"უცხოეთში როგორც ქართველს, ერთი ქართული თვისება მაქვს, რომელსაც ვერ შეველიე"
27-02-2021
"უცხოეთში როგორც ქართველს, ერთი ქართული თვისება მაქვს, რომელსაც ვერ შეველიე"
"დანიაში პრაქტიკულად არ არსებობს კომერციული მედიცინა, ყველას მკურნალობა უფასოა. ვისაც კი დანიაში ოფიციალურად ცხოვრების ან მუშაობის უფლება აქვს, ყველას მიუწვდება ხელი უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, ექიმს კი - ყველა იმ სიკეთეზე, რაც შრომის საფასურად უნდა მიიღოს. ექიმის ხელფასი არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ პაციენტს მიიღებს. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მას ღირსეულ ხელფასს უხდის"

რიტორიკული კითხვა - "რა გვეშველება?" ალბათ, ქართველებს კიდევ დიდხანს დაგვრჩება უპასუხოდ, მანამდე, ვიდრე გადარჩენის ინსტინქტი ისე არ აგვიმოქმედდება, რომ
გაერთიანება მოვახერხოთ და ქვეყნის ფეხზე დაყენება დავიწყოთ. მართალია, ეს ახლა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ამის მძაფრი სურვილი თითოეული ჩვენი თანამემამულის გულშია, მათ შორის - ემიგრაციაში, სადაც არაერთი ქართველი შრომობს. მათ შორის არის დანიის წამყვანი ონკოლოგი, დანიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ონკოლოგიისა და სხივური
თერაპიის განყოფილების ექიმი, რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა უჯმაჯურიძე. მას ჩვენ არა მხოლოდ პროფესიულ მიღწევებზე ვესაუბრეთ, არამედ იმ თემებზეც, ყველას რომ გვაფიქრებს და შორიდან დანახულ ჩვენს სინამდვილეზეც.

- ბატონო ზაზა, როდესაც ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ნაწილი უცხოეთში მიდის და იქ წარმატებას აღწევს, მართლაც საამაყოა, თუმცა - სევდის მომგვრელიც, რადგან ქვეყანა გონებრივ რესურსს კარგავს. თქვენ როგორ აღმოჩნდით დანიაში?
- ჩემს ქვეყანაში ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ვახერხებდი. ამის გამო მქონდა ურთიერთობები ევროპის არაერთ ქვეყანასთან, 20 წლის წინ დანიაში მიმიწვიეს სამუშაოდ. მართალია, იქ ყველაფერი საოცნებო იყო, უახლოესი ტექნოლოგიები, აწყობილი სამედიცინო და სახელმწიფო სისტემა, გულღია ადამიანები, მაგრამ თავდაუზოგავი შრომა დამჭირდა, რომ მეჩვენებინა ჩემი პროფესიული დონე. შევისწავლე მედიცინის ძირითადი დარგები, რითაც მივიღე უდიდესი გამოცდილება ზოგად მედიცინაში. თუმცა არც შემდგომი პერიოდი იყო იოლი - უცხოეთში ყველაფრის მოპოვება თავიდან გიწევს, ამიტომ დამატებით ვმუშაობდი, რომ ოჯახისთვის საცხოვრებელი პირობები შემექმნა. ჩემი მესამე შვილი, 18 წლის თამარი დანიაში დაიბადა.

დანიელები მართლაც საოცარი ხალხია, როგორც ქართველები ვიტყვით, "ჯიგრები". მახსოვს მათი გვერდით დგომა, როდესაც პროფესიონალურად ფეხს ვიდგამდი.

- პროფესიონალიზმისთვის დანიის მედიამაც არაერთხელ გადაგიხადათ მადლობა. ძალიან შორს არის თქვენი მიღწევები საქართველოში ამ დარგის განვითარებისაგან?
- დანიაში დანერგილია სიმსივნესთან ბრძოლის უახლესი მეთოდები, ამის სადემონსტრაციოდ პატარა მაგალითს მოვიყვან - თუ 20 წლის წინ ფილტვის გასტროინტესტინალური ტრაქტის, მელანომის და სხვა სახის სიმსივნის მკურნალობა უაღრესად მწირი იყო, დღეს გვაქვს მკურნალობის მთელი რიგი უახლესი მეთოდები. საქართველოშიც ცდილობენ ამ მეთოდების დანერგვას, ოღონდ - ძალიან ნელა.

- ეს "ნელა" ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება...
- ამ თემაზე დიდხანს შეიძლება საუბარი, რაც შორს წაგვიყვანს, თუმცა დავასახელებ კიდევ ერთ, რადიკალურ განსხვავებას - დანიაში პრაქტიკულად არ არსებობს კომერციული მედიცინა, ყველას მკურნალობა უფასოა. ვისაც კი დანიაში ოფიციალურად ცხოვრების ან მუშაობის უფლება აქვს, ყველას მიუწვდება ხელი უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, ექიმს კი - ყველა იმ სიკეთეზე, რაც შრომის საფასურად უნდა მიიღოს. ექიმის ხელფასი არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ პაციენტს მიიღებს. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მას ღირსეულ ხელფასს უხდის.

ამიტომაც აქ არასოდეს დაისმის კითხვა, რომელი ექიმია კარგი და სად "ღირს" მისვლა. ეს კითხვა, სამწუხაროდ, ხშირად გვიჩნდება საქართველოში და არცთუ იშვიათად, პასუხად ხელში მხოლოდ პოპულიზმი შეგვრჩება ხოლმე - ჩვენ ხომ "კარგი ექიმის" შესახებ უმეტესად იმ ადამიანებს ვეკითხებით, რომელთაც ეს ექიმი თავად არც კი უნახავთ და სხვის ნათქვამს იმეორებენ...

ქართული სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმ ახალგაზრდების უკან დაბრუნებით, რომელთაც განათლება უცხოეთში მიიღეს.
ჩვენს ქვეყანაში არიან კარგი ექიმები, სამედიცინო სფეროს პატარ-პატარა ნათელი "კუნძულებიც" არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი სხეულის იმ ნაწილებს ჰგავს, რომელთაც ნერვული სისტემა და თავი არ გააჩნია, ეს კი, ცხადია, შედეგს არ იძლევა. არ მესმის, მაგალითად, როგორ შეიძლება ონკოგინეკოლოგიური ოპერაციები ყველა იმ კლინიკაში გაკეთდეს, სადაც ამას მოისურვებენ.

მედიცინის დარგების ცენტრალიზაციის, პროფესიონალი ექიმების გაერთიანებისა და უცხოეთში დასაქმებული კოლეგების ქართველ კოლეგებთან ურთიერთობის გარეშე მნიშვნელოვანი მიღწევები ნაკლებად გვექნება. დღეს, პანდემიისას, ამის ნაცვლად საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები კოლეგების უმწვავეს დაპირისპირებას ვხედავთ. ერთობლივი გადაწყვეტილებების ნაცვლად ორივე მხრიდან ჩხუბი და შეურაცხყოფა ურთიერთობის ჩვეულებრივ ფორმად იქცა, თანაც ორივე მხარე დარწმუნებულია თავის სიმართლეში. ასე მივიღეთ პანიკა, რომელიც მოსახლეობასაც გადაედო. ორივე მხარეს სიკეთე სურს თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ერთმანეთის მოსმენა არ ვისწავლეთ, არაფერი გამოვა.

- თქვენ უკვე გაიკეთეთ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო აცრა. როგორია ამ აცრის უკუჩვენებები? მას დღეს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს...
- ვინც ვერ აცნობიერებს, რატომ სჭირდება საღ-სალამათ ადამიანს ამ ვირუსის გამო 15-30 ლიტრი ჟანგბადი, დაე, ნუ გაიკეთებს აცრას. მეორედ აცრის შემდეგ ჩემს თავს ოდნავი გაღიზიანება შევატყვე - ეს იყო და ეს, თუმცა ზოგჯერ ეს ინექცია ტემპერატურის მატებასაც იწვევს, რაც მალე გაივლის. და კიდევ - კოლეგებიც ხშირად მიგზავნიან სოცქსელში მოძიებულ ვაქცინის საწინააღმდეგო სტატიებს, წაიკითხე და გვიპასუხეო. ვკითხულობ და არც ერთი არ არის სამეცნიერო.

- ისეთ სფეროში მუშაობთ და იმ ქვეყანაში, სადაც ექიმი ვალდებულია, პაციენტი მოსალოდნელი გარდაცვალების შესახებ გააფრთხილოს. ამას განსაკუთრებული ძალა სჭირდება. ნუთუ პანიკა არასოდეს გიპყრობთ?
- აბა, რა ჯობია - ისედაც გაჭირვებულ ადამიანს უკანასკნელი ენერგია წაართვა უშედეგო მკურნალობისთვის?! მით უფრო საქართველოში, სადაც უიმედო პაციენტს უშედეგო მკურნალობისთვის ზოგჯერ სახლ-კარის გაყიდვა უხდება!.. იქნებ მედიკოსისთვის გაცილებით იოლია, ადამიანს სახლ-კარი გააყიდვინოს, ვიდრე გარდაცვალების მოახლოება ამცნოს, მაგრამ ეს უმძიმესი მორალური ტვირთია ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც. ერთს კი ვიტყვი - საქართველოში მყოფ ჩემს კოლეგებს ამ მხრივ, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. ჩვენს ქვეყანაში, სადაც მკურნალობა დაკავშირებულია განსაკუთრებულ ხარჯთან, პაციენტს, რომლის განკურნების მეთოდები ამოიწურა, სიმართლე არ უნდა დაუმალო. არადა, ზოგჯერ ისეთ პაციენტებს გზავნიან უცხოეთში, მეშინია, გზაში არ გარდაიცვალონ. რამდენიმე ხნის წინ გოგონასთვის ამერიკიდან გამოწერილი ისეთი მედიკამენტები ვნახე, გავოგნდი. საუბედუროდ, ეს მას არ სჭირდებოდა. ამ მედიკამენტებით მხოლოდ ერთი პროცედურის ჩატარება მოასწრო...

- უმძიმესი თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ევროპულ რაციონალიზმს ანიჭებთ უპირატესობას, ალბათ, მაინც არის რაღაც, რაც, როგორც უცხოელს, მათგან განგასხვავებთ...
- რაღაც განმასხვავებელი ყველას გვაქვს, მე კი, როგორც ქართველს, ერთი ქართული თვისება მაქვს, რომელსაც ვერ შეველიე - შემიძლია პაციენტს ჩავეხუტო, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქ მიღებული არ არის. საპასუხოდ ვიღებ უდიდეს სითბოს, რის გარეშეც ძალიან გამიჭირდებოდა. აქ ცნობილ დანიელ მსახიობს ვმკურნალობდი. როდესაც მისმა მეუღლემ მასზე წიგნი დაწერა, საგანგებოდ მიუთითა, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ექიმს, რომელიც სულ მახსოვსო. ცხადია, ეს სასიამოვნოა.

- დანიური როგორ ისწავლეთ? ალბათ, ძნელი იყო...
- მგონი, საუკეთესოდ ვისწავლე, თავისუფლად ვფლობ ინგლისურს, მესმის ფრანგული, ნორვეგიული და შვედური ენები. სანსკრიტიც შევისწავლე. ერთ დროს მინდოდა, 20 ენა მცოდნოდა, თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ცხოვრება რაციონალური საქმეებისთვის უნდა ხარჯო.

- ახლა აღარ მიკვირს, რომ მშვენიერ მუსიკას წერთ და მღერით, თქვენმა თარგმანმა კი მართლაც გამაოგნა...
- მიხარია, რომ მალე გამოვა ინგლისურიდან და დანიურიდან ნათარგმნი ლექსების პატარა კრებული. სხვათა შორის, ამას არცთუ დიდი სიმამაცით ვაკეთებ.

რაც შეეხება დანიასა და დანიელებს, ეს ხალხი რომ არ მხიბლავდეს, აქ ვერ ვიცხოვრებდი. აქ ყველა მღერის, გუნდურად. მიუხედავად იმისა, რომ გურული ვარ და მრავალხმიანი ქართული სიმღერა ჩემი სულის ნაწილია, დანიელების სიმღერით ვიხიბლები.

- ქართული სიმღერა ინდივიდუალურია... დანიელები თავიანთი სიმღერასავით გუნდურად აშენებენ ქვეყანას, ჩვენ კი ინდივიდებად ვიყოფით...
- დიახ. ჩვენ ინდივიდუალისტები ვართ, ერთად ყოფნა გვიჭირს, მაგრამ როგორებიც უნდა ვიყოთ, სამშობლოს და ერთმანეთს უანგაროდ უნდა დავეხმაროთ. მშვიდად ვარ იმით, რომ საქართველოდან კოლეგები მირეკავენ და რითაც შემიძლია, მათ გვერდით ვარ, ყოველდღე ვუწევ კონსულტაციებს როგორც კოლეგებს, ასევე პაციენტებს.

გარდა ამისა, საკუთარი სერიოზული გეგმები მაქვს ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელთაც უსათუოდ განვახორციელებ.

.ნინო
01 მარტი 2021 19:52
საინტერესო ადამიანი გაგვაცანით დიდ პატივს ვცემ მოწოდებით ექიმებს
.ნინო
01 მარტი 2021 19:52
საინტერესო ადამიანი გაგვაცანით დიდ პატივს ვცემ მოწოდებით ექიმებს
ელენე
28 თებერვალი 2021 19:56
პირველ რიგში დიდი მადლობა ქალბატონ ეთერ ერაძეს ასეთი კარგი ადამიანის წარმოჩენისთვის. ქართველი საზოგადოება უნდა იცნობდეს საზღვარგარეთ მოღვაწე საამაყო ხალხს. ბატონ ზაზა უჯმაჯურიძეს კი კვლავაც პროფესიულ წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?