არხი, რომლის აგებას 2500 წელი დასჭირდა! - კვირის პალიტრა

არხი, რომლის აგებას 2500 წელი დასჭირდა!

საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ყველაზე ვიწრო ადგილზე გაყვანილი კორინთის არხი ეგეოსისა და იონიის ზღვებს აერთებს. სულ რაღაც 6,3 კმ სიგრძის არხი 400 კმ-ზე მეტი მანძილით ამოკლებს პელოპონესის შემოვლას! არხი 12 წელიწადში (1881-1893 წწ.) გაიყვანა 2 500-მდე მუშამ, თუმცა ისტორიულად თავისი დროისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კორინთის არხის გაყვანას 2500 წელი დასჭირდა.

დღეს არხმა ნაწილობრივ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თუმცა ახლაც წელიწადში არხში დაახლოებით 15 000 გემი გადის. ვიწრო არხის სიგანე 25 მ-ია, ხოლო კედლების სიმაღლე ზოგ ადგილას 75 მ-ს აღწევს. ასეთ მონაკვეთებზე არხზე გადებულია 1 სარკინიგზო და 3 საავტომობილო ხიდი. კორინთის არხის სივიწროვის გამო მოძრაობა რევერსიული, ანუ მორიგეობით ცალმხრივია. საშუალო და მოზრდილი გემები ბუქსირით მოძრაობენ. არხის ზომების გამო შეზღუდულია საოკეანო გემების გავლა, რომელთა სიგანე 20 მეტრზე მეტია. თუმცა 2019 წელს 24 000 ტ წყალწყვის საოკეანო ლაინერმა "ბრემერმა", რომლის სიგანე 22,5 მ-ია, მოახერხა არხში გავლა. ამ საოცარმა სანახაობამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო, რადგან მანძილი არხის კედლებსა და გემის გვერდებს შორის დაახლოებით 1 მ იყო.

პელოპონესის ვიწრო ყელზე არხის გაყვანის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ 2500 წლის წინ დაფიქრდნენ. ძვ.წ. VII საუკუნეში კორინთის ტირანმა პერიანდროსმა, რომელიც ძველი საბერძნეთის 7 ბრძენის რიცხვში ითვლებოდა, პირველმა დაიწყო არხის გათხრა. თუმცა მოერიდა ღმერთების განაწყენებას და საბოლოოდ ნავების ხმელეთით გადასათრევად 6 კმ სიგრძის ქვებით მოკირწყლული სპეციალური გზა "დიოლკოსი" გაიყვანა, რომლის ნაშთების ნახვა დღესაც შესაძლებელია!

ძვ.წ. 307 წელს მაკედონიის მმართველმა დემეტრიოს პოლიორკეტისმა სცადა არხის აგება, რისთვისაც ეგვიპტელი ინჟინრები მიიწვია. თუმცა მათი გამოთვლებით ეგეოსისა და იონიის ზღვებში წყლის სხვადასხვა დონის გამო არხის გაყვანა დიდ ტერიტორიას დატბორავდა და მისი აგება ჩაიშალა.

რომის ეპოქაში რხის აგებას გეგმავდნენ ჯერ იულიუს კეისარი, შემდეგ კალიგულა, ხოლო იმპერატორმა ნერონმა ახ.წ. 67 წელს არხზე მუშაობის დაწყება ბრძანა, რისთვისაც 6000 მონა გაგზავნა. ნერონის დამხობის შემდეგ მომდევნო იმპერატორმა სერვიუს გალბამ აღარ ისურვა ასეთი ძვირი პროექტის გაგრძელება.

საოკეანო ლაინერის სიურრეალისტური ცურვა პელოპონესის ნახევარკუნძულზე

პელოპონესის ყელზე კორინთის არხის გაჭრას შემდგომშიც ცდილობდნენ ჯერ ბერძნები, შემდეგ ბიზანტიის იმპერია და ერთ დროს ზღვათა მპყრობელი ვენეცია, თუმცა ამაოდ...

საბერძნეთის რევოლუციის შემდეგ არხის გაყვანაზე ზრუნვა 1821 წელს საბერძნეთის პირველმა პრეზიდენტმა იოანის კაპოდისტრიასმა დაიწყო, ფრანგი ინჟინრებიც მიიწვია, მაგრამ დაფინანსებას ვერ გასწვდა.

როცა 1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხი გაიხსნა, საბრძნეთის მთავრობამაც იმავე თვეში მიიღო კანონი "კორინთის ყელზე პელოპონესის არხის გაყვანის შესახებ". პროექტირება უნგრელ არქიტექტორებს დაავალეს და 1882 წელს, როგორც იქნა, მშენებლობა დაიწყო. თუმცა არხის გაყვანას ფინანსური საფრთხე მალევე დაემუქრა. საბოლოოდ პროექტი გადაარჩინა ბერძენმა ბანკირმა, ცნობილმა ფილანთროპმა და მეცენატმა ანდრეს სინგროსმა, რომელმაც დაასრულა არხის აგება. კორინთის არხი 1893 წელს ამოქმედდა.

რამაზ გურგენიძე