მამამ იუნკერთა გვამებს შორის შვილის დაფლეთილი სხეული დედის ფოტოთი ამოიცნო - კვირის პალიტრა

მამამ იუნკერთა გვამებს შორის შვილის დაფლეთილი სხეული დედის ფოტოთი ამოიცნო

"ბოლშევიკებმა გმირი იუნკერების მშობლიურ კუთხეებში გადასვენება აკრძალეს - არ უნდოდათ, მღელვარებას საქართველოს სხვადასხვა მხარეში გადაენაცვლა"

იუნკერთა უმაგალითო გმირობიდან ზუსტად საუკუნე გავიდა - 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების შესაჩერებელ ბრძოლას თითქმის მთელი შენაერთი შეეწირა. 1921 წლის 11 თებერვლის სუსხიან დილას მშვიდად ჩაძინებული იუნკრები განგაშმა წამოყარა. მათ სამხედრო პატაკი ჩააბარეს, თხელი ლაბადები ჩაიცვეს და დილის 10 საათზე უკვე ტაბახმელისაკენ მიაბიჯებდნენ. რა თქმა უნდა, სისხლიანი ურდოსთვის მათი შეწირვა არავის სურდა, მაგრამ არც სხვა გამოსავალი იყო - ქართული არმია მაშველის გარეშე ბრძოლას ვერ ახერხებდა.

იუნკერთა შესაგებებლად თითქმის მთელი თბილისი ქუჩაში გავიდა. საქართველოს ისტორიაში უკვე მერამდენედ დადგა დრო, როცა თავისუფლება სიცოცხლეზე მეტი იყო! დედებს ჩვილები გამოეყვანათ ომში მიმავალი იუნკრების საცქერლად, თავად იუნკრების დედები კი შვილებს აფრთხილებდნენ, მტერს ზურგი არ აჩვენოთო, თუმცა ყველა მათგანს როდი აცილებდა დედა სასტიკ ბრძოლაში - უმეტესობის მშობელმა არც იცოდა, სად მიდიოდა მისი შვილი. მაკარ ბურჭულაძის დედაც თბილისიდან შორს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში ოჯახს თავს დასტრიალებდა და მაკარის უმცროს ძმებს - ალექსანდრეს, ბენოსა და ვლადიმერს უვლიდა. ძმებს შორის უფროსი მაკარი იყო, რომელსაც დედის სურათი მუდამ გულის ჯიბით დაჰქონდა. ის ლამის ყველაზე ბოლო ჩაირიცხა იუნკერთა სკოლაში. მანამდე მოსკოვის უნივერსიტეტში იურისტის სპეციალობას სწავლობდა, რაც უყოყმანოდ გაცვალა ქართველ იუნკერობაზე. მიზეზზე ბოლო წერილში სწერდა მამას - შენ ხომ საქართველოს მტრების სიძულვილი ბავშვობიდანვე ჩამინერგე, ამიტომ როგორც კი შემთხვევა მომეცა, ჩემი ქვეყნისთვის სამხედრო სამსახური გადავწყვიტეო. წერილი ასე იწყებოდა: "მამა, შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე.

საფუძვლიანად კი რუსეთში ყოფნისას შემძულდა იგი. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი. აქ ჯოჯოხეთია. რუსები უმოწყალოდ გვიტევენ ცეცხლითა და მახვილით. თავის წამოწევა არ შეიძლება. ტყვიამფრქვევი ცელავს ყველაფერს, ჩვენ კი ვაზნები გამოგველია. შევსება არ ჩანს. მეორე დღეა, ლუკმა არ აგვიღია. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა. იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო. იყინება ყველაფერი. ქარბუქი ძვალსა და რბილში გადის. ტანსაცმელი მაინც გვქონდეს შესაფერი. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. დედას ეს წერილი არ წაუკითხო! გარედანაც ვაწერ გაფრთხილებას. არ დამიჯერებ, როცა გიამბობ, რა გასაჭირს ვიტან სამშობლოსთვის. შენი მაკარი. 22 თებერვალი, 1921 წელი.

23 თებერვალს მაკარი ბრძოლაში დაეცა. სწორედ ამ ტყვიით დაცხრილული წერილითა და დედის ფოტოთი ამოიცნო მამამ მისი დაფლეთილი სხეული სხვა დაღუპულ იუნკერთა შორის, ჩუმად აიტაცა და მშობლიურ სოფელ სამებაში წაიღო. ჩქარობდა, რადგან ბოლშევიკებმა გმირების მშობლიურ კუთხეებში გადასვენება აკრძალეს - მათ არ უნდოდათ, მღელვარებას საქართველოს სხვადასხვა მხარეში გადაენაცვლა. სოფელ სამების ძველ სასაფლაოზე დღესაც დგას ობელისკი, რომელზეც არის წარწერა: "აქ განისვენებს სტუდენტი მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე კოჯორი-ტაბახმელის მიმართულებით სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. დაუვიწყარი იქნება მისი სახელი."

მაკარ ბურჭულაძის შთამომავალი ზურაბ ბურჭულაძე დიდ ბაბუას იგონებს:

- მაკარ ბურჭულაძემ შთამომავალთ ისეთი სახელი დაგვიტოვა, სანამ ვიარსებებთ, საამაყოდ გვეყოფა. თავად ახალგაზრდა დაიღუპა და შვილი არ დარჩენია, მაგრამ მის ხსოვნას მისი ძმების შთამომავლები ვაგრძელებთ. ერთ-ერთი ძმა ვლადიმერი მეორე მსოფლიო ომში დაიკარგა. მე მეორე ძმის, ალექსანდრეს შვილთაშვილი ვარ. ძმებიდან მხოლოდ ბაბუაჩემი ალექსანდრე ცხოვრობდა სოფელში. აგერ, უკვე, 60 წელს ვუახლოვდები და ძალიან კარგად მახსოვს, როგორი მოკრძალებით იხსენებდა ჩემი სოფელი მაკარს მაშინაც კი, როცა მისი ხსენება აკრძალული იყო. როგორ მოახერხა მაკარის მამამ, სოლომონმა, თბილისიდან შვილის ჩამოსვენება, ვერ გეტყვით, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ეს მართლაც სასწაული იყო.

ბოლშევიკები თბილისს გარეთ იუნკერების დაკრძალვის ნებას არავის აძლევდნენ, მაგრამ სოლომონმა შვილის სხეული ტაბახმელიდან მალვით გამოიტანა და ძალიან დიდი რისკის ფასად რკინიგზით ჯერ ფოთამდე ჩამოასვენა, იქიდან კი - ჩოხატაურში. ამ საქმეში სოლომონის დამხმარე პაატა ბურჭულაძის ბაბუა და დიდი ბაბუა - სეფე და ვლადიმერ ბურჭულაძეები გაჰყვნენ - მათ გამოაპარებინეს მამას შვილის ცხედარი ტაბახმელიდან.

- იუნკერთა სკოლაში, ძირითადად, თავად-აზნაურთა შვილები სწავლობდნენ, როგორ აღმოჩნდა გლეხი ბურჭულაძე მათ შორის?

- სოლომონი მდიდარი გლეხი იყო, რომელსაც არაფერი დაუშურებია შვილების განათლებისთვის. მან მაკარი მოსკოვში გაგზავნა იურისტობის შესასწავლად, მაგრამ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ის მოსკოვში ვეღარავინ გააჩერა და სამშობლოში დაბრუნდა, მერე კი იუნკერთა სკოლაში ჩაირიცხა.

სოფელში ამბობდნენ, მაკარი გამორჩეული ვაჟკაცი იყოო. მისი შეუპოვრობა და სიმამაცე მისი წერილებიდანაც იგრძნობა. ისეთი დაფლეთილი და დასახიჩრებული ყოფილა, რომ მამამ ვერ იცნო და იუნკერთა გვამებს შორის დიდხანს ეძებდა. ბოლოს გულისჯიბე გაუხსნა და დედის სურათი ამოუღო... მთელი სოფელი დასტიროდა თურმე... ეკლესიის ეზოში, მაკარის საფლავზე სოფლის სახელით სამმეტრიანი ობელისკი დადგეს, რომლის სათავსში მისი სისხლიანი ტანსაცმელი ჩააყოლეს. მერე ბოლშევიკებმა ეკლესია დაანგრიეს, მაკარის ობელისკის სათავსი მოშალეს, ობელისკს კი სამიზნედ იყენებდნენ - ტყვიებს ესროდნენ. მამა ძალიან ხშირად და მწარედ ახსენებდა იმ ბოლშევიკის სახელს, ვინც მაკარის ობელისკი დაცხრილა... მამის განცდები მის შთამომავლებსაც გადმოგვეცა.

დღეს ჩვენი წინაპარი გმირია, ბოლშევიკებს კი მხოლოდ აუგად იხსენიებენ.… ჩემი წინაპრის სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ საკმარისი, რომ უკვდავი სახელი დაეტოვებინა.