უხერხული ასოციაცია - კვირის პალიტრა

უხერხული ასოციაცია

"გულივერს საქართველოში ბოტები დარჩენია..."

გიგა ბათიაშვილი: "თქვენ მისვამთ ისეთ კითხვას, რომელზედაც პასუხი უხერხულია"

"კვირის პალიტრამ" თავის საიტზე გამოაქვეყნა მერიის სათათბირო ორგანოს -  ისტორიული საბჭოს მოწონებული პროექტის ფოტო, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოჭარბებული ფანტაზიითა და ენაკვიმატობით გამორჩეულმა მკითხველებმა ჯერ აუშენებელ ობიექტს  სხვადასხვა სახელიც კი მოუფიქრეს, მაგრამ მისი დანიშნულება ვერავინ ამოიცნო. ამჯერად განვმარტავთ, რომ პროექტით წარმოდგენილი  ნაგებობა ნამდვილად არ იქნება:  "კოსმოდრომი", "დიოგენეს კასრი", "საიქიოს ტუნელი", "ადგილი მიშიკოს სამთავრობო სხდომების ჩასატარებლად", ან ვინმეს "ტრუბაში გასაძვრენად", მით უმეტეს არ არის "საოხრე" ან კიდევ, როგორც წერთ, "ბოტი, რომელიც გულივერს დარჩა"... ან "კანალიზაციის მილი". ვწუხვარ, თქვენ ვერ გამოიცანით!..

ფოტოზე საკონცერტო და საგამოფენო დარბაზებია ასახული, პროექტი კი ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის კომპანიას ეკუთვნის. და რადგანაც ეშმაკს არასდროს სძინავს, ყოველი შემთხვევისთვის  დავძენ, რომ პროექტზე თანდართული ლოგო ნამდვილად ფუქსასისაა, აი, მაკეტის შემქმნელის ვინაობა კი მერიაშიც არ იციან(!).

მაშ ასე, რას გვეუბნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ფორმები და რამდენად უთავსდება ის "ძველ თბილისს". "კვირის პალიტრა" გთავაზობთ მერიის, საზოგადოების წარმომადგენლებისა და ქართველი არქიტექტორების "ფიქრებს მტკვრის პირას"... ერთ-ერთმა არქიტექტორმა პირად საუბარში ისიც კი გვითხრა, რომ ამ პროექტით თბილისელები გაგვ(რიყე)სო.

KvirisPalitra.Geარისის მტკვარ(ისი)...

არისი ბოჭოიძე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი: "პროექტი მოიწონა მერიის სათათბირო ორგანომ - ისტორიულმა საბჭომ, რომელიც კულტურის სამინისტროს და საკრებულოს წარმომადგენლებით თანაბრად არის დაკომპლექტებული, ერთ-ერთი ობიექტი (უფრო დახურული ტიპის)  იქნება საკონცერტო დარბაზი, რომელიც  დაახლოებით 500 კაცს დაიტევს, მეორე (რომელშიც უფრო მეტი შუშაა გამოყენებული) საგამოფენო დარბაზის პროექტია. ეს ორი შენობა ერთმანეთში გადადის და გადმოდის.

შუშის ხიდი და ეს ნაგებობები ერთ კომპოზიციას შექმნიან.

ეს პროექტი ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის კომპანიამ შემოიტანა და გეტყვით, რომ ნამდვილად არ არის ცუდი.

ფუქსასის კომპანია ერთ-ერთი ცნობილია მსოფლიოში და ჩემი აზრით, შედის ათეულში თუ არა, საუკეთესო ოცეულში მაინც. ჩვენ საზოგადოების აზრსაც და შენიშვნებსაც ვითვალისწინებთ.

- შეგიძლიათ თუ არა დააზუსტოთ, როდის და რა შემთხვევაში გაითვალისწინეთ  ქართველი არქიტექტორების შენიშვნები?

- დაზუსტება გამიჭირდება, ჩვენთან  თვეში დაახლოებით 3000-მდე განაცხადი შემოდის.

- "კვირის პალიტრის" საიტზე საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა.

- ჯანსაღი კრიტიკა  ყოველთვის მისაღებია, არაჯანსაღზე კი ყველას შესაბამისი რეაქცია ექნება.  ვფიქრობ, ერთი ფოტოთი ძნელია დასკვნის გამოტანა (Mმთავარი არქიტექტორი სხვა ფოტოებსაც გვიჩვენებს, სადაც საგამოფენო და საკონცერტო დარბაზების შიდა ინტერიერებიც არის ასახული). დავამთავრებთ ამ მშენებლობებს, კომპოზიცია შეიკვრება და მერე ვიმსჯელოთ, რა არის კარგი და რა ცუდი...

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრა" ისტორიული საბჭოს "ოპოზიციონერ" წარმომადგენელს, ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა და პროექტზე აზრის გამოთქმა სთხოვა:

- ვაიმე, ეს რა არის? - შეიცხადა სამუშიამ.

- ეს პროექტი თქვენმა საბჭომ მოიწონა!

- რას ჰქვია, მოიწონა? საერთოდ, ჩატარდა კი საბჭოს სხდომა?! - აქეთ მოგვაყარა კითხვები ბატონმა ჯაბამ.

სანდრო სარალიძე, არქიტექტორი: "მრჩება აზრი, რომ დამკვეთიც და შემსრულებელიც ერთი და იმავე წრის ადამიანები არიან.

არ მომწონს პროექტი. მიტოვებული კანალიზაციის მილების ასოციაცია გამიჩნდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია".

ლევან სარაჯიშვილი, არქიტექტორი: "მთავარია, დაცულ იქნეს პროპორციები, მასშტაბები... ყველაფრის ხელაღებით დაწუნება კი ნამდვილად არ შეიძლება.

ყველაფერ ახალს დრო სჭირდება, რომ კარგად აღიქვა თანამედროვე ფორმები".

"უფუნქციო ხიდი და აბსურდული გვირაბი"...

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: "ეს რომ დიღმის ველებზე გაკეთებულიყო, შესანიშნავი იქნებოდა. იქ, მტკვრის ჭალაში, სადაც ახლა საბავშვო პარკი შენდება, ასეთი რამ კარგიც იქნებოდა, მაგრამ დიდგორის ველზე არ მინდა, არც რიყეზე მინდა! გაკვირვებული ვარ, რომ ამ პროექტს ფუქსასის ლოგო აქვს... ის ერთ-ერთი აღიარებული არქიტექტორია მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, არც უნახავს ეს ფოტოები და ადგილი, სადაც  ამის გაკეთებას აპირებს. მას არ წარმოუდგენია ის მთლიანი პანორამა, რომელიც რიყეს გარშემო აკრავს. იწყება ნარიყალას მთაგორიდან...

მოჩანს ციხესიმაგრე, მამადავითი. ფუქსასს არ უნახავს  მეტეხის ეკლესია, სიონისა და გორგასლის სანაპირო... ასეთი ფანტასტიკური დიადემის, ამ საოცარი გვირგვინოვანი თაღის გულში უზარმაზარი ნაგებობის ჩასმა სრულიად გაუგებარია. მსოფლიოში არ არსებობს ძველი თბილისის ანალოგი. როგორც  შუშის  ხიდი არ ასრულებს თავის ფუნქციას, ვერც ეს ნაგებობანი შეასრულებენ!

ანეკდოტია, ავაშენეთ ხიდი, რომელიც არსად არავის გადაიყვანს... ახლა კი ვაშენებთ გვირაბს რიყეზე! ნებისმიერმა მოკვდავმა იცის,  ვინც უნდა იყოს ის, სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, გვირაბი არსებობს მხოლოდ მიწის ქვეშ, მთაში ან კლდეში. ზედაპირზე აშენებული გვირაბი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. თუმცა, არსებობს მიწის ზემოთ აშენებული "გვირაბი-გალერეა"...

ანუ ცალმხრივად გახსნილი, გოგირდის აბანოდან რომ შეხვიდოდი, გამოხვიდოდი და თვალწინ ქარვასლების მშვენიერი პანორამა იხსნებოდა. საინტერესოა, ვინ უკარნახა ფუქსასს ამ ექსპერიმენტის ჩატარება? ალბათ, შუშის ხიდის ფოტო აჩვენეს და კაცმა იფიქრა, თუ ასეთი ერთი ალოგიკური რამ არის გაკეთებული რიყეზე, რატომ არ შეიძლება მეორე "აბსურდის" გაკეთებაცო? ალბათ, აქედანაც ახრჩობდნენ სახელოვან არქიტექტორს, ჩქარა, ჩქარაო... ვფიქრობ, ამ მაკეტის ავტორი თავად ფუქსასი არ არის!  ჩვენ, ორივენი ერთი დიდი აკადემიის წევრები ვართ, პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს და ვფიქრობ, მას არ მისცეს საშუალება, გასცნობოდა ლანდშაფტს.

არქიტექტურაში არსებობს ერთი აქსიომა, ადგილმდებარეობა გკარნახობს ასაგები ობიექტის ფორმასა და შინაარსს. თავად არქიტექტურა კი ეროვნული ფილოსოფიის შედეგია... დიახ, ერთგვარი ფილოსოფიაა... იდეოლოგია... ქმნის გარემოს, რომელიც ახდენს ადამიანთა ფსიქიკის ფორმირებასაც, რომლებიც შემდეგ ამ გარემოში ცხოვრობენ. ამიტომ გასათვალისწინებელია იმ პროფესიონალების აზრი, ვინც  შემოქმედია და არა  მომხმარებელი... იმიტომ, რომ შემოქმედი ქმნის ეპოქას, რაც არ ძალუძს ჩვეულებრივ მომხმარებელს.

- და მაინც, რას გვეუბნება ეს თანამედროვე გვირაბისებრი ფორმები, თუკი არქიტექტურა მართლაც ფილოსოფიური აზროვნების  მანიშნებელია?

- თქვენ მისვამთ ისეთ კითხვას, რომელზე პასუხიც უხერხულია.

- არც პროექტით წარმოდგენილი ნაგებობის შიდა ინტერიერი მოგწონთ?

- რა ვქნა, არ მომწონს... შიგნიდან მეტროსადგურის გვირაბს ჰგავს. თუმცა ჩემი მოსაზრება არავის აინტერესებს. თავის დროზე რკინიგზის თბილისის ზღვის გადაღმა გადატანაზე გამოვთქვი შენიშვნა, მაგრამ პასუხიც არ გამცეს. ეს ყველაფერი ფორმალობაა, ჩემო კარგო. აშენდება ეს გვირაბიც, გავა ათეული წლები და ჩვენი შვილიშვილები დაიწყებენ ამ ეპოქის გინებას, მე კი არ მინდა ასე მოხდეს.

- საქართველოში უცხოელ არქიტექტორებს რატომ ანიჭებენ უპირატესობას?

- რა გითხრათ... 50-იანი წლებიდან არ ჩატარებულა არც ერთი მსოფლიო კონგრესი, სადაც ჩვენი სტუდენტები არ გამხდარიყვნენ ლაურეატები. როგორ შეიძლება, ჯვრისა და სვეტიცხოვლის პატრონ ქვეყანაში არ იყვნენ ნიჭიერი არქიტექტორები? მაგრამ ერთ დღეს ერთმა ამა ქვეყნის ძლიერმა განაცხადა, საქართველოში არქიტექტორები არ გვყავსო და ამიტომაც ანიჭებენ უცხოელ არქიტექტორებს უპირატესობას.

P.S. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პერსონა, რომელმაც შექმნა მაკეტი, უკვე აღარ მუშაობს ფუქსასის კომპანიაში. ამის დასაზუსტებლად მივმართეთ კომპანიას და შეკითხვა ელმისამართზე გადავუგზავნეთ, თან დავურთეთ მაკეტის ფოტოებიც, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია. მერიაში კი აცხადებენ, რომ პროექტი ფუქსასის კომპანიის სახელით მიიღეს და არც აინტერესებთ, რომელ შტრიხსა და დეტალზე კომპანიის რომელი წარმომადგენელი მუშაობდა.

P.P.S. პირადად მე ბატონი გიგას მონათხრობმა "დათა თუთაშხიადან" გვირაბის თხრის ეპიზოდი გამახსენა და არქიტექტურის ფილოსოფიასა და ადამიანის ფსიქიკაზე მისმა გავლენამ დამაფიქრა. თუმცა, ფუი ეშმაკს!.. რა კავშირი აქვს არქიფო სეთურის გვირაბს საკონცერტო ან საგამოფენო დარბაზებთან?!

www.kvirispalitra.ge

ია: რა უგემოვნო კონსტრუქციაა, კოსმოდრომია თუ ქალაქი?

ბალთაზარ კოსა: ალბათ თანამედროვე კასრს აშენებს მიშიკო, დიოგენესავით რომ დაგვმოძღვროს.

ლიმო-63: ეს რა არის? პატარა კოლაიდერია მიშას დასაცავად. მიშას კი უყვარს გვირაბებში და "ტრუბებში" შეძრომა და სამთავრობო სხდომების ჩატარება.

თიკო: აბა, ბუდა ბარი იქნება მანდო?!

გამი ბედია: საინტერესოა, ამ "ტრუბაში" ვის გააძვრენენ.

დონ: ვაი თქვენს პატრონს, ადრინდელი რიყე ჯობდა? ვისაც არ მოგწონთ საქართველოს შენება, დაახვიეთ!

გუნცი: "საიქიოს ტუნელი".

კლოდელი: გულივერს ბოტი დარჩენია.

ივერსკი: თვითმფრინავი ჩამოვარდა? ეგ ალბათ კუდია და დანარჩენი სადაა მიბნეული? ჰავლაბარში?

კონსტანტინე: კარგი იქნება, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ისე აშენდეს შენობა, რომ საერთო არქიტექტურიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი არ იყოს. იმ ხიდის არ იყოს...

გაგა: მსგავს არაფრისმთქმელ პროექტებში ფულის ხარჯვას, სჯობს სავალალო მდგომარეობაში მყოფ ბარათაშვილის ხიდს მიხედონ.

***მე უფრო მიშას გასაქცევი ხვრელები მგონია, ბუნკერთან ექნება მაგას კავშირი.

დავითი: გული მიკვდება ქართველი არქიტექტორების მაგივრად.

ზაზა: ნეტავი ბიძია ფროიდი რას იტყოდა?

გრიშა: ღმერთო, შენ მიშველე! ეს რა უბედურებაა! ნუთუ ესეც გონიერი ადამიანის შექმნილია?! ამაზე იტყვიან, ადამიანის გონებას აქვს საზღვრები, მაგრამ სისულელე უსაზღვროაო!

ქალაქელი: ამას არ ჯობდა რესტორანი "დედა ზოია" ან "მეგრელები"? ამისთვის ვიდექით წვიმაში?!

დათკა: ძალიან მაგარია, ეს მარცხენა "ტრუბა" ჩემი მანქანის "გლუშიტელს" ჰგავს.

სიუჟეტი ამ თემაზე იხილეთ palitratv.ge-ზე

www.kvirispalitra.ge

გამოგვეხმაურეთ, შეაფასეთ პროექტი და გამოხატეთ თქვენი მოსაზრება.