"პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვნერვიულობ... ჩემი მტვერსასრუტი უნდა სწორედ ყველა იმ უბედურებას, რაც დღეს საქართველოში არსებობს..." - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვნერვიულობ... ჩემი მტვერსასრუტი უნდა სწორედ ყველა იმ უბედურებას, რაც დღეს საქართველოში არსებობს..."

"ტყუილად მასწავლიდნენ ამხელა კლასიკოსები - კინო ჩემს ხელში მოკვდა მაინცდამაინც"

რეჟისორსა და სცენარისტ დავით ნაცვლიშვილს ბავშვობაში ყველაზე მეტად მუსიკა უყვარდა. სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოზე და პოპულარულ მუსიკას რადიო "ამერიკის ხმის" საშუალებით უსმენდა. განსაკუთრებით ჯაზი იზიდავდა, თუმცა: "მაშინ ქუთაისში კი არა, თბილისში არ უკრავდნენ ჯაზს, ეს თემა ჩაკეტილი იყო. მხოლოდ 70-იან წლებში გამოჩნდა პევზნერი, "გეპეის" ჯაზი და ა.შ. რომელი ნაწარმოებიც მომწონდა, ვაწყობდი და ხშირად ვუკრავდი, სახლში მეჩხუბებოდნენ, - რა არის, ერთსა და იმავეს რომ უკრავო?! მამაჩემი მთხოვდა, "გინდ მეძინოს" დაუკარიო და სხვა შეკვეთებსაც მაძლევდა".

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეზოში ბავშვები ვმაიმუნობდით ხოლმე, ეს სერიოზული არ იყო, მაგრამ შიგნიდან არტისტული რაღაცები მაწუხებდა, შემეძლო კარგად მიმებაძა ვინმესთვის. ვხატავდი, ჩემო ბატონო და ჩემი მოსახელე ბიძა მყავდა, რომელიც ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო. მეც არქიტექტურამ გადამძალა. იმ პერიოდში ქუთაისში ცნობილ მხატვარ ვალიკო მიზანდართან მიმიყვანეს. მან ბიძაჩემს უთხრა, - რაღაც მონაცემები აქვს, თუ ივლის ჩემთან, ვასწავლიო..."

"ჩემს ჯგუფში ცნობილი მსახიობი ალექსანდრ კაიდანოვსკი სწავლობდა. ჩავედი მოსკოვში და იმ წელს მიღება არ იყო. ხომ უნდა მემუშავა სადმე. არაჩვეულებრივი და ნიჭიერი კაცი, რეჟისორი ლეო ბაქრაძე დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა. მან ასისტენტად მიმიღო. მოვიცადე ორი წელი და მერე, წარმოიდგინეთ, ჩავაბარე. მოულოდნელი ამბავი იყო... ტყუილად მასწავლიდნენ ამხელა კლასიკოსები - კინო ჩემს ხელში მოკვდა მაინცდამაინც..."

"ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ტკივილი" მოლდოვაში გადავიღე. ვიმუშავე ისეთ შესანიშნავ მსახიობებთან, როგორებიც არიან სვეტლანა ტომა და გრიგორი გრიგორიუ. მოვასწარი ფილმის დამთავრება, მაგრამ პრემიერას ვერ დავესწარი, დნესტრისპირეთის ამბები დაიწყო. ომს ძლივს გამოვასწარი, ფულიც გაუქმდა და ჰონორარს ვერ მაძლევდნენ, ამიტომ მომცეს იარაღის საამქროდან ახალი, გაუხსნელი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი, რომელიც ჰონორარზე გაცილებით მეტი ღირდა. ქვეყნიდან იარაღთან ერთად გამომაპარეს. კიშინიოვიდან ოდესამდე 4 საათი მანქანით ვიარეთ, მერე ფოთში ჩავედი "კომეტით". დედაჩემს იარაღით რომ მივადექი, ქალი გაგიჟდა (იცინის)..."

ფესტივალიდან მოწვევა მომივიდა, მაგრამ ვერ წავედი. რეზო ჩხეიძე სახელმწიფომ დააფინანსა და ის წავიდა. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და დილაუთენია აეროპორტიდან დარეკა. მაშინ სად იყო მობილურები?! კახეთში სოფელში ვიყავი და რეზომ სოფლის გამგეობაში დარეკა, ფილმის წარმატების ამბავი რომ ეხარებინა. სოფელში ხორბალი მომყავდა. ამ დროს კომბაინს ვამუშავებდი, რადიო მქონდა ჩართული და კომბაინერი მეუბნება: რაღაც, შენს გვარს მოვკარი ყურიო. როცა დაზუსტებით გავიგე ყველაფერი, მაშინვე კომბაინით დავბრუნდი სახლში, სადაც ლაურას (მეუღლე, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. - ავტ.) გავაგებინე ახალი ამბავი. ეს იყო როგორც ბომბი - დიდი ხნის განმავლობაში ქართულ კინოზე აღარაფერი ისმოდა, მაგრამ პრიზის შესახებ ინფორმაცია მაინცდამაინც არ გაჟღერებულა, ვის ეცალა ამისთვის?!."

"შესანიშნავი სტუდენტები მყავდა, ჩემ გარშემო არაჩვეულებრივი და ნიჭით სავსე ბევრი ადამიანია. პიესაც დავწერე, "მშთ-15" ჰქვია, და ფესტივალზე წარვადგინე, სადაც თუმანიშვილის პრიზი გადმომცეს. ვახო კუნცევმა ამ პიესის მიხედვით ახლახან დაასრულა დოკუმენტური ფილმის გადაღება და იგივე სახელწოდება დაუტოვა. ფილმი არის მტვერსასრუტზე, რომელიც წყალტუბოში სტალინის სააბაზანოში "მუშაობს". ჰოდა, ამ მტვერსასრუტმა გადაწყვიტა შეისრუტოს ყველა მტვერი, ნაგავი და უბედურება, რაც დღემდე დაგროვდა, - ასეთი განწყობა სასაცილოცაა და ტრაგედიაც...

ძირითადად კახეთში, სოფელში ვცხოვრობ, ჩემთვის ვარ. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვნერვიულობ, ასე ვთქვათ. ჩემი მტვერსასრუტი უნდა სწორედ ყველა იმ უბედურებას, რაც დღეს საქართველოში არსებობს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი