"საქართველომ რუსებისთვის საზღვრები გახსნა. შეძლებენ თუ არა ტურისტები იქ მოხვედრას?" - რას წერს რუსული მედია?
"საქართველომ რუსებისთვის საზღვრები გახსნა. შეძლებენ თუ არა ტურისტები იქ მოხვედრას?" - რას წერს რუსული მედია?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც ანტიკოვიდური ზომების მოხსნა-შესუსტებასა და საზღვრების გახსნას ეხება (იმ ქვეყნების, მათ შორის - რუსეთის დასახელებით, რომელთა მოქალაქეებს, კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის არსებობის პირობებში, საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ), რუსულ მასმედიაში და ტურიზმის საექსპერტო წრეებში საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
გავეცნოთ რამდენიმე კომენტარს:

რუსულ რადიოსადგურ "მოსკვა-24"-ის ("Москва-24") ეთერში ისაუბრა რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცეპრეზიდენტმა იური ბარზიკინმა და ეს ტექსტი ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით - "საქართველომ რუსებისთვის საზღვრები გახსნა. შეძლებენ თუ არა ტურისტები იქ
მოხვედრას?".

იური ბარზიკინის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსკენ ტურისტული ნაკადი განახლდება. "ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ამისთვის აუცილებელია რუსული მხარის გადაწყვეტილებაც. გარდა ამისა, საქართველოსთან ავიამიმოსვლა დღემდე დახურულია. მიმდინარე სიტუაციაში, თუ "როსავიაცია" და "როსპოტრებნადზორი" შესაბამის დადებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ქვეყნებს შორის
საქმიანი და საოჯახო მისვლა-მოსვლა აღდგეს", - აღნიშნა ტურინდუსტრიის კავშირის ვიცეპრეზიდენტმა.

როგორც იური ბარზიკინი ამბობს, ტურისტული ნაკადის განახლებაზე გადაწყვეტილება ორმხრივი უნდა იყოს. "ჯერჯერობით რუსული მხარე დუმს ანუ საქართველოს გადაწყვეტილება ცალმხრივია, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებაც სწორი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ უცხოეთის ქვეყნები აღიარებენ - რუსეთი უსაფრთხო მიმართულებას მიეკუთვნება", - განაცხადა ექსპერტმა. (წყარო)

-----------------

რუსული გამოცემა "როსიისკაია გაზეტა" ("Российская газета") აქვეყნებს მასალას სათაურით -"ექსპერტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მოგზაურობასთან დაკავშირებით" (ავტორი - ევგენი გაივა), სადაც გადმოცემულია კომენტარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - საქართველოს საზღვრების გახსნასთან მიმართებით.

"პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის, თბილისში და სხვა ქალაქებში რუსეთიდან ჩაფრენა მხოლოდ ტრანზიტით მოხერხდება, მესამე ქვეყნის გავლით", - ამბობს “როსიისკაია გაზეტასთან“ საუბარში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი დიმიტრი გორინი, - თანაც კორონავირუსის ტესტის შედეგები უნდა წარადგინო, კარანტინის გავლის პირობებით".

ექსპერტის განმარტებით, ამჟამად რუსეთის ტუროპერატორები საქართველოში ტურებს არ გეგმავენ. არ არსებობს რეგულარული ან ჩარტერული ავიამიმოსვლაც. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები