"მე რომ დამეშავებინა რამე ან გირაო არ გადამეხადა, მაპატიებდნენ?" - "ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებამ უნდა გამოაფხიზლოს ერი" - კვირის პალიტრა

"მე რომ დამეშავებინა რამე ან გირაო არ გადამეხადა, მაპატიებდნენ?" - "ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებამ უნდა გამოაფხიზლოს ერი"

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ მელიას საქმეზე კანონი უნდა აღსრულებულიყო. დილის 07.30 საათზე ნიკა მელიას დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულ სამართალდამცავებს მოგვიანებით სპეცრაზმიც შეუერთდა. გაამწვავებს თუ არა ქვეყანაში ვითარებას ნიკა მელიას დაკავება, განახლდება თუ არა მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მივიღებთ თუ არა დესტაბილიზაციას? - ეს არის საკითხები, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

ზურა მანჯავიძე, მომღერალი:

- ზოგადად, არავის დაჭერა და ციხეში ჩასმა არ მახარებს, მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს სახელმწიფო და კანონი ყველასთვის უნდა იყო კანონი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ ბოლო დროს ისედაც ბევრის უფლება მისცეს მელიას კომენდანტის საათის დარღვევით დაწყებული სამაჯურის მოხსნით დამთავრებული. მე თუ ვიცავ და ვემორჩილები კანონს, მომწონს თუ არა მომწონს, კეთილი ინებონ და თვითონაც ასე მოიქცნენ.

ვფიქრობ, ნიკა მელიას საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცილებია. კი, ბატონო, მის დაკავებას დასავლელი პარტნიორების მკაცრი შეფასება მოჰყვა, ამერიკის საელჩოს განცხადებას ვგულისხმობ, მაგრამ სჯობს, თავის ქვეყანას მიხედონ - კაპიტოლიუმზე შტურმის დროს 5 ადამიანი დაიღუპა, პირდაპირი დამიზნებით ესროლეს, ათეულობით დაიჭრა, კიდევ რამდენია დაჭერილი და კაციშვილი არ ამბობს მათზე, პოლიტპატიმრები არიან და გამოუშვითო. გმირები კი არა, მათ შიდა ტერორისტები უწოდეს ამერიკელებმაც და მთელმა მსოფლიომაც. ჩვენ რა, განსხვავებული ქვეყანა ვართ? ახლა ეცდებიან, დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ მომხდარი, მაგრამ ვერაფერს გახდებიან - იყვირებენ და გაჩუმდებიან. ერთადერთი მეშინოდა იმის, რომ პროვოკაცია არ მომხდარიყო, მაგრამ ძალიან მაღალ, პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა დაკავების ოპერაცია, ისე, რომ თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არავის. თუ სამართლებრივი ქვეყანა ვართ, კანონი ყველასა და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს და თუ არ ვართ, მაშინ მორევაზე წავიდეს საქმე - ვნახოთ, ვინ უფრო გამწარებულია და ვის უფრო ახსოვს ერთმანეთის ცოდვები... აი, მაშინ კი მართლაც უმართავ სახეს მიიღებს პროცესები.

სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

- სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მკაცრი გაფრთხილების ფონზე, არ მოველოდი ხელისუფლებისგან ასეთ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი ქმედებებით მანამდეც არა ერთხელ გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მაინც არ მეგონა, თუ ასეთი ძალისმიერი მეთოდებით დააპატიმრებდნენ ნიკა მელიას და "ნაცმოძრაობის" ოფისზე შტურმს მიიტანდნენ. ღამის 3 საათამდე მეც ოფისში ვიყავი, მერე შინ წავედი ცოტა ხნით, დასაძინებლად.

ამ განაცხადით ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, რომელიც კვლავ მის უკან დგას, ფაქტობრივად, გააუქმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფო. ქვეყანას დისტანციურად მართავს ისევ ის ხელისუფლება, ანუ შეასრულეს დავალება, რომელიც რუსეთმა გასცა და შეგიძლიათ ნახოთ, დღეს რა კმაყოფილებით წერენ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის საელჩოს განცხადება, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ისინი შეშფოთებულები არიან ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილებით და მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები დიალოგისკენ უგულებელყოფილ იქნა.

- თუმცა მანამდე იმავე პარტნიორების მხრიდან არა ერთხელ იყო მოწოდება, დამსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმებულიყავით. შეთანხმება კი ორივე მხარისგან მოითხოვს კომპრომისებს.

- ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე და არასდროს ავმდგარვართ მოლაპარაკების მაგიდიდან. როდესაც მოლაპარაკების საგანი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ამ დროს იღებენ გადაწყვეტილებას, დააპატიმრონ მთავარი ოპოზიცური პარტიის ლიდერი, რა შეთანხმებასა და დათმობაზე შეიძლება იყოს საუბარი? მოლაპარაკების გზა და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპასა და ნატოში გამიზნულად ჩიხში შეიყვანა "ქართულმა ოცნებამ". არადა, არჩევნებამდე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ექნებოდა გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი საქართველოს წინააღმდეგ. გავრილოვი ადრე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და დღეს კი გვითხრეს, რომ რეალურად ის არის ხელისუფლების სათავეში.

- დღეს ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებდნენ ხალხს პროტესტისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ...

- ვაპირებთ შევქმნათ ძლიერი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ვნახოთ, იმედი მაქვს, ჩვენი ბევრი მოქალაქე მოვა, არა ნიკა მელიას დაკავების გასაპროტესტებლად, არამედ - საოკუპაციო რეჟიმის დამყარების გასაპროტესტებლად. ვინც ამ ქვეყანაში აპირებს ცხოვრებას, ვფიქრობ, ყველა უნდა იდგეს კანცელარიასთან, სხვა არჩევანი ამ ხელისუფლებამ ხალხს არ დაუტოვა.

სალომე გოგიაშვილი, წამყვანი:

- არაფერი უცნაური არ არის იმაში, რაც დღეს მოხდა. კანონი აღსრულდა. საინტერესოა, მე რომ დამეშავებინა რამე ან გირაო არ გადამეხადა, თუ მაპატიებდნენ? ან "ნაციონალური მოძრაობა" თუ დამიდგებოდა გვერდით და დამიცავდა?

არა მგონია, მომხდარს დესტაბილიზაცია მოჰყვეს, ცოტა ხანს იდგებიან ქუჩაში და დაიშლებიან, მათ არ შეუძლიათ, თვეში ერთხელ რომ არ გავიდნენ ქუჩაში და არეულობა არ შექმნან. დღეს ვუყურებდი დაკავების კადრებს და ვხედავდი, თვითონვე როგორ ამტვრევდნენ ოფისს, მერე კი გამოვიდნენ და საჯაროდ, განაცხადეს, თითქოს პოლიციამ და სპეცრაზმმა დაარბია იქაურობა. ეს მათი ხელწერაა.

გიგა მაქარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი: - ერთ ოთახში ვიყავით, როდესაც კარი შემოტეხეს და შემოვიდნენ, მანამდე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რამაც თვალების წვა გამოიწვია. პირადად ჩემთვის ნამდვილად არავის არაფერი დაურტყამს. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებამ უნდა გამოაფხიზლოს ერი და მიგვახვედროს, რა გვინდა და საით მივდივართ, რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ. ეს მარტივი ასარჩევია. გირაოს თანხის გადახდა თუ გადაუხდელობა - ეს იყო მელიას არჩევანი, თუმცა მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, არც მე გადავიხდიდი.

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)