"სადისტი სააკაშვილი კიევიდან გეგმავს რევოლუციას... ცხადია, რომ გახარია რაღაც დიდ საშინელებას გაერიდა" - კვირის პალიტრა

"სადისტი სააკაშვილი კიევიდან გეგმავს რევოლუციას... ცხადია, რომ გახარია რაღაც დიდ საშინელებას გაერიდა"

"ისეთ დაქცეულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მინისტრობა როგორ უნდა გაგიხარდეს?!"

ქვეყანაში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი იქმნება. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, მის მაგივრად ირაკლი ღარიბაშვილი მოდის. გახარიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად გუნდთან ნიკა მელიას საქმეზე არსებული უთანხმოება დაასახელა.

"იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხზე, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია", - აღნიშნა გახარიამ. kvirispalitra.ge შეეცადა გაერკვია, როგორ აფასებენ ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს და პროცესების როგორ განვითარებას ელიან ცნობილი პერსონები.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- მე არ მომწონს გახარიას გადაწყვეტილება, ვერ გავიგე, რატომ გადადგა, რას გაერიდა - "ნაცებთან" დაპირისპირებას?! მე "ნაცებს" არასდროს ვაპატიებ ჩადენილ დანაშაულებს. რა შერიგება, რის შერიგება? მაგათი სახსენებელი საერთოდ უნდა მოისპოს საქართველოში!

- პორტირებული "ნაცების" მიმართაც ასეთივე განწყობა გაქვთ, თუ მათი პატიება შეძელით?

- რას დაიხვიეთ ხელზე ეს პორტირებულები?! ორი მილიონიდან, საქართველოში ვიღაც ან გადაპორტირებული იქნება, ან გადმოპორტირებული. ძალიან გული დამწყვიტა გახარიამ, მაგრამ მიხარია, ღარიბაშვილი რომ მოდის - საქართველოს მისნაირი ძლიერი ხელი უნდა მართავდეს.

მკვლელები და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ნიკა მელიამ რატომ მოიხსნა სამაჯური? რატომ არ იხდის გირაოს თანხას?! იმიტომ, რომ უნდა აქ ერთი ორომტრიალი დაატრიალოს. სულით და ხორცით სადისტი სააკაშვილი კიევიდან გეგმავს რევოლუციას. ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილის რეჟიმი დღემდე არ არის გასამართლებული. რატომ ატარებენ ეს მტარვალები დეპუტატების სტატუსს და რატომ ვუხდი ჩემი ჯიბიდან ხელფასს?!

- ამ ამბავში "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ?

- კი, როგორ არა. თუმცა ყველაზე დიდი დამნაშავე ამ ამბავში ევროსაბჭოა, რომელიც იქიდან მართავს პროცესს და ეს ჯალათები დაგვიტოვეს მთავარ ოპოზიციურ ძალად.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- გული მაქვს დამძიმებული, ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს, სისხლისღვრა დატრიალდება. აუცილებლად გაისვრის ღარიბაშვილი. ეკონომიკა განადგურებულია, სამუშაო ადგილები არ არის, ხალხი ყოვედღე ღარიბდება, ეს კიდევ იძახის, წესრიგს აღვადგენო. ჩვენ ხომ ვიცით, რაც არის ამათი წესრიგი. იმედია, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ხმას ამოიღებენ. აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები. თუ ბიძინას ქონებას საფრთხე არ დაემუქრება, არა მგონია, გაჩერდეს, რუსულ დიქტატურას დაამყარებს.

ცხადია, რომ გახარია რაღაც დიდ საშინელებას გაერიდა. მშიშარა, დამფრთხალი ხელისუფალი ძალიან საშიშია, ვინაიდან, ყველაფერზეა წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

დათო მაღრაძე, პოეტი:

- დღეს ქვეყანაში ორი რეალობა გვაქვს - ტელერეალობაში აპოკალიფსია, ნამდვილ რეალობაში - ცხოვრება თავისი გზით მიდის, მოსახლეობას მშვიდობიანი განვითარება სურს. არ ვიცი, გახარიამ რატომ დატოვა თანამდებობა, მე ის ვიცი, რომ საქართველოს სწორედაც ირაკლი ღარიბაშვილი სჭირდებოდა. მას აქვს უნიკალური გამოცდილება სახელმწიფოს მართვის ასპარეზზე. თავისი კარიერის გზაზე აღზევებაც უნახავს და ვარდნაც. ორივე პოლუსს ღირსეულად შეხვდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ღირსეული კანდიდატია, პრემიერის პოსტზე. დარწმუნებული ვარ, დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, გახარია საინტერესო კაცი ჩანს და სახელმწიფო ასპარეზზე სასარგებლო საქმის კეთების პერსპექტივა, ვფიქრობ, კიდევ ჰქონდა.

კახა გოგიძე, მსახიობი:

- ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და, ზოგადად, საზოგადოებას. ზოგჯერ მგონია, რომ დებილები ვგონივართ. ვის ატყუებენ და აბრიყვებენ ესენი?! ბრეჟნევის დრო აღარ არის, რასაც სამთავრობო არხიდან გვეტყვიან, ის რომ დავიჯეროთ. ჯერ გვითხრეს, ნიკა მელიას დაჭერა-არდაჭერა ჩვენ არ გვეხება, ამას დამოუკიდებელი სასამართლო წყვეტსო, შემდეგ, ჯერ გახარიამ, მერე კი მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ, თურმე, გუნდში მსჯელობდნენ, დაეჭირათ თუ არა მელია.

ისეთი უტიფრები არიან, რომ დაეჭირათ, იმის მტკიცებას დაიწყებდნენ, პოლიტიკური პატიმარი არ არისო. ან იმას, როგორ გვატყუებენ, რომ ვითომ, ხელისუფლების დამხობა უნდოდა ნიკა მელიას?! მე და ჩემს თაობას საკუთარი თვალებით გვაქვს ნანახი, როგორ ხდება სახელმწიფო გადატრიალება.

ზოგიერთები, რომლებიც დღეს მორალისტებად გვევლინებიან, 98%-იანი მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს "გაუბიცებს" ესროდნენ. აი, ის იყო გადატრიალება. 20 ივნისს მეც იქ ვიყავი, ზღაპრები სახელმწიფოს გადატრიალებაზე გონებაჩლუნგებს მოუყვნენ, ჩვენ ამის არ გვჯერა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ნიკა მელია უსამართლოდ დევნილია. რას მიქვია, - გადაიხადე თორემ დაგიჭერ! რა, ბანდიტები არიან?!

ნახეთ, მინისტრობას როგორ ულოცავენ ერთმანეთს, როგორ უხარიათ ამ პოსტის ხელში ჩაგდება. ისეთ დაქცეულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მინისტრობა როგორ უნდა გაგიხარდეს?! ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობა და შარია?! გიხარია? - ე.ი ამ პოსტზე შენ იმისთვის არ მოდიხარ,  ქვეყანას რომ უშველო, პირადი გამორჩენა და გამდიდრება გაქვს მიზნად დასახული. ასეც არის, ცალ-ცალი "კალოშით" მოსულებმა სასახლეები აიშენეს, იმდენი ქონება დააგროვეს, თაობებს ეყოფათ.

20 ივნისის ღამე გულში ბოღმად მაქვს ჩარჩენილი, მაგრამ ახლა კაცურად მოიქცა გახარია, კიდევ ერთი სისხლისღვრა აღარ "შეიტენა". ახლა მეორედ მოსული ღარიბაშვილით გვიპირებენ დასჯას, რუსი დეპუტატის გამო. ვერ შეგვაშინებენ. პირადად ჩემთვის, თავისუფლება მშვიდობაზე ძვირფასია. სიკვდილი მირჩევნია რუსეთის მონობას. არ მინდა მშვიდი და სტაბილური ურთიერთობა ანწუხელიძის, შინდისის ბიჭების მკვლელებთან. ზაზა გახელაძეს დღესაც აწამებენ. ეს ყველაფერი რომ დავივიწყო და რუსებს ჩავეხუტო, ბრინკა უნდა ვიყო და ცოლს ჯაყოს ვაძლევდე.

ხატუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)