ისტორიის გამოცდაზე საკითხები XI-XII კლასების სახელმძღვანელოდან იქნება - კვირის პალიტრა

ისტორიის გამოცდაზე საკითხები XI-XII კლასების სახელმძღვანელოდან იქნება

წელს საატესტატო გამოცდებში 48 ათასი მეთორმეტეკლასელი მონაწილეობს. ყოველი საგნის გამოცდას  თითო დღე დაეთმობა.

რადგან გამოცდაზე ნეტბუკებთან მოუწევთ მუშაობა, მოსწავლეები ჯგუფებად დაიყოფიან. გამოცდისთვის განკუთვნილი საათ-ნახევრის შემდეგ გამოცდაზე მეორე ჯგუფი შევა. დღის განმავლობაში სულ 4 სესია ჩატარდება.

მანანა ჯავახიშვილი, საზოგადოებრივი მეცნიერებების (ისტორია, გეოგრაფია) ჯგუფის ხელმძღვანელი:

- ისტორიის საატესტატო გამოცდაზე თითოეულ მოსწავლეს 40 დავალება მიუვა. საკითხები  საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან XI-XII კლასების სახელმძღვანელოებიდან იქნება. საკითხები მოიცავს ძველ, ახალ და უახლეს ისტორიას - 40% შეეხება ძველ ეპოქას, დავალებების  60%  კი იქნება ახალი და უახლესი ისტორიიდან (დაწყებული პრეისტორიული ხანიდან (დიაოხიდან და კოლხადან) მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დამთავრებული).   მოსწავლეებმა  ყურადღება უნდა მიაქციონ ისტორიულ ფაქტებს, პიროვნებებს, ომებსა და ზავებს. ყველა საკითხი იქნება პროგრამიდან, რომელიც დევს ვებგვერდზე www.naec.ge.

ძალიან ცოტა საკითხი იქნება, სადაც მოსწავლეს თარიღის ცოდნა მოეთხოვება. ჩვენ გვინდა შევამოწმოთ მოსწავლის ქრონოლოგიური ცოდნა, რა მოვლენას რა მოჰყვა და არა კონკრეტული თარიღი.  მოსწავლეს საატესტატო გამოცდაზე არ მიუვა რუკა (რუკაზე მუშაობა მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე მოუწევთ).

ხშირად დასმული კითხვები

- ტესტირებაზე, კითხვაზე პასუხის გაცემისას, დაფიქსირდება სწორია თუ არა პასუხი?

- მოსწავლე ვერ დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა კითხვას, პროგრამა მას მომდევნო კითხვას მიაწვდის.

- თუ გამოცდაზე წყობიდან გამოვიდა კომპიუტერი ან გაითიშა ინტერნეტი, რა ბედი ელის მოსწავლეს?

- თუ გამოცდის მსვლელობისას მოხდა მცირე შეფერხება, მოსწავლე ამით არ დაზარალდება, მისი ყველა პასუხი ავტომატურად შეინახება და შეფერხების აღმოფხვრისას ის ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. თუ შეფერხება ხანგრძლივი აღმოჩნდა, მოსწავლე გამოცდას სხვა დღეს ჩააბარებს.

- მოუწევს თუ არა მოსწავლეს ქართულის გამოცდაზე თემის დაწერა?

- კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეს არაფრის (არც თემის) დაწერა არ მოუწევს. მან  4 შემოთავაზებულიდან მხოლოდ ერთი, მისი აზრით, სწორი პასუხი უნდა მონიშნოს.

მოსწავლეს ექნება ქაღალდი და ფანქარი იმ შემთხვევებისთვის, თუ მას გამოანგარიშება დასჭირდა.

- თუ რომელიმე გამოცდაზე მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა, მიეცემა თუ არა ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა?

- მოსწავლე, რომელმაც გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა  და ვერ აიღო ატესტატი,  ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

- იქნება თუ არა განსაზღვრული კითხვების რაოდენობა?

- გამოსაშვები გამოცდების კითხვების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ ტიპის გამოცდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამა, კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის შესაძლებლობებს არ დაადგენს.

შესაძლებელია ერთი მოსწავლის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა, ვთქვათ, 30 აღმოჩნდეს, მეორის შემთხვევაში კი – 18. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა კი წინასწარ იქნება განსაზღვრული.

- როდის გახდება ცნობილი გამოცდის შედეგები?

- გამოცდის შედეგს (ქულას) მოსწავლე მონიტორზე გამოცდის დასრულებისთანავე დაინახავს.

- ვინ გაუწევს მეთვალყურეობას მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებს?

- საატესტატო გამოცდებზე მეთვალყურეები წინასწარ შეირჩევიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ისევე, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მათ, ტრეინინგების გავლის შემდეგ ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის შედეგების მიხედვით, საუკეთესოები მონაწილეობას მიიღებენ საატესტატო გამოცდებში, როგორც მეთვალყურეები.

- იმოქმედებს თუ არა მედლის გაცემაზე გამოსაშვები გამოცდების ქულები?

- ოქროს მედალი არის სკოლის მიერ გაცემული ჯილდო და მას სკოლა გადასცემს მოსწავლეს, რომელმაც სასწავლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა, ოქროს მედალოსნები ჩვეულებრივ მიიღებენ მონაწილეობას გამოსაშვებ გამოცდებში. ბუნებრივია, თუ მედლის კანდიდატი ჩაიჭრა რომელიმე გამოცდაში, ის მედალს ვერ მიიღებს.

- რა სირთულის ტესტები იქნება ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში?

- 2011 წელს საატესტატო გამოცდებზე (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც) დავალებების ძირითადი ნაწილი შეირჩევა მარტივი დავალებების ბლოკიდან – მოსწავლე ბარიერის გადალახვას მარტივი დავალებების ხარჯზე შეძლებს.

ისტორია

1. ვინ იყო ირანის შაჰი, როდესაც კახეთში თეიმურაზ I მეფობდა?

ა) ისმაილ I; ბ) თამაზ I; გ) აბას I; დ) სეფი I

სწორი პასუხია: გ)

2. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალურ ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ახალმა რელიგიურმა მოძრაობამ, რომელიც რომის პაპსა და კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირდა. ვინ იყო აღნიშნული რელიგიური მოძრაობის ფუძემდებელი?

ა) ლუთერი; ბ) მაკიაველი; გ) ლოიოლა;

დ) ვალენშტაინი.

სწორი პასუხია: ა)

3. 1783 წელს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებამ ძალზე გააუარესა ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა. ამის კულმინაცია კი 1795 წელს თბილისის აოხრება იყო. ვისმა ჯარმა ააოხრა თბილისი?

ა) ირანელების; ბ) ოსმალების; გ) ლეკების; დ) მონღოლების.

სწორი პასუხია: ა)

4. რომელ წელს გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში მოძრაობამ - "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო"?

ა) 1980; ბ) 1985; გ) 1990; დ) 1995.

სწორი პასუხია: გ)

5. რა იყო "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" მიზანი?

ა) სსრკ-ის შემადგენლობაში საქართველოსთვის ავტონომიის მინიჭება; ბ) საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა; გ) რუსეთის იმპერიის ფარგლებში კავკასიისთვის ავტონომიის მინიჭება; დ) საქართველოს "ერთა ლიგაში" გაერთიანება.

სწორი პასუხია: ბ)

6. რომელ საუკუნეში განხორციელდა ე.წ. "კონტინენტური ბლოკადა" ინგლისის წინააღმდეგ?

ა) XVII; ბ) XVIII; გ) XIX ; დ) XX.

სწორი პასუხია: გ)

7. ვინ დაამარცხა ნაპოლეონმა აუსტერლიცის ბრძოლაში?

ა) რუსები და ავსტრიელები; ბ) ავსტრიელები და პრუსიელები; გ) პრუსიელები და ინგლისელები; დ) ინგლისელები და რუსები.

სწორი პასუხია: ა)

8. ევროპის რომელი ნახევარკუნძული დაიპყრეს არაბებმა  VIII საუკუნეში?

ა) პირენეს; ბ) აპენინის; გ) ბალკანეთის;

დ) სკანდინავიის.

სწორი პასუხია: ა)

9. რა ევალებოდა რომის სენატის მიერ აღმოსავლეთში გამოგზავნილ პომპეუსს?

ა) ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი მომთაბარეების დამარცხება; ბ) პართიის სამეფოსა და მისი მოკავშირეების დამარცხება; გ) აჯანყებული ქართლის, ალბანეთისა და სომხეთის დამორჩილება; დ) პონტოს სამეფოსა და მისი მოკავშირეების დამარცხება.

სწორი პასუხია: დ)

10. რომელ სახელმწიფოს ებრძოდა პონტოს მეფე მითრიდატე VI?

ა) პართიას; ბ) ბიზანტიას; გ) ირანს; დ) რომს.

სწორი პასუხია: დ)

11. რომელ წყაროშია დაცული ცნობები ფარნავაზის შესახებ?

ა) "ხელმწიფის კარის გარიგებაში"; ბ) "ამბავნი ქართლისანიში"; გ) "ქართლის ცხოვრებაში"; დ) "ძეგლი ერისთავთაში".

სწორი პასუხია: გ)

12. რომელი წყარო გვაწვდის ცნობას ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ?

ა) "მატიანე ქართლისა"; ბ) "ისტორიანი და აზმანი"; გ) "ასწლოვანი მატიანე"; დ) "ცხოვრება ბაგრატიონთა".

სწორი პასუხია: ბ)

13.    რას მოითხოვდა სელჩუკთა სულთანი ბაგრატ IV-ისაგან?

ა) ხარკის გადახდას; ბ) ისლამის მიღებას; გ) ქართლში სელჩუკთა ჩასახლებას; დ) ბიზანტიის წინააღმდეგ მოკავშირეობას.

სწორი პასუხია: ა)

14. რა იქცა კომუნისტური და კაპიტალისტური სამყაროს გამყოფ სიმბოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ?

ა) ბერლინის კედელი; ბ) ჩინეთის დიდი კედელი; გ) კრემლის კედელი; დ) თეთრი სახლის კედელი.

სწორი პასუხია: ა)

15. რომელ წლებში გამოვიდნენ "თერგდალეულები" საზოგადო ასპარეზზე?

ა) XIX საუკუნის 20[-იან; ბ) XIX საუკუნის 60-იან; გ) XX საუკუნის 10-იან; დ) XX საუკუნის 30-იან წლებში.

სწორი პასუხია: ბ)