ედგარ პო - ლიტერატურის ჰიჩკოკი - კვირის პალიტრა

ედგარ პო - ლიტერატურის ჰიჩკოკი

"მე სულით ავადმყოფი ვარ, მაგრამ ხშირად სულის სიძლიერის მძიმე შეტევები მაქვს ხოლმე!"

მედია, მკითხველი უკვე გაეცნო ჩვენ მიერ გასულ კვირაში შემოთავაზებულ ფრედერიკ ბეგბედერის რომანს "99 ფრანკი".ცხადია, აღარ ვაპირებ "50 წიგნში" ჩემთვის მართლაც მოულოდნელად "შემოჭრილ" ამ რომანზე საუბარს; მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენი პროექტის მრავალფეროვნებას - ბეგბედერის შემდეგ ხომ ედგარ პოს გთავაზობთ და დამეთანხმებით, ეს ის მწერალია, რომელზეც ვერავინ იტყვის (თუნდაც ბეგბედერისგან ან სულაც ძალიან დიდი მწერლებისაგან განსხვავებით): "ედგარ პო არ მომწონს!" ან "ედგარ პოს მოთხრობებს ვერ ვკითხულობ..." ვფიქრობ, ამის მთქმელი "განწირულია" იმისთვის, რომ ლიტერატურულ გემოვნებაში "ორიანი" დაეწერება.

იქნებ ვინმეს ზედმეტ სითამამედ და პრეტენზიულ განცხადებად მოეჩვენოს ზემოთქმული, ბოლოს და ბოლოს, რა უფლება გვაქვს, ვინმეს ვუკარნახოთ, რა მოეწონოს და რა - არა, მაგრამ ამის თქმა იმანაც გამაბედვინა, რომ საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა მწერლის გარდაცვალებიდან, უამრავ გამოცემასა და ეკრანიზაციას "გაუძლო" და იმ უიშვიათეს ავტორთა შორის გახლავთ, რომელთაც თითქმის არ შეხებია კრიტიკოსთა და კრიტიკომანთა "მსახვრალი კალამი".

"დეტექტიური ჟანრის ფუძემდებელი", "სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის პიონერი", "ლიტერატურის ჰიჩკოკი" (ეს მერე დაიწერა, მანამდე პირიქით - ჰიჩკოკს უწოდეს "კინემატოგრაფის ედგარ პო") - ყველა ეს ეპითეტი დაიმსახურა ედგარ პომ და კიდევ - იმის მიუხედავად, რომ ვალერიან გაფრინდაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და სხვათა შესანიშნავი თარგმანები არსებობს, ჩვენში ნაკლებპოპულარულია ედგარ პოს პოეზია (სამწუხაროდ, ამჯერად ვერც ჩვენ გთავაზობთ მის ლექსებს), დასავლეთში კი ის უდიდეს პოეტადაც არის აღიარებული - პირველ რიგში, როგორც ნოვატორი, ახალი სალექსო ფორმების გამომგონებელი და უფრო მეტად კი როგორც ევროპულ პოეზიაში უკვე მივიწყების პირას მყოფი რომანტიზმის ამღორძინებელი.

ცხადია, სულაც არ არის საკვირველი, რომ ასეთი "უცნაური" მოთხრობების ავტორს ასეთივე არაორდინარული ცხოვრება და ხასიათი ჰქონოდა - ისე, აგერ უკვე მე-11 წიგნს ვბეჭდავთ, მეც ამდენივე წერილის მომზადება მომიხდა, "50 წიგნის" ჯერ გამოუცემელ "კანდიდატებსაც" გადავხედე და სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან ცოტაა მათ შორის, ვინც "ნორმალური", "ადამიანური" ცხოვრებით ცხოვრობდა.  თუმცა ასეთი კალამბურიც შეიძლება ითქვას: "მათ უცნაურობაში არაფერია უცნაური!"

აბა, როგორ შეიძლება, "ნორმალურ" ადამიანს დაეწერა "კლდოვანი მთების ზღაპარი"?! ვერც "მთხრებლსა და ქანქარას" დაწერდა თუნდაც უდიდესი, მაგრამ მაინც "ჩვეულებრივი" მწერალი.

ედგარ პოს "უცნაურობა" კი მისი დაბადებისთანავე დაიწყო - დამეთანხმებით, რომ მოხეტიალე მსახიობთა შვილობა არცთუ ჩვეულებრივი ამბავია; "უცნაურია" მშობლების გარდაცვალების საიდუმლოც - არავინ იცის, ჭლექით დაიხოცნენ, ლოთობით თუ თეატრში გაჩენილ ხანძარს შეეწირნენ (დედამისი ინგლისელი იყო, მამა - ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი)... ამ დროს ის მხოლოდ ორი წლისა იყო და პატარა ობოლი ვირჯინიელმა თამბაქოს ვაჭარმა - ჯონ ალანმა და მისმა მეუღლემ იშვილეს. სწორედ მამობილის პატივსაცემად აიღო მომავალმა მწერალმა მეორე გვარი და გახდა ედგარ ალან პო (თუმცა, "პატივსაცემად" იქნებ შეუფერებელი სიტყვაც იყოს ამ შემთხვევაში, ამაზე ქვემოთ ვიტყვით).

როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ედგარ პო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სხვებისაგან - ხუთი წლისა წერდა, კითხულობდა, შესანიშნავად ხატავდა, მღეროდა, ცხენით ჯირითობდა. დედობილ-მამობილიც არაფერს აკლებდა და ანებივრებდა - პატარობიდანვე ჰყავდა საკუთარი ცხენები, ძაღლები, თქვენ წარმოიდგინეთ - პირადი მეჯინიბეც კი!

ზოგიერთი აღნიშნავს, რომ მწერლის, ხშირად შოკის მომგვრელი ხასიათი (უფრო სწორად - უხასიათობა) მისი ცხოვრების პირობების კონტრასტულმა ცვლილებებმა გამოიწვიაო, მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს - ჯერ არც სიღატაკე ჰქონდა გამოცდილი და არც სხვა შეჭირვება, მაგრამ რამდენადაც მხიარული, ყველასათვის საყვარელი, ხუმარა და მოსიყვარულე იყო მეგობართა თუ ოჯახის წევრთა წრეში, იმდენად რადიკალურად იცვლებოდა თუნდაც ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ და აუტანელი ხდებოდა - როგორც იგონებდნენ, თრობის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა, მაგრამ მხიარული და კეთილი, უცებ გაბოროტებული, გესლიანი და ავსიტყვა ხდებოდა.

ალანები მას არა მხოლოდ ანებივრებდნენ, არამედ განათლებასაც აძლევდნენ - ინგლისშიც წაიყვანეს პრესტიჟულ სკოლაში და ამერიკაში დაბრუნების შემდეგაც, ახალგახსნილ რიჩმონდის უნივერსიტეტშიც "მოაწყვეს".

სწორედ იმ პერიოდში დაიწყო უბედურებები - ხან ბანქოში წაგებული ფულის გადახდაზე მამობილის უარის გამო მისი ხელმოწერა გააყალბა (დედობილი უკვე გარდაცვლილი იყო); ხან გაურკვეველი საქმიანობის ხალხთან რაღაც შარში გაება; მერე საერთოდ წამოვიდა სახლიდან; ამასობაში ჯონ ალანმა მეორე ცოლიც შეირთო, ბიჭიც ეყოლა და ედგარმა საბოლოოდ დაკარგა მემკვიდრეობის მიღების შანსი; როდესაც ძალიან გაუჭირდა, ჯარში ჩაეწერა, რათა ყოფით პრობლემებს მიუჩვეველს თავშესაფარი და საჭმელი მაინც ჰქონოდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ სანიმუშო და მამაც ჯარისკაცად ითვლებოდა, ვერც იქ გაძლო; ისევ მამობილს მიაკითხა და ისიც კიდევ ერთხელ დაეხმარა - მისი კონტრაქტის დასრულებამდე ჯარისკაცობისთვის სხვა დაიქირავა (ეს კანონით დაშვებული ყოფილა), ოღონდ ერთი პირობა წაუყენა - ედგარს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში უნდა ესწავლა; სხვა რა გზა ჰქონდა - დათანხმდა, მაგრამ მალე იქიდანაც გამოიქცა...

და მთელი ამ ბობოქარი დროის განმავლობაში, როდესაც ხშირად შიმშილობდა კიდეც, - ლექსებს წერდა, დიდებულ ლექსებს, რომლებშიც ლუკმაპურის ფულსაც კი არ უხდიდნენ.

ცალკე დიდი თემაა ედგარ პო და ქალები!

არა, იმიტომ არა, რომ ის განსაკუთრებული "მექალთანეობით" გამოირჩეოდა, იქნებ პირიქითაც იყო - შესაძლოა, "ეშინოდა" კიდეც, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ნორმალურ" ქალებს ერიდებოდა!

თავად განსაჯეთ: ჯერ კიდევ ბავშვობაში, უცნაურად უყვარდა თავისი დედობილი, რომელსაც, მამობილისაგან განსხვავებით, ყოველთვის ეთაყვანებოდა; დაწყებით სკოლაში სწავლისას თანაკლასელის დედა შეუყვარდა, რომელსაც ეცოდებოდა ობოლი ბიჭი, სახლში ეპატიჟებოდა, ზრუნავდა მასზე... თანაც მართლა შეუყვარდა - ის ქალი ჯერ გაგიჟდა, შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა და პატარა ბიჭი რამდენიმე თვის განმავლობაში ღამღამობით მის საფლავზე იპარებოდა ხოლმე.

ისიც ხომ ცნობილია, რომ მისი მეუღლე, რომელიც ბიძაშვილად ერგებოდა და მხოლოდ 13 წლისა იყო, როდესაც დაქორწინდნენ, ასევე გონებასუსტი ყოფილა, თუმცა მწერალს გაგიჟებით უყვარდა და სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ დაწერა გენიალური ლექსი "ანაბელ ლი"...

აი, ჩვენმა მუდმივმა პრობლემამაც შეგვახსენა თავი - საგაზეთო ფართის სიმცირის გამო აქ უნდა შევჩერდეთ, თუმცა მის უკანასკნელ "უცნაურობაზე" მაინც უნდა ვთქვათ - 1849 წლის ზაფხულში, "ამ ცხოვრებისკენ მობრუნებული", ხელმეორედ საქორწინოდ გამზადებული, ჯიბეში 1.500 დოლარით (ეს მაშინ დიდი ფული იყო), გაემგზავრა რიჩმონდიდან და ხუთი დღის შემდეგ იპოვეს სრულიად სხვანაირი - ჩამოძონძილი, ჭუჭყიანი და სრულიად არაადეკვატური... რამდენიმე დღეში გარდაიცვალა...

ვინ იყო ედგარ პო - გიჟი, ნარკომანი, ლოთი, დიდი მწერალი თუ ყველაფერი ერთად?!

ალბათ, ალბათ... თუმცა, ყველაზე ზუსტად თვითონ თქვა: "დიახ, მე სულით ავადმყოფი ვარ, მაგრამ ხშირად სულის სიძლიერის მძიმე შეტევები მაქვს ხოლმე!"