"ექიმმა შვილი მომიკლა" - კვირის პალიტრა

"ექიმმა შვილი მომიკლა"

"ექიმმა სტუმრებთან იქეიფა, მე კი მკვდარი შვილი მივიყვანე სახლში"

რედაქციას აბაშიდან გიგლა გიგინეიშვილი დაუკავშირდა, შვილი დაუდევარმა ექიმებმა მომიკლეს და სამართლის პოვნაში დამეხმარეთო. აფხაზეთიდან დევნილი  60 წლის ლუიზა გიგინეიშვილი გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით ქუთაისის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამა აბაშის საავადმყოფოს კარდიოლოგს, ელგუჯა ფოჩხუას გულგრილობაში ადანაშაულებს.

გიგლა გიგინეიშვილი: - 26 იანვარს, დილით, ლუიზა ცუდად გახდა. ტაქსიში ჩავსვი და პოლიკლინიკაში გავუშვი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეორე სართულზე თავისი ფეხით ავიდა, მაგრამ კარდიოლოგმა ელგუჯა ფოჩხუამ არ მიიღო, არ მცალიაო. ჩემი შვილიშვილი გაბრაზებულა, ძალიან ცუდად არის და აუცილებლად უნდა გასინჯოო. ჩემს შვილს ისე გადაუღეს კარდიოგრამა, ექიმმა არც იცოდა. როდესაც კარდიოგრამა მიუტანეს, ფოჩხუას უთქვამს, არ მომწონს, ინფარქტს ჰგავსო.

პოლიკლინიკაში სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. მხოლოდ ექთანი და მძღოლი მოვიდნენ. არავინ ახლდათ, ვინც საკაცით ჩაიყვანდა ავადმყოფს. ფოჩხუამ და მისმა ექთანმა ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში მიატოვეს, არ გვცალია, სტუმრები გვყავსო. ჩემი შვილი საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, დახმარება კი გაუწიეს, მაგრამ ამ დროს წნევა დაეცა 60-40-ზე.

ნახევარი საათის მერე საავადმყოფოში ვნახე ფოჩხუა, ექიმებს ეუნებოდა, ავადმყოფს ვერაფერს გავუკეთებ, ზუგდიდიდან გამოიძახეთ რეანიმობილი, რომ თბილისში გადაიყვანონო. მხოლოდ სტუმრებსა და მათ პატივისცემაზე ფიქრობდა. 9-10 საათი ველოდეთ ზუგდიდიდან მანქანას და საღამოს 7 საათზე მოვიდა. არადა, თურმე რვა მანქანა ჰყოლიათ, მაგრამ ფულს ელოდნენ. რომ ეთქვათ, 800 ლარს კი არა, 8 ათასს გამოვნახავდი და შვილი ცოცხალი მეყოლებოდა. ელგუჯა ფოჩხუამ ღამის 2 საათამდე სტუმრებთან იქეიფა, მე კი გარდაცვლილი შვილი მივიყვანე სახლში. შვილიშვილი მყავს ჯარში. დედის ამბავი რომ გაიგო, წამოვიდა და ქუთაისის გზაზე ჩაუსწრო ჯერ კიდევ ცოცხალს. ხელებში ჩააკვდა დედა.

ყურადღება არ მომაქციეს, ძაღლად არ ჩამაგდეს და შვილი მომიკლეს. ეს კაცი კიდევ ბევრს შეუქმნის საფრთხეს, სხვასაც მოკლავს და ეს რომ არ მოხდეს, დამეხმარეთ. პროკურატურაში ვაპირებ საჩივრის შეტანას. Uუკან არ დავიხევ, რადგან ელგუჯა ფოჩხუა ჩემი შვილის მკვლელია".

ნანა ფაჟავა, ჟურნალისტი: "გიგლა გიგინეიშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველია და დაზღვევის პოლისი აქვთ. როგორც ჩანს, ავადმყოფის დახმარება იმის გამო დააგვიანეს, რომ 8 საათის განმავლობაში ბჭობდნენ, ვინ გადაიხდიდა რეანიმობილის თანხას. ამ თანხას პაციენტის ოჯახი იხდის, მაგრამ თუ ეს იყო პრობლემა, გიგინეიშვილებისათვის ეთქვათ მაინც. აბაშის საავადმყოფოს ექიმმა პაატა ქურდოვანიძემ მითხრა, რომ აბაშაში ჩამოსვლაზე ზუგდიდმაც და ქუთაისმაც უარი თქვეს.

ლუიზა გიგინეიშვილი პოლიკლინიკაში რომ მიიყვანეს, ექიმ ფოჩხუას მისი მიღებაც არ უნდოდა, ხვალ მოდით, დღეს სტუმრები მყავსო. არც მაშინ გაუნძრევია ხელი, როცა კარდიოგრამა ნახა და ინფარქტზე მიიტანა ეჭვი. სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მოვიდა, ლუიზა გიგინეიშვილი მანქანამდე თვითონ მივიდა და ამით უფრო გაირთულა მდგომარეობა.

გიგლა გიგინეიშვილმა პრეზიდენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს რომ მიმართა, მერე დაინტერესდნენ. ჯანდაცვის სამინისტროდან ხუთკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა ფაქტის შესასწავლად. იმუშავეს, დოკუმენტაცია წაიღეს და ისე წავიდნენ, დაზარალებულებს არც შეხვედრიან".

როგორც შევიტყვეთ, კარდიოლოგი ელგუჯა ფოჩხუა და აბაშის საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაატა ქურდოვანიძე გამოძიების დასრულებამდე კომენტარზე უარს ამბობენ. ნანა ფაჟავამ კი პაატა ქურდოვანიძესთან საუბრის ფარული ჩანაწერი მოგვაწოდა: "ავადმყოფის რეანიმაციაში გადაყვანა იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ რეანიმაცია არ გვაქვს. ქუთაისმა გვითხრა, ძალიან დაკავებული ვართ და დაგვაგვიანდებაო. მერე ზუგდიდს დავუკავშირდით, მათაც იგივე გაგვიმეორეს, ცოტა დაგვაგვიანდებაო. ცოცხალი მოწმე მყავს, დათო ფიფია, რამდენჯერ დავრეკე, რომ გვიანდებოდა, მაგრამ...".

მარი ზანდუკელი