"დაჭრილ შალვას გონი არ დაუკარგავს, ბოლო ძალა მოიკრიბა და საკუთარი სხეულით დაადუმა რუსული ტყვიამფრქვევი"
25-02-2021
"დაჭრილ შალვას გონი არ დაუკარგავს, ბოლო ძალა მოიკრიბა და საკუთარი სხეულით დაადუმა რუსული ტყვიამფრქვევი"
"...წითელი დროშით, მოღერილ ყელით,/ თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით/
შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,/დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!" - კოლაუ ნადირაძე

წუხელაც თოვდა თბილისში და საბჭოთა ოკუპაციის დილას მხოლოდ მანქანების ხმა არღვევდა თბილისურ დუმილს. ის კი გუშინ დაიღუპა, 24 თებერვალს, ოღონდ ზუსტად 100 წლის წინ... ისევე, როგორც ძალიან ბევრი მისი თანატოლი... და მაინც - ბევრისგან განსხვავებულად!

მისი ვაჟკაცობის, თავგანწირვისა და გმირობის ამბავი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე. საბჭოთა
ეპოქაში მის სახელსა და გვარს ხმამაღლა არავინ წარმოთქვამდა და, სამწუხაროდ, თავისუფალი ეპოქის საქართველოშიც ძალიან ცოტამ იცის, ვინ იყო იგი - 23 წლის კაცი (დღეს მის თანატოლებს ბიჭებს ვეძახით, ის კი დაბადებიდან კაცი გახლდათ), ისეთი რა ჩაიდინა, რომ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოს საგმირო ისტორიის განუყრელ
ნაწილად იქცა. ცუდი კი ის არის, მეც და კიდევ ძალიან ბევრს გვიან მოგვიხდა მისი გაცნობა. რას წარმოვიდგენდი, რომ ვერის ბაღის გავლით, ეკლესიაში წირვაზე მიმავალს, თურმე, სწორედ მისი საფლავის შორიახლოს მიწევს ხოლმე ჩავლა.

პირველად 23 წლის შალვა ერისთავზე პატარა ინფორმაცია სოციალურ ქსელში ამოვიკითხე. ძალიან დავინტერესდი, მეტი შემეტყო ახალგაზრდა იუნკერზე, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 24 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის წინა დღეს, რუსი ბოლშევიკის მოკაკანე ტყვიამფრქვევს სხეულით რომ გადაეფარა და ასეთი თავგანწირვით ქართველ იუნკრებს მტრის მე-11 არმიასთან ბრძოლის გასაგრძელებლად გზა გაუხსნა. ამიტომაც შევხვდი ბატონ ბადრი გოგუაძეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იძიებდა შალვა ერისთავის ამბებსა და შესაბამის ფოტომასალას საქართველოს ეროვნულ არქივში, ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებსა თუ ხელოვნების სასახლის ფონდებში. საბოლოოდ, ბატონმა ბადრიმ ყველაფერი წიგნად აქცია, გამოსცა და იმ გმირ ახალგაზრდა კაცზე მეც მიამბო, მე კი თქვენ მოგიყვებით და, ალბათ, არც მის გმირობას გაიკვირვებთ, როდესაც მისი წინაპრების ვინაობას შეიტყობთ.

სამშობლოს სიყვარულის გენეტიკური კოდი

ჩვენი გმირი - შალვა ერისთავი წმინდანებად შერაცხილი ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების პირდაპირი შთამომავალი და დიდი შალვას სეხნია ყოფილა. - ამიტომაც მიმაჩნია, რომ მამულის სიყვარულის გრძნობა მას გენეტიკურად გააჩნდაო, - მითხრა ბატონმა ბადრიმ და ქსნის ერისთავთა რეზიდენციაზე - ახალგორის ხუროთმოძღვრულ ანსამბლსა და ერისთავების სასახლის მასპინძლებსა და სტუმრებზეც მიამბო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამშობლოს სიყვარულის გენეტიკურობას: - მომავალი გმირის მშობლების, იმდროინდელი ქართული ბომონდის წარმომადგენლების - ტასო ციციშვილისა და ნიკოლოზ (კოლა) ერისთავის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, სოფრომ მგალობლიშვილი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, კეთილშობილი აფხაზი თავადი სიმონ აშხვაცავა, რომელმაც მომავალში შალვას და შეირთო ცოლად... შალვას მამა ნიკოლოზი ქართული მწერლობისა და თეატრის მოყვარული და უბადლო მცოდნე იყო, ქართული თეატრის მოამაგე და მეცენატიც. იგი თეატრალურ საზოგადოებას თავმჯდომარეობდა და წარმოდგენებს არა მხოლოდ თეატრებში, ახალგორის ერისთავთა სასახლეშიც მართავდა. აქაური მოლხენა და ქეიფი შესაშური დახვეწილობით გამოირჩეოდა და, რომ იტყვიან, ნამდვილი სუფრის აკადემია იყო. ნიკოლოზ ერისთავმა გადასაღები აპარატურაც კი შეიძინა და 1910 წელს თავად გადაიღო ფილმი "ალევის ოქროსკარებიანი სამების დღესასწაული", რომელიც წინ უსწრებს ქართული კინემატოგრაფიის უძველეს ნამუშევრად წოდებულ ფილმს - "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". სავარაუდოდ, სწორედ ეს ფილმი უნდა იყოს ქართული კინემატოგრაფის უძველესი ნიმუში. ამ ფაქტს ადასტურებს უძველესი ჟურნალის - "ჯეჯილის" რედაქტორი და ეროვნულ არქივში დაცული ოფიციალური წერილიც. კოლა ერისთავის ფილმი ჯერ მის სახლში ინახებოდა, შემდეგ - ეროვნულ არქივში, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მისმა ქალიშვილმა, შალვა ერისთავის დამ - თამარმა იგი არქივში მოიკითხა, ვერსად მიაკვლიესო...
ნიკოლოზ ერისთავი შვილებთან - თამართან, შალვასთან და ნინოსთან ერთად
ამ ოჯახის მეგობარი და ნათელმირონი თავად ილია ჭავჭავაძე ყოფილა. მას მოუნათლავს ნიკოლოზისა და ტასოს პირველი ვაჟი - გიგუშა, რომელიც რვა წლის ასაკში გარდაცვლილა. გიგუშას გარდა ერისთავებს კიდევ ორი გოგონა შესძენიათ. შალვა ნაბოლარა შვილი იყო, ოჯახის ნანატრი ვაჟი, მისი დაბადება კი - დიდი დღესასწაული: ბედნიერ ოჯახს და საახლობლოს ქსნის ერისთავების საძვალე - იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოულოცავს, ნიკოლოზს ღირსეული წინაპრების, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და მათთან ერთად წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის წმინდა ნაწილების განსასვენებლისთვის პატივი მიუგია და სტუმრებისთვის განუცხადებია: ჩემს ვაჟიშვილს ღირსეული წინაპრის, შალვას სახელს ვარქმევ და მზად ვარ, საქართველოს კიდევ ერთი ღირსეული დამცველი აღვუზარდოო.
არც შალვა ერისთავისა და ვაჟა-ფშაველას ძმის, თედო რაზიკაშვილის შვილის, პავლეს მეგობრობა ყოფილა შემთხვევითიო, - მიამბობდა ბადრი გოგუაძე. შალვა და პავლე ერთმანეთს ქართული ეროვნული სპორტის აღორძინების გარიჟრაჟზე შეხვედრიან. ისინი ნიკოლაძეების "შევარდენის" რჩეული სპორტსმენები ყოფილან და ქართული ფეხბურთის სათავეებიდან ერთად მოდიოდნენ. ნიჭიერ ფეხბურთელებს დამოუკიდებელი საქართველოს (თბილისის) პირველი ჩემპიონობაც ერთად უზეიმიათ, ხოლო როდესაც სამშობლოს გაუჭირდა, ორივემ დაუფიქრებლად მიაშურა ბრძოლის ველს.

მან საკუთარი სხეულით დაადუმა ტყვიამფრქვევი

არ მგონია, საქართველოში ვინმემ არ იცოდეს გენერალი გიორგი კვინიტაძის სახელი და ფაქტი, რომ 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს სწორედ იგი მთავარსარდლობდა. როდესაც გენერალ კვინიტაძეს ბრძოლაში სამხედრო სკოლის კურსანტთა ჩაბმის ბრძანება გაუცია, 17 თებერვალს დისციპლინირებული, გაწვრთნილი იუნკრები მყისვე შედგომიან საბრძოლო დავალებების შესრულებას. ეს იყო კოჯორ-ტაბახმელის რვადღიანი ომის გმირული ეპოპეა და ეს ამბები არქვივებშია დაცული.

ბატონი ბადრი მიამბობდა: - 24 თებერვალი იდგა. ოფიცრების - შავდიას, ხოშტარიასა და ჩიჩუას ბრძანებებს ბიჭები უსიტყვოდ ასრულებდნენ. გოგი მესხიშვილის მეზარბაზნეებს რუსებმა ალყა შემოარტყეს. რამდენიმე განწირული ჯარისკაცი ბოლომდე ხმალდახმალ იცავდა თავს მტრის ასეულისგან. იქვე, ტაბახმელას ბაღებში ჩასაფრებულმა იუნკრებმა თანამემამულეები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს. ხელჩართულ ბრძოლას ხიშტი და ხმალი ცვლიდა... შეუძლებელი შეიქნა ვინმეს გამორჩევა, ცალკეული გმირობის დაფიქსირება, რადგან ეს იყო "მასობრივი გულადობის" დიდებული მაგალითი. ტაბახმელას გორაკები მომხდურთა გვამებით აივსო. ბოლშევიკებმა ძალა მაინც მოიკრიბეს და უკანდახევისას მოწესრიგება და მწყობრში ჩადგომა მოახერხეს. მოულოდნელად მარჯვნივ და მარცხნივ მიზანმიმართულად გაიფანტნენ და ღია ველზე შეტევაზე გადასულ იუნკრებს ტყვიამფრქვევი დაუშინეს. ტაქტიკამ გაამართლა. ქართველების შეტევას საშიშროება დაემუქრა. კრიტიკულ ვითარებაში ერთადერთი გზა რჩებოდა - რადაც უნდა დასჯდომოდათ, რუსული ტყვიამფრქვევი უნდა დაედუმებინათ. ასიოდე ნაბიჯით დაშორებული საცეცხლე წერტი წინსვლას აბრკოლებდა და რუსებს მობილიზების საშუალებას აძლევდა. მონოტონურად, გულის გამაწვრილებლად კაკანებდა, თურმე, რუსული "მაქსიმის" ტყვიამფრქვევი და იუნკრებს სანგრებიდან თავის ამოწევის საშუალებას არ აძლევდა. კაპიტან ჩიჩუას მეთაურობით მესამე მწყობრი, რომელშიც შალვა ერისთავი იბრძოდა, ტყვიამფრქვევისკენ დაიძრა. შეტევისთანავე ულმობელმა სიკვდილის მანქანამ რამდენიმე იუნკერი მოცელა, დაიჭრა მეთაურიც, რომელსაც პოზიცია მაინც არ დაუტოვებია.
შალვა და ნინო ერისთავები დედასთან, ტასო ციციშვილთან ერთად
მოულოდნელად ჩაჩუმდა წითლების "მაქსიმი". ეტყობა, ლულა გაუცხელდა ან გადატენას აპირებენ მეტყვიამფრქვევეები... შალვამ ისარგებლა ტყვიამფრქვევის წამიერი დადუმებით და, თითქოს სტადიონზე მოწინააღმდეგეს ატყუებსო, სწრაფი, ზიგზაგური მოძრაობით და თოფის სროლით თავს დააცხრა წითელ კურსანტ ოფიცერს. კურსანტი მიწათხრილს დააკვდა. მეტყვიაფრქვევემ იარაღი გადატენა და ააკაკანა. შალვას ტყვია გამოელია და ხიშტით მისწვდა მას, მძიმედ დაჭრილი წითელარმიელი კანტიკუნტად, სულთმობრძავი სროლას მაინც განაგრძობდა. დაიჭრა შალვაც... გონი არ დაუკარგავს, სიმწრის ოფლმა დაასხა, თუმცა ბოლო ძალა მოიკრიბა და საკუთარი სხეულით დაადუმა ტყვიამფრქვევი.
იუნკრებმა სანგარი "ვაშას" ძახილით აიღეს და მომაკვდავი ჭაბუკის ბოლო სიტყვების მოწმენიც გახდნენ: შალვამ მის დასახმარებლად მისული სანიტრები ვერ იცნო და მხედრულად წარმოთქვა: დადექ! ვინა ხარო? იქვე ეგდო დაჩეხილი რუსი მეტყვიამფრქვევის ჯერ კიდევ თბილი სხეული. გმირობის მოწმე დადუმებული ტყვიამფრქვევი, როგორც განსაკუთრებული საბრძოლო ნადავლი, კაპიტანმა ჩიჩუამ თავად მიართვა იუნკერთა მეთაურს, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძეს. ამ უკანასკნელს მოგვიანებით დაუწერია: იუნკრების რაინდობისა და სიდიადის სამარადისო სიმბოლოდ დარჩება რუსულ ტყვიამფრქვევზე გადამხობილი, განგმირული შალვა ერისთავის სახებაო.

ეპილოგი

კოლა ერისთავს ცუდი წინათგრძნობა ჰქონია და გამართლდა კიდეც...
თურმე, საქართველო აალაპარაკა ქსნის ხეობელი ვაჟკაცის თავგანწირვამ. ვაი-ვიშისთვის აღარავის ეცალა. ღამით, საიდუმლოდ, სახელდახელო ტომრით გამოუპარებიათ დაღუპულის ნეშტი და, ასევე, საიდუმლოდ დაუკრძალავთ ვერის ძველ სასაფლაოზე, დღევანდელი ვერის ბაღის ცენტრში. ლითონის ჩარჩოში ჩასმული შალვას ფოტოსურათი, გასაგები მიზეზების გამო, საფლავზე ვერ მიუტანიათ. იგი დღესაც მისი შთამომავლის, თამარ აშხვაცავას ოჯახში, წმინდა რელიკვიად ინახება. ჩუმად, ღირსეულად დაუტირიათ უმცროსი ძმა დებს - ნინოსა და თამარს. ძლივს წამოუყენებიათ საფლავზე დამხობილი მისი სატრფო ანა.
ვერის პირველი საფეხბურთო გუნდი. მარცხნიდან მეორე - შალვა ერისთავი, მეხუთე - პავლე რაზიკაშვილი
გასჭირვებია შვილის საფლავთან განშორება კოლა ერისთავს. ძალა მოუკრებია და ზეცისკენ ხელებაპყრობილს, ლოცვად წარმოუთქვამს: შენ გებარებოდეს, უფალო, ჩემი ერთადერთი ვაჟის, შალვას ნათელი სულიო. მერე ერთხანს დადუმებულა უბედური მამა, მაგრამ მაინც შეუკავებია ცრემლი. ამჯერად წმინდა მოწამე შალვა ქსნის ერისთავისთვის მიუმართავს: შენსავით სამშობლოსთვის დაჭრილ-დაჩეხილი შვილის სხეულს გაბარებ და ქსნის ხეობის სალოცავებს შეწევნას შევთხოვო.

პ.ს. ამ ამბის მოთხრობისთვის მადლობელი ვარ ბატონი ბადრი გოგუაძის, შალვა ერისთავი კი მართლაც ეროვნული გმირია, თუმცა ოფიციალურად ჯერ მისთვის გმირის წოდება არავის მიუნიჭებია, არადა, ალბათ, დამეთანხმებით - ეს ახალგაზრდა კაცი ამას ნამდვილად იმსახურებს, და საქართველოს ისტორიაც ნამდვილად იმსახურებს ასეთ გმირს! მისი საფლავი კი ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა "მექაში" - დღევანდელი ვერის ბაღის ცენტრშია და, სამწუხაროა, რომ ასეთი გმირისა და, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელის საფლავთან მისვლა, მისი ხსოვნისადმი პატივის მიგების სურვილი იშვიათად თუ ვინმეს უჩნდება...

(სპეციალურად საიტისთვის)

მალხაზი
26 თებერვალი 2021 23:44
ქართველი ერი მანამდე იარსებებს, სანამ თავისი გმირები ემახსოვრება!
ნანა
26 თებერვალი 2021 18:56
უღრმესი მადლობა ამ ინფორმაციის მოძიებისთვის და ჩვენამდე მოწოდებისთვის. ცრემლმორეული ვკითხულობდი ჩვენი გმირი ჭაბუკის ამბავს. სიტყვები არ მყოფნის მისდამი მადლიერების, სიყვარულის, ტკივილის და შალვას მიერ ჩადენილი გმირობის გამო სიამაყით აღვსილი გრძნობის გამოსახატავად. ჩვენი კიდევ ერთი გმირის ამბავი ყველამ უნდა შეიტყოს. გთხოვთ გააზიაროთ. ❤❤❤
მარიამი
26 თებერვალი 2021 11:29
სადა სცალიათ ეროვნული გმირებისათვის, ღორებივით სალაფავის ჯამში აქვთ თავები ჩაყოფილი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?