სააკაშვილის ვაჟის მასწავლებლის მუსიკალური პროტესტი - კვირის პალიტრა

სააკაშვილის ვაჟის მასწავლებლის მუსიკალური პროტესტი

ჯგუფმა "ვაკის პარკმა" და ზაზა ხუციშვილმა ახალ ალბომზე დაიწყეს მუშაობა, რომელსაც სოციალურ-პოლიტიკური და ოპოზიციური შინაარსის სიმღერებით შეავსებენ.

ალბათ ამიტომ, ინტერნეტსსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს სიმღერა "შრომის ბირჟა", რომლის ტექსტშიც ასეთი მისამღერია: "შენი მეზობლის სახლში კი ოქროს ფიფქები თოვს, რადგან საჭირო ადგილზე მოხვდა საჭირო დროს" - მისი ოპოზიციური სულისკვეთების გამო. ჯგუფის ლიდერი რადიკალურად უარყოფითად არის განწყობილი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის პრეზიდენტის შვილს, ედუარდ სააკაშვილს გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა.

ზაზა ხუციშვილი, ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტი: - ჩემს ახალ ალბომში აისახება ჩემი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო. ამ სიმღერებით გამოვთქვამ ჩემს აზრს ამ მთავრობის შესახებ და ვამბობ, მინდა თუ არა, ვიცხოვრო ასეთ ქვეყანაში.

- ამის გამო პრობლემები ხომ არ შეგექმნება?

- ამ ქვეყანაში ასპარეზი ხელისუფლების მომხრეების გარდა, მაინც არავის აქვს და სწორედ ეს არის ჩემი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი.

- ზაზა, თქვენ მიხეილ სააკაშვილის ვაჟს გიტარაზე დაკვრას ასწავლიდით. მაშინ ხომ არ განაწყენდით რამეზე?

- ედუარდ სააკაშვილს სამი წელი ვამეცადინებდი, თუმცა ეს ჩემს პროტესტთან არაფერ შუაშია. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ყოველთვის გამოვთქვამ ჩემს აზრს.  დღეს მე, უბრალოდ, არ მაკმაყოფილებს ჩემი ქვეყანა ისეთი, როგორიც ამ მთავრობის ხელშია.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)