"სამწუხაროდ, ანტივაქცინური მოძრაობა საფრანგეთშიც პოპულარულია" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ანტივაქცინური მოძრაობა საფრანგეთშიც პოპულარულია"

"ფრანგები სიახლეებს უფრთხიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, თუმცა ბოლო ხანს ისე შეიცვალა ვითარება, რომ უკვე იხვეწებიან, ვაქცინა გაგვიკეთეთო. ვაქცინაციის მსურველთა სიებიც შედგენილია"

პარიზის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი ქეთი ლობჟანიძე კოვიდვაქცინის ორი დოზით აიცრა. როგორც ამბობს, საფრანგეთში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო, შესაბამისად, თანამდევმა პროცესებმა არ დააყოვნა და ქვეყანას ბრიტანულმა შტამმა შეუტია. როგორ მიმდინარეობს ევროპის ამ ქვეყანაში ვაქცინაცია და როგორ უმკლავდება ახალ საფრთხეს, "კვირის პალიტრას" ქართველმა ექიმმა უამბო.

- საფრანგეთში ძალიან ცოტამ გაიკეთა "ფაიზერის" ვაქცინის ორივე დოზა. პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი სამი კვირაა. თავიდან მიწოდების პრობლემა იყო და მეორე დოზის გაკეთებამ ერთი კვირით გადაიწია. თუმცა მე მიზეზთა გამო დროულად გამიკეთეს. პირველი ვაქცინის დროს ოდნავი წვა მქონდა, ისიც მხოლოდ ერთი ღამე. თუმცა აცრას ზოგჯერ თან ახლავს ცხელება და დაღლილობის შეგრძნება, მაგრამ სწრაფად გაივლის. ასეთ წვრილმანებზე ყურადღების შეჩერება არ ღირს, რადგან ბრიტანული შტამი ახალი ძალით უტევს კაცობრიობას.

- იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება?

- ზუსტი ვადა განსაზღვრული არ არის, ალბათ, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების საფრთხე არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ორწლიანი იყოს.

საფრანგეთში გავრცელების პიკს აღწევს ბრიტანული შტამი და თუ შეიძლება ასე შევაფასოთ, აღმავალ პლატოზე ვართ. ბრიტანული შტამის მასშტაბური გავრცელება მიანიშნებს, რომ ის მალე ჩაანაცვლებს კლასიკურ "კოვიდ-19"-ს. იანვრის დამდეგს ბრიტანული შტამის გავრცელება 3%-ს შეადგენდა, თვის მიწურულს 12-ს, ბოლო დღეებში კი ტესტირებულთა შორის 48% აჩვენა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბრიტანულმა შტამმა მუტაცია განიცადა, თუმცა ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია. მეცნიერებმა კატეგორიულად მოუწოდეს ხელისუფლებას, რომელსაც რეგულაციების გამკაცრება არ სურდა, ახალი ზომები მიეღო, რათა თავიდან ავიცილოთ სამედიცინო დაწესებულებების თავიდან გადავსება და უკონტროლო ვითარება.

კვლევებით ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ შტამს მხოლოდ სწრაფი გავრცელება კი არ ახასიათებს, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია - 29-35%-ზე ავიდა. "კოვიდ-19"-ისგან განსხვავებით, ამ შტამით ინფიცირებულები ისე სწრაფად მძიმდებიან, რომ რეანიმაციაში ხვდებიან.

დახმარების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ეს სურათი და სტატისტიკა ცნობილია აქაურებისთვის და ყველა მოტივი აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან.

შუაში კლინიკის ექიმი ქეთი ლობჟანიძე

- ახალი რეგულაციები რას მოიცავს?

- კომენდანტის საათი, რომელიც 8 საათიდან იწყებოდა, 6-მდე გადმოსწიეს. სამედიცინო პერსონალს სპეციალური საშვები გვაქვს და შეუფერხებლად დავდივართ, მაგრამ მაინც ვცდილობთ მოვერიდოთ. აქ ბიზნესი ძალზე პრიორიტეტულია და ხელისუფლება ცდილობს მას პრობლემა არ შეექმნას. ახლა ფასდაკლებების პერიოდია, მაგრამ როგორც იქნა, მოიფიქრეს და დახურეს. ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია. განსაკუთრებული მიზეზი უნდა გქონდეს, რომ სადმე გაემგზავრო. ახლახან მამა გარდამეცვალა, საქართველოში ცხოვრობს, რთული ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერამდე "კოვიდით" დაინფიცირდა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მანაც იბრძოლა, მაგრამ დავმარცხდით. დაკრძალვას ვერ დავესწარი.

ამ ხნის განმავლობაში სკოლები არ დაკეტილა. მოზარდები ნიღბებს იკეთებენ, პატარები არა, მაგრამ ეზოში თამაში აკრძალულია. საბედნიეროდ, ჯვარედინი იმუნიტეტის დამსახურებით ბავშვებს ბრიტანული შტამი მაინცდამაინც არ ერჩის, თუმცა რისკჯგუფში შედიან თანმხლები დაავადებების მქონენი. ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაში ვითარება არაპროგნოზირებადია და შესაძლოა მათი მდგომარეობაც ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ვისაც ქრონიკული დაავადებები არა აქვს.

აქ სკოლების მუშაობა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მშობლებს სახლიდან სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობაც ჰქონოდათ და ვინც სამსახურში დადიოდა, ისიც არ შეფერხებულიყო. მე ლექციებსაც ვკითხულობ და იმედი მქონდა, რომ მარტიდან აუდიტორიაში დავბრუნდებოდი, თუმცა შემატყობინეს, რომ ჯერჯერობით ონლაინ ვიმუშავებთ.

- რა აზრის არიან ფრანგები ვაქცინაციაზე?

- ფრანგები სიახლეებს ყოველთვის უფრთხიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, თუმცა ბოლო ხანს ისე შეიცვალა ვითარება, რომ უკვე იხვეწებიან, ვაქცინა გაგვიკეთეთო. უკვე შედგენილია ვაქცინაციის მსურველთა სიებიც.

ერთ წელიწადში საფრანგეთში ახალი ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 80 000 კაცს გადააჭარბა. სისხლის ანალიზის კვლევებით დადგინდა, რომ საფრანგეთში კორონავირუსი 2019 წლის ნოემბრიდან იყო - 200 000 კაცს ჰქონდა ვირუსი, მაგრამ არ ვიცოდით. სწორედ ამან შეუწყო ხელი ვირუსის აფეთქებას.

- თქვით, ბრიტანულმა შტამმაც განიცადა მუტაციაო.

- ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ეს შტამი ადრე ასე მძიმედ არ მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, ვირუსი გადარჩენის გზებს ეძებს. კიდევ ერთი პრობლემაა - გაძნელებულია სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამის ამოცნობა, ანუ ზოგ შემთხვევაში იმუნური სისტემა ვერ რეაგირებს. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა შედეგიანია კლასიკურ "კოვიდ-19"-სა და ბრიტანულ შტამზე, ეჭვობდნენ, რომ დიდად არ მოქმედებდა ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამზე, თუმცა კვლევებით დადასტურდა, რომ ეფექტიანია.

საფრანგეთმა ვაქცინაცია დააგვიანა. მაგალითად, პირველი დოზის მიღების რაოდენობით ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მე-15 ადგილზეა, რაც ძალზე ცუდი მაჩვენებელია. რაც მთავარია, ტემპი იყო ძალიან ნელი, რაც ცუდმა ორგანიზებამ განაპირობა.

ამას ემატებოდა ისიც, რომ საზოგადოებაში ვაქცინის ეფექტიანობაზე ეჭვობდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ანტივაქცინური მოძრაობა აქაც პოპულარულია.

საფრანგეთში ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობა, საერთოდ, არატრადიციული მედიცინა მიღებულია. ამ ბიზნესის მფლობელები დიდი ნდობით სარგებლობენ და საზოგადოებას არწმუნებენ, იმუნიტეტის ასამაღლებლად ჩვენი პროდუქცია მოიხმარეთ და ვაქცინა ვერ მოგეკარებათო, რაც სისულელეა, რადგან რაც უნდა იმუნიტეტი ჰქონდეს, დაზღვეული არავინ არის, რომ თუნდაც წითელა არ შეეყრება. შესაბამისად, არც იმის გარანტია არსებობს, რომ ენცეფალიტით არ გართულდება.

სხვათა შორის, წითელას საფრანგეთში ბავშვები შეეწირნენ. ვაქცინაციის დამსახურებით მსგავსი დაავადებები დავიწყებული გვქონდა, მაგრამ ანტივაქსერების გააქტიურების შემდგომ ბევრი მასზე უარს ამბობს და ამან ცუდი შედეგი მოიტანა.

- საინტერესოა თქვენი, პედიატრის მოსაზრება ბრიტანული შტამის შესახებ. ითქვა, რომ ზოგჯერ ბავშვებშიც მძიმედ მიმდინარეობს. - არა, ამას ვერ ვიტყვი. რეანიმაციაში, სადაც ბრიტანული შტამით ინფიცირებულები მკურნალობენ, უმეტესობა უფროსი ასაკისაა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები გადამტანები არიან, მაგრამ მათში მსუბუქად მიმდინარეობს.

ანტივაქსერები ბავშვების თემითაც სპეკულირებენ, მათ ძლიერ იმუნიტეტზე აკეთებენ აქცენტს. ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს დროულად და სწორად მიეტანათ საზოგადოებამდე საჭირო ინფორმაცია, რომ კვლევები უკვე მესამე საფეხურზეა და უკუჩვენებები, ფაქტობრივად, არ არსებობს და ა.შ.

- პოსტკოვიდურ სიმპტომებზე რა დასკვნამდე მივიდნენ ფრანგი მეცნიერები?

- პოსტკოვიდური სიმპტომი მრავალფეროვანია, ყველა ორგანოს შეიძლება შეეხოს, ნეიროტოქსიკურობაც აქვს, უძილობასა და დეპრესიას ტოვებს, თან არავინ იცის, ვის რა ფორმით შეიძლება განუვითარდეს და რა დროის შემდეგ როგორ გამოვლინდება. ამიტომ ახლა ცდილობენ დაკარგული დრო აინაზღაურონ და ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდეს.

შარშანდელი მარტის მსგავსი პროცესები აღარ უნდა განმეორდეს - მაშინ პირბადის მარაგიც ამოიწურა და კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. რეგულაციების შემოღების შეყოვნება პოლიტიკური პროცესებითაც იყო განპირობებული - არჩევნები იყო დანიშნული და არ სურდათ ხელის შეშლა, მაგრამ როგორც კი არჩევნები დასრულდა, იმავე ღამეს მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ფრანგი ერი ყველაფერს აპროტესტებს, შეუძლია წვრილმანებიც გააპროტესტოს და ხელისუფლება სულ ფორმაში ჰყავთ, მაგრამ ზოგჯერ ეს პროცესი მართულია და ამით მოსახლეობა ზარალდება. ერთხელ შევესწარი, აქციის მონაწილეები მორიგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, ახალ რეგულაციებს თითქმის არც იცავდნენ. ისე კი აქვთ პროტესტის საფუძველი, მართლაც იმდენად მაღალია გადასახადები, შემოსავლის უმეტესობა ამაში მიდის. ამიტომ მოსახლეობა რისკავს და კოვიდპანდემიის დროსაც მართავს აქციებს.