"გადაწყვეტილებების ერთადერთი მიმღები ივანიშვილია, გიორგი გახარია ჭკვიანი კაცი ყოფილა, თუმცა..."
"გადაწყვეტილებების ერთადერთი მიმღები ივანიშვილია, გიორგი გახარია ჭკვიანი კაცი ყოფილა, თუმცა..."
"გიორგი გახარია ჭკვიანი კაცი ყოფილა, თუმცა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს. ამის მიზეზი მაქვს და იმიტომ" - ამბობს თბილისის ცნობილი კოლორიტი გივი სიხარულიძე და ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი ამბების შესახებ საკუთარ შეხედულებებს kvirispalitra.ge-ს უზიარებს.

გივი სიხარულიძე:
- რატომ არის გახარია ჭკვიანი კაცი?! იმიტომ 20 ივნისს დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორა. მიხვდა, ხალხი აღარ აპატიებდა და სამარადისოდ დასწყევლიდა. მგონია, რომ ძალიან დიდი საშინელება აგვარიდა. მსოფლიო საზოგადოება, უცხოელი პარტნიორები საერთოდ წითელ ხაზს
გადაგვისვამდნენ, თავი აღარსად გვექნებოდა გამოსაყოფი.

- ვიდრე პრემიერის პოსტს დატოვებდა, როგორ იყავით მის მიმართ განწყობილი?
- არც ავად, არც კარგად. არ შეიძლება ცუდს ან კარგს ფიქრობდე რომელიმე პოლიტიკოსზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პირველი პირი, გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ბიძინა ივანიშვილია. ახლა გვეუბნებიან, - წავიდაო. ვის ატყუებენ ეგენი? წავიდა
არა...

მე და ჩემმა შვილმა ერთი საქმე რომ წამოვიწყოთ, მერე საქმის კეთებას თავი დავნებო და ყველაფერი შვილს დავუტოვო, გასული ვიქნები საქმიდან?! რა თქმა უნდა, არა! სხვათა შორის, ბატონ ბიძინას ძალიან ჭკვიან კაცად მივიჩნევ. უდავოდ ჭკვიანია, უბრალოდ არ გამოსდის, არ იცის ეს პოლიტიკა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ყველანაირად ეცადა, ქვეყანა რთული მდგომარეობიდან გამოეყვანა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- თქვენ ამბობთ, რომ გახარიამ ძალიან ცუდ ამბავს აგვარიდა. ძალიან მალე მის ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, რომელიც ამბობს, რომ სამართალს აღასრულებს. რას ფიქრობთ, ამ ამბავზე?
- მე არ ვიცი, ირაკლი ღარობაშვილი ხვალ და ზეგ რას იზამს, მაგრამ მის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია მაქვს. რატომ!? იმიტომ, რომ ვიცი, რას შეეწირა მისი პრემიერ-მინისტრობა პირველ ჯერზე. მე ეროვნული, კონსერვატორი კაცი ვარ და ძალიან მომეწონა, როდესაც თქვა - მე ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ დავუშვებო. კაცი, რომელიც ასეთ რამეს ამბობს ის ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი ადამიანია. ამიტომ ვცემ უზარმაზარ პატივს. სხვა არაფრის თქმა არ მინდა მასზე.

- თქვენი აზრით, უნდა დაიჭირონ ნიკა მელია თუ არა?
- მე ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ. ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ძალაა. არასდროს ვყოფილვარ მათი მხარდამჭერი, არც არასდროს ვიქნები, მაგათი არაფერი მწამს. თუმცა, ნიკა მელია მომწონს. ნეტავ "ქართულ ოცნებაშიც" გამოჩნდებოდეს ასეთი მებრძოლი სულის კაცი. უკან დახევა არ იცის, რქებით აწვება ყველას და ყველაფერს, ძალიან მაგარია! მერე კიდევ, ჩემში თანაგძნობასაც იწვევს, რადგან უსამართლოდ ექცევიან.

არ მომწონს, როდესაც ჩემი ხელისუფლება ვინმეს, თუნდაც ჩემთვის მიუღებელ პერსონას უსამართლოდ ექცევა. გიორგი რურუას მაგალითს შეგახსენებთ. ეს კაცი ანგელოზი არ არის, უფრო პირიქით, მაგრამ სად წაუვიდეთ სიმართლეს? კაცი სულ ტყუილად არის დაჭერილი. არ მჯერა, კაცს, რომელსაც 45 გაფორმებული იარაღი აქვს მაინც და მაინც 46-ე იარაღი არ გააფორმა და ჯიბეში ჩაიდო. ეს ხომ აბსურდია?! ვიღაცას პირადი ინტერესი ჰქონდა მის მიმართ და დაიჭირა, მორჩა და გათავდა.

პოლიტიკური პატიმარი არ უნდა იყოს ქვეყანაში. თუ რამის თავი გაქვს თანასწორ პირობებში ებრძოლე, ნუ იყენებ შენს ხელში არსებულ ძალაუფლებას. გახსოვდეს, რომ ეს დროებითია, ხვალ, შეიძლება სწორედ შენი ოპონენტის ხელში აღმოჩნდეს ძალაუფლება. მერე სად მიდიხარ?!

- საერთაშორისო საზოგადოება შერიგებისკენ, მოლაპარაკებისკენ, სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს, თუმცა ამ რეკომენდაციას არც ხელისუფლება ითვალისწინებს და არც ოპოზიცია. დღეს არსებული მცირე ინცინდენტები, ქაოსი და დაპირისპირება ხვალ სერიოზულ კონფლიქტში რომ გადაიზარდოს, თქვენ როგორც ერთი მოქალაქე პასუხისმგებლობას ვის დააკისრებთ?
- მე არც ოპოზიცონერი ვარ, არც ხელისუფლების მხარდამჭერი. ხმაც კი არავისთვის მიმიცია, იმიტომ, რომ არცერთის მჯერა და არცერთი მესიმპათიურება. თუმცა, მინდა რომ ორივე მხარემ გამოიჩინოს გონიერება და შერიგდნენ. ორ სხვადასხვა ფრონტზე გაფანტული ქართველების შეირიგება მინდა. სხვაგვარად დავიღუპებით.

ახლა, რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, ოქტომბრის რევოლუციისას, ცხენზე ამხედრებული რუსი კომუნისტები რომ შემოვარდნენ საქართველოში, ჩვენ კბილებამდე შეირაღებული გერმანიისა და ინგლისის ჯარი გვიცავდა. ერთმანეთს ასწრებდნენ, ბათუმისა და ფოთის პორტებიდან გემებით რომ გაპარულიყვნენ. კომუნისტებს არ გაუჩერდა კბილებამდე შეირაღებული ჯარი. რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენს მაგივრად, იმათ არ სტკიოდათ ჩვენი სამშობლო. ახლაც ასეა, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ახლაც მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით შეუძლიათ ჩვენი დახმარება. სხვა მხრივ თავს ნამდვილად არ შეიწუხებენ. ჩვენ უნდა გვქონდეს იმდენი ჭკუა, თავად განვსაზღვროთ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. გონს მოეგონ და შერიგდნენ, თუ მართლა სამშობლო ედარდებათ და მხოლოდ პირად გამორჩენაზე არ არიან გადაგებულნი.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)
გია
01 მარტი 2021 13:51
მე რომ მკითხო სამივე ერთნაერი ჭკუის არიან.
სოფო
23 თებერვალი 2021 23:26
რურუას ცოლის ბაბუაა, არც იქითაა არც აქეთ
23 თებერვალი 2021 10:59
mere da vin stkva gaxarias rom apatia xalxma kvelas moekitxeba.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები