ძველი სანომრე ნიშნები აპრილამდე უნდა შეცვალოთ! - კვირის პალიტრა

ძველი სანომრე ნიშნები აპრილამდე უნდა შეცვალოთ!

სააქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტს იწურება. ნომრების შეცვლის ვალდებულება მძღოლებს გასული წლის სექტემბრამდე ჰქონდათ, თუმცა მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვადა აპრილამდე გახანგრძლივდა. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ავტომანქანა, რომელსაც ძველი, 2014 წლამდე არსებული სანომრე ნიშანი აქვს. ასეთი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს და ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები აიღონ.

რადგან ეს საკითხი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება აქტუალური, ავტომანქანების სანომრე ნიშნების ისტორია და ცვლილებების ქრონოლოგიაც დაგაინტერესებთ. დღევანდელი "ავტოსალონი" სწორედ ამ თემას ეხება:

პირველი ნაბიჯები ევროპაში

პარიზში სანომრე ნიშნების გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს

1893 წლის 14 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, სანომრე ნიშანი პარიზში მოძრავი ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. გერმანიამ მსგავსი კანონი 1896 წელს მიიღო. ნიდერლანდები მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საავტომობილო ნომრების ერთიანი ეროვნული სტანდარტი დააწესა. 1906 წლამდე ეს ნუმერაცია მიმდევრობით ზრდად ნომრებს (1, 2, 3, ...319 და ა.შ.) გულისხმობდა, შემდეგ კი რეესტრი შეიცვალა. რაც შეეხება ბრიტანეთს, გაერთიანებულ სამეფოში სანომრე ნიშნების გაცემა 1904 წლის დასაწყისიდან დაიწყო.

ტყავი, თექა, ლითონი

1901 წელს ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გამოსცა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო სანომრე ნიშნებით აღჭურვას ითხოვდა. თავდაპირველად, ავტომფლობელებს თვითონ უხდებოდათ მათი დამზადება (ტყავის, თექის ან მეტალისგან), რადგან ნიუ-იორკში ნომრების დამამზადებელი საწარმო არ არსებობდა. პირველ წლებში არ არსებობდა სანომრე ნიშნების ერთიანი სტანდარტი, თითოეულ ავტომობილს ინდივიდუალური დიზაინის "სანომრე ნიშანი" ჰქონდა, "იდენტიფიკაცია" კი ნომერზე ავტომობილის მეპატრონის ინიციალების ამოტვიფვრას გულისხმობდა. ცხადია, ასეთი ქაოსური სისტემა ხელისუფლებამაც არაეფექტიანად მიიჩნია და უკვე 1909 წლიდან ნიუ-იორკის მთავრობამ ორგანიზებულად დაიწყო საკუთარი ნომრების დამზადება და გაცემა.

თავდაპირველად, სანომრე ნიშნებს ტყავის, თექის ან მეტალისგან ამზადებდნენ

მეტალის ნომრები

მეტალის პირველი დაშტამპული სანომრე ნიშანი დასავლეთ ვირჯინიაში ზუსტად ასი წლის წინ - 1921 წელს დამზადდა. ამ სფეროსთვის ეს მართლაც რევოლუციური სიახლე გახლდათ, რადგან ნაკლებად გამძლე მასალებისგან დამზადებული ნომრები ჩაანაცვლა ლითონმა, რომელიც ნებისმიერ ამინდს უძლებდა და შესაბამისად, ექსპლუატაციის გაცილებით ხანგრძლივი რესურსიც ჰქონდა. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამ ტექნოლოგიას იყენებს. ასწლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოხდა სანომრე ნიშნების მოდერნიზება სხვადასხვა სახის საღებავისა თუ ფირის მეშვეობით, მაგრამ შტამპირების კონცეფცია უცვლელი რჩება.

მეტალის პირველი შტამპირებული სანომრე ნიშანი დასავლეთ ვირჯინიაში 1921 წელს დამზადდა

ბრიტანული ტრადიცია

 ბრიტანეთის გზებზე დღემდე შეხვდებით

დიდ ბრიტანეთს სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეესტრის შექმნის შემდეგ (1903 წელს. - რ.შ.) აღარ შეუცვლია სანომრე ნიშნების ნუმერაციის სქემა. ამიტომ გაერთიანებულ სამეფოში დღესაც შეხვდებით ავტომანქანებს, რომელთა ნომრებიც 100 წელიწადზე მეტი ხნის წინ არის გაცემული. მაგალითად, ავტომობილს ნომრით S1 (მიიჩნევა, რომ ეს შოტლანდიაში გაცემული პირველი საავტომობილო ნომერია). 2008 წელს გამართულ აუქციონზე სანომრე ნიშანი S1 "სულ რაღაც" 400 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

საბჭოთა ტრანსპორტი

საბჭოეთში სანომრე ნიშნების ერთიანი სტანდარტი 1931 წლიდან ამოქმედდა

სსრკ-ში 1930-იანი წლების დასაწყისში გამოიცა ბრძანება "სარეგისტრაციო ნიშნების შესახებ", რომელიც ყველა სატრანსპორტო საშუალებას ავალდებულებდა სანომრე ნიშნის დამაგრებას ძარის წინა მარცხენა ნაწილზე. აუცილებელი იყო უკანა საიდენტიფიკაციო ნომერიც. რაც შეეხება სტანდარტიზაციას, ის 1927 წელს დაიწყო "ავტომობილებისა და მოტოციკლების ერთიანმა საბჭოთა რეესტრმა". სწორედ მაშინ შემუშავდა სანომრე ნიშნების ერთიანი სტანდარტი, თუმცა ნომრების ფერი, სიმბოლოების სიმაღლე და ჩარჩოს სიგრძე-სიგანე მაინც ყოველწლიურად იცვლებოდა.

თავდაპირველად, ერთმანეთისგან საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქის ნომრებიც განსხვავდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავტომანქანებისა და მოტოციკლების რაოდენობაც გაიზარდა და ქალაქებს შორის მიმოსვლაც, აუცილებელი გახდა სანომრე ნიშნების ერთიანი სტანდარტის შემოღება, რომელიც 1931 წლიდან ამოქმედდა.

ყველაზე ძვირად ღირებული

ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ბედნიერი მფლობელი

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სანომრე ნიშანს, მასზე მხოლოდ ერთი ციფრია გამოსახული - "1". არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ავტომანქანების ნომრების აუქციონზე ნომერი... 14 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა! აბუ-დაბიში მილიარდერები ლამის ავტომანქანებზე ბევრია და სარეკორდო ღირებულების სანომრე ნიშანიც, ცხადია, ერთ-ერთ მათგანს ერგო - 25 წლის საიდ აბდულ ჰაფარ ჰოერს. საამიროებში მსგავსი ტიპის აუქციონები საკმაოდ ხშირია, გაყიდვით მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას ხმარდება.

P.S. ავტომანქანისთვის ციფრებისა თუ ასოების სასურველი კომბინაციის შესარჩევად საამიროებში ჩასვლა და მილიონ(ებ)ი სულაც არ არის აუცილებელი - საქართველოში ამას "მხოლოდ" 10.000 ლარად შეძლებთ. თუმცა მანამდე არ დაგავიწყდეთ, რომ ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა ერთ თვეში - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა მოასწროთ!