"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს"
"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს"
"ამდენი წელია საქართველოში ვცხოვრობ, საქართველოს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ, მაგრამ არც ახლა მაქვს ამბიცია, რომ ქართული ბოლომდე ვიცი, თუმცა იუმორი მესმის, ხასიათებშიც თანდათან ვერკვევი, მაგრამ ჯერ ბევრი რამე მაქვს წინ, ყოველდღე ვსწავლობ"

საქართველოს შესახებ შორეულ იაპონიაში გაიგო. დამწერლობით დაინტერესდა და საქმემ ისე გაიტაცა, ამომავალი მზის ქვეყნიდან საქართველოში ჩამოვიდა. დღეს იაპონელი მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.

- 90-იან წლებში უნივერსიტეტში მსოფლიო ენების ისტორიას ვსწავლობდი და კავკასიური ენების შესწავლისას აღმოვაჩინე ქართული,
რომელიც ხმოვანებით თუ დამწერლობით, სხვა, განსაკუთრებით აღმოსავლურ და აზიურ ენებს არაფრით ჰგავდა. ქართულ-ინგლისური გრამატიკის წიგნი ვიპოვე და ქართულის შესწავლა დავიწყე. ეს იყო 1998 წელს... მაშინ ინტერნეტი ასე გავრცელებული არ იყო, საზღვრებიც არ იყოს ასე გახსნილი.
ამიტომ გადავწყვიტე იაპონიაში ქართველი მეპოვა და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ტოკიოს ახლოს
ქართული ოჯახი ვიპოვე - ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათთან კვირაში ერთხელ დავდიოდი, რათა როგორც ჩემი ქართველი მეგობრები ამბობენ, "ენის გატეხა" არ გამჭირვებოდა.

1999 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელებისთვის საზაფხულო სკოლა გაიმართა. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი, თბილისში ჩამოვედი და ბაგების სტუდქალაქში დავბინავდი. საცხოვრებლად ცუდი პირობები იყო, მაგრამ ის პრობლემებიც კი საინტერესოდ მეჩვენებოდა, რადგან ეს ის წლები იყო, როცა საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის საფასურს იხდიდა, დამოუკიდებლობის რთულ გზას ადგა და ძალას იკრებდა. ორი თვის შემდეგ იაპონიაში წავედი, მაგრამ 2000 წელს დიდი ხნით დავბრუნდი - ორ წელიწადი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. დროთა განმავლობაში უფრო ახლოს გავიცანი ეს ქვეყანა, მისი ტრადიციები, ცხოვრების წესი, კულტურა და რაც დრო გადის, ვხვდები, რომ უშრეტი განძია. ენის შესწავლის კვალდაკვალ მის წარსულს, ისტორიას, მწერლობას და კინემატოგრაფიას ვსწავლობდი.

2002 წელს მეუღლესთან ერთად იაპონიაში დავბრუნდი, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, რამდენჯერმე მომიწია ჩამოსვლამ, კონფერენციებსა და სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. 2013 წელს კი საქართველოში იაპონიის საელჩოში სამუშაოდ ჩამოვედი, სადაც ხუთ წელს ვიმუშავე.


- ქართული ნაწარმოებების იაპონურად თარგმნა როდის დაიწყეთ?
- 2004 წელს გავბედე და ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ვთარგმნე იაპონურ ენაზე. ჩემმა სტუდენტობის მეგობარმა, რომელიც გურულია, მირჩია, წამეკითხა ეს ნაწარმოები. ძალიან მომეწონა, თითქოს იუმორის, წერის მანერის, ძალიან მარტივად, ლამაზად და სხარტად გადმოცემული ადამიანური ურთიერთობების მონაწილე ვიყავი. მას შემდეგ, რაც გამოვეცი ნაწარმოების იაპონური თარგმანი, მალევე მივხვდი, რომ მე პირველი არ ვიყავი, ვისაც ქართული ლიტერატურა შეუყვარდა. ბებია-შვილიშვილის და ასევე, ზურიკელასა და ილიკო-ილარიონის თბილი ურთიერთობა იაპონელი მკითხველისთვისაც ახლობელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ვთარგმნე გოდერძი ჩოხელის, ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოებები. პერიოდულად ქართულ ფილმებს იაპონურ სუბტიტრებს ვუკეთებდი. მიმუშავია ოთარ იოსელიანის ფილმებზე.

ასევე თენგიზ აბულაძის სამ ფილმზე: "მონანიება", "ნატვრის ხე" და "ვედრება", რომელიც ვაჟა-ფშაველას მოტივებზე არის გადაღებული. მისი შთაგონებით იაპონიაში ვაჟას კრებული გამოვეცი.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების წაკითხვისას კიდევ ერთხელ გამიჩნდა განცდა, რომ ქართული საკმარისად არ ვიცოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით გავართვი თავი. ამდენი წელია საქართველოში ვცხოვრობ, საქართველოს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ, მაგრამ არც ახლა მაქვს ამბიცია, რომ ქართული ბოლომდე ვიცი, თუმცა იუმორი მესმის, ხასიათებშიც თანდათან ვერკვევი, მაგრამ ჯერ ბევრი რამე მაქვს წინ, ყოველდღე ვსწავლობ. ალბათ, არაფერს ვიტყვი ახალს, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა - საქართველო ძალიან მიყვარს თავისი პრობლემებით, მხიარული, სტუმართმოყვარე ხალხით, თუმცა ხანდახან დღემდე მიჭირს რაღაცების გაგება.

- ყველაზე ძნელი რასთან შეგუება იყო?
- იაპონელები ძალზე პუნქტუალური ხალხია, ყველა წუთი გათვლილი აქვთ, დაგვიანება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ჩვენი ქართველებიც დროის ფასს თანდათან იგებენ, წლების წინ კი დაგვიანებაში პრობლემას ვერ ხედავდნენ... განსხვავების გადალახვაში ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება ჩემი მეუღლე. ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს: საოცარი თვისებები, სტუმართმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, ცხოვრების საოცარი ხალისი, ემოციებს ძალიან ღიად გამოხატავენ, რაც მათთან ურთიერთობასა და მეგობრობას მიადვილებს. ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია. ორივე ქვეყანაში გაიზრდება და ორივე ქვეყნის კულტურას ეზიარება.

როცა დრო გვაქვს, მთელი ოჯახი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობთ. ამა თუ იმ ადგილის, კურორტის, ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ვეძებ, თუმცა ადგილობრივების მონაყოლი უფრო საინტერესოა. ძალიან უხარიათ, როდესაც იგებენ, რომ ქართულად ვსაუბრობ და საქართველოზე ბევრი რამ ვიცი.

- მეუღლე რა პროფესიის არის?
- მეუღლე იაპონურის სპეციალისტია. მასაც ისე იზიდავს იაპონია, როგორც მე საქართველო.

- რა გეგმები გაქვთ?
- ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ უახლოეს ხანებში იაპონიაში გამოვა მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, ნოდარ დუმბაძის, გურამ რჩეულიშვილისა და გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული. იაპონელი მკითხველი ამ კრებულის გამოცემას დიდი ინტერესით ელის.

2018 წელს ტოკიოში ჩავატერეთ ქართული კინოს ფესტივალი, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა, ამიტომაც 2022 წლისთვისაც ვგეგმავთ ფესტივალს.

- თანამედროვე ფილმების ფესტივალს გულისხმობთ?
- 2018 წლის ფესტივალზე უმეტესად თანამედროვე ფილმები ვაჩვენეთ, შემდეგისთვის ძველი კინოსურათების ჩვენებას ვგეგმავთ, რომლის სუბტიტრებზეც ვმუშაობ. მაგალითად, "თეთრი ქარავანი", "ცისფერი მთები", "იყო შაშვი მგალობელი", "გიორგობის თვე". ასევე, "დაკარგული სამოთხე", "ხაბარდა" და "ელისო".
ვახტანგი
01 მარტი 2021 11:47
თქვენს სულში და გულში მუდამ გაზაფხული ყოფილიყოს......ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ.....
ვასილი
01 მარტი 2021 04:18
დიდი მადლობა მეგობარო
ალექს
28 თებერვალი 2021 21:09
კარგია , მაგრამ გვარი მაინც მეგრული გაქვს-ქო ჯიმა !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები