"დასავლეთს სილა გააწნეს! ასე დედის რძესავით შეირგებენ?!"- როგორ ეხმაურებიან ნიკა მელიას სასჯელს? - კვირის პალიტრა

"დასავლეთს სილა გააწნეს! ასე დედის რძესავით შეირგებენ?!"- როგორ ეხმაურებიან ნიკა მელიას სასჯელს?

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ხელისუფლებას ნაკლად უთვლიან:

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე: "ბელორუსი, რუსეთი, საქართველო - კარგად მივდივართ", "დასავლეთს სილა გააწნეს! ასე დედის რძესავით შეირგებენ?!"

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

"ხელისუფლებამ გაიჩალიჩა დაძაბულობა და არეულობა"

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"რა ტკბილად ცხოვრობდნენ მიშასთან ერთად, სად გამოტყვრა ეს მელია..."

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის განაწესებთან კონფლიქტში მოდის. პროკურორი განმარტავდა, რომ ბრალდებულმა შეგნებულად, წინასწარ განზრახულად არ შეასრულა გირაოს პირობები და არ გადაიხადა თანხა, რაც სათანადო

ქცევასთან კონფლიქტში მოდის. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ნიკა მელია საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო და ამასთან, მის მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“

თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.