"ჯერ საკმარისი ვაქცინა არ არის, მხოლოდ რისკ-ჯგუფები, მედპერსონალი და მოხუცები აცრეს" - კვირის პალიტრა

"ჯერ საკმარისი ვაქცინა არ არის, მხოლოდ რისკ-ჯგუფები, მედპერსონალი და მოხუცები აცრეს"

"მოსახლეობის შეგნება იმდენად მაღალია, ისე გათავისებული აქვთ ყველაფერი, სიმკაცრე არც არის აუცილებელი. ქუჩაში დილის 6-7 საათზეც ვერ ნახავთ უნიღბო ადამიანს. კაფე-ბარები დიდი ხანია გაიხსნა, ოღონდ ღია სივრცეში. ზამთრის გამო სივრცე პლასტმასის მასალითაა შემოღობილი სითბოსთვის და მიმსვლელებს თითო-თითოდ უშვებენ"

25 წელია ნინო ტაბატაძე ოჯახთან ერთად ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ჰაკენსაკში ცხოვრობს. დროთა განმავლობაში ოჯახმა პატარა ბიზნესიც წამოიწყო და მყარად დამკვიდრდა ახალ და უცხო გარემოში, თუმცა საქართველოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტიათ. ნინო ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, მისი ქალიშვილი კი, თამუნა ცხვედიაშვილი, ერთდროულად ბიოლოგიისა და ექთანის ბაკალავრია, ლოს-ანჯელესში ცნობილ კლინიკაში მუშაობს, სადაც ორგანოების ტრანსპლანტაცია კეთდება. ნინო და თამუნა ახლახან აცრეს ორჯერადად "ფაიზერით" და მათ გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინა 10 დეკემბერს დაამტკიცა და შტატებში 14-დან დაიწყო აცრები. მე და ჩემმა შვილმა ორივემ გავიკეთეთ. ოჯახში არავის გადაგვიტანია კორონა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი საავადმყოფოში მუშაობს.

ამერიკაში აცრა ნებაყოფლობითია, მოხუცები აცრეს და როცა პერსონალს შემოგვთავაზეს, უარი არ მითქვამს. რამდენიმე მოხუცის გარდა, ვისაც ალცჰაიმერის გარდა, სხვა დაავადებაც ჰქონდათ, ყველა აიცრა.

- რომელი ვაქცინით აიცერით და უკუჩვენება თუ გქონდათ?

- აქ "ფაიზერსა" და "მოდერნას" იყენებენ. როგორც ამბობენ, "მოდერნა" სამჯერ ძლიერია, ვიდრე "ფაიზერი", ამიტომ ვინც "მოდერნა" გაიკეთა, მათგან ვიცი, 3-4 დღეს დაბალი სიცხეები და ორგანიზმში რაღაც ცვლილებები ჰქონდათ. ზოგს გვერდითი მოვლენები არც ჰქონია, მოკლედ, ინდივიდუალურია ყველაფერი. მეორე აცრა (პირველი გაკეთებიდან 21-ე დღეს კეთდება) თებერვალში გავიკეთე და მეორე ნანემსარი აღარ მტკენია, პირველად კი მხარი მტკიოდა, ნანემსარი მაწუხებდა. ვინც ჩვენს თავშესაფარში აიცრა, ყველამ ნორმალურად გადავიტანეთ.

- თქვენთანაც არის სკეპტიკურად განწყობილი კატეგორია, ე.წ. ანტივაქსერები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აცრის კამპანიას?

- მცირე პროცენტი შეიძლება იყოს, მაგრამ უმრავლესობა იმ აზრზეა, რომ ვირუსს უფრო მძიმე შედეგი მოაქვს, ვიდრე ვაქცინას, შესაბამისად, უნდა აიცრან. კლინიკებთან რიგი დგას, წინასწარ ეწერებიან. როგორც ვიცით, აცრის შემდეგ 6-დან 9 თვემდე დაცული ხარ, თუმცა არც დაზღვეული ხარ, რომ ვირუსი არ შეგხვდება, თუნდაც იოლ ფორმებში, გარანტია გაქვს, რომ ვირუსი გართულებას არ დაგიტოვებს. ამიტომ გვირჩევენ აცრას. თუმცა ჯერ საკმარისი ვაქცინა არ არის. მხოლოდ რისკჯგუფები, მედპერსონალი და მოხუცები აცრეს.

- რეკომენდაციებს იცავენ ამერიკელები? იქაც გამკაცრებულია ზომები? - დიახ, იცავენ. მოსახლეობის შეგნება იმდენად მაღალია, იმდენად გათავისებული აქვთ ყველაფერი, სიმკაცრე არც არის აუცილებელი. ქუჩაში დილის 6-7 საათზეც ვერ ნახავთ უნიღბო ადამიანს. კაფე-ბარები დიდი ხანია გაიხსნა, ოღონდ ღია სივრცეში. ზამთრის გამო სივრცე პლასტმასის მასალითაა შემოღობილი სითბოსთვის და მიმსვლელებს თითო-თითოდ უშვებენ.

- ეკონომიკურად რა შეცვალა პანდემიამ?

- ჩვენ არ შეგვხებია ფინანსური კრიზისი, სამსახური არ დაგვიკარგავს. მეუღლეს გადაზიდვის ბიზნესი აქვს, მე მოხუცთა თავშესაფარში ვმუშაობ, ჩემი შვილიც მუშაობს. მთავრობამ ერთჯერადი დახმარებაც გამოყო, არც ისე დიდი თანხა ამერიკელებისთვის, მაგრამ ზოგისთვის მაინც შვება იქნებოდა - თავიდან 600 დოლარი იყო, მერე 400 დოლარზე ჩამოვიდა.

ბავშვებზე ცალკე დახმარება გაიცემა. გრძელვადიანი კრედიტები გამოყვეს მათთვის, ვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი აქვთ და მერე შეიძლება სულაც აპატიონ, არის ამაზეც ლაპარაკი.

ვინც სამსახურის გარეშე დარჩა, მათ ყოველკვირეული ხელფასი ერიცხებათ. ასე რომ, ქუჩაში არავინ დარჩენილა. მარტში თითოეულს 1.400 დოლარს გვპირდებიან. სანამ ტრამპი იყო, ერთჯერად 2.000 დოლარზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ სენატმა არ დაამტკიცა.

- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორმაგი პირბადის ტარების რეკომენდაცია უკვე გასცა? ამბობენ, რომ ორმაგი პირბადე ვირუსისგან 92,5%-ით დაცულობას ნიშნავს... - ჯერ არ გაუციათ ეს რეკომენდაცია, მაგრამ ბევრს აქამდეც ეკეთა ორმაგი პირბადე. კარგია დისტანცია, პირბადე და ჰიგიენაც, მაგრამ მოსახლეობის 90%-მა თუ ვაქცინაცია არ ჩაიტარა, არა მგონია, ვირუსს მოვერიოთ. რა თქმა უნდა, ანტივაქსერული განწყობა აქაც არის. სჯერათ, რომ ვირუსი ხელოვნურადაა გავრცელებული.

- ხალხის ინფორმირება თუ ხდება, ვაქცინასთან დაკავშირებით საკმარისი აგიტაცია მიდის?

- ბევრი სტატია ქვეყნდება. ესპანური გრიპის მძვინვარების დროს მსხვერპლი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ახლა - 50 მილიონი კაცი დაიღუპა. ამას კორონას ვერც შეადარებ. მაშინაც ვაქცინამ უშველა ამ პრობლემას, ასე რომ, სხვა გზა არა გვაქვს.

ისრაელმა მთელი მოსახლეობა აცრა და სახიფათო რომ იყოს, ხომ არ გაწირავდა? ის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც იყიდა ვაქცინა, მთელი მოსახლეობა აცრა და შემცირდა კიდეც დაავადებულთა რიცხვი. ისრაელი ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, როგორ ფიქრობს ხელისუფლება თავის ხალხზე.