"დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა... სახლი, რომელშიც ჯერ არც ჩავსულვარ, საცხოვრებლად აღარ ვარგა" - ემიგრანტი ჟურნალისტის ემოციური პოსტი - კვირის პალიტრა

"დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა... სახლი, რომელშიც ჯერ არც ჩავსულვარ, საცხოვრებლად აღარ ვარგა" - ემიგრანტი ჟურნალისტის ემოციური პოსტი

ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, ჟურნალ "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ისრაელიდან - ლელა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ როგორ გადაურჩინეს მეხანძრე-მაშველებმა არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ხუდადოვზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში იმყოფებოდა და ეძინა...

"დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა. ალბათ, თუ ვინმეს ჩემთვის სიკეთე გისურვებიათ, ყველამ ერთად დღეს გადამარჩინეთ. ჩემი არასრულწლოვანი შვილი სახლში მარტო იყო და როცა ხალხი ქუჩაში გარბოდა, მშვიდად აგრძელებდა ძილს.

მადლობა ღმერთს, რომ მეხანძრეებმა გამოაფხიზლეს. არ დავეძებ არც იმას, რომ წლების ნაშრომი წყალმა ჩარეცხა, არც იმას, რომ სახლი, რომელშიც ჯერ არც ჩავსულვარ, საცხოვრებლად აღარ ვარგა. მთავარია, რომ ჩემი შვილის ხმა მესმის. არ დაზიანდა და გადამირჩა.

ყველას, ვისაც არ გესმით, როგორ ვტოვებთ პატარა შვილებს დედები, გეტყვით, რომ სინამდვილეში არც მე მესმის. ასი წლის შემდეგაც კი თუ გული გამისკდება, ეს ჩემი შვილის სიტყვების გამო იქნება: " სად ხართ დედა, ნახევარი საათია ვერავის დაგიკავშირდით, ქუჩაში ვდგავარ მარტო ჩემს ბავშვებთან (დეიზი და დანი, მისი ძაღლები) ერთად, სახლი იწვის. რომელიმე დამეხმარეთ". ამ დროს მოხუცი, რომელთანაც ვმუშაობ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაგვყავდა. დანარჩენს მხოლოდ ემიგრანტი დედები გაიგებენ. სხვები ნურც შეეცდებით" - წერს ლელა ჭანკოტაძე.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, ხუდადოვის ქუჩის პირველ ნომერში საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.