოკიდებულებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:

"შემძულდა ეგ ბავშვი...დედამ წლის და რვა თვის დატოვა, 6 თვის პენსია გამოუტანია და წაუღია" - ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძის სკანდალური აღიარება

"სირცხვილი გვაჭამაო და ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს -აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც - უხეში და ულამაზო. საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს - ,,გააპუტიურეს და გამოისყიდაო".

იმ გოგონას კიდევ, გზები სულ მოჭრილი ჰქონდა - ან ძალადობა ხვდებოდა გზის ბოლოს ან გულგრილობა. რა გზაც იცოდა, ყველგან ეს დასასრული ეგულებოდა. სხვა გზა კიდევ ჩვენ ვერ დავაგეთ და თვითონ სად მოგვძებნიდა? ვერსად.

ამასწინ დავწერე: " გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხახა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინის თანატოლები ავლენ. ნინი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო." და მერე დავფიქრდი - მე რა ვიცი ნინის რომელიმე თანატოლის დარდის? ან შენ რა იცი? არაფერი. ვერაფერი.

ნინისთვის ბრძოლა, გარდა აქ და ახლა სამართლის აღსრულებისა - უფრო დიდი და მთავარი ბრძოლა - ამ გზის დაგება იქნება - ყველა მოსწავლესთან, სკოლასთან, სოფელთან მიმყვანი გზის - ერთმანეთთან ლაპარაკს რომ გვასწავლის. რომ სხვა ნინი, ელენე, ნათია, გვანცა - გადავარჩინოთ. და ის რომ, ხან ასეთი სიტყვები პათეტიკად გვეჩვენება, გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ყოველდღიურ რუტინად არ ვაქცევთ.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე დააკავეს მოზარდის ბაბუაც.