"ზურას ბოლო სურვილი თბილისში დაბრუნება იყო. არ გაუმართლა - პანდემიის პერიოდი დაემთხვა და ვერ ჩამოვიყვანეთ!" - კვირის პალიტრა

"ზურას ბოლო სურვილი თბილისში დაბრუნება იყო. არ გაუმართლა - პანდემიის პერიოდი დაემთხვა და ვერ ჩამოვიყვანეთ!"

"ზურას ბოლო წლებში ჯანმრთელობა შეერყა, ფინანსური პრობლემებიც მოეძალა, ბინა ბანკში ჰქონდა ჩადებული და იძულებული იყო ბევრი ემუშავა... გულზე ოპერაციები ჰქონდა გაკეთებული და აუცილებელი წესები უნდა დაეცვა, რომ კარგად ყოფილიყო, მაგრამ მისი ლაღი ბუნება ამ რუტინას ვერ ემორჩილებოდა - ცოტ-ცოტას სვამდა და ჩუმად სიგარეტსაც ეწეოდა... როგორც ჩანს, ყველაფერი ერთად დაგროვდა და ჩვენი ზურა ხელიდან გამოგვეცალა!"

საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული შემოქმედი დაკარგა! - "დოიჯა" - ასე ეძახდნენ კოლეგები და მეგობრები ზურაბ დოიჯაშვილს. მომღერალი ისრაელის კლინიკაში გარდაიცვალა. "ჩვენი ზურა აღარა გვყავს! როგორ გვიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი! მშვიდობით, ჩვენო ძვირფასო მეგობარო!" - ასე ემშვიდობებიან კოლეგები ზურას, რომელმაც არაერთი ლამაზი სიმღერა შექმნა. დაუვიწყარ სიმღერებს წერდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ მისი "სავიზიტო ბარათი" "მელიქიშვილის გამზირი" იყო. "სიცოცხლე მიყვარს. მყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე", - ამბობდა კაცი, რომლის უკანასკნელი ნატვრა და სურვილი თბილისში დაბრუნება იყო. "არ გაუმართლა - ვერ შევძელით ამ სურვილის ასრულება!" - გულისტკივილით გვითხრა მუსიკოსმა რომან რცხილაძემ, რომელიც მისი კოლეგა და ბავშვობის მეგობარია:

- ზურა სულ პატარა მახსოვს: ხუჭუჭა თმით და ბავშვური, ნათელი ღიმილით. ძველ თბილისში, იარმუკში გავიზარდეთ - იქ, სადაც ახლა მინიატიურების თეატრია. მოგვიანებით, მუსიკამ და საერთო საქმემ უფრო დაგვაახლოვა. ზურა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავდა და თავს აყვარებდა. იმდენად გულთბილი ადამიანი იყო, ვერ წარმომიდგენია, ვინმემ მასზე თქვას, რაღაც მაწყენინა ან ცუდად მომექცაო. ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავდა და ყველას უყვარდა. ყველას დიდი ტკივილი დაგვიტოვა!

მის დედ-მამას, და-ძმას, ყველას კარგად ვიცნობდი. 1989 წელს ძალიან ცუდად ვიყავი და მისი ოჯახი ისე დამეხმარა, ისეთი სიკეთე გამოიჩინეს, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. თვითონ ზურა ნამდვილი სიყვარულის ცუნამი იყო. ძალიან ამაყი ვარ, რომ მას ვიცნობდი. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება: მთელი ქალაქი და მთელი მსოფლიო მირეკავს და მისამძიმრებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია! რაღაცნაირად მჯერა, რომ ზურა სხვა განზომილებაში გადავიდა და ოდესმე იმქვეყნიურ საუფლოშიც ერთად ვიქნებით.

გულისტკივილით ვიხსენებ, როგორ იზრდებოდა როგორც მუსიკოსი, რამდენს შრომობდა და მუშაობდა თავის თავზე. ყველას მოსიყვარულე და ყველას გულშემატკივარი იყო. გულით უსაზღვრო სიკეთეს დაატარებდა, სიკეთე მისი ცხოვრების წესი იყო.

- ერთი შეხედვით ლაღი და უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში როგორი ხასიათი ჰქონდა? - თავისებურად სევდიანი და გულჩათხრობილიც იყო, მაგრამ საოცარი იუმორი და იმპროვიზაციის ნიჭი ჰქონდა. მის ოხუნჯობებზე ცალკე ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება.

შეეძლო ყველაფერზე ეხუმრა, ხან აზერბაიჯანელს ჰბაძავდა, ხან რუსს, ხან სომეხს, სხვა დროს თურქი ან ვიეტნამელი ხდებოდა და ამ როლებს ისე ირგებდა, ყველა სიცილით იხრჩობოდა. 1990-იან წლებში, როცა გაჭირვება, უპურობა და უშუქობა იყო, ზურა ყველას გვახალისებდა.

განსხვავებული იუმორი ჰქონდა - კვიმატი და ყველასგან გამორჩეული. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყავი, ისეთ რამეს გააკეთებდა ან იტყოდა, გაგაცინებდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, როცა მამუკა ონაშვილთან ერთად ხუმრობდა. ეს ორი მეგობარი შეუდარებელ დუეტს ქმნიდა.

ხალხს ზურა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ვისაც დახმარება შეეძლო, ისინი ვერ ეხმარებოდნენ. ჩვენთან ადამიანი დაიღუპება და მერე იწყებენ ვაი-ვიშს. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ნიჭიერ ადამიანებს სათანადოდ ვერ აფასებენ, ქართული ხელოვნება და კულტურა ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ არის, იმის ბრალია ყველაფერი ცუდი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ზურა ბევრს დარდობდა და განიცდიდა: ბოლო წლებში ჯანმრთელობა შეერყა, ფინანსური პრობლემებიც მოეძალა, ბინა ბანკში ჰქონდა ჩადებული და იძულებული იყო ბევრი ემუშავა... გულზე სამი თუ ოთხი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და აუცილებელი წესები უნდა დაეცვა, რომ კარგად ყოფილიყო, მაგრამ მისი ლაღი ბუნება ამ რუტინას ვერ ემორჩილებოდა - ცოტ-ცოტას სვამდა და ჩუმად სიგარეტსაც ეწეოდა... როგორც ჩანს, ყველაფერი ერთად დაგროვდა და ჩვენი ზურა ხელიდან გამოგვეცალა! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეტისმეტად იტანჯებოდა და დაისვენა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ მასზე წარსულში ლაპარაკი ძალიან მიმძიმს.

- სიცოცხლის ბოლო დღეებში თბილისში წამოსვლას ნატრობდაო... ეს სურვილი რატომ ვერ შეუსრულეს?

- ბოლო ორი წელი ზურამ ისრაელში გაატარა, იქ მკურნალობდნენ. იქაც უყვარდათ, პატივს სცემდნენ, მაგრამ თბილისი მაინც ენატრებოდა. მისი უკანასკნელი სურვილიც ეს გახლდათ, რომ თბილისში ყოფილიყო. როცა დავფიქრდები, რამდენი რამ აწუხებდა: ნოსტალგია, ფინანსური პრობლემები და დაავადება, რომელიც ტანჯავდა, გული მტკივა! არ გაუმართლა - პანდემიის პერიოდი დაემთხვა და ვერ ჩამოვიყვანეთ! ასეთი სიტუაცია რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...

- ზურა დოიჯაშვილი მსმენელს ძალიან უყვარდა - ამას ვერავინ უარყოფს...

- სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ჯილდო. ხალხის სიყვარული ზურასთვის, როგორც ნებისმიერი ხელოვანისთვის, ბევრს ნიშნავდა. შენი ხალხისგან პატივისცემას და ზღვა სიყვარულს რომ გრძნობ, ყველა პრობლემა გავიწყდება! ამაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრე რა უნდა იყოს? ზურაც ასე ფიქრობდა, იცოდა, რომ მუსიკოსმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და საზღაურს არ დაელოდოს. მაყურებელი მასაც უყვარდა და ეს სიყვარული ასმაგად უბრუნდებოდა. აბა, რა გითხრათ? - ზურას ყველა მეგობარს გული სტკივა, რომ ასეთი კარგი ადამიანი დავკარგეთ.

ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მას მადლიერებით იხსენებს. ისიც კარგად ვიცი, რომ ზურა საქართველოსთვის ბოლომდე იხარჯებოდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მისი ერთგული იყო!

ხათუნა ჩიგოგიძე