"მაფიის გვერდით: როგორ ჭამდა ფინელი მსახიობი ლობიოსა და ხაჭაპურს ქართველი მაფიოზების სასადილოში" - რას წერს ფინური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მაფიის გვერდით: როგორ ჭამდა ფინელი მსახიობი ლობიოსა და ხაჭაპურს ქართველი მაფიოზების სასადილოში" - რას წერს ფინური გამოცემა?

ფინური გაზეთი "ჰელსინგინ სანომატი" (Helsingin Sanomat) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "მაფიის გვერდით: ვილე ჰააპსალო იხსენებს, თუ როგორ ჭამდა ლობიოს და ხაჭაპურს ქართველი მაფიოზების სოფლურ სასადილოში", რომელშიც გადმოცემულია ფინელი მოქალაქის ისტორია - თუ როგორ და რატომ გახდა იგი ქართული სამზარეულოს თაყვანისმცემელი (ავტორი - ვენლა როსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ვილე ჰააპსალო სპეციალობით მსახიობი და ტელეწამყვანია (პროფესიონალი ყბედი, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს), ბოლო დროს კი იგი რესტორატორიც გახდა. ვილე საჭმელებს ამზადებს. როცა ჩვენ ჰელსინკში მისი რესტორნის - (Purpuris) სამზარეულოში შევდივართ, ვხედავთ, რომ მასთან ერთად კიდევ ორი მზარეული მუშაობს. მათგან რომელმა მოამზადა საჭმლის ინგრედიენტები, ვინ დაჭრა ხახვი, ვილე ჯერჯერობით არ გვიმხელს, სამაგიეროდ, როგორც ლაპარაკის მოყვარული, საინტერესო ამბებს გვიყვება.

ერთ-ერთი ამბავი სწორედ იმ საჭმელს უკავშირდება, რომელსაც ახლა ვილე და მისი მზარეულები ამზადებენ - ლობიოს. ისიც საინტერესოა, თუ რატომ გახსნა მან რესტორანი ქართული სამზარეულოს კერძებით, რუსული რესტორნის ნაცვლად, რომელსაც იგი თავის მეორე სამშობლოს უწოდებს...

"1991 წელი იდგა. წავედი ლენინგრადში, მსახიობობა რომ მესწავლა, თან რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მოკლედ, ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად ძალიან რთულ ვითარებაში ვვარდებოდი. მართალია, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში სურსათის დეფიციტი იყო და პროდუქტებს მაღაზიაში სასურსათო ბარათებით ვიღებდით, მაგრამ ინსტიტუტის სასადილოში რატომღაც ყოველთვის ხორციანი საჭმელები მხვდებოდა. ვეგეტარიანელი ვიყავი და ვცდილობდი, ხორციანი კერძები არ მეჭამა. ერთხელაც გავედი ქალაქში რომელიმე ისეთი რესტორნის მოსაძებნად, სადაც რამე უხორცოს ამზადებდნენ. მივდივარ ქუჩაში და ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი სარდაფის კაფიდან ძალიან სასიამოვნო სურნელი გამოდის...", - გვიყვება ვილე ჰააპსალო.

იგი დაინტერესდა და სარდაფში ჩავიდა. ხედავს, რომ ორი მკაცრსახიანი მამაკაცი ზის (როგორც შემდეგ უთხრეს -  ქართველები) და მიირთმევს რაღაც ეროვნულ საჭმელს, რომელიც იქვე მოფუსფუსე ბებიამ მოუმზადა.

"როგორღაც მოვახერხე და ვკითხე, შემიძლია თუ არა მეც რაღაც შევჭამო-მეთქი. მამაკაცებმა ნება დამრთეს. ქალბატონმა წინ დამიდგა ერთი თეფში არომატული კერძი და ორი გამომცხვარი ღვეზელი ყველით - როგორც მითხრეს, ლობიო და ხაჭაპური. არაფერი ამაზე გემრიელი ცხოვრებაში ნაჭამი არ მქონდა", - იხსენებდა ვილე, თუ როგორ დააგემოვნა პირველად ქართული საჭმელი.

სტუდენტი მეორე დღესაც ეწვია კაფეს ლობიოსა და ხაჭაპურისთვის, მესამე დღესაც... მოკლედ, იგი ნახევარი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დადიოდა სარდაფის კაფეში. საჭმელები ისეთი გემრიელი იყო, რომ ვერ ძღებოდა. თანდათანობით ვილე მიხვდა, რომ სარდაფის კაფე ჩვეულებრივი კი არ იყო, არამედ ის... ქართველი მაფიოზების თავყრილობის ადგილსაც წარმოადგენდა! რატომღაც მათ ფინელი სტუდენტი-მსახიობი მოეწონათ და ნება დართეს, მასაც მათთან ესადილა ხოლმე...

ახლა კი, რადგან კერძი უკვე მომზადდა, დროებით შევწყვიტოთ ამბების მოყოლა და გავსინჯოთ. მაგიდაზე ერთი თეფში ლობიო და ლანგრით - ხინკალია მოტანილი, რომელიც ფინურ "პელმენს" მოგვაგონებს, თუმცა უფრო დიდია და შიგნით ცხვრის ხორცია ჩადებული. ვილე ჰააპსალო ვრცლად გვასწავლის ხინკლის ჭამის წესს:

"ვიღებთ ხინკალს თითებით, მოკბეჩთ მცირე ნაწილს და ვისრუტავთ ხორცის ბულიონს, შემდეგ მივაყოლებთ ხორცს და მოხარშულ ცომს. ხინკლის ჭიპს ანუ იმას, რაც თითებით გვიჭირავს (ზოგი მას კუდს უწოდებს), ვტოვებთ თეფშზე. პრინციპში, მისი შეჭმაც შეიძლება, მაგრამ ქართველები, ჩვეულებრივ, ასე არ აკეთებენ. არც მე".

ხინკლის კუდი (ჭიპი) კერძის მოსამზადებლადაა საჭირო. ხინკალში იდება ხორცი, რომელიც იხარშება ცომში ბულიონით, ამიტომაც ხდება გემრიელი და წვნიანი.

თავის მხრივ, ლობიოს მომზადების საიდუმლო სანელებლებსა და მწვანილშია. მაგალითად, სასიამოვნო არომატს აძლევს რეჰანი და ქონდარი. ქინძიც მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ქართველები თვლიან, რომ ის ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას და რადგანაც ტრადიციული ქართული კერძები "მძიმეა", ასეთი მწვანილეულობა სასარგებლოა.

"ქართველებისთვის ტრაპეზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სუფრასთან რომ დასხდებიან, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ სამუშაოც კი ავიწყდებათ... ქართველებისთვის გემრიელი საჭმელი ცხოვრებაში ბევრს რაღაცას ნიშნავს. მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ", - ამბობს ვილე ჰააპსალო. იგი თავისი ნათქვამის დასადასტურებლად თბილისში მომხდარ შემთხვევაზე - ტაქსისტების საპროტესტო აქციაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ისინი სამსახურში არ გამოვიდნენ იმის გამო, რომ სადილზე ერთი ჭიქა ღვინის დალევა აუკრძალეს.

"როგორც ჩანს, ღვინის გარეშე ტაქსი არ მოძრაობს", - იცინის ვილე ჰააპსალო.

ნუთუ ეს სინამდვილეში მოხდა?

არ ვიცი, თუმცა ამბავი მართლაც სასაცილოა", - ნათქვამია პუბლიკაციაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ