"გმადლობთ თქვენი სიყვარულისთვის! მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქვეყანა!" - კვირის პალიტრა

"გმადლობთ თქვენი სიყვარულისთვის! მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქვეყანა!"

"მთხოვეს, თბილისის ბიგბენდთან ერთად შემესრულებინა გოგი დოლიძის სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო", რამაც თავიდან ძალიან შემაშფოთა, რადგან ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ვამბობდი. სიმღერის ტექსტი ფონეტიკურად ვისწავლე, ასათვისებლად კი ძალიან დიდი დრო დამჭირდა! ეს სიმღერა 2008 წლის აგვისტოში ჩავწერე, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ძალიან უმწეოდ ვგრძნობდი თავს და ერთადერთი გზა, რომ თქვენდამი თანადგომა გამომეხატა, სიმღერა იყო"

"საქართველოში დაბრუნება ჩემი ოცნებაა","- ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც მითხრა, როდესაც ბრიტანელ მომღერალ ტონი ომეილის დავუკავშირდი. მუსიკოსსა და კომპოზიტორს ქართველი მსმენელი არამარტო თავისი ჰიტებით იცნობს, ის ქართველებისთვის ცნობილია გოგი დოლიძის სიმღერის - "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო" - შესრულებითაც.

ბრიტანელმა მომღერალმა საქართველოში ოჯახთან ერთად ოთხი წელი გაატარა. 2009 წელს ტონი ომეილიმ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზეც სცადა ბედი, მუსიკალურ ფესტივალზე მას საქართველოს სახელით სურდა მონაწილეობა, თუმცა შესარჩევ კონკურსზე ვერ გაიმარჯვა. საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი მომღერალი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თავის მუსიკალურ კარიერას, პირად ცხოვრებასა და საქართველოში გატარებულ დღეებს იხსენებს.

"ჩემი სიმღერების უმრავლესობა სიყვარულზეა"

- ლონდონის გარეუბანში გავიზარდე. 6 წლის ვიყავი, როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად მუსიკის მასწავლებელთან წამიყვანეს, მაგრამ როგორც კი ნოტი შემეშლებოდა, მუშტზე სახაზავს მირტყამდა. ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ მეცადინეობები შევწყვიტე. მას შემდეგ ძალიან ცოტას ვმეცადინეობდი. ყველაფერი, რაც ვისწავლე, ჩემი მუსიკალური პარტნიორების დამსახურებაა, რომლებთანაც ამ წლების მანძილზე მიმუშავია. ბავშვობაში ყოველთვის მიყვარდა დაკვრა. პატარა მელოდიებს დედასთან ერთად ვთხზავდი. ორი დიდი ინსპირაცია იყო ჩემს ცხოვრებაში. 1962 წელს, როდესაც ჩემმა ძმამ, ქევინმა "ბითლზი" აღმოაჩინა, ადგილობრივი ბენდი შევქმენი ძმასთან და მეგობრებთან ერთად - სხვადასხვა სოციალურ და თინეიჯერულ შეკრებებზე ვმღეროდით. მეორე ინსპირაცია რეი ჩარლზი იყო - აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრება.

ჩემი სიმღერების უმრავლესობა სიყვარულზეა, გიყვარდეთ და უყვარდეთ - ეს არის ის, რითაც ჩვენ, ადამიანები, დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. ჩემი სიმღერების უმეტესობა სიყვარულზეა - საყვარელი ადამიანის, შვილების, სამშობლოს სიყვარულზე. მომავალ მეუღლეს პირველად 1995 წელს შევხვდი, როდესაც რუნი სკოტის ჯაზკლუბში ვუკრავდი, ლონდონში. მან ძალიან ლამაზი წერილი მომწერა და შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით, როდესაც კიდევ ჩამოვიდოდა ინგლისში. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა, დანარჩენი კი ისტორიაა. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი გვყავს - ჯოზეფი და პატრიკი. ისინი ბრიუსელში 1999 წლის ოქტომბერში დაიბადნენ.

"ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა საქართველო"

2004 წელს ჩემი მეუღლე თბილისში ევროკომისიის ელჩის თანაშემწედ დაინიშნა. მთელი ოჯახი ავბარგდით და ახალი თავგადასავლების საძებნელად საქართველოში გამოვემგზავრეთ. 25 მაისი იყო, საღამო, როდესაც თბილისში ჩამოვედით. ისეთი ლამაზი იყო ქუჩები იმ ღამით, მგონი, იმ საღამოსვე, პირველი ნახვით შეგვიყვარდა თბილისი. მეორე დილას სასტუმრო "შერატონში"" გავიღვიძეთ. დამოუკიდებლობის დღე იყო. ასეთი ზეიმი აქამდე არ გვენახა. იმ დროისთვის საქართველოში ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჰაერი იმედით იყო გაჟღენთილი, ახალ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მიზნად ქვეყანაში დიდი ცვლილებების წამოწყება ჰქონდა. საქართველოში ჩამოსვლიდან დაახლოებით 6 თვე დამჭირდა მუსიკოსების შესაკრებად, თუმცა ჩამოსვლიდან ორ კვირაში გავიცანი კომპოზიტორი, დირიჟორი, თბილისის ბიგბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი გივი გაჩეჩილაძე, მისი გაცნობის მომდევნო შაბათს კი პირველი კონცერტი გავმართეთ კუს ტბაზე. მალე თბილისის ბევრ ადგილას ვმღეროდი ძალიან კარგი მუსიკოსების თანხლებით. თბილისის ბიგბენდთან ოთხწლიანი თანამშრომლობა, არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს.

"2008 წლის აგვისტოში ჩემი სიმღერით მინდოდა ქართველებისთვის თანადგომა გამომეცხადებინა!"

- რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საქართველოში ყოფნის დროს? ქართველი ხალხის მუსიკალურობამ! ნებისმიერი ჟანრის მუსიკა გესმის საქართველოს ყველა კუთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჟანრი სოულია, "რიტმ ენდ ბლუზი, ჯაზი, ძალიან მომწონდა ქართული სიმღერების მოსმენა რესტორნებსა და ქორწილებში. გივი გაჩეჩილაძემ მთხოვა, თბილისის ბიგბენდთან ერთად შემესრულებინა გოგი დოლიძის სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო", რამაც თავიდან ძალიან შემაშფოთა, რადგან ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ვამბობდი. სიმღერის ტექსტი ფონეტიკურად ვისწავლე, ასათვისებლად კი ძალიან დიდი დრო დამჭირდა! ეს სიმღერა 2008 წლის აგვისტოში ჩავწერე, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ძალიან უმწეოდ ვგრძნობდი თავს და ერთადერთი გზა, რომ თქვენდამი თანადგომა გამომეხატა, სიმღერა იყო.

- რას ეტყვით ქართველებს? - ქართველებს გეტყვით მადლობას ქართულად. გმადლობთ თქვენი სიყვარულისა და სულიერებისათვის! მიყვარხართ, ქართველებო, და მიყვარს თქვენი ქვეყანა! მიყვარს თქვენი მუსიკა, მომღერლები, განსაკუთრებით კი - პიანისტი პაატა ანდრიაძე, რომლის მოსმენა დღე და ღამე შემიძლია.