"მე მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის კანდიდატურას, სწორედ ასეთი პრინციპული მენეჯერი სჭირდება კულტურის სამინისტროს" - კვირის პალიტრა

"მე მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის კანდიდატურას, სწორედ ასეთი პრინციპული მენეჯერი სჭირდება კულტურის სამინისტროს"

"რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშილი, დღეს ქართული კულტურის წარმომადგენლები, ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანები სად იქნებოდნენ, ვინ უწყის"

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გვესაუბრება და კულტურის სამინისტროსა და პარლამენტის კულტურის კომიტეტში მიმდინარე ცვლილებებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, კულტურის სფეროს დღეს სწორედ ისეთი ხელმძღვანელი სჭირდება, როგორიც თეა წულუკიანია - "განათლებული და გამოცდილი", რადგან მემკვიდრეობა მძიმეა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი - ბევრად უფრო რთულია და სჯერა, რომ იგი კარგ გუნდს შემოიკრებს და სამინისტროს თავის ხელს დაატყობს.

- ბატონო დავით, როგორ მუშაობს კულტურის პალატა პანდემიის პირობებში, როცა ღონისძიებები თითქმის არ ტარდება და ბევრი სფერო აბსოლუტურად გაჩერებულია?

- ისეთი ღონისძიებები, რასაც ჰქვია, მაგალითად, ვარსკვლავის გახსნა, კვლავ გრძელდებოდა და ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვმუშაობთ. ბევრი რამ დავგეგმეთ და პანდემია ხელს არ შეგვიშლის. წელს ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ორგანიზატორები ვართ და გვინდა, რომ ეს მასშტაბური ღონისძიება იყოს. უკვე ვიყავი ჩასული აჭარაში, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, იქაური მერია და კულტურის სამინისტრო აქტიურად არიან ჩართულები და სექტემბერში გვინდა დავგეგმოთ. ამ საკითხზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, ვმსჯელობთ.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ნანი ბრეგვაძის კონცერტი აზერბაიჯანშიც, ასევე, ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვების გრანდიოზული ქორეოგრაფიული კონცერტი. მანამდე, ჩაყვანილი გვყავდა ისინი და ღონისძიება ჰეიდარ ალიევის დარბაზში ჩატარდა, სადაც ასე ადვილად არ უშვებენ, თქვე იცით. მოკლედ, შეძლებისდაგვარად ვმუშაობთ.

- ქალბატონ ნანის საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი თაყვანისმცემელი და მეგობარი ჰყავს. თუ გეგმავთ მისი მეგობარი მომღერლების ჩამოყვანას?

- ჩვენ ყველაფერს ვგეგმავთ, თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა. ვინაიდან, ღონისძიება მასშტაბური იქნება, ცხადია, მისი მეგობრებიც ჩამოვლენ. საორგანიზაციო ჯგუფი ჯერ დისტანციურად ვმუშაობთ და მარტიდან უფრო გავაქტიურდებით. მთავარია, რომ აჭარის მთავრობამ მხარდაჭერა გამოთქვა.

- საინტერესოა თქვენი პოზიცია კულტურის სამინისტროსა და პარლამენტში კულტურის კომიტეტთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.

- ალბათ, თითოეული ქართველი დამეთანხმება, რომ უდიდესი შეცდომა იყო, როცა კულტურის სამინისტრო განათლებას შეუერთეს და საერთოდ ჩაიკარგა. შემიძლია ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო დღეს არ არსებობს, ჩამოიშალა და დაინგრა. სწორედ ამიტომ, პირველივე დღიდან მისი გაერთიანების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ცალკე სამინისტროდ ყალიბდება.

მე მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის კანდიდატურას, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი, ასეთი პრინციპული მენეჯერი სჭირდება კულტურის სამინისტროს. უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, ბიუროკრატიული აპარატი და ნულიდან აქვს დასაწყები. იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც თეა ფიზიკურად ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ჯერ ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენო, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

მიხარია, რომ თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული და არა როგორც მინისტრობის კანდიდატი, არამედ - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. არავის ეწყინოს და იშვიათად მინახავს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გარეთ გამოსულიყოს, უმეტესად, იქით იბარებდნენ. ეს ძალიან კარგია, თეა თვითონ ადგილზე ეცნობა, სად რა ხდება. კულტურა ძალიან რთული, ბევრის მომცველი სფეროა და მისი მართვა ასე ადვილი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თეას ყველა მიიღებს და ერთად გააკეთებენ იმ საქმეს, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.

ნებისმიერ სახელმწიფოში კულტურა ქვეყნის სახეა, ჩვენ კი კულტურაც გვაქვს და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეეებიც გვყავს, ამას კი დიდი გაფრთხილება სჭირდება. მიხარია, რომ ქართულ კულტურას თავისი დიდება დაუბრუნდება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ის გუნდი იქნება საინტერესო, რომელსაც თეა შეკრებს და მასთან ერთად გააკეთებენ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ქართული კულტურისთვის იქნება მისაღები და კარგი.

- არიან ადამიანები, ვინც ამ პოსტზე მისი კანდიდატურის დაყენებას სკეპტიკურად უყურებს, მისი პროფესიიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე - მას სხვა კუთხით აქვს განათლება მიღებული. რას შესძენს თეა წულუკიანი ამ სტრუქტურას? რამდენად მოაწესრიგებს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ იურისტი სჭირდება კულტურის სამინისტროს, ნულზეა ყველაფერი, სტრუქტურაა მთლიანად შესაცვლელი. მაგალითად, მე მუშაობა მომიხდა გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც იყო დიპლომატი და შესანიშნავი მინისტრი, მან გარშემო ის გუნდი შემოიკრიბა, რომელთან ერთადაც კულტურის სამინისტროს მართავდა. ეს უნდა ვაღიაროთ. მე ვიმუშავე მასთან ერთად.

როცა კითხვას ვსვამ, თუ ვინ აწერს ხელს პეტიციას, რომ თეა არ დაინიშნოს, ყველა ამბობს, ჩვენ არაო. ჯერ ვაცადოთ ამ ადამიანს. როგორც აღვნიშნე, კულტურის მუშაკთა მართვა არის ძალიან რთული. თეა იქნება თუ სხვა, შეცდომას არავინ აპატიებს, მათ არ ერიდებათ, რომ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.

კულტურის სამინისტროს კარი უნდა გაიხსნას. დაკეტილი ორგანიზაცია იყო, წერილს ჩააბარებდი და პასუხისთვის ორ თვეს უნდა გეცადა ან პირდაპირ გეუბნებოდნენ - ვერ ჩავიბარებთ, ფული არ გვაქვსო. ვიმეორებ, თეასნაირი პრინციპული ადამიანი სჭირდება ამ სფეროს.

ქართული კულტურა მხოლოდ ტაშ-ფანდური არ არის, უდიდესი ქონებაა, ისტორიული ძეგლები, მემკვიდრეობა და ეს სამინისტრო, პირველ რიგში, ჟურნალისტებისთვის უნდა იყოს გახსნილი, მათთვისვეა უკეთესი, რადგან ჟურნალისტი მათზე კარგსაც დაწერს და ცუდსაც, რომ მერე, იგივე შეცდომა არ დაუშვან. ამდენი ბარიერი საჭირო არ არის.

- ვიცით, რომ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ დახმარებას უწევდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება ახლა ფონდის ქველმოქმედება ამ მიმართულებით?

- ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშილი, დღეს ქართული კულტურის წარმომადგენლები, ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანები სად იქნებოდნენ, ვინ უწყის. უკიდურეს გაჭირვებაში დაეხმარა ბევრს. ქართველებს მადლობის თქმა და სიკეთის დანახვა უნდა შეგვეძლოს. ცუდს რომ ვლაპარაკობთ, იმის ძალაც უნდა შეგვწევდეს, ვთქვათ, რაც კარგი გაკეთდა. უშეცდომო, რასაკვირველია, არავინაა, ყველას ჩვენი შეცდომა გვაქვს. მუდმივად ცუდის ძიება არ შეიძლება. ფონდზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ ვიცი.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)