რა პრობლემაა, აგერ არ არიან უცხოელი ექიმები? - კვირის პალიტრა

რა პრობლემაა, აგერ არ არიან უცხოელი ექიმები?

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #15)

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ

"სამედიცინო ინსტიტუტდამთავრებულთა 90% ჰაერშია გამოკიდებული"

"დიპლომი რეზიდენტურის გარეშე ფარატინა ქაღალდია"

ჯანდაცვის სფეროში, რაც დრო გადის, სულ უფრო მძიმდება სიტუაცია და ეს რეალობა თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. ბოლო დროს ბევრ "სიკეთესთან" ერთად, მოიშალა სასწავლო პროცესიც. საქართველოში სამედიცინო ინსტიტუტდამთავრებულების 90%-ს დიპლომის შემდგომი განათლების მიღების უფლება მოესპო, - 2011 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეზიდენტების მოსამზადებლად არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. რეზიდენტების მომზადებისთვის სახელმწიფო არც წინა წლებში იკლავდა თავს, მაგრამ რეზიდენტურის გავლა ნებისმიერ კურსდამთავრებულს შეეძლო, თუ ფულს გადაიხდიდა. ამჯერად კი ჯანდაცვის სამინისტრომ იმდენად მცირე კვოტები დააწესა, რომ შესაძლოა მხოლოდ ერთი-ორმა კურსდამთავრებულმა მოახერხოს რეზიდენტურაში საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელება.

თამარი, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული: "ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საკვალიფიკაციო გამოცდა. გვეუბნებოდნენ, ვინც გადალახავს შესაბამის ბარიერს, აუცილებლად მოხვდება რეზიდენტურაშიო. გადავლახე ბარიერი და ვიცოდი, რომ ჩარიცხული ვიყავი. 5-6 თვის შემდეგ გასაუბრებაზე დაგვიბარეს. ზეპირი გამოცდის შემდეგ გავიგეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კვოტები შეუმცირებია და ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, ვერ მოხვდებოდნენ რეზიდენტურაში. გავაპროტესტეთ, აქციები გავმართეთ, ვის არ მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ახლა ახალი წესი შემოიღეს, - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტესტირება უნდა გაიარო. ვინც მიიღებს მაღალ ქულას, ის მოხვდება შესაბამის განაცხადზე. სპეციალობებზე კი შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი ადგილი იყოს. ამ კვოტის იქით რეზიდენტურას ვეღარ გაივლი. სამედიცინო ინსტიტუტდამთავრებულთა 90% ჰაერშია გამოკიდებული. დიპლომი რეზიდენტურის გარეშე ფარატინა ქაღალდია, მხოლოდ უმცროს ექიმად მუშაობა შეგიძლია (როგორც გვითხრეს, უმცროსი ექიმი უფრო დაბალი რანგისაა, ვიდრე ექთანი. - ავტ.). ამ დიპლომით ექთანად მუშაობის უფლებაც არა გაქვს.

იმ დაწესებულებას, ვინც სამედიცინო ინსტიტუტდამთავრებულს ექთანად ამუშავებს, დაჯარიმება გარანტირებული აქვს.

ამიტომ ბევრი რეზიდენტურის გავლას უკრაინასა და რუსეთში ცდილობს, ზოგიერთი სომხეთში მიდის, მაგრამ როგორც გავიგეთ, უახლოეს მომავალში შეიძლება უკრაინის ან სომხეთის რეზიდენტურის დიპლომი საქართველოში არ გამოდგეს".

მათე, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული: "უკვე მეხუთე წელია რეზიდენტი ვარ  და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 10-15 წელიწადში საქართველოში ექიმების დეფიციტი გვექნება. რატომღაც ჩვენს ქვეყანაში არაფერი ხდება ისე, როგორც მიღებულია მთელ მსოფლიოში. რეზიდენტები რეალურ სამუშაოს ასრულებენ, რაშიც მთელ მსოფლიოში მათ ელემენტარულ ანაზღაურებას უხდიან. ყოველ მეოთხე დღეს ვმორიგეობ, მაგრამ ამაში იქით ვიხდი ყოველთვიურად ფულს. 30 წლის ვარ და რით უნდა ვირჩინო თავი, წარმოდგენა არა მაქვს.

მე ვიცნობ ისეთ ექიმებს, რომლებიც ერთ დღეს ავტოგასამართ სადგურზე მუშაობენ, მეორე დღეს რეზიდენტურაში მორიგეობენ და თავზე ქუდი აქვთ ჩამოფხატული, პაციენტებმა რომ არ იცნონ.

მეორე პრობლემაა რეზიდენტების განაწილება. ანაწილებენ ისეთ უღიმღამო კლინიკებში, სადაც პაციენტები არა ჰყავთ. პირველ წელს დამხმარე უნდა იყოს, მეორე წელს ოპერაციების გაკეთება ევალება. არადა, კლინიკაში რეზიდენტს ახლოს არ აკარებენ პაციენტს. დიდი-დიდი აპენდიქტომია გაგაკეთებინონ. არადა, ეს პირველკურსელი რეზიდენტის საქმეა. მესამე წელს რეზიდენტმა კუჭის რეზექცია უნდა გააკეთოს, მაშინ როცა ისე ამთავრებს რეზიდენტურას, ბრმა ნაწლავის ოპერაციაც კი არა აქვს გაკეთებული. საავადმყოფოს უფლება არა აქვს, რეზიდენტს ოპერაცია გააკეთებინოს.

თუ სამედიცინო დაწესებულება ოფიციალურ დოკუმენტში მიუთითებს, რომ რეზიდენტმა ოპერაცია გააკეთა, კლინიკას დააჯარიმებენ, შეიძლება ხელმძღვანელობა დაიჭირონ კიდეც.

აღარავის უნდა ექიმობა. ჯერ 6 წელი უნდა ისწავლო და ფული უნდა იხადო, რომ ფარატინა ქაღალდი მოგცენ, რომლის ძალითაც მედიცინის სპეციალისტის კვალიფიკაცია გენიჭება, მაგრამ ექიმიც კი არ გქვია. მერე

რეზიდენტურაში ან მოხვდები, ან არა. თუ მოხვდი, საკითხავია, რა სპეციალისტი გამოხვალ. კლინიკას იქით უხდი ფულს და სწავლის პროცესიც გიხანგრძლივდება 10-11 წლით. ხარ უპოვარი, ღატაკი და ისიც არ იცი, ამდენი სწავლისა და წვალების შემდეგ იშოვი თუ არა სამსახურს".

მერაბ ჯიბლაძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე:

"ამ რეფორმებს კონკრეტული მიზანი აქვს - უცხოელი ექიმების ჩამოყვანა. ზოგ ექიმს დაიჭერენ, ზოგს სამედიცინო საქმიანობის უფლებას ჩამოართმევენ, ზოგს სამსახურიდან გამოაგდებენ, ახალი თაობა ვეღარ იზრდება და მალე ექიმების დეფიციტამდეც მივალთ.

მაგრამ რა პრობლემაა, აგერ არ არიან უცხოელი ექიმები? ისინი გვიმკურნალებენ! როგორც ვიცი, სპეციალური დელეგაცია უკვე ორჯერ იყო ამერიკაში უცხოელი ექიმების ჩამოყვანის მოთხოვნით. ჯერ კიდევ 1992 წელს შევხვდი ამერიკის საელჩოს ატაშეს, ბატონ ჰატჩინსონს, რომელიც საქართველოში განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას კურირებდა(?!). ამერიკელებმა ოცი სტუდენტის მომზადება იკისრეს. ოცივე იურისტი ან ეკონომისტი უნდა ყოფილიყო. ვთხოვე, ჩვენ თვითონ ავარჩევთ, რა სპეციალობის ხალხი გვჭირდება, 30%-ით მაინც მოგვეცით სპეციალობის არჩევის საშუალება-მეთქი. იურისტებისა და ეკონომისტების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერების სპეციალისტები, ექიმები გვჭირდებოდა.

მიპასუხა, თქვენ რაში გჭირდებათ მძიმე მეცნიერებაო... მაშინ გავიგე პირველად ასეთი ტერმინი. მძიმე მეცნიერება ყოფილა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. გაოგნებულმა მკითხა, ექიმები რაში გჭირდებათ, თქვენ ხომ განვითარებადი ქვეყანა ხართ, თქვენ მხოლოდ ექთანების მომზადება გჭირდებათ, უფრო მაღალი დონე თქვენთვის საჭირო არ არისო. ვკითხე, მაშ, რა ქნან ჩვენმა ავადმყოფებმა-მეთქი? მიპასუხა, წამოვიდნენ ჩვენთან და ვუმკურნალებთ, ან გამოვგზავნით წითელი ჯვრის ექიმებს და ისინი ჩაატარებენ ოპერაციებს. როგორ შეიძლება ოპერაციების ჩატარება განვითარებად ქვეყანაშიო.

ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებამ იღვაწა იმისთვის, რომ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო, ამას კი გრანტები და ჰუმანიტარული დახმარებები მოჰყვებოდა. ამიტომაც საქართველოსაც იმ პირობებით უნდა ეცხოვრა, რა პირობებითაც ცხოვრობენ განვითარებადი ქვეყნები. უკვე ცხადია, რომ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ბატონი ჰატჩინსონი ამბობდა. უბედურება ის არის, რომ აქ ჩამოიყვანენ ხელმოცარულ ხალხს, რომელთა ხელში მოხვედრას არავის ვუსურვებ.

უცხოელი ექიმების ჩამოყვანა სხვა რამითაც არის "მიმზიდველი" - საერთაშორისო ორგანიზაციები დააფინანსებენ და ასე დაზოგავენ ჩვენი ხელისუფალნი ბიუჯეტის ფულს მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე.

საქართველოს ჯანდაცვა დღეს 50-60 წელს გადაცილებული ექიმებით სულდგმულობს, მაგრამ მათ ახალი თაობის აღზრდის საშუალებაც მოუსპეს.

ნიჭიერები საზღვარგარეთ გარბიან, მათი აქ დაბრუნების შანსი ძალზე ნაკლებია. თუ საქართველო წითელმა ჯვარმა დაიპყრო, კატასტროფა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის".

თემურ პირველაშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე: - სახელმწიფო აფასებს ქვეყანაში მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების იმ ბაზას, რომლითაც შესაძლებელია რეზიდენტების მომზადება. აკრედიტაციის შესახებ განაცხადი დაწესებულებას შეუძლია საკუთარი ინიციატივით შემოიტანოს.

- სამინისტრო აკრედიტაციას ყველას აძლევს?

- დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ კრიტერიუმებს, რათა ესა თუ ის სპეციალისტი მოამზადოს. ამიტომ სააგენტო შეისწავლის განაცხადის შემომტანი დაწესებულებების რესურსებს. შემდეგ განიხილავენ საბჭოს სხდომაზე და ანიჭებენ კვოტებს, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია დაწესებულების სიმძლავრეზე. ყველა, ვინც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებს აბარებს. ვინც ჩააბარებს, ის მოიპოვებს დიპლომის შემდგომი განათლების მიღების უფლებას. სხვებს შეუძლიათ უმცროს ექიმებად იმუშაონ. უმცროსი ექიმი დაახლოებით ექიმის თანაშემწეა, რომელსაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება არა აქვს.

- რეზიდენტების მომზადების სახელმწიფო პროგრამა აღარ არსებობს, რა უნდა ქნან იმ სტუდენტებმა, რომელთაც უმაღლესი ქულები აქვთ, მაგრამ გადახდისუუნარონი არიან?

- ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია... სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს იმ დარგებს, რომლის განვითარებაზეც ორიენტირებულია ქვეყანა.

- სამედიცინო დარგი პრიორიტეტი არ არის?

- იქ, სადაც კადრების სიჭარბეა, ბუნებრივია, სახელმწიფო თავს შეიკავებს დაფინანსებისაგან.

(გაგრძელება იქნება)